უკრაინა, რუსეთის მწვავე დარტყმების ფონზე, კონტრშეტევას ახორციელებს. როგორც ცნობილია, 7 მაისს რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის გამო, რამდენიმე რუსულმა ავიაკომპანიამ ათობით რეისი გააუქმა. 7 მაისის ღამეს კი, რუსეთის რამდენიმე რეგიონში თავდაცვის მრეწველობის ობიექტებზე დრონებით შეტევა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ეს ანალიტიკური და პოლიტიკური წრეების ნაწილში ერთგვარ ოპტიმიზმს აჩენს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ დადებითი დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ არ შეიმჩნევა და მნიშვნელოვანია კონტრშეტევის მაგივრად, რუსეთისგან თავის უკეთესად დაცვა მოახერხოს უკრაინამ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა დღესაც არ იყო მშვიდი. მისი თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი აგრესია და ეს მოუწევს.
„აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა, დღესაც არ იყო მშვიდი. ჩვენი წინადადება დარტყმების შეჩერების, ცეცხლის მინიმუმ 30 დღით შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება - ჩვენ არ ვხსნით ამ წინადადებას, რომელმაც შეიძლება, შანსი მისცეს დიპლომატიას, მაგრამ სწორედ რუსეთიდან არ ხედავს მსოფლიო არანაირ რეაქციას – არანაირ რეაქციას, გარდა ახალი დარტყმებისა. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ომი ყველასთვის დანაკარგია, მათ შორის აგრესორისთვისაც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის მცირე კონტრშეტევები რუსეთის წინააღმდეგ, ომის სრულ სურათზე გავლენას ვერ იქონიებს.
„უკრაინამ ორი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ე.წ. კონტრშეტევა განახორციელა - ეგრეთ წოდებულს იმიტომ ვუწოდებ, რომ ზოგადად, არ ვეთანხმები, რომ ეს იყო კონტრშეტევა, ვფიქრობ, ეს იყო შეტევა. ემზადებოდნენ თვეების განმავლობაში და არ იყო საკმარისად მხარდაჭერილი უკრაინის პარტნიორების მიერ, ვერ მიაწოდეს სათანადო შეარაღება და ტექნიკა, ვერ მოუმზადეს სათანადო რაოდენობით სპეციალისტები და ა.შ. წინსვლა, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდა, გარდა მცირე გარღვევისა. უკრაინის პატარ-პატარა კონტრშეტევებს რაიმე ცვლილება ფრონტის მასშტაბით ვერ მოჰყვება, რადგან ეს არ არის ის მასშტაბები, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ომის შედეგებზე.
იმისათვის, რომ რუსეთის სტრატეგიული უპირატესობა შეიცვალოს, რაც იკვეთება ბოლო პერიოდის განმავლობაში მთელ ფრონტზე, ამას სჭირდება გაცილებით მეტი რესურსი, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. ვფიქრობ, რომ ახალ-ახალი მიმართულებების გახსნას სჯობს, რუსეთი შეაკავოს აღმოსავლეთის ფრონტზე - რუსები კურსკში ძალიან ღრმად შეიჭრნენ და დაიკავეს უზარმაზარი დასახლებული პუნქტი, სხვა დასახლებულ პუნტქებთან ერთად. უკრაინამ დიდი დანაკარგები განიცადა“, - განაცხადა სალუქვაძემ.
Reuters-ის ცნობით, უკრაინისთვის ამერიკის სამხედრო დახმარების შეწყვეტა შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების, კერძოდ კი, მისი ახალი ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეტის და არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო. სააგენტოს ინფორმაციითვე, ჰეგსეტმა შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის განკარგულება თეთრ სახლთან შეუთანხმებლად გასცა. როგორც ვიცით, საქმე ეხება საბრძოლო მასალით დატვირთული 11 სამხედრო ავიარეისის გაუქმებას.
ამირან სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ ჩანს რაიმე სიგნალი ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ.
„ჯერჯერობით არ ჩანს სერიოზული გარღვევები მეტი დახმარების მიწოდების მიმართულებით - შესასწავლია წიაღისეულის შესახებ შეთახმება, იქ რამდენად არის ჩადებული ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარების გაზრდა ან თუნდაც შენარჩუნება იმ დონეზე, რაც ბაიდენის დროს იყო. მსგავს რამეს ჯერჯერობით ვერ ვხედავ, პირიქით, შესაძლოა, ისე აღმოჩნდეს, რომ უარესი პირობები მიიღოს უკრაინამ, ვიდრე მოლოდინები ჰქონდათ.
ერთია, ფინანსების გამოყოფა, მეორე - სამხედრო მრეწველობის შესაძლებლობები, რამდენად შეძლებენ იმდენი რაოდენობის ტექნიკის მიწოდებას უკრაინისთვის, რაც სჭირდება ბრძოლის ველზე ვითარების შესაცვლელად. ეს ყველაფერი გასათვლელი იყო 3-4 წლის წინ და კიდევ უფრო ადრე, რადგან ომი რომ ადრე თუ გვიან, იქნებოდა, თვითონაც ძალიან კარგად სცოდნიათ, როგორც ირკვევა. გამოდის, რომ რაღაც პოლიტიკური ნაწილი გათვალეს, თუმცა სამხედრო მრეწველობამ ამ გათვლებს ფეხი ვერ აუწყო, ვნახოთ, რა შეიცვლება“, - დასძინა ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან საუბარში.