მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიღმა დარჩა „რესპუბლიკური პარტია“, რომელმაც მერვე მოწვევის პარლამენტში, საკანონმდებლო თვალსაზრისით, დიდი სამუშაო გასწია. პარტიის წევრები ოპოზიციაში ყოფნას ტრაგედიად არ აღიქვამენ, თუმცა პარტიაში რებრედინგის განხორციელებაზე საუბრობენ. პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მომავლის პარტია უნდა გახდეს თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ საარჩევნო სიაში ასი წლის კანდიდატები აღარ ჰყავდეს და გაცილებით უფრო ახალგაზრდული შემადგენლობა დააკომპლექტოს.
„რესპუბლიკური პარტიის“ გეგმებსა და შეცდომებზე, for.ge პარლამენის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა:
30 ოქტომბერს, საქართველოში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ხელისუფლება მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურების გასვლას ღირსების ტესტად აფასებს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
- მოლოდინი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს და თავს იმ ყულფში გაყოფს, რომელიც მას საბოლოო ჯამში დაღუპავს. ამ ცდუნებას ვერავინ ვერ უძლებს. იმდენად ბებერი კაცი ვარ, რომ ძველი არჩევნები, მეორე ტურები და ის ვითარება მახსოვს, რომელშიც ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მრგვალი მაგიდა აღმოჩნდა. ზვიად გამსახურდიამაც კი თქვა, რომ იქნებ, მეორე ტურები დავთმოთო, მაგრამ მას მეორე დღესვე ათქმევინეს, რომ მეორე ტურები არ უნდა დაეთმო. მათ უპირატესობა მოიპოვეს, რაც კარგი ეგონათ, მაგრამ ის ყველაფერი როგორ დასრულდა, ძალიან კარგად ვიცით. სამწუხაროდ, ამას კარგი არაფერი არ მოჰყვა, ისევე როგორც სააკაშვილის მიერ მოპოვებულ საკონსტიტუციო უმრავლესობას.
„ოცნებას“ პოლიტიკური კლასი არ ეყოფა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის სიკეთისთვის გამოიყენოს. ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება უნდა დაირაზმოს და ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს, რადგან პარტიას ზოგიერთ ადგილას ისეთი ტიპის არამზადები ჰყავს წარმოდგენილი, რომელსაც ხმას ვერანაირი მოტივით ვერ მისცემ. მოსახლეობა კარგად გაერკვევა და ხმას მისცემს არა უკეთეს პარტიას, არამედ უკეთეს კანდიდატს. ვიღაცა გადაწყვეტილებას პარტიული თვალსაზრისით მიიღებს, მაგრამ ვიღაც არჩევნებზე საერთოდ არ მივა, რადგან ვისაც ხმას აძლევდა, ის აღარ არის.
თქვენ - რესპუბლიკელები რას აპირებთ? ამომრჩეველს ვის მხარდაჭერას ურჩევთ?
- ამომრჩეველმა არჩევანი უკეთესი კანდიდატის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს და არა უკეთეს-უარესს პარტიას შორის. არის შემთხვევები, როცა აშკარად იკვეთება, ხმა ვის არ უნდა მისცე. ვინც ხმას ნარჩემაშვილს აძლევს, მათ შესახებ საუბარი არ შემიძლია, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები თავისი ქვეყნისა და საკუთარი თავის შეურაცხმყოფელი ხალხია. ჩემთვის ნარჩემაშვილი წითელი ხაზია, ვიღაცისთვის კი, შეიძლება ასე არ არის. მართალი გითხრათ, ძალიან უხერხული იქნებოდა თუ არა კომიკური, რომ ის პარტია გამოსულიყო და მოწოდება გაეკეთებინა, რომელსაც 1,55 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. გასაგებია, რომ ჩვენი შედეგით ვითარებას ვერ ვცვლით, მაგრამ ჩვენგან არცერთი მოწოდება არ ყოფილა და არც იქნება. ჩემს საარჩევნო ოლქში პატივისცემას არც ნაციონალი იმსახურებს და არც „ოცნებას“ ჰყავს კანდიდატი. ამიტომ, მე არ ვღელავ. მთაწმინდაზე ვის თაობაზეც ვღელავდი, ის ადამიანი მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდა მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობა სამაგალითო იყო. საქართველოში რაიმე კამპანიის ჩატარებას, შრომას და ენერგიას აზრი რომ ჰქონდეს, თამარ კორძაია უფრო მეტად დაფასებული იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
არჩევნებზე მიდიხართ?
- არჩევნებზე აუცილებლად წავალ და რაღაცას ვიზამ - ხმას ან რომელიმეს მივცემ, ან არცერთს არ მივცემ. ბავშობიდან მოყოლებული არცერთი არჩევნები არ გამიცდენია, არჩევნებზე სიარული ძალიან მიყვარს, რადგან ამას თავისი პოლიტიკური ხიბლი აქვს.
ვინაიდან თქვენს შედეგებს გამოეხმაურეთ, გკითხავთ. 1,55 პროცენტი რითი იყო განპირობებული - ამომრჩევლამდე გზავნილები ვერ მიიტანეთ, თუ ხალხს არ მოსწონხართ?
- შეცდომების ანალიზს გარკვეული დრო დასჭირდება. ნაჩქარები დასკვნის გაკეთება შეიძლება, მაგრამ თუ დასკვნა იმას ეხება, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ შექმნა იყო შეცდომა, ამას არ დავეთანხმები. თუ დასკვნა ისეთი იქნება, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებზე მარტო არ უნდა გავიდეს, ამასაც არ დავეთანხმები. ამიტომ შეცდომებს მხოლოდ ერთ პარტიაში არ მოვძებნიდი, რადგან ორი სახელისუფლებო პარტიის გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია დამარცხდა. ცესკო-ს მიერ ქანქარის ქნევა ძალიან კარგად გამოჩნდა, რომელიც 5 პროცენტს ეტაპობრივად ცვლიდა. „პატრიოტთა ალიანსი“ მრავალპარტიულობის გარანტად არ მიმაჩნია.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ მოხვედრა ხელისუფლების დამსახურებაა?
- მანიპულაციები იმდენად ადვილი იყო, რომ ეს დიდი გაყალბებაში არავის არ ჩაეთვლება.
„ოცნებას“ მეცხრე მოწვევის პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსი“ რისთვის სჭირდება?
- პარლამენტში ნაციონალები რომ არ შესულიყვნენ, ერთპარტიული პარლამენტი არ ექნებოდათ და ერთ-ერთი ღირსეული, ევროპული პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ იქნებოდა. როგორც ჩანს, ეს მათი ლოგიკაა და ეს არ მაღელვებს. ორმა სახელისუფლებო პარტიამ ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით ხმების წაღება შეძლო. პარლამენტში სამი პარტია შევიდა და სამივეს საკუთარი ტელევიზია ჰქონდა. ცალკე რესპუბლიკელების წარუმატებლობას არ განვიხილავ, რადგან ამ ბრძოლაში მთელი პოლიტიკური კლასი დამარცხდა. ერთი პარტია გამოვიდეს, თავზე ნაცარი დაიყაროს და მარცხის სიმძიმე რომელიმე ლიდერმა აიღოს, მართებული არ მგონია. გარდა ამისა, სახეზეა ისეთი მომენტები, რომლებიც „რესპუბლიკურ პარტიასთან“ არავითარ კავშირში არ არის, მაგრამ შედეგზე მოქმედებს.
მაგალითად?
- ფული. სამნაირი ფული არსებობს - კანონიერი ფული, რომელიც საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის გჭირდება. ასევე ფული საჭიროა, რომ ხალხი დაიქირავო. სხვებს ჰქონდათ, ჩვენ - არა. ასევე არის ფული, რომლითაც უამრავ რაიონში ამომრჩეველი იყიდეს და ამაზე კონკრეტული ფაქტებით ლაპარაკი ძნელია, რადგან ამას გაყიდული მოქალაქე არ გეუბნება. ფული რომ ტრიალებდა და ხალხს ურიგებდნენ, ეს ფაქტია. ვერ გეტყვით, რომ ამან არჩევნების ბედი გადაწყვიტა, მაგრამ რაღაცეებზე გავლენა იქონია. ვისაც მეტი ფული, სახელისუფლებო რესურსი და ტელევიზია ჰქონდა, უპირატესობაც მას ჰქონდა. უფულოდ თითქმის იმავე შედეგს მივაღწიეთ, რასაც სამი მილიონი ლარით პაატა ბურჭულაძემ. რა თქმა უნდა, ანალიზის დროს ბევრ რამეს ვიტყვით. მათ შორის ჩვენს შეცდომებს, თუმცა, ვიღაც ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენ არ გავერთიანდით. არც კითხვა და არც პასუხი „რესპუბლიკურ პარტიას“ არ ეკუთვნის, რადგან გაერთიანება არავინ არ შემოგვთავაზა.
„თავისუფალ დემოკრატებთან“ გაერთიანებისთვის მზად იყავით?
- პარტია ამას აუცილებლად განიხილავდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეთავაზება არ იყო და ირაკლი ალასანიასთან როგორ გავერთიანდებოდით, თუ მას ეგონა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდა და მას ჩვენ არ ვჭირდებოდით? ყველა პარტია რომ გაერთიანებულიყო, პარლამენტში ათ კაცს ვერ შეიყვანდა და იგივე კრახი იქნებოდა.
ირაკლი ალასანია ქართულ პოლიტიკას დააკლდება?
- დიახ, დაკლდება. ქართულ პოლიტიკას ის ლიდერებიც დააკლდებიან, ვინც პარტია დატოვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკა არსებობას შეწყვეტს. ის ხალხი დააკლდება პოლიტიკას, რომლებიც პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ „ოცნების“ ზოგიერთი, ახალი სახე პარლამენტში რომ არ შევიდეს, პოლიტიკას არ დააკლდება. ჩოჩელთან ხუნდაძემაც რომ ვერ მოიგოს, ქართულ პოლიტიკას ისიც კი დააკლდება. ჩემი აზრით, ხუნდაძეს ჩოჩელმა არ უნდა მოუგოს, რადგან საქართველოში ყველაფერი ფულმა მოიგო. ეკა ბესელიას კორძაიაზე გამარჯვებამ მას სიდიადე არ მოუტანა, რადგან უფრო გამოცდილი, მშრომელი და განათლებული არ არის, ვიდრე კორძაია.
თუმცა, ვხედავთ, რომ საზოგადოება საპირისპიროს ფიქრობს...
- სწორედ იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოება ეკაზე კი არ ფიქრობს, არამედ იმაზე, ვინც ეკა დაასახელა. რომ გითხრათ, პერსონალურად, ცისკარიშვილი ან ხუციშვილი მჯობია-თქო, მოგატყუებთ, რადგან ამას არ ვეთანხმები.
თქვენ ვაკეში გამარჯვებაში დარწმუნებული იყავით...
- დარწმუნებული იმ შედეგში ვიყავი, რაც დადგა, უბრალოდ, საზოგადოებას იმას ვახსენებდი, სწორი რომელი იქნებოდა. მომღერალმა იმ პოლიტიკოსს არ უნდა მოუგოს, რომელსაც 40-წლიანი გამოცდილება აქვს. თუ ეს ასეა, მაშინ, ის მომღერალი იქნებოდა, ფეხბურთელი თუ პიანინოს ამწყობი, ყველა მომიგებდა, რადგან ივანიშვილი ჯოხს დასვამდა და ის მოიგებდა. ჯოხებად რომ არიან განხილულები, ეს შეურაცხმყოფელია და ეს მოსწონთ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. როცა შეცდომებზეა საუბარი, ამ თვალსაზრისით საზოგადოება უნდა გავითვალისწინოთ, რომელმაც შეცდომა დაუშვა. არ ვამბობ, რომ პარლამენტში რესპუბლიკელები რომ არ იქნებიან, ეს შეცდომაა, მაგრამ ვიღაც არჩევნებს პოლისჯოხით რომ იგებს, ეს სამწუხაროა. „რესპუბლიკური პარტია“ მოგწონს თუ არა - ერთია, მაგრამ უსუფაშვილი უსუფაშვილად უნდა განხილულიყო და მისი კვალიფიკაცია გოგიჩაიშვილის კვალიფიკაციისთვის უნდა შეედარებინათ, რაც არ მოხდა და ეს საზოგადოების შეცდომა იყო. ისეთი დრო დადგება, როცა გოგიჩაიშვილი რაღაცას ისეთს გააკეთებს, რითც საზოგადოება დარწმუნდება, ამას უსუფაშვილის ადგილი რომ უკავია, თავში რა ქარი ჰქონიაო. გოგიჩაიშვილს ვუსურვებ, რომ პოლიტიკაში ისეთი კაცი დადგეს, რომ ყველამ თქვას, კიდევ კარგი, უსუფაშვილი რომ დაამარცხაო, მაგრამ ხომ იცით, რომ ეს ასე არ იქნება. უარესები უკეთესებს მხოლოდ იმის გამო ამარცხებდნენ, რომ მათ უკან ბიძინა ივანიშვილი და სახელისუფლებო რესურსი იდგა. ალბათ, უსუფაშვილ-ბერძენიშვილების შეცდომებიც არსებობს.
პირადად თქვენი შეცდომა რა არის?
- პირადად ლევან ბერძენიშვილის შეცდომაა ის, რომ მან ისეთი ცხოვრებით იცხოვრა, რითაც ერთი ისეთი კაცი ვერ იშოვა, რომელიც მას დააფინანსებდა. პარლამენტის თავმჯდომარედ ისეთი კაცი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი პარტიისთვის ვერცერთი კაპიკი ვერ იშოვა, რაც მისი პატიოსნებაა, მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკაში ეს პატიოსნება მძიმე ვალდებულებაა.
ამის საპასუხოდ ოპონენტები გეტყვიან, რომ ივანიშვილის სახით, თქვენც კარგი დამფინანსებელი გყავდათ, მაგრამ ამბიციებმა დაგღუპათ...
- ივანიშვილი პარტიის გაუქმებას ითხოვდა, რასაც არც განვიხილავ. ჩემთან ასეთი ლაპარაკი ვერ გაიმართება. მომხრე არ ვარ, რომ პარტია გაუქმდეს. საუბარი ბევრჯერ იყო, რომ პარტია დავხუროთ, იმას შევუერთდეთ და ამას გამოვუერთდეთო, მაგრამ პარტიის ლიკვიდაციის მომხრე არ ვიყავი.
წინ ოპოზიციაში ყოფნის ოთხიწელი გაქვთ. რას აპირებთ, განახლებას? საზოგადოებას ახალს რას შესთავაზებთ, რითაც ამომრჩევლის გულის მოგებას შეძლებთ?
- „რესპუბლიკურ პარტიაში“ რებრედინგი უნდა განხორციელდეს და მომავლის პარტია უნდა გახდეს თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ საარჩევნო სიაში ასი წლის კანდიდატები აღარ ჰყავდეს და გაცილებით უფრო ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდეს. ვერ გეტყვით, რომ ისეთი ახალგაზრდები არ გვყავს, რომლებსაც ვერ დავეყდნობით. ბებრები პარტიიდან არსად არ წავალთ, ეროვნული კომიტეტის წევრებად დავრჩებით, მაგრამ ყველა სხვა პოსტს, დიდებას და სტატუს ახალგაზრდებს გადავცემდი. უამრავი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც არჩევნებზე ვერ მოვიყვანეთ. საბურთალოსა და ვაკეში უფრო მეტი მომხრე მყავს, ვიდრე 1750 არის. ამდენი ახალგაზრდა მყავს, რომელიც არჩევნებზე არ მოვიდა. ანუ, მომხრეების მობილიზაცია ვერ ვისწავლე.
რაც შეეხება მეცხრე მოწვევის პარლამენტს, ახალი კონფიგურაცია მეტ-ნაკლებად ცნობილია. როგორც ფიქრობთ, მომავალი პარლამენტი გაამართლებს?
- თუ პერსონალურ შემადგენლობაზეა საუბარი, მეცხრე მოწვევის პარლამენტი ყველაზე უარესი იქნება, რაც საქართველოში აქამდე ყოფილა, რადგან ბევრი უცნობი ადამიანია, რომელიც შესაძლოა, ვარსკვლავი აღმოჩნდეს. ქანთარია-პაპუაშვილზე დაფუძნებული პარლამენტი, თავის თავზე უკეთესი ვერ გახდება, ვინც იყვნენ, ის იქნებიან, თუმცა, ვიღაცეებზე არის ეჭვი, რომ ისინი უფრო დაბლა იქნებიან, ვიდრე მაღლა. პარლამენტში ლერი ხაბელოვი და შოთა ხაბარელი ზედმეტი პირები არ იყვნენ, რადგან ბევრი იმუშავეს. სპორტის კომიტეტში არანაკლები ძალის და ტიტულის მქონე ადამიანი - ჩემთვის უსაყვარლესი სპორტსმენი ზვიადაური იყო, რომლის ადგილი პარლამენტში აშკარად არ იყო. ახლა ასეთი გაცილებით ბევრი იქნება, რადგან ისინი ოლიმპიური ჩემპიონები მაინც იყვნენ და ახლა ფეხბურთელები მოჰყავთ, რომელთა ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ საქართველოს ნაკრები ქვეჯგუფიდან ვერასოდეს ვერ გავიდა. ოლიმპიური ჩემპიონებიდან ყველამ არ გაამართლა და ყველა რაგბისტის, ფეხბურთელისა და მომღერლის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს. ყველაზე მეტად ზაზა ხუციშვილს ვგულშემატკივრობ, რომელმაც არჩევნები მომიგო. ვიცი, რომ ის პიროვნულად კარგი ადამიანია და იმედია, კარგი კანონმდებელი დადგება.