„ფსიქიატრიულში ზოგი პრეზიდენტია, ზოგი - პროკურორი და ზოგიც - ნაპოლეონი“ - ეტყობა, ზურაბიშვილს გრინჩის როლი ერგო და 26 მაისს ეპოტინება

„ფსიქიატრიულში ზოგი პრეზიდენტია, ზოგი - პროკურორი და ზოგიც - ნაპოლეონი“ - ეტყობა, ზურაბიშვილს გრინჩის როლი ერგო და 26 მაისს ეპოტინება

სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ თვითონ ჩაიბაროს 26 მაისი, ხოლო 9 მაისს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გამოვიდნენ და ევროპა დაუპირისპირონ რუსიფიკაციას - ამ პროვიკაციულ იდეას ექს-პრეზიდენტი იმით ხსნის, რომ „სადაც არ უნდა გაიხედოთ, მაღაზიებში, რესტორნებში, ძირითადად, რუსები არიან, საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და რუსები ხეირობენ“ - აი, ასეთია „სტრატეგიულად მოაზროვნე“ მაკკეინის სტიპენტიანტი ზურაბიშვილი, რომელიც ღიად, დაუფარავად აღვივებს სამოქალაქო დაპირისპირებას.

„სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად, რუსები არიან, რომლებიც ამ ქვეყანაში კომფორტულად ცხოვრობენ. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და სამაგიეროდ, რუსები ხეირობენ, მაგრამ ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას; დავუპირისპიროთ ის ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ. რაც მთავარია, გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად - პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა, ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს. 26 მაისი ჩვენია! 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს, შემდეგ 26 მაისს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა შექმნა 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, დარზმა რადიკალური ოპოზიციაც და მოდიან დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რადიკალები აცხადებენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აუცილებელია ქართველ ხალხთან ერთად დგომა. პარტია „ლელოს“ უპარტიო წევრი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ 26 მაისს იქნება დიდი მსვლელობა და ამით, მეგობარ ამერიკელებსაც დაენახვებიან, რომ ისევ იბრძვიან, ისევ დგანან.

„ძალიან კარგი კომიტეტია, ჩართულები ვართ თავიდან ბოლომდე, ძირითადად, ბადრი ჯაფარიძე, ამ შეხვედრების, წინააღმდეგობის შტაბის მონაწილე, რომელიც კოალიციის სახელით არის წარმოდგენილი. ძალიან დიდი მსვლელობა-აქცია იქნება 26 მაისს. ჩვენს მეგობარ ამერიკელებსაც დავენახებით, რომ ისევ ვიბრძვით, ისევ ვდგავართ და ხელები არ ჩამოგვიყრია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალირი მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ 26 მაისი არის სახალხო დღესასწაული, სადაც ყველა იღებს მონაწილეობას და შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ რუსთაველის გამზირზე იქნება აურაცხელი რაოდენობის ადამიანი.

„თუ რეჟიმს გონია, რომ რახან ყოველ საღამოს ასობით ათასი ხალხი არ იკრიბება აქციაზე, ამიტომ მინელდა და აღარ არის საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში, ძალიან ცდებიან. რა თქმა უნდა, საპროტესტო მუხტი არის და 26 მაისს ეს გამოჩნდება“, - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

ფაქტია, რომ რადიკალები ემზადებიან იმისათვის, რომ ქვეყანაში განმეორდეს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დატრიალებული 26 მაისი. ხელისუფლებაში ზუსტად იციან, რომ რადიკალების მცდელობა არის, რომ სახალხო ზეიმი, რაც უკავშირდება დამოუკიდებლობის დღეს, იყოს ჩაშლილი და 9 აპრილის მსგავსად, გადაიქცეს ვიწრო პარტიულ ყიჟინად. მცდელობა სახეზეა, მაგრამ ხელისუფლებამ მორიგი ყვითელი ბარათი ააფრიალა და რადიკალებს გაფრთხილება მისცა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უნდათ, რომ 26 მაისს საზოგადოება ორად გაიხლიჩოს. შესაბამისად, ირაკლი კობახიძე აფრხილებს ყველას, ვინც დაკვეთით შეიძლება მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ფეხი არსად დაუცდეთ. კობახიძის თქმით, „დიფ სთეითის“ დამოკიდებულებაა, რომ საზოგადოებას არაფერი აერთიანებდეს, მათ შორის, სადღესასწაულო თარიღებიც კი.

„დიფ სთეითის“ დაკვეთაა, რომ გახლიჩონ საზოგადოება. თქვენ გახსოვთ, თარიღებთან დაკავშირებით როგორი დისკუსია გამართეს. თვითონ აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღს და შემდეგ უცებ გადაერთნენ 7 აგვისტოზე. შობა უნდა აღინიშნოს არა 7 იანვარს, არამედ 25 დეკემბერს და ა.შ. ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. ეს არის „დიფ სთეითის“ დამოკიდებულება.

არაფერი არ უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას, თარიღებიც კი, დღესასწაულებიც კი. ეს არის მათი დამოკიდებულება. აქაც - 26 მაისი უნდა იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად უნდა გაიხლიჩოს. ჩვენ ამის საშუალებას „დიფ სთეითს“ არ მივცემთ. ყველას, ვინც სხვა დაკვეთით შეიძლება მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის კურატორს წამოსცდა, რომ ამდენი ხანის განმავლობაში ერთი სისხლი არ დაღვრილა. შესაბამისად, დეპუტატის განცხადებით, შეეცდებიან, 26 მაისი იქნება თუ სხვა საბაბი, ამის პროვოცირება მოახდინონ.

„ამ ადამიანებს სისხლისღვრის კადრები არ ჰყოფნით. სალომე ზურაბიშვილის კურატორს, „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს წამოსცდა - ამდენი ხანია და ერთი სისხლი არ დაღვრილაო. მათი მიზანი ეს იყო და ეს არის. მათი ამოცანაა, ქვეყანაში რამენაირად დაპირისპირება გაღვივდეს. სხვა მიზანი არ გააჩნიათ. სისხლისღვრას საკრალური მნიშვნელობა და ძალა აქვს. ამიტომ ისინი შეეცდებიან, რომ 26 მაისი იქნება თუ სხვა საბაბი, ამის პროვოცირება მოახდინონ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის გამოხტომები დაკავშირებულია „დიფ სთეითის“ ბრძანებებთან, ხედავენ, რომ „ნაცმოძრაობის“ როლი მინიმალურია და ცდილობენ, საზოგადოებაში დისონანსი შეიტანონ.

„ზურაბიშვილი და მისი მომხრეები ამბობენ, რომ ის პრეზიდენტია და რამის თუ თავი აქვს, ერთი ადამიანის შეწყალება დაწეროს და ვნახოთ, რა შედეგი ექნება. მერე რეალური გახდება, ეს ადამიანი ბაქიბუქობს თუ სიზმრებშია. 26 მაისის აღლუმის ჩაბარებაზე ლაპარაკობს და ვინმემ აუხსნას, რომ პრეზიდენტი აღარ არის. ვინც ტყუილშია, ეს მისი საქმეა. სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ზოგი პრეზიდენტია, ზოგი - გენერალური პროკურორი და ზოგიც - ნაპოლეონი. ამას ვინ დაუშლით. ამ კონტექსტში ცხოვრება სალომე ზურაბიშვილსაც შეუძლია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე აცხადებს, რომ 26 მაისთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია. როგორც ჩიხელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, 26 მაისი ქართველი ხალხის საკუთრებაა, ჩვენი წინაპრების მონაპოვარია, რომლის მისაკუთრების უფლება უცხო ქვეყნის აგენტს არ აქვს.

„ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს! ზოგადად, გაუგებარია სალომე ზურაბიშვილის განცხადება - „ჩავიბაროთ 26 მაისი“ - რას ნიშნავს? საერთოდ იცის ამ დღის მნიშვნელობა? იცის რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, მისთვის ბრძოლა და თავისუფლება? რა თქმა უნდა, არა! ზურაბიშვილმა თავისუფლების ფასი რომ იცოდეს, უცხო ქვეყნის აგენტი და მონა არ იქნებოდა! რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა გარე მტრების პოზიცია გაახმოვანა, რომელთაც საზოგადოებაში შუღლის, მიუღებლობის, პოლარიზების გაღვივება სურთ, რისი სისრულეში მოყვანაც არ მოხდება, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არიან! ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი გრინჩის როლს ასრულებს, რომელიც არა ახალი წლის, არამედ დამოუკიდებლობის დღის მოპარვას ცდილობს, მინდა გადაჭრით ვთქვა, დამოუკიდებლობის დღეს ვერავინ წაგვართმევს, მას სრულიად საქართველო იზეიმებს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

რაც შეეხება მთავრობის მეთაურის განცხადებას: „ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ“, დავით ჩიხელიძის განცხადებით, ეს არ არის მუქარა, ეს არის პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოღვაწის განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პროვოკაციების მოწყობის უფლებას არავის მისცემს! „საზოგადოების გახლეჩა არ გამოვა, „დიფ სთეითი“ კვლავ იმედგაცურიებული დარჩება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძემ.