პროკურატურა, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ცნობილი ხდება, რომ შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს.
გამოძება სსსკ-ის 162-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კენჭისყრის შენობაში საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.
დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა.
დაკავებულთა წრე შესაძლოა გაიზარდოს. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. ამასთან, შსს-ში არ ადასტურებენ დაკავებულების ახლობლების განცხადებას, რომ მათ დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მარნეულის პოლიციაში ადვოკატებთან ერთად მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. პოლიციის შენობასთან ასევე იმყოფებიან NDI -ისა და IRI-ის დამკვირვებლები.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სპეცრაზმის და დაშინების საშუალებით ცდილობს მოიგოს მეორე ტური. მისივე თქმით, ამ მოტივით ჩაატარა ხელისუფლებამ სპეცოპერაცია მარნეულში და სპეცრაზმის საშუალებით „ნაციონალური მოძრაობის“ 5 მხარდამჭერი დააკავა.
„მარნეულში ჩვენი კანდიდატი ახმედ იმალკულიევი ლიდერობს, მან მიუხედავად გაყალბების, ზეწოლის და ღია აგრესიისა, „ქართული ოცნება“ პირველ ტურში დაამარცხა. ამის შემდეგ, მეორე ტურის წინ გაუგონარი რამ მოხდა, ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე არ იყო გადასული და ვნახეთ, რომ სპეცრაზმი ჩაერთო რისი საშუალებითაც უნდათ მეორე ტური მოიგონ. ეს არის პირდაპირ დაშინების და რეპრესიების მცდელობა.
48 პროცენტი აქვს აღებული ახმედ იმალკულიევს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე უბანი ფაქტობრივად გაბათილებულია და მეორე ტურის წინ უნდათ, რომ სიტუაცია ძალით გადატეხონ. ჩვენ ვხედავდით კორცხელში და ჯიხაშკარში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კამერების წინ როგორ ღიად აწყობდნენ დარბევებს, ტერორს, ძალადობას და მათ არავინ მიკარებია, თუმცა მარნეულში დააკავეს ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად არაფერ შუაში არ არიან“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გააცნობიეროს ქართულმა საზოგადოებამ, რომ არჩევნების მეორე ტური არ არის ტესტი „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ქართული ოცნებას“ შორის და ეს არის ტესტი ექნება თუ არა ერთპარტიული სისტემა და საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. სერგო რატიანის განცხადებით, ყველას კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ეს რეპრესიები და ტერორი შეწყდეს ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ მარნეული არ არის ერთადერთი შემთხვევა, სადაც პოლიციამ საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე ეჭვმიტანილი პირები დააკავა. პოლიციამ ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე კაკო ტიბუა დააკავა. დაკავებულის ადვოკატის როლანდ შონიას განცხადებით, დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს, რადგან ის არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, არ ჰქონია შეხება იმ არეულობასთან და მისი დაკავებაც კანონდარღვევით მოხდა.