ოპოზიციის მხარდამჭერები და მათ აქტივისტები ნიჰილიზმმა, უიმედობამ მოიცვა. როგორც ბოლო დღეების პროცესებიდან ჩანს, ოპოზიციის რიგებს არაერთი მომხრე და აქტივისტი ტოვებს. ამის კიდევ ერთი დასტური ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის აქტივისტი ნიკო მანაგაძეა.
„მე ვერ ვიქნები თამაშის მონაწილე, რომელსაც არსაით მივყავართ“, - წერს სოციალურ ქსელში აქტივისტი.
ის აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად უნდა გამართულიყო აქცია, თუმცა ბოლო მომენტში ყველამ უარი თქვა და გვერდზე გაიწია სხვადასხვა მიზეზით.
„სადაც არ არის რეალური მოტივაცია და სწრაფვა ეფექტურობის და მძლავრი მოქმედების, მე ვერ ვიქნები თამაშის მონაწილე. ესაა მიზეზი იმისაც, რატომაც ვეღარ მხედავთ ბოლო პერიოდში აქტიურად საჯაროდ“, - წერს მანაგაძე.
მმართველ გუნდის განმარტებით მსგავსი განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიციაში არსებული პროცესები მათთვის პრობლემას წარმოადგენს. ხოლო პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ბოლოდროინდელი განცხადებები მიუთითებს ერთადერთზე, რომ მათთვის პრობლემა არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ოპოზიციაში. ამიტომ რეალურად ამ პროცესს ვერ ექნება ვერანაირი შედეგი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ყველაფერი ტყუილზეა აგებული. არჩევნებიდან 6 თვეზე მეტი გავიდა და ოპოზიციამ ვერანაირი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების ვერ წარმოადგინა, თუმცა ზოგიერთი აქტივისტის უკმაყოფილება შესაძლებელია, პირველ რიგში, ფინანსების სიმცირეს უკავშირდებოდეს.
ოპოზიციაში ასევე დაპირისპირების მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებია. ჯერ კვლავ უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში.
„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, მკაფიო უარს არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ამბობს. გაურკვევლობა ოპოზიციაში განხეთქილების და დაპირისპირების მიზეზია. „ქართული ოცნება“ კი დარწმუნებულია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. ხოლო თუ ოპოზიცია არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს მათი პოლიტიკური განულების აკორდი იქნება. ხელისუფლება კი ოპოზიციის გაჯანსაღებასა და ახალი ოპოზიციური ძალების შესაძლო გაჩენაზეც საუბრობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრობლემა არის იმაში, რომ ოპოზიციური ფლანგი სრულად იმართება გარედან და გარე ძალებისგან იღებენ დღის წესრიგს.
„ეს არის მთავარი დიაგნოზი ოპოზიციის და ენჯეო აქტივისტების, რომ არიან სრულად აწყობილი უცხო ძალების, ჯგუფების დღის წესრიგზე. ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. ისეთი სინქრონული თავდასხმაა საქართველოს მიმართ, ვხედავთ, რომ გარედან ერთმანეთს ხან ერთი ჯგუფი ენაცვლება, ხან მეორე პოლიტიკოსი, ხან განცხადებაა, ხან რეზოლუცია იმისთვის, რომ ყოველდღიური საკვები და მითითება მისცენ ოპოზიციას. პრობლემა არის იმაში, რომ დღეს ოპოზიციური ფლანგი სრულად იმართება გარედან, გარედან იღებენ დღის წესრიგს. ყველაფერი არის გარედან მოწოდებული თემა, დღის წესრიგი, პუნქტები, თავდასხმები, რომლებსაც შემდეგ ესენი აიტაცებენ და არის ერთი ჟივილ-ხივილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიცია საერთოდ აჭრილია, რადგან ვეღარ გაიგეს, ვინ არის მათი ლიდერი და კოორდინატორი. ზოგმა ზურაბიშვილი ლიდერად უარყო და ოპოზიცია საერთოდ დეზორიენტირებულია.
„არანაირი გეგმა და სამოქმედო ტაქტიკა ოპოზიციას არ აქვს. ყოველ ჯერზე, რაღაცა ახალ ალიანსებს ქმნიან, ამით ადასტურებენ, რომ წინა ე.წ. ერთობა ფუჭი იყო. ფაქტია, ისიც რომ მათი ელექტორატი ქუჩაში აღარ გამოდის. მხოლოდ რამდენიმე ათეული მყვირალა ახალგაზრდა გამოდის, რომლებმაც ოპოზიციას საზოგადოებაში რეპუტაცია საბოლოოდ შეურყიეს. თუ ჰგონია ოპოზიციას, რომ ამ მჩხავანა ახალგაზრდებით საზოგადოებას მიიმხრობენ და ქუჩაში ხალხი გამოვა, ძალიან ცდებიან. ამას თუ ამ 6 თვის განმავლობაში ვერ მიხვდნენ, მართლა იმაზე ცუდად ჰქონიათ საქმე, ვიდრე ჩვენ გვგონია. რაღაცა გეგმებს ხლართავენ და საბოლოო ჯამში, თავადაც იხლართებიან. სულ რამდენიმე გზავნილი აქვთ: „ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც უნდა დაემხოს“ და „ქვეყანა იზოლაციაშია“.
თუმცა საზოგადოება ხომ ხედავს, რომ იზოლაციაში კი არ არის „ოცნება“, არამედ ცალკეული ევროკრატები ხელისუფლებას დროებით გაებუტნენ. ხოლო დიპლომატიურ და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვეულებრივი ურთიერთობები მიდის. იმასაც ხედავს ხალხი, რომ არანაირი პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში ადგილი არ აქვს. ის რაღაცა 5-წუთიანი ვითომ გაფიცვა და ფოტოსესიები ტყუილი აღმოჩნდა. ამიტომ უკვე შიგნით გაჩნდა კრიზისი და კითხვები, მაშ რა ხდება? ერთმანეთის მოტყუებას როდემდე განვაგრძობთ? ეს კითხვები კიდევ უფრო ხშირი გახდება და მანაგაძის მსგავსად ბევრი შეწყვეტს ოპოზიციასთან ურთიერთობას“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, როდესაც ხალხი ხედავს, რომ ოპოზიციამ, რომელსაც მანდატი მისცეს, თავადვე გაიუქმეს და ხალხს მათ მიმართ ნიჰილიზმი ეუფლება. ოპოზიცია აქეთ-იქით დაბოდიალობს, ხალხს არ ესაუბრება და დასავლეთის იმედად დარჩენილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ასე, ლანგარზე დადებულს მიართმევენ.
„ეს სანქციები „ოცნების“ ყველა წევრს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. ხალხი ხომ ხედავს ამ ყველაფერს და მშვენივრად ხედავენ, ვინ იმყოფება პოლიტიკურ კრიზისში, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, რომელიც გავეშებული დარბის დასავლეთში და იხვეწება ხელისუფლებაში მოგვიყვანეთო. ამ დროს კი ხალხს არც იმჩნევენ, ქართველებთან, ამომრჩევლებთან ქუჩაში ვერ გადიან. არ ესაუბრებიან ხალხს რა უნდათ, რა პრობლემები აქვთ, არავის არაფერს ჰპირდებიან, მარტო იმას გაიძახიან, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ამიტომაც დაიწყო ის, რისი მომსწრენიც ყოველდღე ვიქნებით - თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო დიდი კრიზისი და დაპირისპირება გაჩნდება“, - ამბობს აბაშიძე.