მოქმედი დეპუტატების „სიურპრიზი“ მომავალ დეპუტატებს - „პარლამენტი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებად გადააქციეს“

მოქმედი დეპუტატების „სიურპრიზი“ მომავალ დეპუტატებს - „პარლამენტი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებად გადააქციეს“

საქართველოს პარლამენტის წევრები საკუთარი ქმედებების გაკონტროლების მიზნით, ახალ-ახალ რეგულაციებს იგონებენ, თუმცა, რეგლამენტით დადგენილ, მოქმედ ნორმებს არ იცავენ.

ოთხი წლის განმავლობაში, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრები ერთმანეთის მისამართით ლანძღვა-გინებას არ იშურებდნენ და საკანონმდებლო მუშაობისთვის განკუთვნილ დროს ძირითადად ფიზიკურ დაპირისპირებაში ატარებდნენ, თუმცა, მათ ამ დამოკიდებულებაზე უარის თქმა უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტეს.

კერძოდ, დეპუტატებმა: გუგული მაღრაძემ, დავით უსუფაშვილმა, თედო ჯაფარიძე, სერგო ხაბულიანმა, გიორგი გაჩეჩილაძემ, ეკა ბესელიამ, თამაზ ყაჭეიშვილმა, თამარ კორძაიამ, სოსო დანელიამ, დავით ბერძენიშვილმა და ბიძინა გუჯაბიძემ „საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსი“ მოამზადეს, რომელიც დეპუტატების ქცევის ეთიკურ ნორმებს განსაზღვრავს.

სანამ, კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს განვიხილავთ, მანამდე აღვნიშნავთ, რომ დეპუტატის ეთიკის ნორმები სამუშაო ჯგუფმა ჩამოაყალიბა, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ნაწილი ახალი რეგულაციების პათოსს არ იზიარებს, მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

წყაროს ცნობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრთა ნაწილს მიაჩნია, რომ მოქმედმა პარლამენტმა მომავალ პარლამენტს ეთიკის არც ნორმები არ უნდა განუსაზღვროს და არც სანქციები არ უნდა დაუწესოს.

როგორც ჩანს, მმართველ პარტიაში სანქციებსა და ეთიკის ნორმების შემოღებაზე მართლაც აზრთა სხვადასხვაობა, რადგან კოდექსის პროექტში საუბარია იმაზე, თუ რა არ უნდა გააკეთოს დეპუტატმა, მაგრამ მას საწინააღმდეგო ქმედებების შემთხვევაში, თუ რა ემუქრება, ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი.

კოდექსის განმარტებით ბარათში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი კოდექსს მიიღებს, მსჯელობა სანქციების ფორმაზე დაიწყება, რომელთა შორის შესაძლოა, ფულადი ჯარიმებიც იყოს.

პარლამენტის წევრებს ფულადი სანქციები რომ არ აშინებთ, ეს მოქმედ პარლამენტში შექმნილმა კვორუმის პრობლებამაც აჩვენა, რადგან დეპუტატები რეგლამენტში არსებული ჩანაწერით - „ოჯახური მდგომარეობით“ სარგებლობდნენ, სხდომებს აცდენდნენ და თვიურ ანაზღაურებას ათპროცენტიანი დანაკლისის გარეშეც იღებდნენ.

for.ge-სგან განსხვავებით, ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ კოდექსს შემაკავებელი ფაქტორი ექნება და დეპუტატები საქმიანობას ეთიკის ფარგლებში წარმართავენ.

ჩვენთან საუბარში მაღრაძე ცვლილებების მიღების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არც თუ იშვიათია დეპუტატის მიერ ქცევის ნორმების დარღვევა, არადა, პარლამენტის წევრი საზოგადოებაში ყველაზე უფრო საჯარო პიროვნებას წარმოადგენს და მისი ქცევა მაღალ ეთიკურ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს და უნდა გააცნობიეროს, რომ მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება.

„თანდათან უნდა მივეჩვიოთ, რომ ყველგან საჯარო ფიგურა ვართ. თვითკონტროლი უნდა გქვონდეს. ყველა პროფესიას თავისი სირთულე აქვს და როცა საჯარო ფიგურა ხარ, შენი ქმედება უნდა აკონტროლო. ამერიკაში ეთიკის კომისია მუშაობს, რომელიც პარლამენტის შიგნით არ არის. როგორც წესი, როცა სენატორს ან კონგრესმენს ისეთ რაღაცას დაუდგენენ, ისინი რეპუტაციის შელახვას პოსტიდან წასვლას ამჯობინებენ“, - ამბობს მაღრაძე, რომელსაც იმის დაკონკრეტება ვთხოვეთ, თუ რა ემუქრება კოდექსის დამრღვევ დეპუტატს.

მაღრაძე ფიქრობს, რომ იმ დეპუტატის შესახებ გასაჯაროვდება ინფორმაცია, რომელიც კოდექსს დაარღვევს.

„მიგვაჩნია, რომ საჯარო სივრცეში უნდა გაჟღერდეს არაეთიკური ქცევების თაობაზე. იგულისხმება ფასიანი საჩუქრის მიღება, დეკლარაციაში რაღაცის არასწორად შეტანა, თუ სხვა საკითხი. ანუ, ისეთი უზნეო ქცევები, რომელიც კრიმინალის რანგში არ არის, მაგრამ საზოგადოებას ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს. უზნეო ნორმებში ასევე ითვლება გინება, უცენზრო სიტყვების გამოყენება. ეთიკის კოდექსის შემუშავების პროცესში რთული იყო ნორმების დადგენა, მაგრამ ზედაპირზე დევს, რა არის ისეთი, რაც ადამიანებში უარყოფით ემოციებს იწვევს“,- აცხადებს მაღრაძე, რომლისგან განსხვავებით, პარლამენტის რეგლამენტის ერთ-ერთი ავტორი ხათუნა გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ კოდექსი ფარატინა ქაღალდი იქნება.

როგორც for.ge-ს გოგორიშვილმა განუცხადა, იმ დამკვიდრებულ ტრადიციას არანაირი ეთიკის კოდექსი არ უშველის, რაც საქართველოს პარლამენტშია, რადგან თუ პოლიტიკური ნება არ იქნა და გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული იმაზე, დეპუტატები თუ როგორ უნდა იქცეოდნენ, ეს ყველაფერი მხოლოდ ფარატინა ქაღალდად დარჩება.

„ეთიკის კოდექსი“ თავიდან რომ გავაკეთეთ, იმის დაჭრა მოხდა და ბოლო შეხვედრაზე ვთქვი, რომ ბარემ, დავწეროთ, დეპუტატი ოჯახში გაზრდილი უნდა იყოს-თქო. გინება საგაზეთო პუბლიკაციაში შეიძლება და პლენარულ სხდომაზე, არა? როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ეს დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წარსადგენია. ამ საკითხის ინიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტი ვეღარ შეიკრიბება. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პროცესი გაეჭიმა. ეს მხოლოდ ფარსია და სხვა არაფერი“, - დასძინა გოგორიშვილმა.

საკითხს ირონიულად უდგება ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ „კორუფციის შესახებ“ კანონში წერია, საჯარო მოხელემ რა შეიძლება აიღოს და რა არა.

მაჭავარიანი ინტერესდება, მოქცევის წესებს ბაღში აღარ სწავლობენ და პარლამენტში, ამ საკითხს რა უნდა?

„რაზე ვსაუბრობთ, რომ საჭმლის წინ ხელები დავიბანოთ და კარგად მოვიქცეთ? მომავალ პარლამენტზე გაცილებით უფრო უკეთესი წარმოდგენა მაქვს და მას ამ რეგულაციების შემოღება აღარ დასჭირდება. გინება რომ არ შეიძლება, ეს ჯერ კიდევ ბავშვობაში მასწავლეს. იმის ნაცვლად, რომ საქმეზე ვილაპარკოთ და რაღაც გავაკეთოთ, ამაზე ვსაუბრობთ“,- დასძენს მაჭავარიანი.

პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მეცხრე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობას იმედის თვალით ვერ უყურებს და for.ge-სთან საუბარში „ეთიკის კოდექსის“ მომზადებას სამარცხვინო ფაქტად აფასებს.

ცინცაძე გაკვირვებას არ მალავს იმის თაობაზე, რომ ხალხის რჩეულები, რომლებიც საუკეთესოთა შორის საუკეთესოები უნდა იყვნენ, თურმე, ფიცს უნდა დებდნენ, რომ დედას არ შეიგინებიან და არ იჩხუბებენ.

„იაპონური თავაზიანობა ცნობილია, მაგრამ იქაც პარლამენტში თავზე სკამების ლეწვა ყოფილა. ამერიკაში ეთიკის კომისია არის, სადაც კორუფციასა და ქრთამის აღებაზე მუშაობენ და ერთმანეთს რომ არ უნდა შევაგნოთ, ამაზე აფრიკის ქვეყნებში საუბრობენ. ევროპას კი არა, აფრიკულ ქვეყანას ვუახლოვდებით“, - აცხადებს ცინცაძე.

პოლიტოლოგი სარკაზმით უყურებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში, 26 წლის მანძილზე, ვითრება ისე გაუარესდა, რომ სანქციები უნდა დაწესდეს.

„როგორც ჩანს, ამის მიღება საჭიროა, მაგრამ გუგული მაღრაძე და ხელისუფლება აღიარებს, რომ ჩვენზე უარესები მოდიანო. პარლამენტარებს ინიციატორებს იმაზე ეფიქრათ, ოთხი წლის მანძილზე, რა გააკეთეს. არაფერი არ გაუკეთებიათ და ამით უნდათ, პარლამენტის ისტორიაში შევიდნენ, რომ კოდექსი მიაღებინეს იმის თაობაზე, რომ ერთმანეთს დედა არ აგინონ“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

ცინცაძე საქართველოს პარლამენტის საქმიანობას დემოკრატიული ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების მუშაობას არ ადარებს და ამბობს, რომ იქ პროფესიონალები არიან, საქართველოში კი, მოყვარულები.

„როგორ შეიძლება, ამერიკის კონგრესს პარლამენტი შევადარო? - ის კარგია, ეს ცუდი. იქ კანონმდებლები არიან, აქ უვიცები. კანონის მიღება კი არა, ლაპარაკიც არ იციან. როგორ შეიძლება, შედარება? - იქ ნორმაა, აქ არაფერია. როგორ შევადარო, როცა ამერიკაში ერთი რეჟისორი და სპორტსმენი არ არის. პარლამენტი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებად გადააქციეს“, - დასძინა ცინცაძემ.

რაც შეეხება კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს, ცვლილებებით, პარლამენტის წევრს თავაზიანი და ზრდილობიანი ქცევა მოეთხოვება და მან საჯაროდ დისკრიმინაციული გამონათქვამები არ უნდა გამოიყენოს. ასევე დეპუტატის გამოსვლა ძალადობისკენ, ან შევიწროვებისკენ მოწოდებას არ უნდა შეიცავდეს.