გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. შს სამინისტრომ დაუსწრებლად ბრალი წაუყენა დავით ხეჩუაშვილს, ასევე დაკავებულია ბრალდებულთან ნათესაურ კავშირი მყოფი, ბორის ჩაგუნავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილის მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია.
ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. შს სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებული ნივთების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროვა.
გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საგამოძიებო ჯგუფის მიერ თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით იდენტიფიცირებული პირისა და მასთან კავშირში მყოფი პირების საცხოვრებელი ბინების და ავტოფარეხის ჩხრეკა.
სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს – დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე, ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი; დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები; დისტანციური პულტები; ელექტროსადენები და სხვადასხვა დეტალი; დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები; მოთეთრო ფერის ფხვნილი - ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი;
2 მოწითალო ფერის შეკვრა - ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; 1 მომწვანო ფერის შეკვრა - ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; მუყაოს 3 კოლოფი, მასში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით; „აკ-47“-ის მოდელის 1 ავტომატი მაყუჩით; „აკს-უ“-ს მოდელის 1 ავტომატი; იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა; 6 ხელყუმბარა; 16 მჭიდი; 2112 ვაზნა; ლულისქვეშა სასროლის 16 ყუმბარა; 3 ფალია.
აღსანიშნავია, რომ ხეჩუაშვილი ჩაგუნავების სიძეა. როგორც ბორის ჩაგუნავას მეუღლე, ნატა ჩაგუნავა აცხადებს, რომ ხეჩუაშვილს მისი კუთვნილი ავტომობილი ჩაგუნავებზე ჰქონდა გადაფორმებული. მისივე თქმით, მისი მეუღლე გივი თარგამაძის აფეთქების საქმეში არ მონაწილეობდა და ის მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ დავით ხეჩუაშვილის კუთვნილი მანქანა გადაფორმებული ჰქონდა.
„რა პრობლემაა, რომ ნათესავის მანქანა გადაიფორმო? ეს ჩვეულებრივი რაღაცაა. რადგან იქ იარაღი იყო, რადგან ჩვენზეა გაფორმებული, ჩვენ მოგვაწერეს. ასე ამბობენ, რომ მანქანაში იყო იარაღი, თუმცა ჩვენ ეს არ დაგვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მანქანით პატარები დაგვყავდა“, – აცხადებს ნატა ჩაგუნავა.
გარდა ამისა, ჩაგუნავა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დაკავებულს სახლში იარაღი არ ჰქონია. თუმცა, ჩაგუნავას დაკავების ღამეს 3 ოქტომბერს დაკავებულის მეუღლემ for.ge-სთან საუბრისას დაადასტურა, რომ მათ საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი ცეცხსასროლი იარაღიდავით ხეჩუაშვილს ეკუთვნოდა.
„პოლიციას ეს ფაქტი დავუდასტურე. იარაღი თავად შევინახე საწოლის ქვეშ და პოლიციასთან ტყუილის თქმა არც მიფიქრია. მართალი გითხრათ, არ მესიამოვნა დათომ იარაღი ჩვენთან რომ მოიტანა შესანახად, მაგრამ მისგან იმდენი სიკეთე გვახსოვს, უარი ვერ ვუთხარით. დათკა ყოფილი ძალოვანია და იარაღი სულ ჰქონდა. ვერც წარმოვიდგენდი თუ ამას ასეთი ამბები მოყვებოდა. ახლა კი გამოდის, რომ შარში გავეხვიეთ“, - ამბობდა ნატა ჩაგუნავა.
გამოძიებას უნდობლობას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე. მისი თქმით, ინფორმაციები, რაც შსს-მ გაავრცელა, არაფრისმომცემია და საქმის გახსნასთან ახლოსაც კი არ დგას. თარგამაძე აცხადებს, რომ არც დაკავებულს და არც ქვეყნიდან წასულ ბრალდებულს არ იცნობს. თარგამაძე დარწმუნებულია, რომ დაკავებულ ბორის ჩაგუნავას მისი მანქანის აფეთქების საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს და ამაზე ჩაგუნავასთვის წაყენებული ბრალიც მეტყველებს.
„პრემიერმა პირველივე საათებში, სრულიად ურცხვად, ივანიშვილის თუ არ ვიცი ვისი შეკვეთის ძირითადი აქცენტები დასვა თავიდანვე, უკრაინასთან მიმართებაში. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ აშკარად სჭირდებოდათ გახსნის გამოცხადება არჩევნებამდე. ჩაატარეს ოთხ ადგილას რაღაც წარმოდგენა სპეცრაზმელების სირბილით, რამაც მოიტანა არაფერი, გარდა იმ ინფორმაციისა, რომ ვისაც ესენი ბრალს დებენ და რატომ დებენ ჯერჯერობით გასაგები არაა, ის აღარ იმყოფება ქვეყანაში.
ამის შემდეგ მინისტრმა დააანონსა რაღაც, დღეს კი მივიღეთ ისევ არაფერი, გარდა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ნათესაურ კავშირშია მათ მიერ ბრალდებულთან და იმის გამო, რომ მანქანა მასზე იყო გაფორმებული, მხოლოდ ამის გამო დააკავეს. მას არავითარი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან, ბრალიც კი წაუყენეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი დიდი ალბათობით საერთოდ არანაირ კავშირში არაა ამ ყველაფერთან“, – განაცხადაგივი თარგამაძემ.
მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ საქმის გამოძიებამ ინტერესი დაკარგა, ვინაიდან როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ყველა მოქმედება დაკავშირებული იყო წინასაარჩევნო პერიოდთან. თარგამაძე ამბობს, რომ საქმის გამოძიება ადეკვატური მუხლით არ მიმდინარეობს, რაც შესაბამისად გამოძიებისადმი უნდობლობის საკითხს დღის წესრიგში აყენებს.
„თუ ტერორიზმის მუხლი არ ესადაგება, მეტი რა უნდა ესადაგებოდეს, მე არ ვიცი ამ საქმეს. რა პასუხს აძლევენ იმ დაშავებულებს, ერთ-ერთს განსაკუთრებით, რომელიც დღესაც იბრძვის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ისინი განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო არიან ასეთ ვითარებაში?! ისინი რეალურად ხომ ტერაქტის გამო არიან დაზარალებულები. როცა ამის გაკეთებაც არ უნდათ და როცა არაფერი გვაქვს საქმის გახსნილად გამოცხადებისას, რას უნდა ვენდო ეგეც არ ვიცი“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გივი თარგამაძემ.
თარგამაძისგან განსხვავებით, გამოძიებას ნდობას უცხადებს მმართველი გუნდი. „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქაოსი, დაპირსპირების დაგეგმვა, ეს სცენარი მიხეილ სააკაშვილმა შექმნა და არ გამორიცხავს, რომ გივი თარგამაძის აფეთქებაც ამ სცენარის ნაწილი იყოს.
ვოლსკი ფიქრობს, რომ ე.წ. რევოლუციური სცენარი კვლავ დღის წესრიგშია და იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები და მხარდამჭერები რადიკალურად შეიცვლიან ან გამოხატავენ ძალიან მკაფიო პოზიციას ამ სცენართან დაკავშირებით. მისივე მოსაზრებით, აღნიშნული სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო გივი თარგამაძის აფეთქება.
„არსებობენ პარტიული თანაგუნდელები და შეიძლება ჩიორა თაქთაქიშვილს, გიორგი კანდელაკს და თვითონ გივი თარგამაძეს წარმოდგენაც არ ჰქონდეს ამაზე, როდესაც ასეთი რაღაცეები იგეგმება. არ არის აუცილებელი, რომ პოლიტიკური თანაგუნდლები ამაში მონაწილეობდნენ. ეს მიამიტობაა, გულუბრყვილობაა.
როდესაც ასეთი დონის დაპირისპირებები იგეგმება საქართველოში, რაზეც სააკაშვილი ღიად არაერთხელ საუბრობდა, ეს ცოტა სხვანაირად ხდება, რის თაობაზეც იმედი მაქვს, რომ კომპეტენტური ორგანოები მიიყვანენ გამოძიებას ბოლომდე და უფრო მკაფიო განცხადებებს გააკეთებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.