მოსკოვში 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს 5 ევროპარლამენტარი დაესწრება გერმანიიდან, ჩეხეთიდან, კვიპროსიდან და სლოვაკეთიდან. რაც შეეხება უცხო ქვეყნების სხვა ლიდერებს, 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში უკვე იმყოფებიან ჩინეთის, სერბეთის, ბრაზილიის, ვენესუელის, კუბის, მონღოლეთისა და ეკვადორის პრეზიდენტები. რუსეთშია რობერტ ფიცო, რომელიც ვუჩიჩის მსგავსად, მოსკოვში უცნაური ტრაექტორიით წავიდა. მას შემდეგ, რაც ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა მოსკოვში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად სერბეთისა და სლოვაკეთის ლიდერებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე დახურეს, ფიცოს თვითმფრინავმა გადაუფრინა უნგრეთს, რუმინეთს და შავ ზღვას, ვიდრე რუსეთის საჰაერო სივრცეში შევიდოდა. სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ევროკავშირს მოსკოვში ვიზიტის გამო ვინმეს დასჯა სურს, ასეთ შემთხვევაში მიმართავს, რომ თავად დასაჯონ და არა სერბეთი.
„მე აქ ჩემი ხალხისთვის და ჩემი ქვეყნისთვის ვარ. არ მაინტერესებს, სხვები რას ფიქრობენ ან ამბობენ. მე სერბმა ხალხმა ამირჩია და ხალხს რიგაში, ტალინში, ვილნიუსში ან სხვაგან არ ავურჩევივარ. მე პრეზიდენტ პუტინს დავპირდი, მაგრამ აქ ვიზიტის შესახებ ტყუილი არ მითქვამს. ეს ურსულა ფონდერ ლაიენს, მარტა კოსს, ემანუელ მაკრონსა და ჯორჯია მელონისაც ვუთხარი. ყველას სიმართლე ვუთხარი. სერბეთის პოზიციის გაგების ნაცვლად, ევროკავშირი მხოლოდ მუქარას იყენებს“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
შეგახსენებთ, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს, მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად 7 მაისს ჩავიდა. დრონებით თავდასხმის საფრთხის ფონზე, რუსეთის საჰაერო სივრცეში დაწესებული შეზღუდვების გამო, სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი იძულებით ბაქოში დაჯდა. რაც შეეხება ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის, მან ვიზიტზე უარი პაკისტანთან გართულებული ვითარების გამო თქვა. მოსკოვში ჩასვლაზე მოგვიანებით უარი თქვეს აზერბაიჯანისა და ლაოსის ლიდერებმაც.
რუსეთში 4 დღე დარჩება სი ძინპინი, რომელიც უკვე შეხვდა მის რუს კოლეგას. რუსული მედიის ინფორმაციით ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის რეკორდული დონე ზღვარი არ არის და დადებითი სავაჭრო დინამიკის შესანარჩუნებლად მუშაობა გრძელდება. მოლაპარაკებების შემდეგ ითქვა, რომ ენერგეტიკა რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების მამოძრავებელი ძალაა და ამ სფეროში ქვეყნებს შორის ახალი ერთობლივი ინიციატივები დამუშავების პროცესშია.
ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ჩინეთს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების დადების შესახებ განაცხადა. შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ რუსეთი მსოფლიოში ჩინური ავტომობილების მთავარი იმპორტიორი გახდა. პუტინმა მოსკოვსა და პეკინს შორის კავშირებს საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილიზაციის ფაქტორი უწოდა.
„ჩვენი ურთიერთობების ლოკომოტივი ენერგეტიკაა. გასულ წელს რუსეთი არა მხოლოდ ლიდერობდა ჩინეთში ნავთობის ექსპორტში, არამედ პირველი ადგილი დაიკავა მილსადენებით გაზის მიწოდების მხრივაც“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
შეხვედრაზე სი ძინპინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, ორივე ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის წყალობით, ჯანსაღ და აღმავალ დინამიკას ინარჩუნებს.
„ჩინეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ორმხრივი ნდობა უფრო ღრმავდება და პრაგმატული თანამშრომლობის კავშირები ძლიერდება. ცალმხრივი საერთაშორისო ხედვისა და ჰეგემონიური ჩაგვრის (ბულინგის) ფონზე, ჩინეთი რუსეთთან ერთად იმუშავებს, რათა აიღოს მსოფლიოს წამყვანი ძალების განსაკუთრებული პასუხისმგებლობა.
ჩინეთსა და რუსეთს, როგორც მსოფლიო ძალებს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ და ჩვენ ვალდებული ვართ, თანმიმდევრულად გავაძლიეროთ სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივად შევუწყოთ ხელი სამართლიან და მოწესრიგებულ მრავალპოლუსიანობას, ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ ეკონომიკურ გლობალიზაციას“, - განაცხადა სი ძინპინმა.
როგორც რუსული მედია წერს, ორი ქვეყნის ლიდერს შორის ვიზიტის ფარგლებში შედგება კიდევ ერთი შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება გარკვეულ გადაწყვეტილებებს.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, უპრეცედენტო ფაქტია, როდესაც ჩინეთის ლიდერი მოსკოვში რჩება 4 დღე. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, უნდა გვესმოდეს რა არის ჩინეთი. ჩინეთი განიხილავს თავის თავს, როგორც სამყაროს ცენტრს, ისტორიულად ასე იყო და მით უმეტეს ახლა, როცა თავისი სიმძლავრე და გავლენა განუზომლად გაიზარდა.
„ეს არის ოთხდღიანი ვიზიტი. ცხადია, რომ იქ პელმენების საჭმელად არ არის ჩასული ბატონო სი. არის ძალიან დეტალური მოლაპარაკება და როდესაც ასეთი რანგის პოლიტიკური ფიგურა ჩადის მეორე ქვეყანაში, როგორც წესი, იქ ყველაფერი მომზადებული უნდა იყოს. ის ჩადის უკვე ჟესტების გასაკეთებლად და ცხადია, რომ ასეც არის. აშკარაა, რომ მიმდინარეობდა ეს მოლაპარაკებები. ჩვენ ვნახავთ ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს და გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შეიძლება განმსაზღვრელი როლი იქონიონ მსოფლიოს მომავალი განვითარებისათვის.
ცხადია, რომ აშშ ამას ეჭვით უცქერს. ჩინეთის და რუსეთის ეს ურთიერთობა რომ გააციონ და თავის მხარეს გადმოიყვანონ რუსეთი, რა გეგმაც ტრამპს ჰქონდა და საკამოდ უხეში ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, ეს ძნელად წარმოსადგენია. ძალიან მარტივია, რომც უნდოდეს რუსეთის თანამედროვე ელიტას ამის გაკეთება, ის ელემენტარულად ვერ ენდობა. არავინ არ იცის რა მოხდება შემდეგ არჩევნებზე თუნდაც წელიწადნახევრის შემდეგ აშშ-ის ადგილობრივ არჩევნებზე. რუსეთს ურჩევნია ბალანსის პოლიტიკა დაიკავოს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში არის სამი ცენტრი - ორი დიდი ცენტრი ამერიკა და ჩინეთი, ასევე რუსეთი შეუდარებლად უფრო მცირე ეკონომიკით, მაგრამ შეინარჩუნა სამხედრო და პოლიტიკური ინსტრუმენტები.
„აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და ის არაა მხოლოდ 9 მაისის აღსანიშნად ჩასული. 9 მაისს ჩავიდოდა და ერთ დღეში წამოვიდოდა, მაგრამ ოთხი დღე რჩება. ეს ნიშნავს, რომ 3-4 საათი დაესწრება 9 მაისის საზეიმო ღონისძიებებს და მერე უკვე სამნახევარი დღე, ეს არის იმ შეთანხმებების განხილვა და ხელმოწერა, რომელიც აქამდე მომზადდა ორივე ქვეყნის სახელმწიფო უწყებების მიერ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.