„სახეზეა მოსყიდვა, რაც კლასიკური ფორმით სისხლის სამართლის დანაშაულია“

„სახეზეა მოსყიდვა, რაც კლასიკური ფორმით სისხლის სამართლის დანაშაულია“

„ნაციონალური მოძრაობას“ ფარული ჩანაწერების, შანტაჟის და კომპრომატების გავრცელებაში რომ ვერავინ შეედერება, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ მორიგი აუდიოჩანაწერებით, რომელიც დღეს გავრცელდა. პირველ აუდიოჩანაწერში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამართული თათბირებია ასახული.

ამ აუდიოჩანაწრების გავრცელებამდე კი, ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ზურგით ზის მამაკაცი და საუბრობს, რომ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თამშრომელი, რომლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თათბირების აუდიოჩანაწერები, რომელიც თავად გაავრცელა, ვრცელდებოდა სააკაშვილის გარემოცვიდან და ეს იყო ნიკა გვარამია, როდესაც გვარამია განათლების მინისტრი იყო. პირი, რომელმაც ინტერნეტში ახალი ჩანაწერები გაავრცელა, ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამია ფარულად მიხეილ სააკაშვილის თათბირებსაც იწერდა.

„მე გიჩვენებთ, თუ როგორ იწერდა მიხეილ სააკაშვილთან თათბირებს გვარამია, როცა მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო. ეს არის უზნეო ადამიანი, რომელიც ყველა საშუალებით იწერს ყველა შინაარსს. მე ამას იმიტომ ვაკეთებ და ვასაჯაროვებ, რომ ჩვენ გავხდით ბინძური თამაშის წევრები და ბრმა იარაღები. ჩვენ გვიყენებენ თავისი ბინძური გეგმების განსახორციელებლად. ამ ფაილების მოსმენის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ნიკა გვარამია თავისი მიზნების მისაღწევად სისხლისღვრასაც არ მოერიდება და ნებისმიერ ჩვენგანს გაწირავს“, - ნათქვამია ვიდეოჩანაწერში.

მიმართვის დასასრულს, იგი ჟურნალისტებს ერთად დგომისა და პოლიტიკური პროცესებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს. „რუსთავი 2“-ის თანამშრომელმა facebook-გვერდზე - „Rustavi ori“ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც მიდის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან მამუკა ახვლედიანთან სასაუბროდ. აქვე „რუსთავი 2“- ის თანამშრომელი ავრცელებს ფარული ჩანაწერის სრულ ვერსიას, სადაც ჩანს, როგორ სთავაზობს ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანს 6 მილიონიდან წილს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფის შეთავაზება მოხდა. გვარამია აცხადებს, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, შესაბამისად, მისი შეფასებით, ქრთამზე საუბარი აბსურდულია. როგორც გვარამია ამბობს, ახვლედიანი არც „რუსთავი 2“-ის საქმეს იხილავდა და არც რაიმე პირადი გამორჩენა ჰქონდა მასთან.

„მე იქ ვიყავი შეხვედრაზე როგორც მედიის წარმომადგენელი. მე იურისტიც ვარ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, როცა არ იცის იურისტმა ქრთამის მიცემის შემადგენლობა, უხერხულია მისგან ამგვარი კომენტარები, ქრთამის მიცემა რაღაცა სანაცვლო სიკეთის გამო უნდა ხორციელდებოდეს. მე არავითარი სანაცვლო სიკეთის მოლოდინში არ ვიყავი მამუკა ახვლედიანისგან, ის არც ჩვენს საქმეს იხილავდა, არც მე პირადი რაიმე გამორჩენა შეიძლება მქონოდა.

ეს არის ჩვეულებრივი მედიის დამოკიდებულება და ურთიერთობა წყაროსთან, განსაკუთრებით იმ ტიპის წყაროსთან, რომელიც ვისელ ბლოუერია, ანუ მამხილებელი საკუთარი სისტემის. ეს არ არის პირველი და არც ბოლო შემთხვევა, როდესაც წყაროს შევთავაზებთ პირად უსაფრთხოებას და მათ შორის მატერიალურ რესურსებსაც. ეს არის მედიისთვის აბსოლუტურად მისაღები, ყველგან აპრობირებული, როგორ მოიპოვოს სკანდალური მასალები, დოკუმენტები, აღიარებები და ინტერვიუები“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას მხრიდან 6 მილიონიანი წილის შეთავაზების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს,საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, რომლის განცხადებით, არც ერთ საქმეს არ იხილავდა და არც რაიმე გადაწყვეტილების მიმღები იყო. როგორც ახვლედიანი აცხადებს, გვარამიამ ნამდვილად უთხრა, რომ გარკვეული სახის დახმარების გაწევა შეეძლო, თუმცა, ამბობს, რომ ამაზე ყურადღება არც კი მიუქცევია.

„სასამართლოში არსებულ კრიზისზე ყველა თანამდებობის პირთან მქონდა საუბარი, მათ შორის, ყოფილ პრემირ-მინისტრებთან. ვერ ვხდები რატომ უნდა შემოეთავაზებინა გვარამიას 6 მილიონიანი წილი, რა შუაში ვიყავი? რის სანაცვლოდ, რამეს ვწყვეტდი, რომელიმე საქმეს ვიხილავდი, თუ მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება რამეზე? სრული სისულელეა. მე ვისაუბრე სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე და 6 მილიონიან წილს რომ მთავაზობდა, რა უნდა გამეკეთებინა, რაში მთავაზობდა ამ ფულს ვინმემ გამცეს პასუხი“, - აცხადებს მამუკა ახვლედიანი, რომელიც ნიკა გვარამიასგან ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება მათი საუბრის ფარულად ჩაწერის გამო ბოდიშის მოხდას.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მსგავსად, ნიკა გვარამიას გავლენის ქვეშ არ მოექცევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სადაც „რუსთავი2“-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ჩანაწერში ჩანს აშკარად ბატონ-ყმური დამოკიდებულება საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესა და ნიკა გვარამიას შორის. როგორც კობახიძე აცხადებს, იკვეთება ეჭვი ქრთამის გადაცემის თაობაზე, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული.

„ნიკა გვარამია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, სახე და ასევე გენერალური პროკურორი, დანიშნული „რუსთავი 2“ -ში. ჩანაწერი ზუსტად იმ დროს არის გაკეთებული, როდესაც საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა „რუსთავი 2“-ის საქმე. საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელსაც ესაუბრება ნიკა გვარამია და პირდაპირ ჩანს, როგორ პირდება ნიკა გვარამია ამ ადამიანს, მოსამართლეს, მატერიალურ სარგებელს. რა თქმა უნდა, იკვეთება, აქ კონკრეტული ნიშნები, ჩნდება პირდაპირ ეჭვი ქრთამის გადაცემის თაობაზე, დანარჩენი არის უკვე სასამართლოს დასადგენი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერებიდან პირდაპირ ჩანს ქრთამის შეთავაზება კონკრეტული პირისთვის, რაშიც სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.

„მოვისმინეთ კიდევ ერთი სამარცხვინო აუდიო ჩანაწერი, რომელიც გვარამიას მიერ არის გაკეთებული და ამას თავადვე აღიარებს. ნამდვილად შემაშფოთებელია თავად საუბრის შინაარსი. პირდაპირ სთავაზობენ ქართამს კონკრეტულ პირს, თუ მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას და იტყვის, რომ თითქოს შანტაჟის გამო გადადგა. მე ვფიქრობ, რომ აქ სისხლის სამართლის დანაშაულები იკვეთება. შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ“, - აღნიშნა კახი კალაძემ.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს, სამართალმცოდე, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, თემურ მონიავა რომლის განცხადებით, მათ მიერვე მიღებული კანონის თანახმად, ეს არის კლასიკური ფორმით ქრთამის შეათავაზების მცდელობა.
„მე არ ვიტყვი, რომ დანაშაულია, ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, მაგრამ აქ არის დანაშაულის ნიშნები, სწორედ ქრთამის შეთავაზების მცდელობა, ვინაიდან, ითხოვს იმ ინფორმაციას რომელიც იმყოფება ამ კონკრეტული მოხელის განმგებლობაში. გაწეული საქმიანობის სანაცვლოდ იგი სთავაზობს თანხას, სახეზეა ქრთამის შეთავაზების მცდელობა. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს გამოძიება.
მედიის თანამშრომელი კანონზე მაღლა არ დგას. მედიას ძალიან ბევრი მოეთხოვება. რასაკვირველია, მედიას უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია, ჩაატაროს თავისი ჟურნალისტური გამოძიება, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს დასაშვები გზა და არა მოსყიდვა. სახეზეა მოსყიდვა, რაც კლასიკური ფორმით სისხლის სამართლის დანაშაულია“, - აცხადებს თემურ მონიავა.

მისივე თქმით, რომ იყოს საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი, გამოძიებას ქრთამის შეთავაზების მცდელობით დაიწყებდა.

„ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი, ისე დავიწყებდი გამოძიებას. ძალიან საინტერესო საქმე იქნებოდა. გამოძიების დროს შეიძლება ფაქტი არ დადასტურდეს, მაგრამ ის, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობს, ეს უდაოვა, რადგან სახეზეა ინფორმაცია დანაშაულის შესახებ“, - ამბობს თემურ მონიავა.

საგამოძიებო უწყება ამ დრომდე დუმს და შესაბამისად, უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება გვარამიას მიერ სასამართლოს თავმჯდომარისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე.