„სააკაშვილის ინფორმატორები თუ ელისო კილაძე და ახალაიას ფლანგია, ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს“

„სააკაშვილის ინფორმატორები თუ ელისო კილაძე და ახალაიას ფლანგია, ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგა ბოკერიას ე.წ. ფრთა ირწმუნება, რომ მათი პოლიტიკური მიზანი არც მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება არ არის და არც პარტიისგან მისი გარიყვა, ყოფილი პრეზიდენტი კი, საპირისპიროს ამტკიცებს და თანაგუნდელების მხრიდან შესაძლო პოლიტიკურ გარიგებებზე მიანიშნებს.

ოდესაში მყოფი სააკაშვილი „პოლიტიკურ გარიგებაში“ რას გულისხმობს, ამას არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ საკმარისად დიდხანს ითმინა და იცის, რა გარიგებებს აქვს ადგილი.

როგორც ადრე, ასევე ამჟამად, სააკაშვილი საკუთარი თანაგუნდელების მიმართ ეპითეტების გაჟღერებას არ ერიდება და თუკი ადრე პარტიის რამდენიმე წევრს „ახირებული“ და „უაზრო ტიპები“ უწოდა, ამჟამად, მათ „პეროიანებად“ და „ჯოგად“, მოიხსენიებს. სააკაშვილს შეფასებების გაკეთებაში საკუთარი თანაგუნდელები არ ჰყვებიან, თუმცა მას პარტიის ერთიანობის რყევაში ადანაშაულებენ და წყაროებსაც უწუნებენ.

პარტიის სიმბოლური ლიდერი გაიზიარებს თუ არა საკუთარი თანაპარტიელების რჩევებს, ამის თქმა რთულია, რადგან მას ღრმად სწამს და სჯერა, რომ პარტიიდან მისი მოშორება სურთ.

სააკაშვილის ცნობით, ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის როლი მხოლოდ სიმბოლური უნდა იყოს, სიცრუეა.

„ჩემმა მტრებმა რუსეთსა და უკრაინაში, ეს ისე გაასაღეს, რომ სააკაშვილი საკუთარმა პარტიამ მოისროლა. თანამებრძოლად ისეთ ადამიანს ვერ ჩავთვლი, რომელიც ამ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს. იმის დაფიქსირება, რომ რაღაც რყევებია და ახლა სააკაშვილს აგდებენ, ჩემზე პირდაპირი დარტყმაა. თავს ნუ მოვიტყუებთ და ვიცი, ეს რა თამაშია. თუ ვინმე ნებით თამაშობს, ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს ყველაზე ცუდი თამაშია, რაც შეიძლება ამ სიტუაციაში იყოს. საკმარისად დიდხანს ვითმინე. ბევრი რაღაც ვიცი. ვიცი, რა გარიგებებს აქვს ადგილი და რა „ლაპარაკებზეა“ საუბარი. ტყუილად ჰგონიათ, რომ ინფორმაცია არ მაქვს. ინფორმაცია ბევრი წყაროდან მაქვს. ჩემი პასუხისმგებლობა ის კი არ არის, ყველას ენა მოვუჩლიქო. ჩემი პასუხისმგებლობაა, პარტია გადავაჯგუფო და პარტიამ გამარჯვება შეძლოს“, - აცხადებს სააკაშვილი, რომელსაც წყაროების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აკაკი ბობოხიძე უწუნებს.

აკაკი ბობოხიძე, რომელიც მუდმივად სააკაშვილის დამცველი იყო, ამჟამად აცხადებს, რომ შეუმცდარი ადამიანი არ არსებობს და ამ შეფასებაში მიშა ცდება. for.ge-სთან საუბარში ბობოხიძე აღნიშნა, რომ ის სააკაშვილის ყველა წყაროს ეჭქვეშ აყენებს, თუმცა იქვე დააზუსტა, რომ ყველა წყარო უეჭველი არ არის.

კანონმდებელის ცნობით, პარტია დავალებას მმართველი ორგანოსგან იღებს, რომელიც პოლიტსაბჭოა.

„ბატონი პრეზიდენტი შორსაა და ის გარკვეული თვალსაზრისით, შთაბეჭდილებას აქედან მიწოდებული ინფორმაციით იქმნის და ამიტომ მნიშვნელოვანია ის, ინფორმაციას ვინ აწოდებს და როგორ აწოდებს. ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ეს ყველაფერი არც სასურველია და მიმაჩნია, რომ შეუმცდარი ადამიანი არ არსებობს და ამ შეფასებაში მიშა ცდება. სააკაშვილის ყველა წყაროს ეჭქვეშ ვაყენებ. უფრო სწორად, ყველა წყარო უეჭველი არ არის“, - აცხადებს დეპუტატი.

ვინაიდან, სააკაშვილის „ყველა წყარო“ უეჭველი არ არის, for.ge დაინტერესდა, ბობოხიძე სიმბოლური თავმჯდომარის ინფორმირებას თავად რატომ არ ახდენს.

„რაღაც საკითხებში ჩვენ გვიჯერებს, რაღაც საკითხებში - სხვას. სადღაც შევჯერდებით, სადღაც ვერ შევჯერდებით და იქ სადაც ვერ შევჯერდებით, გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურები არსებობენ, რომლებიც გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას ყველა დაემორჩილება. თუკი ყველა თამაშის წესზე შევთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მე და თქვენ რას ვფიქრობთ, არამედ ყველას მოსაზრებაა, რომელსაც ყრილობა ჩამოაყალიბებს და მას ყველა პასუხისმგებლობის მქონდა პირი დაემორჩილება“, - დასძინა ბობოხიძემ.

ბობოხიძის მსგავსად, სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ელენე ხოშტარია უსაფუძვლოდ თვლის და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სააკაშვილს იდეა, რომლითაც თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურა მოიაზრება, მის წინააღმდეგ ბრძოლად მიაჩნია.

ხოშტარიას შეფასებით, სააკაშვილი თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ პარტიას ახალი თავმჯდომარე ჰყავდეს.

„სამწუხაროა, რომ სააკაშვილი პარტიის რყევის რეჟიმშია გადასული. ჩვენი ამოცანა პარტიის შენარჩუნება, ერთიან ფასეულობებზე ყოფნა და პარტიის განვითარებაა. პარტიის გახლეჩისთვის ხელი არც ერთ ეტაპზე არ შეგვიწყვია და შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია, მათ შორის, არც მიხეილ სააკაშვილისთვის. ჩვენ პარტიის განვითარების გეგმაზე ვსაუბრობთ, რის გარეშეც ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. სამწუხაროდ, სააკაშვილმა პარტიის განვითარება და ჩვენი ხედვა უსაფუძვლოდ აღიქვა, როგორც მის წინააღმდეგ ბრძოლა და ახლა ბრალდებებს ისვრის და დაკავებულია პარტიის რყევით, რაც შედეგს მხოლოდ ივანიშვილს მოუტანს“, - აცხადებს ხოშტარია.

თანაგუნდელების მსგავსად, სააკაშვილის ბრალდებებს გმობს ოთარ კახიძეც. როგორც for.ge-ს კახიძემ განუცხადა, ბრძოლა ისედაც უთანასწოროდ მიმდინარეობს და პარტიის ლიდერის მხრიდან მათზე დარტყმა, პარტიას სახარბიელო მდგომარეობაში არ აყენებს.

„არ ვიცი, მას ამ ტერმინების გამოყენება ვინ ურჩია. არც ახალაიების ფლანგის და არც სააკაშვილის ასეთ შეფასებებზე მეორე მხარეს პასუხი არ გაუცია, რადგან ჩვენი მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია და მწვავე ოპონირერების რეჟიმში ვართ. მათი ფოკუსი ჩვენი ლანძღვა, ჩვენთან დაპირისპირება, რაღაც ეპითეტების მოფიქრება და პარლამენტის ბოიკოტირებისკენ მოწოდებაა, რასაც არ ვეთანხმებით. პარტია გახსნილი უნდა იყოს, რათა ახალი მხარდამჭერების მობილიზება შეძლოს და ის აქტივი რაც გვყავს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოამზადოს. ამისთვის მათ ერთიანობის გზავნილი უნდა გავუგზავნით და არა დაპირისპირების“,- აცხადებს დეპუტატი.

კახიძე ირწმუნება, რომ არ იცის, რა გარიგებაზეა საუბარი.

„პარლამენტში შესვლა და ივანიშვილის ოპონირერება ისეთივე გარიგება არ არის, როგორც პარტიის ცარიელ სკამზე თავმჯდომარის არჩევა. სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარე არ არის, მაგრამ პარტიის თავმჯდომარედ რჩება. ეს ივანიშვილის თამაში არ არის და სააკაშვილს არავინ არ ებრძვის. ფოკუსი გვაქვს გასასწორებელი და ეს ფოკუსი ივანიშვილზეა. ერთმანეთს „სვეტები“ და „ბლანჟიანები“ ვუწოდოთ, არასწორი დამოკიდებულებაა“, - აღნიშნავს კახიძე.

დეპუტატი არ ფლობს ინფორმაციას, სააკაშვილის ინფორმატორები ვინ არიან.

„ვინ არის ინფორმატორი არ ვიცი, მაგრამ თუ მისი ინფორმატორები ელისო კილაძე და ახალაიას ფლანგია, შეიძლება მას ამგვარი ინფორმაცია ჰქონდეს, მაგრამ ეს ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს. პარლამენტში შესვლა და ოპონირერება აუცილებელია და ივანიშვილის თამაშში ყოფნას არ ნიშნავს. როცა ფოკუსი ივანიშვილზე არ გვაქვს, ამით ივანიშვილი ხეირობს. ბრალდებები და ამგვარი ტიპის მინიშნებები დასაბუთებული უნდა იყოს და რაიმეს უნდა ეყრდნობოდეს“, - დასძენს კახიძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაღვივდა და პარტიის კედლებს გასცდა, რის გამოც, დაპირისპირებული მხარები ყრილობას ელოდებიან, რომელიც 20 იანვარს არის ჩანიშნული. სწორედ ყრილობაზე გაირკვევა, პარტიაში დამრჩენთა და წამსვლელთა პოლიტიკური ბედი.