დანიგანის სახიფათო თამაში

დანიგანის სახიფათო თამაში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან. ე.წ. ქარდების გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის საელჩომ ახალი ტაქტიკა აირჩია და ამჯერად ქვეყნის უსაფრთხოებას ხდის სამიზნედ.

აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო. განცხადება ისე გაავრცელა, რომ ინფორმაცია არ მიაწოდა საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს. განცხადების გავრცელების მიუხედავად სავაჭრო ცენტრებიდან არ მომხდარა მოქალაქეების ევაკუაცია. ძალიან მალე კი სუს-მა, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თქვა, რომ აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესებამებოდა სიმართლეს.

რობი დანიგანიმ სახიფათო თამაში ისევ განცხადებით დაასრულა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს. მათივე ცნობით, 7 მაისს გვიან ღამით, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საელჩოს აცნობეს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არც ერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. ამ განცხადებაში დიპლომატიური უწყება არ საუბრობს იმაზე, რატომ არ ჩააყენა საქმის კურსში ძალოვანი უწყება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წინდახედულობაა საჭირო, მით უმეტეს, რომ აშშ-ის საელჩომ იცის, რა ტიპის პროგანდისტული მედია, ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვყავს ქვეყანაში. შალვა პაპუაშვილის თქმით, უსაფრთხოების სამსახურსა და საელჩოს შორის იყო გარკვეული დისკომუნიკაცია და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდება.

„ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი: არ შეიძლება, ხალხით სავსე თეატრში იყვირო, რომ ხანძარია. სამწუხარო არის, მათ შორის, სუს-ის განცხადებიდან როგორც შევიტყვეთ, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება მოხდა უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე. ასეთ დროს ნებისმიერი დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან, ეს კონტაქტები არსებობს და ძალიან დასანანი, გასაკვირია, რომ არაკოორდინირებულად მოხდა ამ განცხადების გავრცელება.

ვნახეთ, რას იწვევს ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, როცა აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ ნირი, რომ ისტერია დათესონ ნებისმიერ საკითხზე, რომ კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საელჩოს განცხადებით რადიკალურ ოპოზიციას ნოყიერი ნიადაგი მიეცა, რომ საზოგადოებაში პანიკა დაეთესა.

„ვნახეთ პროპაგანდისტული მედია, ოპოზიცია როგორ ცდილობდა, დაეზაფრა საზოგადოება. მათ შორის, ვნახეთ ბატონი მთივლიშვილი, რომელიც ყველას კარგად ახსოვს შოვის ტრაგედიაზე საკუთარი ინტერესებით, სკანდალებით, თითქოს ამხილა ვინმე და სინამდვილეში ისტერიას თესავდა სხვების ტრაგედიის ხარჯზე. დადასტურდა მისი დეზინფორმაცია და ტყუილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ უცხოელი მეცნიერების მიერ. შემდეგ ბატონ მთივლიშვილს რომ მედლებს ჰკიდებენ და აჯილდოებენ, იმის შედეგია, რომ თუ არ ვცდები, სამი პოსტი დაწერა ამ საკითხზე, ხან „მოლთან“ დადო ფოტო, რომ ხალხო, ნახეთ, რა ხდება, ახლა უნდა ავფეთქდეთ. ამას შეუწყო ხელი. ეს აჩვენებს, რომ წინდახედულობაა საჭირო.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ასეთი განცხადება რომ დაედო, წარმოგიდგენიათ? ხომ დადასტურდა, რომ არ იყო სარწმუნო ინფორმაცია. სუს-ის განცხადება, რომ ეს იყო ცრუ შეტყობინება, ზუსტად ამაზე მეტყველებს. არ იყო წინასწარი კომუნიკაცია ამ საკითხზე, კონსულტაცია. აუცილებელია წინდახედულობა, როცა იცი, რომ პროვოკატორებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოსექტორი და პროპაგანდისტული მედია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავას თქმით, არაეთიკურია, როდესაც საელჩო მსგავსი ინფორმაციის შესახებ, საქმის კურსში არ აყენებს ქვეყნის სამართალდამცავ სისტემას.

„თუ ვინმეს წითელი ხაზების გადაკვეთა სურს, არა მგონია, რომ ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. რაც შეეხება მიზანს - სულ მალე გამოჩნდება. როგორც ჩანს, ვიღაცას უნდა აჟიოტაჟის და ფსიქოლოგიური მუხტის აწევა საზოგადოებაში, მაგრამ ეს არის წამგებიანი გზა. ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჯეროვნად გაუმკლავდება ყველა პრობლემას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, საელჩოს განცხადება პირდაპირ ემთხვევა ორკესტრირებულ შეტევას ხელისუფლებაზე სხვადასხვა მიმართულებიდან. მისი თქმით, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქები ამ ნარატივების ომში ვერ გარკვეულა და უნებურად, ბევრი მათგანი ასრულებს საკუთარი თავისა და ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებს, ექცევა ასეთი მტრული სადაზვერვო პროპაგანდის გავლენის ქვეშ.

„ეს პროპაგანდა იწვევს საზოგადოების ფრაგმენტაციას, არარეალისტური განწყობების ჩამოყალიბებას, ცრუ წარმოდგენების და მოლოდინების შექმნას, ამ მოლოდინების შემდეგ ფლუსტრაციას. ეს არის ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საზოგადოება მოამზადონ გარკვეული რევოლუციური პროცესებისთვის, რომელსაც ვხედავთ. ეს ინსტრუმენტი დიდი ხანია მუშაობს ყველგან და ძალიან ბევრჯერ, ამის შედეგად რეჟიმის ცვლილებები მომხდარა. სამწუხაროდ, ამასთან გვაქვს საქმე და რაც მთავარია, ეს არ იმალება. პირდაპირ ხდებოდა ამის დაფინანსება.

ტრამპის მოსვლის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ აშშ შეცვლიდა მიდგომებს, მაგრამ იმის მომიზეზებით, რომ ტრამპი არაა ინფორმირებული, მას ატყუებენ და ა.შ. არ მგონია სიმართლეს შეესაბამებოდეს, გრძელდება ის, რაც მიმდინარეობდა და ახლა ამას ჩამოსცილდა ლგბტ აგენდა, რომელიც ძალიან დისკრედიტირებული იყო. ამას აშშ-ის საელჩო პირდაპირ ვერ გვაძალებს, ვერ გვეუბნება, რომ ასე უნდა იყოს. ამ აგენდამ ევროპისგან განსხვავებით ამერიკაში კრახი განიცადა.

არაფერი არ იცვლება, დროებით იყო შეჩერებული საელჩოს მიერ ქარდების გამოქვეყნება, არჩევნებში ჩარევა და ა.შ. ახლა, როგორც ჩანს, კვლავ დაიწყეს. პირდაპირ გამოჩნდა და ვნახეთ, რომ სინქრონულად მოხდა საელჩოს განცხადება და „მეგობარი აქტის“ გამოქვეყნება. ვისაც გონია, რომ ეს უილსონი თავისით აკეთებს ასეთ განცხადებებს და ფულს იღებს ამაში, ტყუილია. რა თქმა უნდა, ფულსაც იღებს და პოლიტიკასაც ახორციელებს, ეს ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკაა აშშ-ში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

Gami ეს დენიგანი, წინანდელ დეგნანზე უფრო შტერია.
8 საათის უკან
Gami ისევ დაიწყეს მდარე მავნებლობა.
7 საათის უკან