მარგველაშვილის პოლიტიკური არჩევანი

მარგველაშვილის პოლიტიკური არჩევანი

გიორგი მარგველაშვილისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერების - ნინო გოგუაძისა და შალვა შავგულიძის არაოფიციალური შეხვედრა დუშეთში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ დაკავებულების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი, რომლის განცხადებით, შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.

სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე „კაბელების საქმეზე“ დაკავებულთა შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა. პრეზიდენისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის თემაზე განმარტებებს არ აკეთებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დუშეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, ნინო გოგუაძე პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ალასანიას შეხვდა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ალასანიამ არ იცის შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ ბრალდებულებს, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.

„მართალი ადამიანების ციხეში ჩასმა არის დანაშაული და ამ დანაშაულის თანამონაწილე იყო პროკურატურა, პოლიტიკური ელიტა და სასამართლო. ახლა ამ ინსტანციის სასამართოს აქვს შანსი, რომ ეს სამარცხვინო ლაქა რაღაცნაირად ჩამოირეცხოს და დანაშაული შეამსუბუქოს. ნათლად ჩანს, ყველა მტკიცებულებით, რომ ეს ადამიანები, როგორც ვამბობდი, უდანაშაულოები არიან. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ხალხი უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ოჯახებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს, ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. მისი თქმით, პრეზიდენტი ამ საქმეს დეტალურად იცნობს და დუშეთში გამართულ შეხვედრაზე თავისუფალი დემოკრატების ლიდერებისგან და მსჯავრდებულების ადვოკატისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღო.

„პრეზიდენტი დღის განმავლობაში მართავს ძალიან ბევრ შეხვედრას პოლიტიკური პარტიების თუ საზოგადოების წარმომადგენლებთან. განხილვის თემა სხვადასხვაა მიმდინარე პოლიტიკური საკითხებისა თუ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების სახით. გუშინაც გაიმართა ასეთი შეხვედრა ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ამავე დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად პრეზიდენტი ყოველთვის დიდი ყურადღებით აკვირდებოდა ე.წ. კაბელების საქმეს - დასაწყისიდან ამ დრომდე.

გუშინდელ შეხვედრაზე იყო ამ საქმის ადვოკატიც, რათა პრეზიდენტი დეტალურად ჩაეყენებინა საქმის კურსში საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. საზოგადოებას აინტერესებს, რას აპირებს პრეზიდენტი ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის პრეზიდენტის აბსოლუტურად ექსკლუზიური უფლება და ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

თავის მხრივ, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე აცხადებს, რომ კაბელების საქმეზე მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, რომ ბრალეულობის საკითხი დადასტურდეს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული პირები შეიძლება პრეზიდენტმა შეიწყალოს, გოგაძე ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და პროკურატურა ამ ნაწილში ვერ ჩაერთვება.

„ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, ამიტომ მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი, რომ დავამტკიცოთ მათი ბრალეულობა“, - აღნიშნა გიორგი გოგაძემ.

როგორც ჩანს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება ღრმავდება. მას შემდეგ, რაც მთავრობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის პოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ჩართვის საკითხზე, პრეზიდენტმა კონსულტაციები არასაპარლამენტო ჯგუფთან დაიწყო. ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ მარგველაშვილი სარბიელზე გამოდის არა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ როგორც პოლიტიკოსი, რომელიც გარკვეული პლატფორმის ჩამოყალიბებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის გარშემო ახალი პოლიტიკური პარტიის ფორმირებაზე საუბარები საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო. მართალია, პრეზიდენტის მხრიდან ღიად დეკლარირება იმისა, რომ ახალი პოლიტიკური გუნდს ფორმირებას იწყებს, არ მომხდარა, მაგრამ მისი პოლიტიკური აქტიურობა ამასვე ადასტურებს და როგორც მაგრველაშვილის გარემოცვის წევრები აცხადებენ, მარგველაშვილი საკუთარი პოლიტიკური გუნდით ჩაერთვება საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაბამისად, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს არასაპარლამენტო პოზიციასთან, ექსპერტებთან და GIPA-ს ახალგაზრდულ ფრთასთან.

მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მაგრველაშვილს, რომ მმართველი გუნდის მზარდაჭერა არ ექნება, ეს ცხადია. შესაბამსად, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ მარგველაშვილი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი გუნდით წარსდგეს.

„როგორც ჩანს, მაგრველაშვილი უკვე ემზადება. პოლიტიკური კარიერა ყოველთვის გულისხმობს გუნდის არსებობას. მხოლობით რიცხვში პოლიტიკაში იშვიათად ხედრხდება რამე შედეგის მიღწევა. მარგველშვილის პოზიციაში რომ ჩავდგეთ, არ იქნება გასაკვირი ვიგულისხმოთ, რომ სამომავლოდ აპირებს პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას.

ალბათ, ამ პოზიციიდან იმ ჯგუფებს შეარჩევს, რომლებიც მას უფრო მყარ საყდენს მისცემს, თორემ ჯფუფები, რომლებიც ლიდერებმაც კი დატოვეს, არა მგონია, რომ საყრდენად გამოადგეს მაგრველაშვილს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეხვედრები არის კავშირების შენარჩუნება ამ წრეებთან, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს შეხვედრები მომავალი პოლიტიკუგრი გუნდის შექმნას უკავშირდებოდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა, მარგველაშვილი საინტერესო პლატფორმაა, მაინც ერთადერთი სუბიექტია, როგორც პრეზიდენტი, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად ქმნინდა მედიაციის შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალთა შორის, რაც საინტერესოს ქმნიდა მას, როგორც პრეზიდენტს.

„ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოებაში მარგველაშვილის რეიტინგი მაღალია, ან აღქმადობაა მაღალი. საზოგადოების ძირითად ნაწილი მას კრიტიკულად უყურებს. ამ გადასახედიდან მარგველაშვილის პესპექტივას, რომ პარტიას შექმნის როგორც ლიდერი, ვერ ვხედავ.

გარდა იმისა, რომ საინტერესო პერსონაჟია, ლაპარაკია იმაზე, თუ მოახერხებს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ისეთ თანამშრომლობას, რომ მათი მომხრეები მიიღოს. ბევრად უფრო რთული სამუშაოა, რომ მარგველაშვილი ცალკე აღებული პოლიტიკურ სუბიექტად აღიქვას საზოგადოებამ და შექმნას თავისი ამომრჩეველი. ვერ ვიტყოდი, რომ მას დღეს ასეთი შანსი გააჩნია.

ამ წუთისათვის საკმაოდ რთული წინაპირობები აქვს მარგველაშვილს. ერთადერთი, რამაც მარგველაშვილს შეიძლება გაუმატივოს პარტიის შექმნა, ეს არის მმართველი ძალის რეიტინგისა და ნდობის ყოველდღიური დაცემა. ყოველ შემთხვევაში, თუკი ძალიან დეფიციტური შეიქმნება ბაზარი, შეიძლება დეფიციტურმა ბაზარმა ახალ პროდუქტს მეტ-ნაკლებად შეუწყოს ხელი“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

მისივე თქმით, ნებისმიერმა ლიდერმა, რომელიც დღეს შეეცდება წამოვიდეს წინა პლანზე, სრულიად სხვა ფორმის პარტია და პოლიტიკური ძალა უნდა შექმნას. გამზარდია ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ძველი ლიდერები -მარგველაშვილი, უსუფაშვილი და ალასანია იქნებიან ახალი ძალის მთავარი სახეები, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ძალა უკვე არაეფექტური იქნება.

„ეს არ უნდა იყოს შემკრებლური, უნდა იყოს ძალიან ახალი, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. მოსახლეობას, ამომრჩეველს ნდობა შესაძლოა შეუქმნას ახლმა ძალამ, თუკი სწორად მოხდენს პოზიციონირებას და სწორად იგრძნობს ამომრჩევლის მაჯისემას. ეს არის მთავარი, თორემ ახალი პოლიტიკური ძალები წელსაც იქმნებოდა, მაგრამ მათი ხმა არავის გაუგია.

თუკი, როგორც ლიდერი უბრალოდ იტვირთავს და იმ პოლიტიკურ ძალებს დაიყენებს გვერდით, რომლებიც ფორმალურად გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენენ - „რესპუბლიკელები“, „მემარჯვენეები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალების“ რაღაცა ნაწილი, ჩემი აზრით, ეს განსაკუთრებულ შედეგს ვერ მოიტანს. იმიტომ, რომ ეს სახეები, ეს პოლიტიკა და ეს მიმართულება მომხმარებელმა უკვე გამოსცადა და შეფასა“, - ამბობს არჩილ გამზარდია.