8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა დღითიდღე მატულობს, თუმცა, ხელისუფლება არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას პროგნოზირებს და ნებისმიერი ექსცესის აღკვეთაზე აპელირებს.
იმის მიუხედავად, რომ სამეგრელოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გორში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენლებსაც ესროლეს, მმართველი ძალა პოლიტიკურ პროცესებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ოპონენტებს პოლიტიკური კულტურის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
თუ რამდენად მშვიდად ჩატარდება 8 ოქტომბრის არჩევნები და ამ თვალსაზრისით, თუ რა განწყობებია „ქართულ ოცნებაში“, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა.
როგორც for.ge-ს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, ბუნებრივი მოვლენაა, რომ არჩევნების მოახლოების პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა იწევს.
მისი თქმით, მიმდინარე პროცესებში განსაკუთრებული არაფერია, რადგან საარჩევნო გარემო სტაბილური და მშვიდია.
„ცალკეული მოვლენები იკვეთება, რის გამოც ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რაიმე დაპირისპირება არ მოხდეს. მითუმეტეს, დარჩენილ დღეებში. სამართალდამცავების მუშაობა უფრო მეტად გააქტიურდება, რათა მშვიდი და სტაბილური გარემო იქნეს შენარჩუნებული“, - აცხადებს კახიანი.
კანონმდებელის მოსაზრებით, სახელმწიფომ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, თუმცა ამავე დროს, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათ მშვიდი გარემო შენარჩუნდეს.
„ეს ეხება როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ პარტიებს“, - დასძენს კახიანი.
თანაპარტიელის მსგავსად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ამა თუ იმ პირის მიმართ გამოხატული აგრესია ქვეყნის მიმართ გამოხატული აგრესიაა.
for.ge-სთან საუბარში ვოლსკი ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები ექსცესების გარეშე ჩატარდეს, ანუ, ისე როგორც, საქართველოს ეკადრება.
„არ მგონია, რომ ეს ყველაფერი დაკვეთით ხდებოდეს, მაგრამ აგრესიის, ზეწოლისა და დაპირისპირების კულტურა იმ მთავრობამ დანერგა, რომლის ხელისუფლებაშიც ოქრუაშვილი საკმაოდ დიდი როლს თამაშობდა. ასე რომ, კალაძისკენ თითის გამოშვერა უზნეობაცაა, გარდა იმისა, რომ ოქრუაშვილს მსგავსი განცხადებების კეთების არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ოქრუაშვილს უნდა, თავისთვის დივიდენდი გამოაწრთოს, რაც უპერსრექტივოა“, - აღნიშნავს ვოლსკი ოქრუაშვილის იმ განცხადებების საპასუხოდ, სადაც ის ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მოქმედებს.
კანონმდებელი „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლების ცემის ფაქტსაც ეხმაურება, რომლებიც ამ დრომდე, საავადმყოფოში რჩებიან.
„პატარა გოგოს რომ ახრჩობ და თავში ქვას ჩაარტყამ, ეს არც ერთ მორალში არ წერია. არ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსაც კი, ეს დავალება ჰქონოდათ, რომელსაც წამების პრაქტიკა აქვთ, მაგრამ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, - დასძენს ვოლსკი, რომლისგან განსხვავებით ნაციონალებზე კიდევ უფრო მეტად მძიმე წარმოდგენისაა ნუკრი ქანთარია.
for.ge-სთან საუბარში ქანთარია აქცენტს ნაციონალების პოლიტიკურ გეგმებზე აკეთებს და ამბობს, რომ მათთვის წინასაარჩევნო გარემო შესაშური იყო. დეპუტატის თქმით, ორი ინციდენტი მოხდა, რაც სამწუხაროა, მაგრამ ეს ვის აწყობს, მარტივი გამოსაცნობია.
„სიმშვიდე და სიწყნარე „ნაციონალური მოძრაობის“ ნომერ პირველი მტერია. მათ ხელს არჩევნების სიწყნარესა და მშვიდ გარემოში ჩატარება არ აძლევს“, - აღნიშნავს ქანთარია.
რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ განწყობებს for.ge-სთან საუბარში პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ წინასაარჩევნო ვითარება გაწონასწორებული იყოს. დეპუტატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობის მაპროვოცირებელია, ხელისუფლება დაკვირვებული უნდა იყოს, რომ რაიმე არ შეეშალოს და რაიმე მოვლენა არ გაექცეს.
„ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებას პროვოკატორობით, გაყალბებით, ადამიანების წამებით ინარჩუნებდნენ, მათგან მოსალოდნელი ნებისმიერი სახის პროვოკაციაა. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე გადადის“, - აცხადებს დეპუტატი.
ცაგარეიშვილის მოსაზრებით, „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს დაუნდობლად ებრძვიან და მათი სურვილის მიუხედავად, რომ პროცესი ორპოლუსად გადაქცეულიყო, ვერ შედგა, რადგან ქართულ პოლიტიკაში ის ძალები არიან, რომლებიც ამ „გარჩევებში“ არ ჩაერთვენ და სახე შეინარჩუნეს.
„ვიღაცას სიამოვნებს თუ არა, ჩვენ პოლიტიკურ ძალად შევდექით, რომელიც არც პრინციპებს და არც ქვეყანას არ ღალატობს. ვიწრო პარტიული ინტერესების გამო ბინძურ „ვაჭრობაზე“ არ მივდივართ. მაშინ, როცა ჩვენ საარჩევნო კამპანიას მშვიდად ვატარებდით, კონკურენტები ერთმანეთს თავსხლაფს ასხამდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ. ჩვენი რეიტინგის ზრდა გამართულმა პროგრამამ და მწყობრმა გეგმებმა გამოიწვია. როცა ადამიანებს კარგად გააგებინებ, მათთვის რას გააკეთებ, მხარდაჭერას მოიპოვებ“, - დასძენს ცაგარეიშვილი.