„რუსთავი 2“ იცრუებს, გამოკიდებს ყალბ ეგიტპოლებს და ამ სიცრუეზე დაყრდნობით სააკაშვილი აპირებს იძალადოს ხალხის ნებაზე. ხალხის ნება, რომ საპირისპიროა ამ აუდიოჩანაწერში ცხადად ამბობს ნუგზარ წიკლაური, ბატონი ბოცო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი, რომლის განცხადებით, ხურჩის ინციდენტის არქიტექტორებისთვის ადვილია პროვოკაციის მიზნით საკუთარი თანამოძმის გაწირვა.
for.ge ლაშა ნაცვლიშვილს ესაუბრა.
სახელმწოფო გადატრიალების მცდელობა - ამ მუხლით დაიწყო გამოძიება სუს-მა 27 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია, რადგან 8 ოქტომბრის შედეგები ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან მძიმე და ასეთი ჩანაწერებით სურთ ყურადღების გადატანა. ამ სატელეფონო საუბრებიდან იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული?
ლაშა ნაცვლიშვილი: ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია კონტენტი, ვიდრე ის იურიდიული კაზუისტიკა, ვის მიერ, რამდენად კანონიერად იქნა მოპოვებული და გავრცელებული ეს აუდიოჩანაწერი.
როგორ ფიქრობთ, მეტი დამაჯერებლობისთვის მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, რომ ეს ჩანაწერი მოგვესმინა ოფიციალური სტრუქტურებიდან, ვიდრე ინტერნეტ სივრცის საშუალებით?
- თუ ეს ჩანაწერი ოფიციალური სტრუქტურებიდან იქნებოდა მოპოვებული, რასაკვირველია, რომ მოვისმენდით. არაერთხელ მითქვამს და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოების სამსახურები და პროკურატურა, არა თუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია გვარამიასა და სააკაშვილის პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ, სადაც ადამიანებისთვის თავ-პირის მტვრევაზე და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დესტაბილიზაციის ორგანიზებაზე იყო ლაპარაკი, უსმენდეს მათ.
რაზეც უნდა არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილება...
- რა თქმა უნდა, კანონით დადგენილი პროცედურით, სასამართლოს ნებართვით უნდა მოხდეს მოსმენა. ის, რაც ჩვენ youtube-ზე მოვისმინეთ, ეს არანაირად არ არის ხელისუფლების გაკეთებული. ხელისუფლებას რომ სურდეს ასეთი ჩანაწრების გასაჯაროვება, ჩემი აზრით, ასეთი ტიპის ინფორმაციას თავისუფლად მოიპოვებდა კანონიერად. სასამართლო არც ერთ შემთხვევაში არ ეტყოდა უარს საქართველოს პროკურატურას, თუ ამ ფიგურანტების მოსმენის შუამდგომლობით მიმართავდა. ყოფილი პრეზიდენტი 4 სისხლის სამართლის საქმეზე იძებნება და მასზე მიყურადება აუცილებელიც კია. შესაბამისად, ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას კონტენტზე და არა იურიდიულ კაზუისტიკაზე. იმიტომ, რომ ეს არის გაცილებით მნიშვენლოვანი.
გამოძიება დაწყებულია, შესაბამისად ავთენტურობის დადგენა მნიშვნელოვანია...
- რასაკვირეველია, რომ უნდა დადგინდეს. არავის არ უარყვია და არავინ ამბობს, რომ ავთენტურობა არ უნდა დადგინდეს. მაგრამ, მე პირადად, არანაირი ექსპერტიზა არ მჭირება, 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს სააკაშვილის პირიდან ამოსული სიტყვებია. ეს მისი ცხოვრების და პოლიტიკის სტილია. ეს არის კაცი, რომელმაც 2008 წლის მაისში ხურჩაში საკუთარ მოქალაქეებს ტყვიები ესროლა იმისათვის, რომ ტემპერატურა აეწია. ზუსტად პროვოკაცია, სიცრუე და ძალადობა არის ამ კაცის ხელწერა. ახლა როგორ დავიჯერო, რომ დღეს ასე არ ფიქრობს?!
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის მაისში განსაკუთრებული მდგომარეობა იყო, მას უკვე 2008 წლის 5 იანვარს გაყალბების გზით მოგებული აქვს საპრეზიდენტო არჩევნები. ხერხემალში გადაამტვრია საკუთარი ქვეყანა და ასე გაიფორმა უკანონო გამარჯვება. ამის მერე გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი და პრაქტიკულად, ტელეკომპანია „იმედს“ დაეუფლა. ამის მერე კოალიციას ტოვებენ რესპუბლიკელები და უკვე დაღმავალზე მიდის ოპოზიციური ერთიანობის მუხტი. აი, ამ ვითარებაში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, სააკაშვილი წინასწარ დარწმუნებულია გამარჯვებაში, მაგრამ არ ჯერდება ამ გამარჯვებას და სისხლიან პროვოკაციას აწყობს ხურჩაში. აი, ამ კაცზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი.
როგორ ვირწმუნო „ნაციონალური მოძრაობის“ ვიღაცა წარმომადგენლების, რომ ეს ავთენტური არ არის, როდესაც ამ ჩანაწერის ავთენტურობა მათ პოლიტიკურ ბიოგრაფიაშია. ესენი არიან ხურჩის ავტორები, ესენი არიან ხალხი, რომლებმაც სკოლა დაწვეს იმიტომ, რომ ვალერი გელაშვილი გაეგდოთ პარლამენტიდან. აი, ეს ხალხია აკო მინაშვილები, პეტრე ცისკარიშვილები და როგორც თვითონ ბობოხიძემ აღიარა, სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი. შესაბამისად, ექსპერტიზას ატარებს პოლიტიკური მეხსიერება და არა რაღაცა ტიპის ლაბორატორია, თუმცა, ლაბორატიული ექსპერტიზა საჭიროა, რადგან ეს მათ გონებაში მწიფდება.
დღეს უკვე, რამდენად შეძლებს „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესების რადიკალიზაციას?
- ვერაფერს ვერ შეძლებენ. მიშა სააკაშვილი და ჩანაწერში გასული ნაციონალი პოლიტიკოსები მოხუც, იმპოტენტ პერვერტებს მაგონებენ - მათ ფანტაზიებში კი მწიფს ძალადობა, მაგრამ ამ ძალადობის განხორციელების რესურსი, ანუ ჯანი აღარ გააჩნიათ. ხალხი არ ჰყავთ, არავინ მათ ამ ბინძურ პროვოკაციას არ აყვება და არ განახორციელებს.
საზოგადოებრივი მხარდაჭერის არქონის მიუხედავად, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაში არის პროცესების რადიკალიზაცია. მაშინ რას ეყრდნობა ხელისუფლება, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს?
- მათ ტვინში ეს მწიფს, მაგრამ ამის განხორციელების რესურსი არ აქვთ. შეიძლება ადამიანმა რაღაცა დაგეგმო ფანტაზიებში, მაგრამ ამის განხორციელების რესურსი არ გქონდეს. მათი გეგმები არის დესტაბილიზაცია, მაგრამ ამის განხორციელების რესურსი არ გააჩნიათ. სახელმწიფო ვალდებულია და ვფიქრობ, რომ აღკვეთავს კიდეც ნებისმიერ ასეთ მცდელობას.
ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ მაღალი ქვორუმით გამოვცხადდეთ არჩვნებში. ძალიან ცხადად წარმოჩენილი ხალხის ნება იქნება ყველაზე დიდი შემაკავებელი ამ ცხელი თავების, ისე, როგორც 2012 წელს, როდესაც ხალხის მაღალმა ქვორუმმა უზრუნველყო ის, რომ სააკაშვილი ბედს დანებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეეცდებოდა გაემრუდებინა ხალხის ნება.
სააკაშვილმა განაცხადა - „რუსთავი 2“- ის ეგზიტპოლში რაც იქნება, ეს იქნება ვერდიქტი ამ ხელისუფლებისთვისო. მეტიც, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რევოლუცია აკრძალული ქმედება არ არის. ეს არ არის წინასწარ დაანონსებული რევოლუციური სცენარი?
- სააკაშვილს ყოველთვის უსწრებდა ენა წინ და უსწრებს ახლაც. ყველა ქვეყნის და ყველა დროის პროვოკატორს აქვს ასეთი პრინციპი - თუ ფაქტები ეწინააღმდეგება ჩემს მოსაზრებებს, მით უარესი ფაქტებისთვის. აი ეს არის სააკაშვილი. სააკაშვილს აქვს სურვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ანუ, მას აქვს ასეთი მოსაზრება, მაგრამ ფაქტები რომ ამ მოსაზრების განხორციელებას ეწინააღმდეგება, ეს მას არ აინტერესებს. ამიტომ იპოვა ასეთი გზა - „რუსთავი 2“ იცრუებს, გამოკიდებს ყალბ ეგიტპოლებს და ამ სიცრუეზე დაყრდნობით სააკაშვილი აპირებს იძალადოს ხალხის ნებაზე. ხალხის ნება, რომ საპირისპიროა ამ აუდიოჩანაწერში ცხადად ამბობს ნუგზარ წიკლაური, ბატონი ბოცო. დიახ, სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება ამ პოლიტიკური გუნდის საფირმო ნიშანი.
რამდენად შეძლებს ეს პოლიტიკური ძალა, რომ ეგიტპოლებზე დაყრდნოიბით იძალადოს ხალხის ნებაზე და საფუძველი ჩაუყარონ რევოლუციას?
- აბსოლუტურად სწორი ინფორმაცია აქვთ ხალხის ნების შესახებ. ისინი კატასტროფულად აგენებ არჩევნებს. ჩემი აზრით, ტერმინი რევოლუცია რბილი მეტაფორაა იმასთან დაკავშირებით, რასაც გეგმავენ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ეს მარგინალური ფრთა. რევოლუცია ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ეწინააღმდეგება ხალხის ნების რეალიზაციას. ჩვენს შემთხვევაში რევოლუციაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ხალხი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, მაგრამ სააკაშვილს უნდა ოპოზიციიდან გაამრუდოს ხალხის ნება. მიმოვიხედოთ გარშემო, სადმე ხედვათ რევოლუციურ განწყობას? - არა. რაც არ არის, იმას ვერავინ ვერ იზამს. არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ხალხი აპირებს ხელისუფლება შეცვალოს და მით უმეტეს შეცვალოს რაღაცა რევოლუციური აღტკინებით, არ არის.
ეს არის მარტო სააკაშვილის და რამდენიმე მარგინალის ცხელ თავში, რომელიც ფიქრობს - თუ ახლა არ აიღო ხელისუფლება, ის პოლიტიკურად მთავრდება. დიახ, ჩვენი ისტორიის ეს სისხლიანი ფურცელი მართლაც მთავრდება. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური მოვლენა, მთავრდება. მან ეს იცის და ახლა პოლიტიკური წინასასიკვდილო აგონიაშია. სააკაშვილი იფართხალებს, იფართხალებს და გაჩერდება.
გაქვთ მოლოდინი, რომ სააკაშვილი ფართხალი აღიკვეთება და წარსდება ქართული მართლმსაჯულების წინაშე?
- მიშა სააკაშვილის თამადობით 37-ანი წლის ავტორები აუცილებლად წარსდგებიან სასამართლოს წინაშე, ეს გარდაუვალია.
დარწმუნებული ხართ, რომ რევოლუციური სცენარი ვერ განხორციელდება, რადგან ადამიანური რესურსი არ აქვთ, მაგრამ თქვენ მაგალითად მოიყვანეთ ხურჩის ინციდენტი, იცოდა გამარჯვებული იყო, მაგრამ სისხლიანი პროვოკაცია მაინც მოაწყო, ასეთი პოლიტიკური ძალისგან რატომ გამორიცხავთ პროვოკაციებს?
- არ გამოვრიცხავ, რომ მათ თვითონ იძალადონ საკუთარ მომხრეებზე და შემდეგ დაბრალდეს ხელისუფლებას. მათ შეუძლათ დაარბიონ უბნები, იძალადონ კომისიის წევრებზე, შეკრიბონ თავიანთი მხარდამჭერები და თვითონვე დაუშავონ ამ ხალხს, ეს მათი ხელწერაა, ხურჩის ინციდენტის არქიტექტორებისთვის, რომ ადვილია პროვოკაციის მიზნით საკუთარი თანამოძმის გაწირვა, ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება. მათ მორალურ დაცემას ქვედა ზღვარი არ აქვს. არ არსებობს არაფერი, რაზეც ისინი არ წავლენ. ამიტომ, მათი შემაკავებელი უნდა იყოს ამომრჩევლის მაღალი ქვორუმი.
ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, რომ არ დაუშვას დესტაბილიზაცია ქვეყანაში და არ დადგეს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, რაც, როგორც ჩანს, რევანშის გეგმის ნაწილია?
- დემოკრატიაში რთულია დაიცვა მშვიდობა და უფლებებიც. თორემ დიქტატურაში ძალიან ადვილია, ყველა დეგენერატს შეუძლია მართვა. რთული ამოცანის წინაშეა ხელისუფლება და მან ეს გამოცდა უნდა ჩააბაროს ხალხის, საკუთარი თავის და ისტორიის წინაშე. დემოკრატიული პროცედურების დაცვით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ხალხის ნების ადექვატური ასახვა.
სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება დაიცვას საკუთარი ხალხი სისხლის სამართლებრივი დანაშაულებრივი ქმედებებისგან, რა მოტივითაც არ უნდა იყოს, რადგან არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. თუ საჭიროა სიმკაცრით აღკვეთოს ნებისმიერი პროვოკაცია სახელმწიფოს, ხალხის და მომავლის წინააღმდეგ.
ძნელად შესასრულებელი, მაგრამ ცხადი ამოცანაა. ხელისუფლებამ თავი უნდა გაართვას ამ ამოცანას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიული პროცედურების დაცვით კანონიერების შენარჩუნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული ადასტურებს რაზე არიან ისინი წამსვლელები. სამწუხაროდ, კონტრდაზვერვით საფრთხეს ვხედავ.
კონტდაზვერვით საფრთხეში რას გულისხმობთ?
- მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, შესაბამისად, შეუძლებელია იმ საფრთხეების პრევენციით შემოვიფარგლოთ მხოლოდ, რომელიც შიდა სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასე ღიად და ცხადად გამოხატავს სურვილს, თუ მოსაზრებას, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე მოახდინოს ზემოქმედება, სახელმწიფო ვალდებულია, კონტრდაზვერვითი ხაზითაც შესაბამისი ზომები გაატაროს.
იმიტომ, რომ აქ არა მხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შიდა პოლიტიკური ზრახვები შეიძლება იყოს ჩართული, არამედ არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის ამ სურვილებთან დასინქრონებული იყოს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების ინტერესები. შესაბამისად, აბსოლუტურად ლეგიტიმურად და ინტენსიურად უნდა წარმოებდეს კონტრდაზვერვითი საქმიანობა კონკრეტულად ამ ქეისთან დაკავშირებით.