იმერლიშვილი თუ თავაძე? - საკონსტიტუციო სასამართლო ორ ბანაკად გაიყო

იმერლიშვილი თუ თავაძე? - საკონსტიტუციო სასამართლო ორ ბანაკად გაიყო

„სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა წარადგინეს - ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე. უკვე ცნობილია, რომ ზაზა თავაძეს მხარს უჭერს - ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, თეიმურაზ ტუღუში და რა თქმა უნდა, - ზაზა თავაძე. რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს, მას მხარს უჭერს გიორგი კვერენჩხილაძე, მაია კოპალეიშვილი და თავად ირინა იმერლიშვილი.

გაურკვეველი რჩება მოსამართლე მერაბ ტურავას პოზიცია, რომელიც ასევე მოიაზრებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. ამასთან, კანონმდებლობით პლენუმის წევრს შეუძლია არ წარადგინოს თავმჯდომარეობის კანდიდატად არც ერთი მოსამართლე. ამ მხრივ მას კანონი არ ზღუდავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად პლენუმის დახურული შეხვედრა 20 ოქტომბერს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. კანდიდატს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად კენჭისყრაზე ხუთი მოსამართლის ხმა სჭირდება. ისევე როგორც კანდიდატურის წარდგენის დროს, ამ შემთხვევაშიც, კანდიდატს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს საკუთარ კანდიდატურას.

სწორედ მოსამართლე მერაბ ტურავას გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძეს აირჩევენ, თუ ირინა იმერლიშვილს. ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად 5 მოსამართლის ხმა არის საჭირო, იმ შემთხვევაში, თუ ხმები 4/4-ზე გაიყოფა და 20 ოქტომბერს ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდება, ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო ახალი პარლმენტის შეკრებას და საკონსტიტუცი სასამართლოს მე-9 წევრის არჩევას დაელოდება.

როგორც ცნობილია, პარლამენტის კვოტის შევსება და საკონსტიტუციო სასამართლოში მეცხრე წევრის არჩევა ჯერ არ განხორციელებულა. არაოფილიალური ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი პლენუმის სწორედ მეცხრე წევრის არჩევამდე ვერ გადაწყდება. მანამდე თავმჯდომარეობის მოვალეობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე ახალი თავმჯდომარის არჩევამდე შეასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ერთხელ უკვე წარდგენილ კანდიდატებს, თავმჯდომარეობის კანდიდატებად მეორედ ვეღარ წარადგენენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან ერთად 10 წლიანი ვადა ამოეწურა 3 მოსამართლეს. აქედან 2 პრეზიდენტის კვოტით ირინა იმერლიშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ, ხოლო მესამე უზენაესი სასამართლოს პლენუმმა თეიმურაზ ტუღუშით ჩაანაცვლა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის სიმპათია ირინა იმერლიშვილს ეკუთვნის. რაც შეეხება ზაზა თავაძეს, დეპუტატი აცხადებს, რომ მას არც პიროვნულად იცნობს და არც პროფესიულ საქმიანობაში.

„ირინა იმერლიშვილს პატივს ვცემს როგორც იურისტს და კარგ პიროვნებას. თავისი კარიერით, ცხოვრებით, გამოცდილებით აჩვენა, რომ ის არის გაწონასწორებული ადამიანი, რომლის გადაწყვეტილებები დაბალანსებული და შებოჭილი იქნება მხოლოდ კონსტიტუციით, ასე რომ, ჩემი პირადი სიმპათია ეკუთვნის ირინა იმერლიშვილს“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ზაზა თავაძის დასახელებას უარყოფითად აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მას იმ წარსულს ახსენებენ, როდესაც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. როგორც მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, სწორედ თავაძე იყო გენერალური პროკურორის მოადგილე იმ ხელისუფლების დროს, რომელსაც დღევანდელი მთავრობა 9 წლიან სისხლიან რეჟიმს უწოდებს.

„ჩვენ არც ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას მივესალმებით. ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად გაატარებს ხელისუფლების ინტერესებს და სწორედ ზაზა თავაძე აღმოჩნდა ეს ადამიანი. ჩვენს წინააღმდეგ მთავარი პრეტენზია არის 9 წელი და ის მექანიზმები, რომელიც მაშინ პროკურატურას ჰქონდა და რომელსაც ბატონი თავაძე ახორციელებდა, სწორედ ეს იყო პრობლემა რომელიც დაკავშირებული იყო პროკურატურასთან, მაგრამ დღეს თავაძე აწყობთ. ყველას დაავიწყდება 9 წელი, ისევე როგორც მურუსიძის გადაწყვეტილება“,- აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

მოსამართლეთა მსგავსად, ორად გაიყო სამართალმცოდნეთა აზრი, რომელთა შეფასებით, მნიშვნელოვანია უწყების ხელმძღვანელი იყოს აპოლიტიკური და პოლიტიკური პროცესებიდან დამოუკდებელი, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი პაპუაშვილის ხელში იყო პოლიტიკური ბერკეტი ხელისუფლების ხელში.

სამართლამცოდე თემურ მონიავას შეფასებით, ზაზა თავაძე წინა ხელისუფლებასთან ასოცირდება, მაგრამ მეცნიერულ სფეროში თავაძის პიროვნება არ ახსოვთ. რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს, როგორც მონიავა ამბობს, მას იცნობს იქიდან, როდესაც იყო იუსტიციის მინისტრის მიხეილ სააკაშვილის პირველი მოადგილე. მისივე თქმით, ყველა ვიღაცასთან არის დაკავშირეებული, მაგრამ მთავარია სასამართლოს თავმჯდომარე იყოს პროფესიონალი, რომელმაც კარგად იცის არა მხოლოდ კონსტიტუცია, არამედ კარგად ფლობს სამართლებრივ მაჯისცემას.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთაგან დღეს ყველაზე მეტი პროფესიონალი არის მერაბ ტურავა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, როდესაც არც თავმჯდომარე და არც საკონსტიუტუციო სასამართლოს წევრი მოსამართლე არ იქნება დამოკიდებული ვიღაცის პოლიტიკურ ნებაზე. თუ წარსულის მიხედვით დავიწყეთ საუბარი, მერწმუნეთ, ჩვენ ვერ ვნახავთ პიროვნებას, რომელსაც აქვს გამოცდილება, ცოდნა და არ აქვს წარსული. მქონდა შეხვედრა ადამიანებთან, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ ინგლისში და აშშ-ში, მაგრამ ქართულ კანონდებლობას ალღო ვერ აუღეს.

ამიტომ, ჩვენ პროფესიონალებზე უნდა ავიღოთ აქცენტი. მე თუ მკითხავთ, ირინა იმერლიშვილი დიდი იურისტი ნამდვილად არ არის, ყოველ შემთხვევაში იმაზე დიდი იურისტი არ არის, ვიდრე მერაბ ტურავა. მე პირადად ამ თანამდებობაზე ვისურვედი გია მეფარიშვილს, რომელსაც ჰქონდა ეს გამოცდილება, არც არავისთან არის დაკავშირებული და არც ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცევა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მონიავა.

იურისტი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად აღიდგინოს ფუნქცია, რადგან საქართველოს მოსახლეობა არ არის განებივრებული საკონსტიტუციო სასამართლოს რეალური ფუნქციონირებით. შესაბამისად, რეალურად დადგა დრო იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰყავდეს ღირსეული თავმჯდომარე.

„ის, რომ ორ ბანაკად გაიყო სასამართლო, ეს მოლოდინი არსებობდა და ფაქტია, რომ ამას ვერ გავექცევით. რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს, ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის ღირსეული, დაბალანსებული და შეიძლება ითქვას აპოლიტიკურიც. რაც შეეხება იმ ძალებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაპატრონებული იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს, არანაირად არ აწყობთ ქალბატონი იმერლიშვილის არჩევა. ამიტომ, ისინი ყველანაირად ეცდებიან ხელი შეუშალონ ამ პროცედურას, მაგრამ კანონი კანონია და ვერ გაექცევიან იმას, რომ უნდა აირჩიონ თავმჯდომარე“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

იურისტი ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავმჯდომარის არჩევა დროში მაინც გაიწელება, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს იმ საქმეებზე, რომელთა განაჩენის მოლოდინში წლებია ადამაინები არიან.

„ამ ადამიანების მიმართ უპასუხისმგებლო იყო საკონსტიტუციო სასამართლო. იმედი მაქვს, რომ არ შეიქმნება კრიზისული მდგომარეობა და გონირებას მოუხმობენ ის ადამიანები, რომელთაც პასუხისმგებლობა აქვთ აღებული იყვნენ იმ რანგის მაღალი თანამდებობის პირები, მათ მხოლოდ საკუთარი ამბიციები არ უნდა ამოძრავებდეთ და უნდა ფიქრობდნენ იმაზე, თუ ვის წარმოადგენდნენ.

სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ამ ყველაფერმა მიიღოს პოლიტიკური სახე. თუმცა, პოლიტიკური სახე დიდი ხანია მიღებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს და ვფიქრობ, ის ახალი ჯგუფი, რომელიც მივიდა სასამართლოში, შეძლებს გაანეიტრალოს და დააბალანსოს მოცემული სიტუაცია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.