„ყველა გზა მომხდართან დაკავშირებით, ოდესაში მიდის“

„ყველა გზა მომხდართან დაკავშირებით, ოდესაში მიდის“

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია ნაციონალური მოძრაობის წევრ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს დივერსიის კვალიფიკაციას აძლევს და მომხდარს იმ სცენარის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების მიერ იქნა დაანონსებული.

„რა თქმა უნდა, გივი თარგამაძის მანქანის აფეთება იმ სცენარის და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დასაწყისია, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მიერ იქნა დაანონსებული. ფაქტია, ერთადერთი ძალა, ვისაც საქართველოში არ აწყობს სიმშვიდე, სტაბილური წინასაარჩევნო გარემო, საპარლამენტო არჩვენების მშვიდ, ნორმალურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება, ზედაპირზეა თავისი ტელევიზიით „ რუსთავი 2“-ით და ლიდერით - ოდესელი გუბერნატორით. ეს ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“.

მათ, ფაქტობრივად, დაანონსებული ჰქონდათ ეს ამბავი საჯარო განცხადებების დონეზე. ანალოგიურზე საუბრობდნენ „თავისუფალი ზონიდან“ წამოსული წვერებიც. მათი ნაამბობიდან გამოიკვეთა, რომ სწორედ მსგავსი მოვლენების განვითარება არის დავალება, რომელიც ოდესაში გაიცა. ის, რომ ასეთი ხელწერა ნაციონალებს აქვთ, ეს ფაქტია. ეს ჩანას თუნდაც ხურჩის ინციდენტით, რომელზეც ადამიანები სასჯელს იხდიან. ხურჩის ინციდენტი იყო დადგმული და ახლაც სწორედ მსგავს ინციდენტთან გვაქვს საქმე. ვამბობდი კიდეც, რომ პირველს თავისაიანებს გაწირავენ-მეთქი და ამით შეეცდებიან საპროტესტო ტალღის აგორებას.

მადლობა ღმერთს, ამ აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის, ყველა ცოცხალია. მათ აწყობთ მსხვერპლი და თან ეს მსხვერპლი უდანაშაულო უნდა იყოს, რათა ამან ადამიანებში ემოცია გამოიწვიოს და საპროტესტოდ განაწყონ ხალხი. ის, რომ თარგამაძე არავის სჭირდება და მისი აფეთქებით არავინ არის დაინტერესებული, ეს ფაქტია. ყველა გზა მომხდართან დაკავშირებით, ოდესაში მიდის. ოდესიდან მოდის ეს შეკვეთა“, - აცხადებს დეპუტატი ნუკრი ქანთარია. მისი თქმით, ამ დივერსიულ ფაქტთან დაკავშირებით პასუხი ყველას მოეთხოვება კანონის შესაბამისად, დამკვეთსაც და შემსრულებელსაც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ყოფილი ხელისუფლების წევრთა შეფასებებს ტენდენციურად განიხილავს. მისი თქმით, ნაციონალები ყველანაირად ცდილობენ კვალი ხელისუფლებამდე მიიყანონ, მაგრამ არ გამოუვათ.

„ამ თვეების განმავლობაში გვინდოდა და ყველაფერს ვაკეთებდით, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში წარმართულიყო. სწორედ ეს არ აწყობთ ნაციონალებს. გუშინდელი აფეთქებაც ამის დადასტურებაა. ეს, რა თქმა უნდა, დივერსიაა. ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დასაწყისია, რომელსაც ორგანიზებას ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უწევს.

გავიხსენოთ მისი განცხადებები, რომელიც გვარამიასთან საუბარში მოვისმინეთ, მსხვერპლი უნდა იყოს. ფეხმძიმე ქალი თუ მოკვდება, კარგია. ანალოგიური ტონია მის ინტერვიუში, რომელიც „ფორბსში“ გამოქვეყნდა. სააკაშვილი იქ ამბობს, რომ საქართველოში 2016 წელს არეულობა იქნება. შესაბამისად, ყველა კვალი, რომელიც არეულობის და დესტაბილიზაციის მცდელობას უკავშირდება, სააკაშვილთან მიდის. ეს ფაქტი აუცილებლად იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე დაისჯება. ვიმეორებ, ამ არეულობის ავტორი, ვინც ეს აფეთქება შეუკვეთა ვერსად დაიმალება. მათი ჭკუით ამას განვითარება ექნება, მაგრამ ეს არ გამოუვათ.

დღეს აქვთ მათ აქცია დაგეგმილი. ალბათ გარკვეული მცდელობებიც იქნება მათი მხრიდან. რომ თავისიანი გაწირონ და პროცესი დაძაბონ. სურვილი ექნებათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ დაიძრნენ, როცა შეიკრიბებიან. ალბათ შეჭრის მცდელობაც ექნებათ. არჩევნების ჩაშლისკენ მიდიან“, - აღნიშნა ქანთარიამ.

მისი თქმით, ნაციონალები არჩევნებს აგებენ. მათ „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ეს გეგმა ჩაიეშალათ. „რუსთავი 2“ რომ პარტიული ტელევიზიაა და ნაციონალების სასარგებლოდ მუშაობს, ეს ყველამ იცის. ხვდებიან, რომ კარს მომდგარ არჩევნებს აგებენ და ამიტომ გადადიან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე და აქციებზე. ხომ ნახეთ, გუშინ ამ აფეთქების შემდგომ, ნაციონალები ბედნიერი სახით ისხდნენ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანში“ და თითს ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერდნენ. ყველაფერი ზედაპირზეა. ყველამ იცის, როგორ ცდილობდა ხელისუფლება მშვიდი წინასაარჩევნო გარემო ყოფილიყო და არჩევნებამდე სტაბილურად მივსულიყავით. გვინდოდა არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაგვეტარებინა.

საერთაშორისო ორგანიზაციები და ამერიკის ელჩიც ამას ამბობდნენ, რომ კარგი წინასაარჩევნო გარემო იყო. სწორედ ეს აღიზიანებთ ნაციონალებს. ამაზეა დარტყმა. ეს ყველაფერი, რაც ვნახეთ, ქვეყნის მტრების მიერ არის გაკეთებული. მათ ინტერესებშია დივერსიული ქმედებები. ქვეყნის ნომერ პირველ მტრად კი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა, რომელიც აუცილებლად დაისჯება.