საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემამ 2015-2024 წლებში კიდევ უფრო მეტად იჩინა თავი. მართალია, მოსახლეობის შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ პარალელურად იმატა სესხებზე დამოკიდებულებამაც. ხალხს ჯერ კიდევ არ ყოფნის ფინანსური შემოსავალი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევის თანახმად, 2015-დან 2024 წლამდე შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 269 %-ით გაიზარდა და 31 მილიარდ ლარს გადააჭარბა. თანდათანობით იზრდება ოჯახების მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და მევახშეებისგან აღებული სესხების მოცულობაც. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში (2015-2024 წლებში) სხვადასხვა ფორმისა და ვადიანობის ვალი ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის 82.9%-ს, ხოლო, 2024 წლის მდგომარეობით, აქტიური ვალი უფიქსირდებოდა შინამეურნეობების 62.1%-ს.
„2015-2024 წლებში შინამეურნეობებზე გაცემული სესხების საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 18.1% შეადგინა, რის შედეგადაც, შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მთლიანი სიდიდე 2015-დან 2024 წლამდე - 269%-ით, 7.7 მილიარდი ლარიდან 31.7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის შემოსავალი იმაზე ნაკლები სისწრაფით იზრდება, ვიდრე სესხები, შესაბამისად, ოჯახებისათვის სესხის ტვირთი კიდევ უფრო მძიმდება.
კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული სესხის საშუალო ოდენობა 4-ჯერ გაიზარდა და 2024 წელს 95 643 ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2015 წლის მდგომარეობით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული საშუალო სესხის მოცულობა 23 966 ლარს შეადგენდა. მონაცემებზე დაკვირვებით ჩანს, რომ ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი სესხის მოცულობა 2015 წელთან შედარებით 299%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება შემოსავლებს, 2015 წელს არსებულმა საშუალო წლიურმა შემოსავალმა ერთ სულ მოსახლეზე 15 655 ლარი შეადგინა. ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი შემოსავალი 2015-2023 წლებში საშუალოდ წლიურად 12%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც, 2023 წლის მდგომარეობით, მისმა სიდიდემ 37 598 ლარი შეადგინა.
2015-2023 წლების ინტერვალში ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი სესხის მთლიანი მოცულობის ნაზრდი (240%) არსებითად აღემატება ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მთლიანი შემოსავლის ნაზრდს (140%).
შედეგად, შესაძლებელია, გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: 2015-2023 წლების ინტერვალში საქართველოს მოსახლეობისთვის სესხის ტვირთი გაზრდილია“, - აღნიშნულია კვლევაში.
მთავარი პრობლემა, რაც ვალის მომსახურებას ართულებს, დაბალი შემოსავლებია. ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ის დონე მიღწეული, რომ მოსახლეობის შემოსავალი ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ეყოს. პროფესორ ლია ელიავას შეფასებით, ფულზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომ ადამიანები მუდმივად ცდილობენ სესხი აიღონ.
„სესხები განვითარებულ ქვეყანაში მშპ-ს აჭარბებს. როცა უცხოური კაპიტალის სიმცირეა, სწორედ შიდა ინვესტირება უნდა იზრდებოდეს. ეს იქნება ყველაზე ხელსაყრელი ეკონომიკისთვის იმ პირობით, თუ საპროცენტო განაკვეთები შემცირდება.
ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ და არ ყოფნით ფული. ამის მიზეზია დაბალი შემოსავალია, ამიტომ ბევრი მიმართავს საკრედიტო დაწესებულებას, იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ლომბარდი. მაღალი საპროცენტო განაკვეთები კი დიდ პრობლემას ქმნის. ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება და სესხის აღებას ცდილობს.
ვერ ვიტყვი, რომ ჭარბვალიანობა გვემუქრება, ამისგან რეგულაციებისც დაიცავს ბაზარს, მაგრამ არანაკლები პრობლემაა ვალის გადაუხდელობა, ხოლო სანამ ეს პრობლემაა, ჩვენი მოქალაქეების მუდმივად შეეცდებიან სესხების აღებას, რა მხრივაც ჩვენ ცუდი მდგომარეობა გვაქვს“, - აღნიშნა ლია ელიავამ.
„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2025 წლის მარტის მონაცემებით, ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება და დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს. მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც. ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად, სესხის ამომღებ კომპანიებში. ფიზიკური პირების ჯამური, პრობლემური დავალიანება 2.7 მილიარდ ლარზე მეტია.