18 მარტს გერმანიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება

18 მარტს გერმანიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, გერმანიის იმჟამინდელი პრეზიდენტი, კრისტიან ვულფს (Christian Wulff) დეპუტატებმა და საზოგადოებამ ბრალი დასდეს, რომ მან ჯერ კიდევ ქვემო საქსონიის პრემიერად ყოფნის დროს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ნახევარი მილიონი ევროს შეღავათიანი კრედიტი მიიღო.

ოპოზიციამ მაშინვე მოუწოდა პრეზიდენტს გადამდგარიყო, თუმცა მის დასაცავად კანცლერი მერკელი გამოვიდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვულფმა გაზეთ Bild-ის რედაქციაში დარეკა და ითხოვა არ გამოქვეყნებულიყო ინფორმაცია მისი ფინანსური საქმეების შესახებ, პრეზიდენტმა უკანასკნელი მხარდამჭერებიც დაკარგა.

პრეზიდენტის მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა იანვრის თვეში ორი ავტორიტეტული გერმანული გაზეთის – Berliner Zeitung-ისა და Frankfurter Rundschau-ს ინფორმაციებმა იმის შესახებ, რომ კრისტიანმა და მისმა მეუღლე ბეტინამ 2011 წლის ზაფხულში Audi Q3 ავტომობილზე წინასწარი შეკვეთა გააფორმეს. გამოცემათა მონაცემებით, ამ ავტომობილზე დიდი რაოდენობის შეკვეთების გამო ცნობილი წყვილის შეკვეთა კომპანიას მინიმუმ ერთი წლის შემდეგ უნდა მიეღო, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, კომპანია Audi-მ იმავე ზაფხულში, ამ მოდელის ბაზარზე ოფიციალურად გამოშვებამდე,  წყვილს თითქოსდა უფასოდ მისცა ქირით ზუსტად იგივე მანქანა.

ყოველივე ამის საფუძველზე, ჰანოვერის პროკურატურამ ბუნდესტაგს პრეზიდენტისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნა გაუგზავნა. იმავდროულად, საზოგადოებრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ გერმანელთა 84%-ს აღარ ჯეროდა თავისი პრეზიდენტის პატიოსნების. შედეგად, ფედერალური პრეზიდენტი კრისტიან ვულფი იძულებული გახდა 17 თებერვალს ოფიციალურად გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან.

ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, ფედერალური პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ბუნდესრატის პრეზიდენტს  ჰორსტ ზეეჰოფერს (Horst Lorenz Seehofer) დაეკისრა.

ახალი პრეზიდენტის არჩევნებზე , რომელიც 18 მარტს გაიმართება, გერმანიის წამყვანი პოლიტიკური პარტიები საერთო კანდიდატურაზე შეთანხმდნენ. კანცლერი მერკელი იძულებული გახდა დათანხმებულიყო იოაჰიმ გაუკის (Joachim Gauck) კანდიდატურას.

იოაჰიმ გაუკი 1940 წელს 24 იანვარს როსტოკში დაიბადა. პროტესტანტი პასტორი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და ლიდერი გახდა. მას ვაცლავ ჰაველის „ასლს“ უწოდებენ თავისი ჰუმანისტური და მტკიცე ანტიკომუნისტური პოზიციების გამო. გერმანიის გაერთიანების შემდეგ მას გდრ-ს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს – „შტაზის“ არქივების მმართველის პოსტი ანდეს. მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს არქივები გაიხსნა და ყველა მსურველს შეეძლო მიეღო ამ არქივებში მის შესახებ დაცული ინფორმაცია.

გაუკი უკვე ორჯერ – 1999 და 2010 წლებში იყო პრეზიდენტობის კანდიდატი. მან 2010 წელს საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ კრისტიან ვულფთან წააგო. ის მემარცხენეების - „მწვანეებისა“ და სოციალ-დემოკრატიული პრატიის მხარდაჭერით სარგებლობს. მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის გამო დათანხმდა ფრაუ მერკელი მისი კანდიდატურის მხარდაჭერას. მერკელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მისმა წინა ორმა რჩეულმა „ვერ გაუმართლა“, ვულფის მსგავსად მისმა წინამორბედმა ჰორსტ კიოლერმაც (Horst Köhler) ვადაზე  ადრე დატოვა პოსტი.

ვულფის გადადგომით „დამძიმებულმა“ კანცლერმა თავის იტალიელ კოლეგასთან, მარიო მონტისთან შეხვედრა გადადო და გამოთქვა მზადყოფნა, ეთანამშრომლა ოპოზიციასთან, რათა მომხდარიყო ახალი პრეზიდენტის  კანდიდატის შეჯერება. თუმცა პოზიციების შეჯერება იმდენად გართულდა და სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ლამის ფედერალური მთავრობის კოლაფსი დადგა.

საქმე ის არის, რომ გაუკი ის კანდიდატურა არ არის, ვისაც ფრაუ მერკელი პრეზიდენტის პოსტზე ისურვებდა. გაუკის მხარდაჭერით იგი  ფაქტიურად „აღიარებდა“, რომ ორი წლის წინ გაუკის მოწინააღმდეგის, ვულფის მხარდაჭერა,  მისი მხრიდან შეცდომა იყო. თანაც ითვლებოდა, რომ კანცლერის კანდიდატი კონსტიტუციური სასამართლოს 48 წლის თავმჯდომარე,  ანდრეას ფოსკულე (Andreas Voßkuhle) გახლდთ. თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე. მმართველი კოალიციის მიერ ბუნდესტაგის თავმჯდომარის, ნორბერტ ლამერტას (Norbert Lammert)  კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ მანაც უარი განაცხადა.   

გაუკის კანდიდატურას მხარი მმართველი კოალიციის უმცროსი პარტნიორის, თავისუფალი დემოკრატების პარტიის ლიდერმა, ფილიპ რესლერმა (Philipp Rösler)  და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა დაუჭირეს.  მერკელმა რესლერი გააფრთხილა, რომ გაუკის მხარდაჭერით ის მმართველი კოალიციის არსებობას რისკის ქვეშ აყენებდა. მაგრამ გაუკის მხარდამჭერთა წინააღმდეგობა ფრაუ მერკელმა მაინც ვერ დაძლია და იძულებული გახდა, მთავრობის შესანარჩუნებლად დანებებულიყო. 

ექსპერტთა აზრით, უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ კანცლერს არ სურდა გაუკი პრეზიდენტის პოსტზე ეხილა არის ის, რომ გაუკი „დამჯერი“ პრეზიდენტი არ იქნება და 72 წლის პრეზიდენტი სავარაუდოდ ხშირად გაუწევს ოპონირებას ფედერალურ მთავრობას, რომლის საშუალო ასაკი 52-53 წელია.

გაუკის გარდა პრეზიდენტის პოსტზე  კიდევ ორი კანდიდატი – „მემარცხენეების“ ფავორიტი ჟურნალისტი ბეატა კლარსფელდი (Beate Klarsfeld) და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ოლაფ როზე   (Olaf Rose), აცხადებს პრეტენზიას. თუმცა ექსპერტთა აზრით რელური კანდიდატი მაინც გაუკია.

ამვე დროს საზოგადოებრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ გერმანელთა 29%-ს სურს, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე უპარტიო კანდიდატი იხილოს.

გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი (Bundespräsident) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურია. მას სპეციალურად ამ მიზნით მოწვეული ორგანო - ფედერალური კრება ირჩევს. მის შემადგენლობაში შედიან ბუნდესტაგის (Bundestag) დეპუტატები და იმავე რაოდენობის დელეგატები, რომლებსაც მიწის პარლამენტები პროპორციული პრინციპით ირჩევენ. პრეზიდენტის არჩევა 5 წლის ვადით, უბრალო უმრავლესობით ხდება. თანამდებობის დაკავება მხოლოდ ორი ვადით არის დაშვებული.

პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს გერმანიის მოქალაქე, უნდა ჰქონდეს საარჩევნო უფლება და არ უნდა იყოს 40 წელზე უმცროსი.

ფედერალური პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის:

  • ფედერალური კანონების ხელმოწერა და გამოქვეყნება;
  • ფედერალური კანცლერის კანდიდატურის წამოყენება და მისი თანამდებობაზე დამტკიცება  და  გათავისუფლება.
  • ფედერალური კანცლერის წარდგინებით, ფედერალური მინისტრების თანამდებობაზე დამტკიცება  და  განთავისუფლება.
  • ფედერალური მოსამართლეების, ფედერალური თანამდებობის პირების, ოფიცრებისა და უნტერ-ოფიცრების თანამდებობაზე დამტკიცება  და  განთავისუფლება.
  • შეწყალების უფლება და სხვა.

ფედერალური პრეზიდენტი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას - ის წარმოადგენს გერმანიას საერთაშორისო ასპარეზზე და აკრედიტირებას უკეთებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. ძირითადში, პრეზიდენტი გერმანიის სახელმწიფო და ფედერალური ორგანოების გადაწყვეტილებების შემსრულებლის როლში გამოდის. 

ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენციაა ბელევიუს სასახლე (Bellevue Palace) და ვილა Hammerschmidt ბონში.