ეროსი კიწმარიშვილი: „სააკაშვილი მაგიდის ქვეშ იმალებოდა“

ეროსი კიწმარიშვილი: „სააკაშვილი მაგიდის ქვეშ იმალებოდა“

პროკურატურის დაფინასებულ გაზეთებში შეკვეთილი წერილები იბეჭდებოდა, რომ, თითქოსდა, სანაიამ ტელევიზიის საქმიანობაში რაღაც ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა და ამის გამო ის მე მოვკალი. პარალელურად, თარგამაძე მპირდებოდა, რომ მკვლელობისთვის დამაპატიმრებდა. ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული, მთელი სახელმწიფო ჩემს წინააღმდეგ მოიმართა. მაიძულებენ, რომ “რუსთავი 2” აუცილებლად გავყიდო და შემდეგ კიდევ ბუნდოვან მომავალზე დავთანხმდე. მე, რა თქმა უნდა, ამ პერსპექტივას აღარ ვთანხმდები.

29 ოქტომბერს ტელეკომპანიაში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები შემოიჭრნენ. ცხადია, თარგამაძემ ჩრდილში დარჩენა ამჯობინა.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ტელევიზიაში უშიშროების შემოჭრის უმთავრესი მიზანი ჩემი ლიკვიდაცია იყო. მათ კაბინეტის ფანჯრიდან უნდა გადმოვეგდე, რასაც თვითმკვლელობად გაასაღებდნენ, თითქოსდა ფინანსური პრობლემების გამო დაპატიმრებას მეთოთხმეტე სართულიდან გადმოხტომა ვამჯობინე.

საზოგადოების მხრიდან დიდმა მხარდაჭერამ უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებს გეგმები აურია. საზოგადოებამ შიშველი ხელებით დაიცვა „რუსთავი 2“ და საპროტესტო ტალღამ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

საპროტესტო ტალღის მამოძრავებელი ძალა სტუდენტობა აღმოჩნდა, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ვინაიდან ასეთი დარაზმული სტუდენტობა ეროვნული მოძრაობის შემდეგ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად გამოვიდა ასპარეზზე.

ხალხის საპროტესტო ტალღამ მოვლენების ესკალაცია გამოიწვია და ხელისუფლება კინაღამ დავამხეთ, რისი სურვილიც ნამდვილად არ მქონია.

ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, რის შემდეგაც კახა თარგამაძე - შინაგან საქმეთა მინისტრი, და უშიშროების მინისტრი - ვახტანგ ქუთათელაძე, პოსტებიდან წავიდნენ.

აღმოჩნდა, რომ ამ ამბების შედეგად ბადრის დაჯგუფებამ ყველაფერი წააგო - სანაიას მკვლელობის შემდეგ ტელევიზია ვერ შეიძინეს და მისმა მარჯვენა ხელმა, თარგამაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაკარგა. მოიგო ნუგზარ საჯაიამ, რომელიც თანამდებობაზე დარჩა, ძალოვანი უწყებები მისმა კანდიდატებმა ჩაიბარეს - შინაგან საქმეთა მინისტრად კობა ნარჩემაშვილი დაინიშა, უშიშროების მინისტრი - ვალერი ხაბურზანია, სამთავრობო დაცვის სამსახურის უფროსი - სულხან პაპაშვილი.

თარგამაძის გადადგომიდან ერთი თვის შემდეგ ნუგზარ საჯაია საკუთარ კაბინეტში მკვდარი იპოვნეს. საჯაიას სიკვდილი, ისევე როგორც გიორგი სანაიას მკვლელობა, და მოგვიანებით ასევე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება, რაღაც ჰომოსექსუალური ისტორიებით შეფუთეს.

ბევრისგან გამიგია, რომ საჯაიას თავი არ მოუკლავს, ის მისსავე კაბინეტში მოკლეს. ჩემი ვარაუდით, სანაიას მკვლელობის შემდეგ კლანებს შორის ურთიერთობა მაქსიმალურ კონფრონტაციაში გადაიზარდა და ბრძოლის ეს ეტაპი სტატუს-ქვოს აღდგენით, ანუ საჯაიას სიკვდილით დასრულდა.

სანაიას მკვლელი ნარჩემაშვილის მინისტრობისას დააპატიმრეს, იგი ლევან გაჩეჩილაძის ყოფილი მძღოლი თუ დაცვის წევრი - გრიგოლ ხურცილავა აღმოჩნდა. მისი მტკიცებით, მან სექსუალური ძალადობისგან თავდასაცავად შემთხვევით მოკლა სანაია, რაც ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია. თუმცა, ამ რამდენიმე ხნის წინ ვიღაც ქართველმა ანალოგიურ გარემოებაში ცნობილი ბერძენი ჰომოსექსუალი მომღერალი მოკლა. ამიტომ, სანაიას თაობაზე გადაჭრით რაიმის თქმა ძალიან მეძნელება და მხოლოდ მსჯელობით ვიფარგლები.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ჩავთვალე, რომ ჩემი მეგობრები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, შევეცადე სანაიას მკვლელობის საქმეზე მეტი ინფორმაცია მიმეღო. მაშინ გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო და მას ვთხოვე, იქნებ ხელახლა გამოეძიებინა ეს მკვლელობა, თუმცა ვერაფერს გავხდი, ჩათვალა, რომ თემა აქტუალური აღარ იყო და, ეგ საქმე შევისწავლე და გამოსაძიებელი აღარაფერიაო - მიპასუხა.

2002 წლის გაზაფხულზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შალვა ნათელაშვილმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე მიშა სააკაშვილი გავიდა, რომელიც იმ პერიოდში „რუსთავი 2“-ის და “60 წუთის” აქტივობით სარგებლობდა და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯით ქულებს იწერდა. ამ ძალების გამარჯვება ყველასათვის ძალიან მოულოდნელი იყო, უბრალოდ, წინა წლის პოლიტიკურმა რყევებმა ყველას არაქათი გამოაცალა და ასპარეზი პოპულისტებს დარჩათ. ამ მხრივ სააკაშვილს ნათელაშვილი აღემატებოდა, მან არჩევნები მოიგო და, ჩემი აზრით, კატასტროფული შეცდომა დაუშვა - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი სააკაშვილს დაუთმო, რომელმაც თავის მხრივ ეს პოსტი არ იუკადრისა და მიიღო უშესანიშნავესი სასტარტო მოედანი პიარის საკეთებლად და თან - ბიუჯეტის კონტროლის საშუალება.

ზურა ჟვანიამ არჩევნები სასტიკად წააგო. იგი პირველად გამოვიდა არჩევნებში დამოუკიდებლად და მარცხი განიცადა. მას ემტერებოდა ოპოზიციაც და სხვადასხვა სახელისუფლებო გუნდიც. ჩანდა, რომ ჟვანიას პოლიტიკური კარიერა თავქვე დაეშვა და მას დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა, რომ პოლიტიკური სცენის მიღმა არ აღმოჩენილიყო.

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებმა ახალი რეალობა წარმოქმნა, ბადრი მოვლენების სათავისოდ წარმართვას ესწრაფოდა და აქტიურად ხვდებოდა პოლიტიკური და სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებს, რაღაც მოლაპარაკებებს მართავდა, ამ პერიოდში რიტუალების სასახლეში გაქანებული სარემონტო სამუშაოები გააჩაღა, რაღაც ინფრასტრუქტურებს აწყობდა, ყველა მხრივ დღითი-დღე ძლიერდებოდა.

2002 წლის ივლისის დასაწყისში მისმა უახლოესმა თანაგუნდელმა, ვანო ჩხარტიშვილმა დამირეკა. ამ დროს ის უკვე მთლიანად პატარკაციშვილის პროექტებით იყო დაკავებული და სახელმწიფო თანამდებობა აღარ ჰქონდა.

- შევხვდეთ, ეროსი? - მეკითხება.

- შევხვდეთ, რა პრობლემაა.

მაშინ უკვე დაცვით მიწევდა სიარული. შუადღე იყო. ავედი ყოფილი „ექსიმბანკის“, იმხანად კი მისი „გაერთიანებული ქართული ბანკის“ შენობაში, გრიბოედოვის ძეგლთან. პირველად ვიყავი მის კაბინეტში, სადაც ვანო ტელევიზორებთან მოკალათებილი დამხვდა.

- რაო, ვანო, - ვეკითხები, - რა გაქვს ახალი, საინტერესო, რით გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა? ისე, მე მგონია, არავითარი აზრი არა აქვს ამ ურთიერთობას.

- არა, არა, როგორ არა! მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობარი და შენ უნდა შეხვდეთ, მას შენთვის რაღაც წინადადებები აქვს.

ბუნებრივია, ბადრის გულისხმობდა.

- ვანო, ერთხელ ხომ უკვე ვილაპარაკეთ და არ გამოვიდა ეგ საქმე, და შენ კი იცი, რომ მოლაპარაკება ჩემი მიზეზით არ ჩაშლილა. ეჭვი მეპარება, რომ ამ საუბარს ახლაც რამე დიდი პერსპექტივა ჰქონდეს.

- არა, არა, მე მგონია, რომ უნდა შეხვდეთ, უნდა დაილაპარაკოთ.

- რა უნდა, რაზეა საუბარი? - ვეკითხები.

- რა ვიცი, ახალი წინადადება აქვს. ახალი წინადადება ახალ რეალობაში. ადრინდელი შეცდომები ყველა გათვალისწინებულია.

მე ვიწყებ გახსენებას, თუ რა ტიპის შეცდომები დაუშვეს, ვეუბნები, რომ უკაცრავად, მაგრამ ყველაფერი, რაც მოხდა, მისმა ძმაკაცებმა გაააკეთეს - კახას ვგულისხმობ, თარგამაძეს. თუმცა, უკვე ცნობისმოყვარეობა გამიჩნდა, თან 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა და ძალიან მაინტერესებდა, როგორ ლაგდებოდა ახალი რეალობა. მით უმეტეს, შევარდნაძესთან კონფრონტაციული რეჟიმი იქმნებოდა, კონტაქტის არც ერთი მცდელობა არ უნდა დამეტოვებინა უყურადღებოდ, მით უმეტეს, პატარკაციშვილის მხრიდან. ის უკვე საბოლოოდ დაფუძნდა საქართველოში და მის კავშირებზე და მის მოძრაობებზე, მის ირგვლივ ხალხის გაერთიანებებზე უამრავი ჭორი დადიოდა. თავისთავად საინტერესო იქნებოდა მასთან შეხვედრა და შევთანხმდით, რომ ბადრის შევხვდებოდი.

ჩხარტიშვილთან შეხვედრას ამხელა ყურადღებას არ დავუთმობდი, რომ მასთან და ბადრისთან ურთიერთობას “ვარდების რევოლუციამდე” არ მივეყვანე. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს რევოლუცია არავითარ ამერიკელებს და სოროსს არ მოუწყვია, ეს არის ლეგენდა, რომელიც ინფორმაციის ნაკლებობის გამო საზოგადოების რაღაც ნაწილმა აიტაცა და დღემდე ჰგონიათ, რომ აი, სოროსი და ბრაიზა, თუ მაილსი რომ არ ყოფილიყვნენ საქართველოში არაფერი მოხდებოდა. ისიც ზღაპარია, რომ შევარდნაძემ სააკაშვილს ძალაუფლება ნებით გადააბარა, თუმცა მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და თხრობას ისევ ბადრისთან შეხვედრით განვაგრძობ.

ივლისის ბოლოს ბადრის პირადი ვერტმფრენით მე და ჩხარტიშვილი მასთან ურეკში ჩავფრინდით. ვერტმფრენი მინდორში დაეშვა, სადაც ავტომატებით შეიარაღებული ხალხი ჯიპებით დაგვხვდა. მათ ავტომანქანაში გადაგვსხეს და შეიარაღებული ესკორტის თანხლებით ბადრის სახლისკენ გაგვაქანეს.

ბადრიმ ვანო ჩხარტიშვილის ბიძაშვილისგან ზღვის პირას ხუთსართულიანი სახლი შეიძინა. პლაჟი დაცვას გადაეკეტა, რომ სახლის პატრონი არავის შეეწუხებინა, აქაც სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. სახლის კედელზე ბარომეტრი ეკიდა, ეზოში თევზების და ცხოველების ფიტულები ელაგა, სახლში დიდი აკვარიუმი და საზღვაო კვანძებიანი დაფა ჩამოეკიდათ. სიღრმეში დიდი საჩრდილობლებიანი მოსასვენებელი ადგილი ჰქონდა მოწყობილი, პლაჟი კარგად დასუფთავებული ჰქონდათ და ზღვის ნაპირზე სკუტერები იდგა. ოცამდე მზარეული ფუსფუსებდა და ტრაპეზს ამზადებდა. მოკლედ მთელი დღით ბადრის სტუმარი უნდა ვყოფილიყავი.

სანამ საქმეზე დავილაპარაკებდეთ, ბადრი თავის ცნობილ რიტუალს ასრულებდა. „აი, ბერეზოვსკი რეკავს“, - მეუბნება და მასთან მასლაათობს, მერე სხვა ცნობილ რუსებთან გააბა საუბარი.

გავიცანი ბადრის მეუღლე და სახტად დავრჩი: ძალიან სიმპათიური, წყნარი, განათლებული ქალის შთაბეჭდილება დამრჩა და სულ არ მოველოდი, რომ ბადრის ასეთი მეუღლე ეყოლებოდა.

საღამოს, სუფრა ჩრდილში გაიშალა, ათასნაირი კერძი და სასმელი დაახვავეს, მოკლედ სრულ სამოთხეში აღმოვჩნდი.

- მე და შენ საქართველოს უნდა მივხედოთ, - მეუბნება ბადრი, - ხომ ხედავ, ქვეყანა საითაც მიდის, ეკონომკა დასუსტებულია, მე ვიცი ის როგორ გავაჯანსაღო. უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩვენთან ფულს დააბანდებენ. აი, ახლა, ფრანგებთან მოლაპარაკება მაქვს, რომ ურეკში გოლფის მოედნები გავაკეთოთ, და ურეკიდან ქობულეთამდე სანაპირო ზოლის მოწყობის საინვესტიციო პროექტი გავაკეთე: ფიჭვნარში დახურულ სარეზიდენციო ზონას ავაშენებთ, სადაც საშუალო ზომის სახლებს ჩავდგამთ, თავისი გამოყოფილი პლაჟით და გოლფის მოედნებით.

შემდეგ, განაგრძო, რომ ქობულეთში ტურისტულ ინფრასტრუქტურას სერიოზულად განავითარებდა. ამავე პერიოდში ბადრიმ ე.წ. ”იმედის ქალაქის“ პრეზენტაცია მოაწყო, რომელსაც თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი. საბოლოო ჯამში, რაც მან ამ „იმედის ქალაქში“ გააკეთა, ძველი ბაზარი დაანგრია და მის ადგილზე შადრევანი ჩადგა. შადრევნების თემა მერე სააკაშვილმა აიტაცა და იმდენი შადრევანი დადგა, ხალხმა - „შადრევან პირველი“ შეარქვა.

ბადრის ურეკში დასახლებამ ეს ადგილი ძალიან გააძვირა. ყველაფრის ფასმა მოიმატა. „ბადრი ამას იყიდის, ის მიწის ნაკვეთი მოსწონებია“, - გურულებში ასეთი ტიპის საუბრები პოპულარული გახდა და რახან ბადრის უნდა ეყიდა, ყველაფერს აძვირებდნენ.

- შენ გაქვს ტელევიზია, მე მაქვს ფული და პოლიტიკური გამოცდილება. ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის სასიკეთოდ ეს ყველაფერი ერთმანეთს შევუხამოთ და ერთი დიდი და კომფორტული პროექტი შევიმუშაოთ - აგრძელებს ბადრი საუბარს.

- ბადრი, მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ გამაჩნია, თუმცა პირდაპირ პასუხი რომ არ გითხრა, დავფიქრდები, პარტნიორებს მოვეთათბირები და რასაც გადავწყვეტთ, შეგატყობინებ, დალაპარაკებას წინ არაფერი უდგას.

კვლავ პოლიტიკურ ორომტრიალში ვეხვეოდი, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. ტელევიზიას ვერ გავაჩერებდი, ასე უფრო დაუცველები აღმოვჩნდებოდით, ვმუშაობდით და ყველას თვალში ვეჩხირებოდით, შევარდნაძიდან დაწყებული, ფინანსურ საკითხებამდე - ყველაფერი პრობლემა გაგვიხდა. ცალკე ჟურნალისტებს ავიწროებდნენ და ეს ცალკე თავის ტკივილად გვექცა.

თბილისში ჩამოსვლისთანავე პარტნიორს, დათო დვალს შევხვდი და ვიმსჯელეთ რა გვეღონა. ბადრის არ სურდა, თავად ემართა ქვეყანა, მას სურდა, რომ ჩრდილში დარჩენილიყო და სიტუაცია ჩვენთან ერთად ეკონტროლებინა.

- ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ამიტომ მოდი ირაციონალური გზით წავიდეთ. ბადრის შევთავაზოთ, რომ შევთანხმდეთ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე და ჩვენ სატელევიზიო რესურსით, ხოლო მან ფინანსებით ვუზრუნველყოთ მისი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება,- თქვა დათომ.

საპრეზიდენტო კანდიდატად სულ ორ ადამიანს განვიხილავდით - მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ჟვანიას. სააკაშვილი თითქმის კამათის გარეშე გამოვრიცხეთ, ვინაიდან ორივეს მიგვაჩნდა, რომ აბსოლუტურად განუჭვრეტადი, პიარზე ორიენტირებული, პოპულისტი კაცი იყო და მისი პრეზიდენტად გახდომა ქვეყანისთვის საფრთხილო წარმოადგენდა. ჩვენი აზრით, მასთან ერთად რაიმე სერიოზული პროექტის რეალიზება შეუძლებელი იყო და სერიოზულად დავფიქრდით - ზურაბ ჟვანიას კანდიდატურაზე.

ზურა ჩვენი თაობის პოლიტიკოსი იყო, ჩვენ საერთო პრინციპები და ხედვები გვქონდა. მას არ ჰქონდა პოლიტიკაში ისეთი სენტიმენტები, როგორიცაა მეგობრობა, ნათესაობა. მას საოცარი ცინიზმით შეეძლო უარი ეთქვა ბევრ კომპრომისზე.

გადავწყვიტეთ, ბადრისთვის შეგვეთავაზებინა, რომ ზურას ერთობლივი ძალებით მივხმარებოდით და დასაწყისისთვის საპარლამენტო არჩევნები მოეგო, ხოლო შემდეგ ამ სასტარტო პოზიციიდან 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაგვემარჯვა.

ჟვანიას მხარდაჭერის სანაცვლოდ ბადრი მინიმალურ ფასად ტელევიზიას მიიღებდა. გასაყიდ ფასს 2002 წელსვე დავაფიქსირებდით და 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც ჟვანია პრეზიდენტი გახდებოდა, ჩვენ ტელე-ბიზნესს დავტოვებდით და „რუსთავი 2“–ის მართვასაც ბადრის გადავაბარებდით.

ჩვენ მივიღებდით ახალი საქმის დასაწყებად საჭირო თანხას და ჩვენი მეგობარი გახდებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედისგან განსხვავებით ბიზნესის საწარმოებლად ხელს აღარ შეგვიშლიდა. 1999 წელს ჩვენ წარმატებულად დავიწყეთ საკომუნიკაციო ბიზნესი, „ჯორჯიან ონლაინი“ „რუსთავი 2“-ის მაშველი ქამარი გახდა, საიდანაც სატელევიზიო ხარჯების დეფიციტს ვავსებდით.

ჩვენ წინადადება შევიმუშავეთ და ახლა ჟვანია უნდა დაგვეყოლიებინა პროექტში მონაწილეობაზე. ზურა ამ პერიოდში ძალიან დაგვიმეგობრდა, მან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი პროტესტის ნიშნად „რუსთავი 2“-ში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების შემოვარდნის გამო დატოვა.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მისი ეს ნაბიჯი გაუგებარი იყო, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარეს დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად მეტი საშუალება ექნებოდა, თუმცა ზურა ამბობდა, რომ პოსტიდან რომ არ გადამდგარიყო, შევარდნაძე და თარგამაძე პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს ძალის გამოყენებით დაშლიდნენ და შესაძლოა სისხლიც დაღვრილიყო.

ფაქტობრივად, ზურას მის დაუძინებელ მტრებთან გარიგებას ვთავაზობდი. ბადრის გუნდში იყვნენ კახა თარგამაძე, ვანო ჩხარტიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, დათო გამყრელიძე და, მით უმეტეს - ვაჟა ლორთქიფანიძე. ჩვენ გარანტიას ვაძლევდით, რომ თუ ამ ძალასთან დამეგობრდებოდა, მას ბადრი დააფინანსებდა, ჩვენ სატელევიზიო რესურსს მოვახმარდით და შევარდნაძის შემდეგ პრეზიდენტი გახდებოდა არა რომელიმე მარგინალი პოლიტიკოსი, არამედ ლიბერალური ღირებულებების მატარებელი ზურაბ ჟვანია.

შევარდნაძის დამხობა აზრად არ მოგსვლია, სათავეში მოსვლას არჩევნების გზით ვგეგმავდით. მარგინალი პოლიტიკოსები ასლან აბაშიძე, შალვა ნათელაშვილი და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ, კონკურენტებად მათ განვიხილავდით.

ჟვანიას საბურთალოზე მის სახლში შევხვდი. ზურა ოჯახთან ერთად გერმანიაში იენის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მიემგზავრებოდა.

ზურა ფაქტობრივად პოლიტიკურ ემიგრაციაში მიდიოდა, ბოლო არჩევნები წააგო, პარტიის დაფინასებისთვის კაპიკი აღარ ჰქონდა და პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტდა.

- ზურა, ბოლო წლების განმავლობაში შენში დიდი ცოდნა, გამოცდილება და პოლიტიკური ინვესტიციაა ჩადებული და ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ-ერთი გამოკვეთილი პოლიტიკოსი აქედან ასე უბრალოდ გადაიხვეწოს. თვითმფრინავის ეგ ბილეთები ამოიღე და ჩემს თვალწინ დახიე, დარჩი და გამარჯვებამდე ერთად ვიბრძოლოთ.

ჟვანია რომ წასულიყო, სათავეში გარანტირებულად რომელიმე მარგინალი აღმოჩნდებოდა.

ხელისუფლების დანებება არც ბადრისთვის შეიძლებოდა. მაშინვე ვფიქრობდი, რომ საქართველოში ბადრის გამარჯვება რუსეთის გამარჯვების ტოლფასი იყო. ამასთან, არც თუ სახარბიელო ბეგრაუნდი გააჩნდა, რომელიც რუსეთში კრიმინალურ გარჩევებს და ქონების გადანაწილებას უკავშირდებოდა.

საქართველოში ისეთი პერიოდი იდგა, რომ საქმის გასარჩევად კანონიერ ქურდებთან თავად პროკურორები დადიოდნენ და ქურდები მოსამართლეებს რესტორნებში სცემდნენ. ბადრი ამ სამყაროსგან შორს არ იდგა. მე მას ამ ტიპის ადამიანად განვიხილავდი, განსხვავებით იმ ინტელიგენციისაგან, რომელიც ჯერ ასლან აბაშიძეს ეთაყვანებოდა და მერე ბადრის უმართავდა რიტუალურ ცეკვებს.

- ზურა, დარჩი და ვიომოთ. ჩვენ ფინანსურად გვიჭირს, მაგრამ 2005 წლამდე სულს კბილებით მივიტანთ და შენ საპრეზიდენტო არჩევნებს მოგაგებინებთ.

- კარგი, დავრჩები და ვიომოთ, - დამთანხმდა.

ამის შემდეგ მე და ზურა ერთხელ კიდევ შევხვდით ერთმანეთს და შეჯერებული გეგმით ბადრისთან ურეკში ერთად ჩავედით, სადაც მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გაგრძელდა.

ბადრიმ გვითხრა, რომ მზად არის ეს პროექტი განიხილოს, მაგრამ ითხოვს, რომ ახალ მემარჯვენეებსაც დაეკითხება.

- „ახლები“ ჩემი მეგობრები არიან, მე მათ ვერ ვეტყვი, რომ ახლა ჟვანიასთან დავმეგობრდი და თქვენთან ურთიერთობას ვწყვეტ, მეგობრების მიმართ ღალატი არ მჩვევია, - ამბობს ბადრი და ითხოვს, რომ პროექტში „ახლებიც“ ჩავრთოთ.

- თუ შენ იმას გულისხმობ, რომ „ახლებს“ ვეტოს უფლება აქვთ, მაშინ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, ვინაიდან დათო გამყრელიძე უარს იტყვის, რომ მისი ლიდერი ჟვანია გახდეს და თუ მათ გარეშე შეგიძლია გადაწყვეტილების მიღება, მაშინ დროს ვაჯანჯლებთ, - ვეუბნები ბადრის.

ამის შემდეგ ბადრი გვეკითხება, რომ რა გარანტია აქვს, როცა ეს პროექტი განხორციელდება, რომ შეთანხმებას დავიცავთ და პუტინივით არ მოვექცევით.

- გარანტია არის ტელევიზია, რომელსაც აუცილებლად მიიღებ, - ვპასუხობ მე.

- ეს ბიზნესის სფეროა, მას პოლიტიკასთან საერთო არ აქვს. პუტინი ჩემი და ბერეზოვსკის პროექტი იყო, მაგრამ რაც გაგვიკეთა, ყველამ კარგად იცით. ამის გათვალისწინებით მე უფრო მყარი გარანტიები მჭირდება, რომ პირის გატეხვის შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი თქვენს წინააღმდეგ გამოვიყენო, - ამბობს ბადრი და მივხვდი, რომ ასეთ ინსტრუმენტად რაიმე სახის კომპრომატს გულისხმობდა.

- რა უნდა იყოს ისეთი კომპრომატი, რომ თუ კაცი პრეზიდენტი გახდება და შეთანხმების დარღვევას დააპირებს, რომ ამით შეაშინო და აიძულო, რამე ნაბიჯი არ გადადგას? პუტინის მაგალითიც, ხომ ამას მოწმობს?

- კი, ეს ზოგადად ასეა, მაგრამ ისეთი კომპრომატებიც არსებობს, რომელსაც ვერც პრეზიდენტი აუვლის გვერდს.

- მაგალითად? - ცნობისმოყვარედ ვკითხე.

- აი, გენერალი ლებედი ხომ გახსოვთ? ის, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ელცინს, რომ მხარი დაუჭირა?

რა თქმა უნდა, ცნობილი გენერალი ყველამ ვიცოდით. ის შემდეგ კრასნოიარსკის გუბერნატორი გახდა.

- ლებედი ჩვენს პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობდა და შეთანხმება რომ არ დაერღვია, ჩვენ მას პატარა ბიჭი გავაცანით, რომელიც მან გაჟიმა და ჩვენ ეს ფარულად ვიდეოკამერით გადავიღეთ.

ამის გაგონებაზე შოკში ჩავვარდი.

- გამყრელიძემაც ბიჭი გაჟიმა, მის ერთგულებაში რომ ეჭვი არ გეპარება? - ვეკითხები ბადრის.

- არა, არა, - იცინის და გვეუბნება, რომ გამყრელიძეს უნდა დავუმეგობრდეთ.

ამ გარანტიების თემაზე დისკუსიამ დიდი დრო წაიღო. საბოლოო ჯამში ბადრიმ რაღაც შეთანხმება დაწერა, რომელზეც ჟვანიამ ხელი მოაწერა და ეს ქაღალდი უცხოეთის რომელიღაც ბანკში დაიდებოდა და ბადრი მას იმ შემთხვევაში გამოიყენებდა, თუ ზურა მასთან შეთანხმებას დაარღვევდა.

მოგვიანებით ზურამ მითხრა, რომ ამ ფურცელზე რაღაც ბოდვები წერია, რომელსაც ბადრი რატომღაც დაცვის გარანტად მიიჩნევდა.

ბადრი თავს გვევლებოდა, სკუტერებით აჭარის სანაპიროსკენ გავცურეთ. ზურას მხრიდან ეს რისკიანი ნაბიჯი იყო, ასლანი მას აბრალებდა, რომ მის მოწამვლას აპირებდა. ჟვანია ამაზე ხითხითებდა ხოლმე.

უკან მოვბრუნდით და სადილზე ბადრი გვიყვება, რომ რუსეთში რაღაც გააკეთა. მე ვუთხარი, ნამდვილი - ცისფერყანწელივით მოქცეულხარ-მეთქი.

- რა ცისფერი? - უცებ დაიძაბა და ხმა გაუმკაცრდა.

- ჰო, ჰო, ცისფერყანწელები, არ იცი, კაცო, ასეთი ლიტერატურული მიმდინარეობა არსებობდა.

არ იცოდა და ამიტომ ცისფერს ყური რომ მოკრა, დაიძაბა, ეგონა ცუდი რამე ვუთხარი.

- რუსეთში მაგ დროს “სერებრიანნი ვეკ” იყო, - ჩავთვალე, რომ რუსულ ლიტერატურაში მეტად ერკვეოდა.

- რა “სერებრიანნი ვეკ”? - აქეთ მეკითხება.

ამის შემდეგ მე და ზურა “სერებრიანნი ვეკს” ხშირად ვიხსენებდით ხოლმე.

სადილზე მე, ჟვანია, ბადრი და ვანო ჩხარტიშვილი ვისხედით. ბადრის ურეკში ერთი იაფფასიანი მომღერალი ქალი ჰყავდა ჩამოყვანილი, რომელიც ამ დროს მღერის და ამავე დროს საწყალი, გაცრეცილ ფეხსაცმელებიანი შუა ხნის კაცი ვიოლინოზე უკრავდა. ეს მევიოლინე, რომელიც ბათუმიდან ჩამოიყვანეს, ძალიან ჰგავდა აბესალომ ლორიას გმირს ფილმიდან „არ დაიდარდო“.

ეს ოთხი ადამიანი სუფრასთან ვსხედვართ და ეს საწყალი უკრავს. ზურა ძალიან დაითრგუნა - ბობოლები ვსაუზმობთ და ეს კიდევ რაღაც გროშების საფასურად გვართობს. ამის შემდეგ რამდენჯერმე ტკივილით გამახსენა ეს სცენა, გახსოვს, რა საცოდაობას ვუყურებდითო?

ურეკში დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე ჩამოვიყვანეთ. დათო ძალიან გაღიზიანდა და არ სურდა პირველობა ზურასთვის დაეთმო. მან წინადადება წამოაყენა, რომ საუკეთესო გამოვლენილიყო და ამის შემდეგ გადაწყვეტილიყო, ვინ გახდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატი. ზურა წყნარად უსმენდა, არ ეკამათებოდა, მე ვაქტიურობდი და დათოს ვარწმუნებდი, რომ ზურას მეტი გამოცდილება აქვს, თუ გვინდა, რომ რაციონალურად ვიმოქმედოთ, ერთადერთი გამოსავალი ზურას პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენება იქნება მეთქი.

თავდაპირველად დათო ბოლომდე არაფერზე გვეთანხმებოდა, გარკვევით არაფერს ამბობდა, მაგრამ დიდი კონსულტაციების შემდეგ, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა, ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ პროექტის რეალიზებას ჩვენი გეგმის მიხედვით შევუდგებოდით.

შესათანხმებელი დაგვრჩა ტელევიზიის გასაყიდი ფასი. ეს შეთანხმება ჩემსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის უნდა მომხდარიყო. ჩხარტიშვილმა კუნძულ როდოსზე დამპატიჟა, სადაც მე ჩავედი და რაღაც თანხაზე შევთანხმდით. ფულს 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მივიღებდით, მას შემდეგ, რაც ჩვენი გათვლით, ჟვანია საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებდა. გახარებულმა ვანომ ბადრის დაურეკა და აცნობა, რომ - აი, ამ ფასზე ჩამოვყალიბდით.

მე ჩემის მხრივ პარტნიორებს დავურეკე, რომ აი, ამდენ თანხაზე მოვილაპარაკეთ.

შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო ის, რომ ბადრი ტელევიზიას არ გააკეთებდა და პროექტი „რუსთავი 2“-ის საშუალებით განხორციელდებოდა.

რეალობა სხვაგვარად წარიმართა. 2002 წლის შემოდგომიდან სულ მესმოდა ხმები, რომ ეთერში გასასვლელად ორი ტელევიზია ემზადებოდა, ერთს ზაზა შენგელია აკეთებდა, მეორეს - თავად ბადრი. თავდაპირველად ბადრის ტელევიზიას ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი აკეთებდა, მერე ეს საქმე სხვას გადააბარა.

როცა რუსეთში მეგობარ ჟურნალისტებს ვხვდებოდი, მეუბნებოდნენ, რომ სულ მალე ეთერში ბადრის მაგარი ტელევიზია გავიდოდა და მეკითხებოდნენ, მასთან კონკურენციის მეშინოდა თუ არა.

ბადრი ყველაფერს უარყოფდა - არა, რა სისულელეა, არანაირ ტელევიზიას არ ვაკეთებო.

ვეუბნებოდი, რომ ჩხარტიშვილი აკეთებდა ტელევიზიას და, მე არაფერი ვიციო - მპასუხობდა.

ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაც არასასურველი ხდებოდა, თუმცა ამის გამო ბადრისთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია.

ბადრის ოფისში ვიკრიბებოდით და იქ უკვე მოქმედების დეტალებს განვიხილავდით. ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა, თუ რა რაოდენობის ფინანსები დაჭირდებოდა ზურას პოლიტიკურ პარტიას წარმატების მისაღწევად. მე ვცდილობდი, ზურასთვის რაც შეიძლება მეტი ფინანსები გადაეხადა.

ნოემბერში ბადრის შევთავაზე, რომ ახალ წელს ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია მოგვეხდინა. მთელი ქრისტიანული სამყარო შობას ოჯახებში ნათესაურ წრეში აღნიშნავს, ხოლო ახალ წელი საერთო-სახალხო დღესასწაულად ითვლება და მას მთელი მსოფლიო ქუჩებში ზეიმით ხვდება. კომუნისტები შობის ღიად აღნიშნვას ეწინააღმდეგებოდნენ და ქართველები შობის მსგავსად ახალ წელს აღნიშნავდნენ. ყველანი საკუთარ ოჯახებში საცივის და ღვინის თანხლებით ძველ წელს აცილებდნენ და ტელევიზორში „სტარიე პესნი ო გლავნომ“-ს უცქერდნენ, რომელიც “ირონია სუდბი, ილი ს ლიოგკიმ პარომ” კინოფილმთან ერთად ახალი წლის უცვლელ ატრიბუტად იქცა.

ჩემი გეგმით, ჩვენ შეგვეძლო ბადრის „არტ-იმედის“ საშუალებით ქუჩაში გრანდიოზული ცოცხალი კონცერტი მოგვეწყო და ახალი წლის შესახვედრად ხალხი სახლებიდან გამოგვეყვანა. ასიათასობით მოქალაქე ახალ წელს შეხვდებოდა ისე, როგორც ამას მთელ მსოფლიოში აკეთებენ და კონცერტის ფინალურ ნაწილში ზუსტად ღამის 12 საათზე - სცენაზე ავიდოდნენ - ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე და გამყრელიძე! ესენი ხელების ერთმანეთზე ჩაკიდებით და ზევით აწევით შეხვდებოდნენ ახალ წელს, ამ ყველაფრის კვინტენსაცია კი გახდებოდა სპეციალურად ამ მომენტისთვის შექმნილი ახალი სიმღერა.

საზოგადოება შევარდნაძის საახალწლო მიმართვის ნაცვლად უცქერდა ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენდნენ და განაცხადებდნენ, რომ ახალგაზრდა თაობა საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი გუნდით წარდგებოდა.

ხელიხელჩაკიდებულ ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სურათები კი მომდევნო დღიდან ქუჩის ბილბორდებზე გამოიფინებოდა.

ბადრის იდეა მოეწონა და ყველანაირ თანადგომას დაგვპირდა. აღფრთოვანებული ჟვანია მეუბნება, რომ მან იცის, ვის შეუძლია მსგავსი ღონისძიების საუკეთესოდ ორგანიზება და ზურამ სოფელ დიღომში, მის სახლში, დათო დოიაშვილი და ნიკა მემანიშვილი მოიყვანა.

ბუხრის პირას დავსხედით და მათ ავუხსენი დეტალურად თუ როგორ წარმომედგინა პროექტის რეალიზაცია. გავწერეთ ბიუჯეტი, ამ თანხის ნაწილს მე ვიხდიდი, ნაწილს ბადრი, თუმცა ამათ ვეუბნები, რომ პროექტს მთლიანად მე ვაფინანსებ, რადგან ბადრის ამის გახმაურება არ სურდა.

კონცერტი უნდა გაეხსნა სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც ვერდის “ნაბუქოს“ „ებრაელ მონებს” შეასრულებდა. ერთია, რომ ეს უმშვენიერესი მუსიკაა, თუმცა ეს მუსიკა მე სხვა მხრივ გამოვარჩიე უფრო - ეს გახლდათ იტალიის ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ჰიმნი, თავისუფლების და გამარჯვების ჰიმნი. ამ სიმბოლური მუსიკით უნდა გაგვეხსნა კონცერტი.

ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე წუთით ადრე ნანი ბრეგვაძეს და მის შვილს, ეკა მამალაძეს უნდა ემღერათ და ამ დროს სცენაზე ავიდოდნენ ეს პოლიტიკოსები.

ჩემი ვარაუდით, ეს შევარდნაძის პოლიტიკურად დასამარებას გამოიწვევდა, რასაც თავადაც მიხვდა და გააფრთებულმა პრეზიდენტმა ჯერ გამყრელიძე-გაჩეჩილაძეს ათქმევინა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი, შემდეგ ჩხარტიშვილმა დამირეკა, რომ ბადრი პროექტს ვერ დააფინანსებდა და ბოლოს ბურჯანაძემ და ჟვანიამაც გადაიფიქრეს.

ჩვენ დამოუკიდებლად გავმართეთ ეს კონცერტი და ათიათასობით ადამიანი პირველად ქუჩაში ერთად შეხვდა ახალი წლის დადგომას, თუმცა გრანდიოზული ჩანაფიქრი შევარდნაძემ ჩაგვიშალა, რამაც ჩემთვის ღონისძიებას პეწი დაუკარგა.

ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, რომ სინქრონიზებულად გვემოქმედა, თუმცა ახალმა მემარჯვენეებმა დამოუკიდებელი მოქმედებები დაიწყეს. ამის პარალელურად ბადრიმ ამ შეთანხმების საწინააღმდეგოდ ტელეკომპანია “იმედი” შექმნა. უფრო მეტიც, მათ “იმედზე” ჩემი ჟურნალისტების გადაბირება დაიწყეს, რაც რა თქმა უნდა ძალიან უსიამოვნო იყო.

ბადრის ამ ნაბიჯებმა მაფიქრებინა, რომ იგი ახალი გეგმით მოქმედებდა და „ახალი მემარჯვენეების“ სეპარატიული ქმედებებიც ამით აიხსნებოდა.

ამასთან, გავრცელდა ხმები, რომ ბადრიმ „რუსთავი 2“ იყიდა, რაც დესტრუქციულად მოქმედებდა როგორც ჟურნალისტებზე, ასევე კომპანიის სარეკლამო შემოსავლებზე. მე ბადრის დავპირდი, რომ ჩვენს შეთანხმებას, ტელევიზიის გაყიდვაზე, საიდუმლოდ შევინახავდი და ამის გამო ვერ ვამბობდი, გავყიდე თუ არა „რუსთავი 2“.

საერთაშორისო ბაზარზე ტელეპროდუქციის ფასმა “იმედის” გამოჩენის შემდეგ კატასტროფულად მოიმატა. სატელევიზიო პროდუქციას ჩვენ ძირითადად რუსეთში ვყიდულობდით და ახლა კონკურენცია უნდა გამეწია პატარკაციშვილისთვის, რომელიც ტელეკომპანია ოერტე-ს სრული ბატონ-პატრონი გახლდათ და სატელევიზიო სფეროში თითქმის ყველას იცნობდა.

ამავე პერიოდში მის ორბიტაზე გიორგი თარგამაძე გამოჩნდა, რომლის აბაშიძისგან გადმობირებას ბადრი მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და თარგამაძეს მომავალ პოლიტიკურ პროექტად განიხილავდა.

“იმედი” ეთერში გავიდა, რასაც მე მშვიდად შევხვდი, ვინაიდან თავს ზევით ძალა არ იყო და რა უნდა მექნა?

მართალია, ფინანსური თვასაზრისით “იმედი” დიდ რესურსს ფლობდა, მაგრამ ჩვენ ჟურნალისტებს თავისუფალი სამუშაო სივრცე შევუქმენით და თითოეული მათგანი იმას აკეთებდა, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა. მე მათ საქმიანობაში არანაირად არ ვერეოდი და როცა მათ არჩევანი მიეცათ - რა ერჩივნათ, თავისუფალ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება თუ “იმედის” მაღალი ხელფასები, აბსოლუტურმა უმრავლესობამ, არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა.

ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩემთვის უკვე სრულიად ცხადი გახდა, რომ “მოქალაქეთა კავშირი”, რომელსაც ამ დროს უკვე “ახალი საქართველო” ერქვა, საარჩევნო კამპანიისას ჩვენს არხზე არაფრის დახარჯვას აპირებდა, ანუ ყველაზე დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ჯგუფისაგან პოლიტიკური რეკლამა არ გვექნებოდა.

მანამდე მე რამდენჯერმე შევხვდი იმ ხალხს, ვინც 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შევარდნაძის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავდნენ. ამ შტაბს ფორმალურად სახელმწიფო მინისტრი - ავთო ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა, რეალურად კი, მაშინ შევარდნაძის გარშემო იმდენად დიდი ქაოსი სუფევდა, იქ იმდენი პოლიტიკური ძალა დაჯგუფდა, თან ისეთები, მანამდე ერთმანეთს საერთოდ რომ არ ელაპარაკებოდნენ და ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იყვნენ, რომ სწორად მომართული მექანიზმის აწყობა და კამპანიის წარმართვა ძალიან ჭირდა.

შევარდნაძის საარჩევნო ბლოკს მთლიანად ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა.

ამ ნაბიჯით ბადრიმ კიდევ ერთხელ დაარღვია ჩვენს შორის არსებული შეთანხმება, ზურა ჟვანიას მხარდაჭერის ნაცვლად 2003 წლის მეორე ნახევარიდან ძალიან აქტიურად დაუახლოვდა შევარდნაძეს. თუმცა, ის მარტო შევარდნაძის ბლოკს არ აფინანსებდა, მან, მისი აზრით, წაუგებელი ტაქტიკა აირჩია და ბადრიმ ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის დაფინანსება გადაწყვიტა.

ბადრი, ძალიან მდიდარი ადამიანი, ცდილობს, რომ კვერცხი ყველა კალათში ჩადოს, - ეგებ რამდენიმე მაინც მიიტანოს მიზნამდე. ბადრი სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველას ფინანსური დონორი გახდა. (ჟვანიას აძლევდა 200000-ს)

აგვისტო-სექტემბერში, დიდი ჭიდაობის შემდეგ, ავთო ჯორბენაძესთან შეთანხმებას მივაღწიე, თუ რა ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო ჩვენი არხისთვის გამოყოფილი. ოქტომბრის დასაწყისში, ერთ მშვენიერ დღეს, ავთომ გამოგვიცხადა, რომ მას “რუსთავი 2”-ზე რეკლამის განთავსების არანაირი ინტერესი არ აქვს და რომ შევარდნაძის ბლოკმა გადაწყვიტა, საერთოდ არაფერი განათავსოს ჩვენს არხზე. მიზეზი მარტივია: არსებობს სამი არხი - “იმედი”, “მზე” და საკმაოდ ძლიერი სახლმწიფო მაუწყებლობა, რაც მათ სავსებით აკმაყოფილებს და სავსებით გამოდგება “რუსთავი 2”-ის საპირწონედ. მოკლედ, მითხრეს, კარგად იყავით და ჩვენგან არანაირი ფული არ გექნებათო.

ეს ჩვენთვის საშინელი დარტყმა იყო. მანამდე ჩვენ ჩვენი კალკულაცია გავაკეთეთ და გავთვალეთ, რომ არჩევნების დროს შემოსული ფინანსები ტელეკომპანიის საარსებოდ კიდევ ერთ წელიწადს ან წელიწადნახევარს გვეყოფოდა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯახირით და გაჭირვებით მივაღწევდით.

ახლა კი, ამ აგრესიულ გარემოში, ძალიან გაგვიჭირდებოდა თავის გადარჩენა და “რუსთავი 2” შეიძლება ბაზრიდან საერთოდ ამოვარდნილიყო. თუ კომპანიაში ფინანსური მდგრადობა არ გვექნებოდა, ბუნებრივია, ვერც თანამშრომლებს შევინარჩუნებდით: ჯერ ის ხალხი წავიდოდა, ვისაც “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით “პატრიოტული” განცდები არ ჰქონდა, შემდეგ ნაკლებად თავდადებულები წავიდოდნენ, დარჩებოდნენ ყველაზე ერთგულები, მაგრამ რა... ბოლოს მაინც კოლაფსის წინაშე აღმოვჩნდებოდით. 2005 წლამდე, როცა, კონსტიტუციის თანახმად, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო, “რუსთავი 2” ვერანაირად ვერ მიაღწევდა.

ჩემი აზრით, სახელისუფლებო ბლოკი ბადრის დირექტივის საფუძველზე სწორედ ამიტომ არ აპირებდა ჩვენს არხზე არც ერთი კაპიკის დახარჯვას. ბადრი ამ გზით ჩვენს ფინასურ გაკოტრებას ცდილობდა.

სხვა გამოსავალი არ გვრჩებოდა - ზურას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. მას უმძიმესი საარჩევნო გრაფიკი ჰქონდა, ნინო ბურჯანაძე ერთი მიმართულებით მოძრაობდა, ჟვანია - მეორე მიმართულებით. მათ ერთიანი საარჩევნო ბლოკი  „ბურჯანაძე-დემოკრატები“ შექმნეს, რომლის ლიდერი ბურჯანაძე იყო, თუმცა ეს ჟვანიას პროექტი იყო და რეალურად ყველაფერს ის მართავდა. ახლა წარმოიდგინეთ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რა მასშტაბის დატვირთვა ექნებოდა პოლიტიკურ პარტიას და მის ლიდერს, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების და პირველობის ამბიცია ჰქონდა. მაგრამ მე და ზურას სხვა ურთიერთობა გვქონდა და ამიტომ მის მოუცლელობაზე არც მიფიქრია.

ზურას მეგრული სამზარეულო გამორჩევით უყვარდა და ჩვენ ერთმანეთს ხშირად დიღმის გზაზე ვხვდებოდით, ზურას ვაშლიჯვარის ოფისის ახლოს მდებარე ერთ ჩინებულ მეგრულ რესტორანში.

2002-2003 წლებში მე, ზურა და დათო დვალი ლამის დღეგამოშვებით ვხვდებოდით ერთმანეთს ამ რესტორანში.

2003 წლის აგვისტოდან ჩვენ შორის ურთიერთობა გაცივდა.

ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ბადრი და შევარდნაძე დემონსტრატიულად დაახლოვდნენ, ბადრი მას ხაზგასმით უჭერდა მხარს, და ზურა, რომელიც, წესით, ამის წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო, ასევე ბადრისთან მეგობრობდა. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ზურას ბადრისთან დამეგობრების ერთადერთი მოტივაცია ფული იყო, რომელსაც იგი საარჩევნოდ ბადრისგან იღებდა.

ზურას შევხვდი და ვუთხარი: “ზურა, უნდა დაგვეხმარო. ბადრიმ თავისი ვალდებულებები ორჯერ არ შეასრულა, რამაც ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩაგვაყენა; ბადრი, როგორც “ახალი საქართველოს” მთავარი დამფინანსებელი, კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ “რუსთავი 2”-თვის სარეკლამო ბიუჯეტი გამოეყოთ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ბადრის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, მიუხედავად იმისა, რომ ბადრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უმძიმესი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდე და ჩვენმა კომპანიამ უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ მიაღწიოს, მე მის მიმართ ყოველგვარი აგრესიისგან თავს შევიკავებ. მისგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ: უხეში შეფასებებით, ჩვენი ზარალი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს, და თუ ბადრის უნდა, რომ ჩვენს შორის კონფრონტაცია არ გაღრმავდეს, და ეს კონფრონტაცია ძალიან დამანგრეველი არ იყოს, ყველაფრისათვის, მათ შორის ჩემი და შენი ურთიერთობისათვის, შენი და მისი ურთიერთობისათვის, ის ვალდებულია, პირგასამტეხლოს სახით გადაიხადოს ეს თანხა, როგორც კომპენსაცია ჩვენი არხის ასე დაზარალებისთვის”.

ზურა ძალიან შეიშმუშნა. შეხვედრის მერეც საკმაოდ უსიამოვნოდ დავშორდით ერთმანეთს. ნაწყენი არ წასულა, უბრალოდ, ისეთი დაძაბული იყო, რომ მეც ვიგრძენი: ზურა ამ საქმეს ვერ ან არ გააკეთებდა.

მართლაც, მეორე დღის ბოლოს დამირეკა და მითხრა: „იცი რა, მე შევხვდი ბადრის, მას ველაპარაკე და მან გაღიზიანებულმა მკითხა, რა ქუჩურად „მაპრისტავკებს“, რას ჰქვია, ჩემგან ფულს ითხოვს, ჩემგან რა კომპენსაციას ითხოვსო”.

ძალიან ცივი უარი მივიღეთ.

კრიზისი გაღრმავდა.

ისღა დამრჩენოდა, რომ კიდევ ერთხელ შევხვედროდი ავთო ჯორბენაძეს და მეთქვა: “ავთო, შენ პრინციპულ შეცდომას უშვებ“.

იმ პერიოდში, როცა ავთო ჯორბენაძეს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაზე ველაპარაკებოდით, „რუსთავი 2“ სარეკლამო ბაზრის დაახლოებით 75%-ს განკარგავდა. მე ვეუბნები ჯორბენაძეს: „თუ სხვა ტელევიზიებზე პირობითად 100 დოლარს ხარჯავთ, „რუსთავი 2“-ზე 60-70 დოლარი დაგჭირდებათ - ესაა პროპორცია, ესაა ცქერადობის განაწილება, ამდენი მაყურებელი ჰყავს, ასეთი რეიტინგი აქვს, ასეთი წილი აქვს ამ ბიზნესში. თუ გინდათ იგივეს მიაღწიოთ, რასაც აღწევს, ვთქვათ, „პროქტერ ენდ გემბელი“, „ქოლგეითი“ ან ნებისმიერი საერთაშორისო კომპანია, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, საამისოდ ჩვენზე მეტად არავინ გამოგადგებათ...“

ავთოს მანამდეც ვიცნობდი. ერთი პერიოდი, 1990-1992 წლებში, ჩვენ კოლეგები ვიყავით: მე რუსთავის ჯანდაცვის სამსახურს, ხოლო ავთო - თბილისისას ხელმძღვანელობდა.

ავთო და მე ერთმანეთს შენობით მივმართავდით, ღიად ვსაუბრობთ და ასეთ ღია საუბარში მას ვეუბნები: „თუკი საარჩევნო კამპანიისას არ გაგვითვალისწინებთ, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იქნება, მაგრამ თქვენც დიდი პრობლემა გელით“. ავთომ მკითხა: „რას გვთავაზობ? კარგი, დავუშვათ, დაგთანხმდით. თქვენგან რას მივიღებთ არჩევნებში?“ მე ავუხსენი, რომ ისინი, სახელისუფლებლო პარტია, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან იმიტომ, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი მათ დაარტყამთ, იმიტომ, რომ შევარდნაძე, მათი მთავარი ძალა, ამდენი წელი ხელისუფლების სათავეშია და ცხადია, თავის დაცვა გაუჭირდებათ. მე ნეიტრალიტეტს ვთავაზობდი ანუ: „როცა მოწინააღმდეგე რაღაცას გააკეთებს, რაიმე ღონისძიებას ჩაატარებს ან თქვენს წინააღმდეგ დემარშს განახორციელებს, აუცილებლად მოგეცემათ პასუხის გაცემის საშუალება. მე ვითამაშებ ობიექტურ რეჟიმში, არც თქვენს და არც ოპოზიციის მხარეს. ესაა ჩემი ერთადერთი და მთავარი წინადადება“. მანამდე „რუსთავი 2“ საკმაოდ აქტიური იყო, აგრესიულად ანტისახელისუფლებო, და ეს თამაში არ ყოფილა, ასეთი გახლდათ ქვეყანაში შექმნილი რეალობა. ახლა კი ხელაღებით კრიტიკაზე მორატორიუმის გამოცხადებას ვთავაზობდით, თავად პოლიტიკოსებს ვთავაზობდით, თავად ემტკიცებინათ საკუთარი სიმარლე. ჩვენ სიტუაციას არ დავამძიმებდით, არ გავამძაფრებდით.

პასუხად ავთომ მომიგო: „ჩემო კარგო, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს შესაძლებელი და მნიშვნელოვანი იქნებოდა, ერთი წლის წინ, მაშინ როდესაც შენ სრული მონოპოლისტი იყავი. დღეს ძლიერია სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხი, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ძლიერი კერძო ტელევიზია - „იმედი“ და „მზე“, ყველა ეს არხი ჩვენზე მუშაობს თამამად შეგვიძლია ყველა თქვენი წინადადების იგნორირება“.

კიდევ რამდენჯერმე ვცადე მისთვის „რუსთავი 2“-ის როლი და მნიშვნელობა მეჩვენებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვფიქრობ, თავად ავთო არ იყო დაინტერესებული, რომ „რუსთავი 2“-სთვის ფული არ მოეცა, მაგრამ რეალურად იქ სულ სხვა ვითარება იყო და მოგვიანებით, 24 ოქტომბერს, ამის ნათელი დადასტურება მივიღეთ.

საქმე ისაა, რომ ჩვენს ხელისუფლებასთან შეთანხმებას კიდევ ერთი ნაწილი ჰქონდა. „რუსთავი 2“ ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთი ლიცენზიით არსებობდა, მხოლოდ ერთი ლიცენზიით თბილისზე, და ისიც ინვალიდი ლიცენზიით - ჩვენს სიხშირეს აზერბაიჯანის მხრიდან სერიოზული ხელშეშლა ჰქონდა. ჩვენი გავრცელება საკმაოდ შეზღუდული იყო, ჩვენი რეგიონალური მაუწყებლობა - ბეჩავი. ამ დროს „იმედს“ ძალიან კარგი ხარისხის სიგნალი ჰქონდა, ის პროვინციაში ულამაზესი სურათით გავიდა, რაც მნიშვნელოვანი იყო. მას ყველგან უყურებდნენ. ჩვენ კი მხოლოდ ერთი, ძალიან საწყალობელი სიხშირე გვებადა და რეგიონალური პატარ-პატარა ტელევიზიების ნახევრადკუსტარული გადამცემები. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ე.წ. ორტ-ს მეტრული სიხშირე, რომელიც კარგა ხანს უფუნქციოდ იყო ტენდერის გზით გაცემულიყო. ჩვენ, როგორც საქართველოს უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სატელევიზიო კომპანია, ამ ტენდერს ნებისმიერ კონკურენტთან მშვიდად მოვიგებდით. მიუხედავად ამ მოთხოვნის სამართლიანობისა, მას 2003 წლამდე ყურადღებას არავინ აქცევდა. 2003 წელს, როგორც იქნა, დაგვთანხმდნენ და 23 თუ 24 ოქტომბერს სიხშირის გაცემაზე ტენდერი გამოცხადდა.

ამ დროს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ვახტანგ აბაშიძე იყო. მას რამდენჯერმე შევხვდი. თავიდან კონკურენტი არ გვყავდა, შემდეგ ბადრის კიდევ ერთმა ბიზნეს-ჯგუფმა - „ტექნომედიამ“, ხაზგასმულად, დემონსტრატიულად შემოიტანა განაცხადი, ანუ ბადრიმ კიდევ ერთი სატელევიზიო სიხშირის შეძენა გადაწყვიტა. მას უკვე ჰქონდა “იმედის” და “მზის” სიხშირეები, რომლებიც ხელისუფლების მხარდაჭერით მიიღო.

ვინაიდან ხელისუფლებამ ერთი ვალდებულება შეასრულა და ორტ-ს სიხშირეზე ტენდერი გამოაცხადა, მე მშვიდად ველოდებოდი ამ ტენდერის ჩატარებას, ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ობიექტურად ჩვენ საუკეთესოები ვიყავით და სამართლიანობის შემთხვევაში ამ სიხშირეს მოვიგებდით. ტენდერის წინა საღამოს 23 ოქტომბერს, ოფისში ვატო აბაშიძე და ავთო ჯორბენაძე მესტუმრნენ. კაბინეტში ფრანგული კონიაკი ყოველთვის მქონდა და ვსვამდით “ჰენესს” და ვსაუბრობდით, ერთმანეთს სიყვარულს ვეფიცებოდით. ავთომ თქვა, ხვალ ტენდერია და მოდი, ვივაჭროთო. მე ვუთხარი, სისულელეს თავი დაანებეთ, არანაირ ვაჭრობას არ ვაპირებ, ეს სიხშირე სრულიად სამართლიანად ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენ მას ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ-მეთქი. ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ დავიმსახურეთ და არც იოცნებოთ, რომ რამე სხვანაირად მოხდება-მეთქი. მერე გავიხსენეთ ჩვენი ახალგაზრდობა, ძველი მეგობრობა, დავლიეთ და დავიშალეთ. მანამდე კი ავთოს შევახსენე, რომ მეორე ვალდებულებაც შესასრულებელი აქვს.

ავთოს ხაზგასმით ვუთხარი: “თუ ამ ვალდებულებას 2 ნოემბრის 8 საათამდე შეასრულებთ, 2 ნოემბრის შემდეგ თქვენს მიმართ ნეიტრალურ რეჟიმში ვიმოქმედებ - არანაირი მხარდაჭერა არ გექნებათ, მაგრამ არც მხარე ვიქნები. მაგრამ თუკი გადაწყვეტთ, რომ „რუსთავი 2“-ზე საარჩევნოდ რეკლამას არ განათავსებთ, ეს ნიშნავს, რომ მწირავთ, თქვენ, ხელისუფლება, მებრძვით, და ბუნებრივია, მე თავს ყველა ჩემს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავ, თქვენს წინააღმდეგ ლეგალურად ვიბრძოლებ”. ავთომ მითხრა, არ ვიცი, მე მაგას ვერ შეგპირდებიო.

- კარგად იფიქრე, ბოლო ვადა 2 ნოემბრის 8 საათია, მერე ყოველ დღე, რომ იგივე თანხა მომიტანოთ და თუნდაც, ეს თანხა ათზე გაამრავლოთ, მე ხელს აღარ მოვკიდებ, - ვუთხარი ჯორბენაძეს.

შუაღამეს კარგა გადაცილებული იყო, როცა მეგობრულად დავიშალეთ. ვატო ძალიან კმაყოფილი წავიდა, მეც კმაყოფილი წავედი და დავიძინე.

ტენდერი დილით, 11 თუ 12 საათზე იყო დანიშნული. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უამრავი კამერა დამხვდა, ჟურნალისტები ფუსფუსებდნენ, მაგრამ ვატო არსად ჩანდა. ეს არ მესიამოვნა, მაგრამ ვატო, თავისი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სამსახურში ისეც ცოტა გვიან მიდიოდა და მეც ჩავთვალე, რომ არაფერი უჩვეულო არ ხდებოდა.

გახდა პირველის ნახევარი, ვატო თავის კაბინეტში შევიდა და მდივანს სთხოვა, ეროსი შემოვიდესო. შევედი.

ვატო გაფითრებული დამხვდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. მითხრა, რომ შევარდნაძესთან იყო და გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა.

გავშრი. ვერ გავიგე, რატომ გადადგა ვატომ ეს ნაბიჯი.

მან მითხრა, რომ შევარდნაძესთან თათბირზე ავთო ჯორბენაძე იყო, შემდეგ ვაჟა ლორთქიფანიძე და ვახტანგ რჩეულიშვილიც მოვიდნენო, იქ ერთი გამიშვი-გამატარე ამტყდარა და მოკლედ, ბადრიმ თავისი გაიტანა - გამოგზავნა თავისი მთავარი დამრტყმელი ძალა, პარლამენტის მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი, ვაჟა ლორთქიფანიძე, მას დაემატა ვახტანგ რჩეულიშვილი და გადაწყვიტეს, “რუსთავი 2”-ს არანაირი სიხშირე არ უნდა მივცეთო. მე ვალდებული ვარ, რომ ამაზე რეაქცია მქონდეს და თანამდებობიდან წავედიო.

ეს ვაჟკაცური ჟესტი იყო. ვატომ ვერ გადააბიჯა ვერც შევარდნაძეს, ვერც ვაჟასთან მეგობრობას და საბოლოო ჯამში საკუთარი თავი იმისთვის გაწირა, რომ საკუთარი იმიჯი შეენარჩუნებინა. ვაჟკაცური საქციელია. არც მანამდე, არც ამის შემდეგ მსგავსი - დასაფასებელი და ღირსეული ნაბიჯი ბევრს არ ჩაუდენია.

ასე რომ, ტენდერი ჩაიშალა და ორტ-ს სიხშირე ვერ მივიღეთ. ეს მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ვარდების რევოლუცია

ხალხს შევარდნაძის 30-წლიანი მმართველობა ყელში ამოუვიდა. ყველას მობეზრდა მისი კორუმპირებული სისტემა, რომელიც მოსახლეობას მუდმივად ელემენტარული სასიცოცხლო პირობების - შუქის, წყლის, გაზის, ხელფასის - გარეშე ამყოფებდა და ადამიანებს ისღა დარჩენოდათ უკეთესი მომავლის მოსაწყობად სამუშაოდ საზღვარგარეთ გადახვეწილიყვნენ.

ხალხი საკუთარ სახლებს ყიდდა, რომ როგორმე ქვეყნიდან გაეღწია და ამ ფონზე “60 წუთი” მუდმივად აჩვენებდა იმ კორუმპირებული ჩინოვნიკების ახლად წამოჭიმულ ფეშენებელურ სასახლეებს, რომლებიც ამ ადამიანების გაჭირვების ხარჯზე მდიდრდებოდნენ. ენერგომაფია შუქს საზღვარგარეთ ყიდდა და აქ რეანიმაციებში ადამიანებს უშუქობის გამო გადაუდებელ ოპერაციებს ვერ უკეთებდნენ, რის გამოც ბევრი იღუპებოდა, პოლიციის თავნებობას საზღვარი აღარ ჰქონდა, თუ ვინმეს რაიმე ფული გაუჩნდებოდა, მას ჯიბეში ნარკოტიკს უდებდნენ და შემდეგ ფულს სძალავდნენ, ავტოინსპექტორების გადამკიდე, ტრასებზე მოძრაობა ერთი ხათაბალა გახდა. მთელი ქვეყანა კონტრაბანდას მიჰქონდა, შეძლებული და ფულიანი პირი სასამართლოში ყოველთვის ჩაგრავდა მართალ, მაგრამ უფულო ადამიანს. ბაზრობებზე კრიმინალები ხალხს ფულს აწერდნენ და შემდეგ ამ თანხას სახელმწიფო მოხელეებს უნაწილებდნენ. კანონიერი ქურდები ქვეყნის მართვაში აქტიურად მონაწილეობდნენ, მახსოვს ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში ქურდებმა მოსამართლეებს სცემეს კიდეც და ამის გამო სასჯელიც არ დაკისრებიათ.

ცალკე პრობლემა იყო რელიგიური უმცირესობების შეუწყნარებლობა. ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებთაც ან ქვემო ქართლის გუბერნატორი მამალაძე, ანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მფარველობდა, სადაც კი წაასწრებდა სხვა რელიგიის აღმსარებლებს, იქვე პოლიციის თვალწინ სასტიკად უსწორდებოდნენ. ჩვენ ამას მკვეთრად ვაპროტესტებდით და საზოგადოება მხარს გვიჭერდა.

მთელი ამ წლების განმავლობაში “რუსთავი 2” შევარდნაძის კორუმპირებულ და უსამართლო მმართველობას ამხელდა და ამის გამო საზოგადოებაც სიყვარულით და პატივისცემით გვეპყრობოდა. ჩვენს მიმართ პატივისცემას გამოხატავდნენ ის პატიოსანი ჩინოვნიკებიც, რომლებიც პრინციპების თუ სხვა მიზეზების გამო ამ კორუციულ სისტემაში ჩართულები არ იყვნენ და უამრავი საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიდნენ.

საზოგადოება “რუსთავი 2”-ს იმედის თვალით უცქერდა. ტელევიზიაში ყოველდღიურად უამრავი უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი მოდიოდა და სამართალს ჩვენი დახმარებით ეძებდა. მახსოვს ეს ხალხი განცხადებებს გვიტოვებდა, რომ მათ გასაჭირზე რეპორტაჟი მოგვემზადებინა და განცხადებას ადრესატებად თავზე ეწერა: “საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პრეზიდენტს - ეროსი კიწმარიშვილს, ან რომელიმე გადაცემის რედაქტორს”. ეს ხალხი საბოლოო ინსტაციად განგვიხილავდა, სადაც ცენზურის (ამ სიტყვის განმარტებაც არ ვიცოდით) გარეშე ჟურნალისტები მათ გასაჭირს ფართო საზოგადოებამდე მიიტანდა.

ჩვენ ვამბობდით სიმართლეს და საზოგადოება შევარდნაძის მიმართ დღითი დღე კრიტიკულად ეწყობოდა. თუმცა, ამას არ ვაკეთებდით იმის გამო, რომ მერე რევოლუცია მოგვეწყო. შევარდნაძეს არავინ უშლიდა რაიმე საქმის გამოსწორებას, მაგრამ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ ელეოდა და ესენიც იოლ გამოსავალს პოულობდნენ, აცხადებდნენ, რომ თითქოსდა “რუსთავი 2” შევარდნაძეს ებრძოდა და ამის გამო ჩვენ რაღაცეებს ვიგონებდით. შემდეგ ესენი გარკვეული თანხის საფასურად სხვა ტელეკომპანიებში თავიანთთვის სასურველ სიუჟეტებს უკვეთავდნენ და მოსთქვამდნენ, ნახეთ რა კარგი ბიჭი ვარ და “რუსთავი 2”-მა კიდევ ცილი დამწამაო.

სიამაყით ვიტყვი, რომ ჩვენ არასდროს გვივაჭრია ცალკეული ადამიანის ბედითაც კი. არაფრის ფასად არ მიგვიჩქმალავს საზოგადოებისთვის მათი გასაჭირი. უამრავი შემოთავაზება გვქონია, რომ - აი, თუ თქვენ ამ სიუჟეტს არ გაუშვებთ... ყველაფერი აქ მთავრდებოდა. შევარდნაძის სიძე, გია ჯოხთაბერიძე “მაგთის” რეკლამას განათავსებდა თუ “60 წუთის” წამყვანს აკაკი გოგიჩაიშვილს სამსახურიდან გავუშვებდი, აკაკი ჩხაიძე ნახევარ მილიონს იხდიდა თუ რკინიგზის თაობაზე გადაცემას არ გავუშვებდი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველი წლის დასაწყისში 100 ათას დოლარს გადაიხდიდა თუ პოლიციის უკანონო ქმედებაზე თვალს დავხუჭავდით. ჰქონდათ ცალკეული ჟურნალისტების მოსყიდვის სურვილიც, თუმცა უშედეგო.

დღეს მთელი ელიტა შალვა რამიშვილს ქომაგობს, ჟურნალისტს, რომელმაც პირველივე შემხვედრს 30 ათასი დოლარი გამოართვა იმისთვის, რომ მასზე კრიტიკულ სიუჟეტს ეთერში არ გაუშვებდა და ამ საქციელის შემდეგ მას რამდენიმე პარტიის ლიდერი საარჩევნოდ სიაში ჩასმას უპირებს, რაც ჩემი აზრით, არ არის მორალური საქციელი და მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ჩემი ჟურნალისტები ასე არასდროს იქცეოდნენ.

ამიტომ სურდათ, რომ “რუსთავი 2”-ს არსებობა შეეწყვიტა და ეს უნდა მომხდარიყო მაქსიმუმ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყველა მეტნაკლებად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი საპრეზიდენტო პოსტის ხელში ჩასაგდებ პლაცდარმად განიხილავდა. ძირითადი მოთამაშეები იყვნენ - შევარდნაძე, რომელსაც ყველა თვალებში შესციცინებდა, რომ მის მემკვიდრედ დაასახელებდა, ასევე ბადრი პატარკაციშვილი, ასლან აბაშიძე და ზურა ჟვანია. თუმცა ბადრი რთულ პარტიას თამაშობდა, იგი აფინანსებდა შევარდნაძის სახელისუფლებო ბლოკს “ახალი საქართველოსთვის”, აფინასებდა “ახალ მემარჯვენეებს” და ზურა ჟვანიას “ბურჯანაძე-დემოკრატებს”. ბადრი ზურას 2003 წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად 200 ათას დოლარს აძლევდა. ირაკლი ჩუბინიშვილი ყოველი თვის დასაწყისში “გაერთიანებულ ქართულ ბანკში” ვანო ჩხარტიშვილს აკითხავდა და იქიდან ცელოფნის პარკით ეს ფული ოფისში მიჰქონდა. ბადრიმ რამდენიმე ადგილი ნათელაშვილის ლეიბორისტული პარტიის საპარლამენტო სიაშიც იყიდა და იქ თავისი ხალხი ჩასვა.

2003 წლის ოქტომბერში სააკაშვილს სერიოზულად არავინ განიხილავდა. არც სააკაშვილი იკლავდა თავს სპონსორის ძიებით, მას როგორც მისი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე ხნის წინ გაიხსენა, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.

ოქტომბრის დასაწყისში “აი-პი-ეს”-მა წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ზურა დამაჯერებლად ლიდერობდა. მას მოჰყვებოდნენ სააკაშვილი და ნათელაშვილი.

სააკაშვილს დედაქალაქზე მეტად რეგიონებში წყალობდნენ. ის შევარდნაძეს და მის გარემოცვას კორუპირებულობისთვის ადანაშაულებდა და ხალხს ეს მოსწონდა. ამასთან სააკაშვილმა ჩაგრულის იმიჯი შეიქმნა, რაც მის მიმართ კეთილგანწყობას აძლიერებდა.

ოქტომბრის ბოლოს წინასაარჩევნოდ ბოლნისში ჩასულ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს იქაური გამგებელი დაუხვდა და ერთმანეთს სულ ცხვირ-პირი დაუმტვრიეს. ამ ჩხუბში გამგებელიც გაილახა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიშამ წინასწარ ამ ჩხუბისთვის კარატეს რომელიღაც ფედერაციის წევრები დაიქირავა და მერე ეს ბიჭები ჩიოდნენ, მიშამ ტყუილად გვაჩხუბა, ფული აღარ გადაგვიხადაო.

29 ოქტომბერს სააკაშვილი ზუგდიდში ჩავიდა და იქაც ერთი ამბავი ატეხა, მოკვლას მიპირებდნენო. მიშა ქალაქის ცენტრში მიტინგს მართავდა, მომიტინგეებში ავტომანქანა გამოჩნდა, რომელიც ნელი სვლით ხალხში გზას იკვლევდა. სააკაშვილის მომხრეებმა ავტომანქანა ამოიცნეს - ეს ბადრი ზარანდიას ავტომანქანააო და შიგ მსხდომ პირებს მივარდნენ, გადმოათრიეს და სასტიკად სცემეს.

ბადრი ზარანდია ზუგდიდის ყოფილი სამხედრო კომენდანტი იყო და შემდეგ მხედრიონის ლიდერს ჯაბა იოსელიანს დაუძმაკაცდა, რომელიც მიშას ვერ იტანდა. თვითმართველობის არჩევნების წინ ზარანდიამ ზუგდიდში ჩასული სააკაშვილი სცემა და მას მიშა ერთ-ერთი რესტორნის მაგიდის ქვეშ ემალებოდა. მახსოვს, ზარანდია სააკაშვილს პირდებოდა, რომ მეორედ ზუგდიდში არ ჩაუშვებდა, თუმცა საპარლამენტო არჩევნების წინ მიშას ეს მუქარა აღარ აშინებდა, ვინაიდან ზარანდია რესტორანში ჩაცხრილეს და საქმე დღემდე გაუხსნელია.

მართალია ის ავტომანქანა ზარანდიას ეკუთვნოდა, თუმცა ამ ინციდენტამდე ერთი წლით ადრე იგი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ზუგდიდელმა კორესპოდენტმა იყიდა და გადაღებაზე ამ მანქანით დადიოდა. აღნიშნულ მიტინგზეც, ჟურნალისტმა მძღოლს დაურეკა, რომ ანძაზე ვიდეომასალის წასაღებად მისულიყო, რომ ვიდეოკასეტა გადაეცა. მძღოლი ჟურნალისტისკენ მანქანით წავიდა, რომ ვიდეომასალა სხვა ტელეკომპანიებზე ადრე გადაეგზავნა თბილისში და ამის გამო სასტიკად მოხვდა კიდეც.

ამ ინციდენტის შემდეგ გმირი სააკაშვილი ტელეკომპანიებს უყვებოდა, თუ რა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. კოტე კემულარია ყველას უჩვენებდა პისტოლეტს, რომელიც ვითომდა თავდამსხმელებს წაართვა. არც ეს პისტოლეტი გადაუციათ ნივთმტკიცებად პოლიციისთვის და არც თავდამსხმელები ჩაუბარებიათ პოლიციისთვის. ჟურნალისტი კიდევ ნაცემ მძღოლსა და დამტვრეულ ავტომანქანას მისტიროდა, თუმცა ეს არავისთვის საინტერესო აღარ იყო: მიშამ მაგარი პიარი გაიკეთა.

23 ნოემბერს სააკაშვილის მომხრეები ბათუმში მართლა სასტიკად სცემეს. ყველას ახსოვს ნაცემი კობა დავითაშვილი, გივი თარგამაძე, დავით ბერძენიშვილი. ეს ხალხი როცა დემონსტრაციას წინ მიუძღოდა და მართლა საფრთხეში იგდებდა თავს, სააკაშვილი კაფეში იჯდა, აჭარულ ხაჭაპურს ჭამდა და დიდი ეჭვი მაქვს, ნატრობდა, რომ მორიგი პიარ აქციისთვის, მისი მომხრეები აბაშიძის ხალხს გაელახა.

ამ ცემა-ტყეპის ფონზე სააკაშვილის პოპულარობა მატულობდა, რომელსაც მანამდე მხოლოდ ნათელაშვილ-2-ად განიხილავდნენ.

ოქტომბერში თავად ნათელაშვილის რეიტინგმა მოიკლო, ვინაიდან იგი შევარდნაძის კრიტიკიდან ჟვანია-სააკაშვილის ლანძღვაზე გადაერთო.

ჟვანია-ბურჯანაძემ რესპექტაბელური საარჩევნო კამპანია აწარმოეს, რასაც შედეგი განვითარებულ ქვეყნებში მოაქვს, რომელსაც საქართველო არც მაშინ წარმოადგენდა და არც იმ არჩევნების შემდეგ. ნინო ლიდერის როლში პირველად წარსდგა ამომრჩევლის წინაშე და მისმა გამოუცდელობამაც თავი იჩინა. ამომრჩევლები ბურჯანაძეს ეკითხებოდნენ: თუ თქვენ აგირჩევთ, შუქი გვექნება? გზებს დააგებთ? პენსია გაიზრდება? ნინო პასუხობდა, რომ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა და პარლამენტი ამ საკითხებს ვერ გადაწყვეტდა. მახსოვს, ვანო მერაბიშვილი თავისი მსტოვრებისგან გებულობდა, თუ რა ილაპარაკა ბურჯანაძემ ამა თუ იმ შეხვედრაზე და ნინოს ამ პასუხზე ხშირად ქირქილებდა.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „რუსთავი 2“-მა პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ეგზიტპოლი ჩაატარა. ეგზიტპოლი ჩავატარეთ 2001 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროსაც და მაყურებელი მიეჩვია, რომ არჩევნების წინასწარ მონაცემს „რუსთავი 2“-ის მეშვეობით უკვე საღამოს 8 საათზე შეიტყობდა.

ეგზიტპოლს ვატარებდით 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. რამდენიმე არასამთავრობო საერთაშორისო ფონდთან ერთად, სადაც ძირითადი დონორი ჩვენ ვიყავით, დავიქირავეთ ამერიკული “გლობალ სტრატეგი გრუპ”. ამ ორგანიზაციას ამ საქმეში დიდი გამოცდილება ჰქონდა, თანაც ამერიკელები შემთხვევით არ აგვირჩევია, მათ მონაცემებს საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობოდა. პარალელურად ხელისუფლებამაც დაიქირავა ეგზიტპლისთვის რუსული ორგანიზაცია “ნიკოლო მ“.

არჩევნების მოსალოდნელი შედეგი მაშფოთებდა, თუმცა მამშვიდებდა წინასაარჩევნო კვლევები, სადაც ჟვანია დამაჯერებლად ლიდერობდა. მართალია მას პატარკაციშვილი აფინანსებდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ზურა ლიბერალურ ღირებულებებს არანაირ ფასად არ შეელეოდა და ამას უკავშირდებოდა ჩემი იმედიც. პატარკაციშვილი ჩემთვის საშიში გახდებოდა, თუ არჩევნებში ზურა დამარცხდებოდა. ვნატრობდი, რომ სახელისუფლებო ბლოკს და ბადრი პატარკაციშვილს მარცხი განეცადათ, ვინაიდან ტელეკომპანიის გადარჩენისთვის ეს ერთადერთ გზად მეჩვენებოდა.

არჩევნებამდე ერთი ალიაქოთი ატყდა ამომრჩეველთა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ბევრი ამომრჩეველი ამ სიებში თავის თავს ვერ პოულობდა, ზოგს დაბადების თარიღად 1800 წელი ეწერა, ხალხი აპროტესტებდა და ხელისუფლება ვერ ხსნიდა, რატომ აირია სიები.

მოგვიანებით ხელისუფლების მხარდამჭერებმა ამ სიების არევა მე დამაბრალეს. მსგავსი აბსურდი არასდროს მომისმენია, ამიტომ ეს სერიოზულად არც მიმიღია. მე რა შეხება მქონდა სიებთან? არანაირი. ამომრჩეველთა სიები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და კომპიუტერული ვერსიის შესაქმნელად კომპანია “აი-ფი-ეს”-ს გადასცა. იმ საანკეტო მონაცემში, სადაც დაბადების თარიღი გაურკვევლად ეწერა, კომპიუტერმა ავტომატურად 1800 წელი ჩაწერა, ამას გარდა მთელი კორპუსები გამორჩათ და აქ მაცხოვრებლები სიაში ვერ მოხვდნენ. ეს ყველაფერი კი მე დამაბრალეს - “რუსთავი 2“-ის დირექტორი გოჩა ქუმსიაშვილი “აი-ფი-ეს”-ში მუშაობს და ეროსის დავალებით ამომრჩეველთა სიებს ეგ აურევდაო. სრული სისულელე! ჩვენ რომ ამის მოხერხება შეგვძლებოდა, ჩემი ციხეში ჩასმა ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ, თუმცა ამაზე თავი არც არასდროს მიმართლებია, აბსურდულ ბრალდებაზე რა პასუხი უნდა გავცე?

არეულმა სიებმა ყველაზე მეტად მე დამაზარალა, ვინაიდან ამით უამრავი ხმა დაკარგა იმ ძალამ, რომლის გამარჯვებაც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და ამის თაობაზე თანმიმდევრულად მოგითხრობთ.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო ტელევიზიამ, “იმედმა” და “მზემ” ეგზიტპოლის საწინააღმდეგო სერიოზული კამპანია წამოიწყეს. კოკა ყანდიაშვილმა ამ თემაზე რამდენიმე გადაცემა მოაწყო და დასკვნა ერთი გახლდათ: რა საჭიროა ეს ეგზიტპოლი, ის ხომ არაზუსტ მონაცემებს გულისხმობს და ვერსად ვერ გაამართლა! ესეც მიზანმიმართული სისულელე. რეალურად კი მათ ეგზიტპოლის იდეის გაკოტრება სურდათ, რომ შემდეგ მათთვის სასურველი პროცენტები ჩამოერიგებინათ საარჩევნო სუბიექტებისთვის, რასაც არჩევნებთან არაფერი ექნებოდა საერთო და ეს მაჩვენებლები საზოგადოებას უტყუარ ჭეშმარიტებად უნდა მიეღო. ეგზიტპოლის შედეგი კი წინასწარვე ბავშვურ გართობად გამოაცხადეს.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ სამიზნე სწორად შეარჩია, ვინაიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პოლიტიკური სუბიექტები უკმაყოფილებას ყოველთვის გამოთქვამდნენ და გამარჯვებული ძალა ამას იოლად აბათილებდა - რახან დამარცხდა შედეგიც ამიტომ არ მოეწონათო და საზოგადოებაც ამას მტკივნეულად არ აღიქვამდა. „რუსთავი-2“ პოლიტიკური პარტია არ გახლდათ, თავისუფალი მედია იყო და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოება ენდობოდა. მას ის სანდოობა ჰქონდა, რაც პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ობიექტურად ვერ ექნებოდა, ვინაიდან დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდნენ.

ჩემი აზრით, ხელისუფლებას აფიქრებდა, რომ ჩვენ ეგზიტპოლის ჩასატარებლად ამერიკული გავლენიანი ორგანიზაცია მოვიწვიეთ, რომელთა კომპეტენტურობასა და წესიერებაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა და ამის გასაბათილებლად თავად ეგზიტპოლის იდეას დაუწყეს დაკნინება. ჩემთვის ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მმართველ ჯგუფს პატიოსანი არჩევნების ჩატარება არ სურდა. ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც გაყალბების შემთხვევაში დისონანსის შეტანა შეეძლო - ჩვენი ტელეკომპანია და ეგზიტპოლი გახლდათ.

არჩევნებამდე პოლიტიკურმა ტემპერატურამ მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია. ხელისუფლების მომხრეები სასტიკად ცემდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ნაძალადევში მაჟორიტარი კანდიდატი დაჭრეს, ვიღაცა მდინარე ყვირილაში გადააგდეს, ლევან პირველმა „რუსთავი 2“-ის ოფისში დებატების შემდეგ, ნაციონალ ბესო ჯუღელს თავი გაუხეთქა... უკვე ვთქვი რაც დაემართათ აჭარაში ჩასულ სააკაშვილის მომხრეებს. იმავე ლევან პირველმა რესტორან ძველ სახლში გივი თარგამაძეს სცემა და შემდეგ იარაღი მოუმარჯვა, რა დროსაც თარგამაძე სააკაშვილის მსგავსად მაგიდის ქვეშ შეძვრა და თავი ასე გადაირჩინა. ამ ამბებს ირონიით სულაც არ ვიხსენებ, მოგვიანებით ხელისუფლებაში მოსულმა სააკაშვილმა და მისმა ჯგუფმაც, ასევე წარმატებით განაგრძეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა სასტიკად სცემა და არა მარტო არჩევნების დროს. ხაშურელი დეპუტატი გელაშვილი ამის კარგი მაგალითია.

სახელისუფლებო ბლოკს ოპოზიციონერთა რუსეთის აგენტობისთვის დადანაშაულებაც არ დავიწყებია და პრეს-სპიკერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ ნინო ბურჯანაძეს ბრალი დასდო, იგორ გიორგაძესთან აქვს კავშირი და რაღა თქმა უნდა, ბურჯანაძე რუსეთის აგენტიაო. ჰოი, საკვირველებავ! ამის შემდეგ, თავად სარიშვილი-ჭანტურია გიორგაძის პარტიას ჩაუდგა სათავეში და დღემდე უშიშროების ყოფილი და ამჟამად ძებნილი მინისტრის პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს. მისი შეფი კი კარგა ხანია მოსკოვში ცხოვრობს.

მშვიდად არც არჩევნების დღეს ჩაუვლია, ჩვენი კორესპონდენტები თბილისსა თუ რეგიონებში დიდი რისკის ხარჯზე აფიქსირებდნენ ყველა უკანონობას, ეს იქნებოდა ე.წ „კარუსელი“ თუ სხვა უმსგავსობა. რუსთავში მაკა ფანქველაშვილმა გადაიღი საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც საარჩევნო ყუთს სადღაც მიაცუნცულებდა, რომ ყუთი კარგად გაეტენა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემოხაზული ბიულეტენებით.

ამ დარღვევების გაშუქების გამო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერმა ინტელიგენციამ, როგორადაც თვის თავს უწოდებდა შევარდნაძისადმი მაამებლურად განწყობილი ელიტა, ჩვენ ოპოზიციურ ტელეკომპანიად, ანუ მხარედ გამოგვაცხადეს.

ჩვენ პატიოსნად ვაშუქებდით უკანონობის ამსახველ ვიდეომასალას და ნამდვილად არ მიფიქრია, მხარე ვიყავი თუ ჰორიზონტი. მთავარია, არავის აეჭვებდა თავად გადაღებული ვიდეომასალის უტყუარობა, თავისუფალი მედია საშუალება ვიყავით და მოპოვებულ მასალას მაყურებელს შეულამაზებლად ვაჩვენებდით და თუკი ვინმეს მხარეზე ვიყავით, ვიყავით ხალხის, საზოგადოების მხარეს, რომელიც სიმართლის შესატყობად წლების მანძილზე შემოგვყურებდა. სიუჟეტებში ცუდად ჩნდებოდა ის ხალხი, ვინც ამ უკანონობას ჩადიოდა და ეს სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერები იყვნენ, ვინაიდან გაყალბების საშუალება მხოლოდ მათ გააჩნდათ. ოპოზიციონრებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და ამ გაჭირვებულებს რისი დაშავების თავი ჰქონდათ?!

მოკლედ, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებმა ძალიან ქართულად ჩაიარა. გაიტაცეს ყუთები, ურტყეს ერთმანეთს, და სიახლე აღმოჩნდა ის, რომ უამრავმა ადამიანმა ვერ მისცა ხმა, ვინაიდან საარჩევნო სიებში არ აღმოჩნდნენ. ეს ძირითადად დედაქალაქში ხდებოდა, თუ რატომ - ამაზეც ვისაუბრებ.

ჩემსა და „გლობალ სტრატეჯი გრუპს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ეგზიტპოლის შედეგი არჩევნების დამთავრებისთანავე, ანუ 8 საათისათვის უნდა გადმოეცათ. ამ საათს მოუთმენლად ველოდებოდი. არჩევნების დასრულებამდე ერთი საათით ადრე მობილურ ტელეფონზე ზურა ჟვანიას გუნდის აქტიურმა წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა დამირეკა და მკითხა:

- ეროსი, იცი შედეგები?

- საიდან უნდა ვიცოდე შედეგები, ჯერ ეგზიტპოლიც არ მიმიღია.

გოგორიშვილი მიხსნის, რომ მარცხდებიან, ვინაიდან ზურას მომხრეები საარჩევნო სიებიდან ამოუღიათ. ძალიან მეწყინა, ეს მოულოდნელი ინფორმაცია იყო, მაგრამ რას ვუშველიდი.

8 საათამდე ცოტა ხნით ადრე თავად ზურა ჟვანიამ დამირეკა. ზურა მიხსნის, რომ არჩევნები გაუყალბეს და თუ მე ეგზიტპოლის შედეგს გამოვაქვეყნებ სწორი არ იქნება. დიდი კამათის შემდეგ, მას ვუთხარი, რომ მე აუცილებლად გამოვაქვეყნებდი ეგზიტპოლის შედეგს, ვინაიდან ეს „რუსთავი 2“-ის რეპუტაციის და ღირსების საკითხი იყო.

„ბოლო ხუთი წლის მანძილზე ხალხი მიეჩვია, რომ ჩვენ ეგზიტპოლის შედეგს ვაქვეყნებთ და რა ვუთხრა, რომ ჟვანიამ მთხოვა და ამიტომ არ გამოვაქვეყნე? მამაზეციერმაც რომ მთხოვოს, მე ამას ვერ გავაკეთებ“, - ვხაოდი ტელეფონში.

- ახლა მე ვეტყვი ნანა დევდარიანს, რომ ქუთაისში ორი უბანი ღამის 12 საათამდე არ დახუროს და იქნებ ამის მერე გაგეშვა ეგზიტპოლის შედეგი?“ - მეკითხება ჟვანია. ქუთაისში მართლა რაღაც ინციდენტები მოხდა, მგონი იქაც საარჩევნო ყუთები გაიტაცეს. ეს წესად ჰქონდათ, სადაც ხელისუფლება ვერ იმარჯვებდა იმ უბნებზე შუქებს აქრობდნენ და მერე საარჩევნო ყუთებს იტაცებდნენ.

- არა-მეთქი, ზურა, როგორც წესი და რიგია ისე მოვიქცევი, როცა მექნება შედეგები მაშინვე ვაქვეყნებ.

ამ პასუხმა ჟვანია ძალიან გააბრაზა და უცერემონიოდ გამითიშა ტელეფონი. ამასობაში 8 საათიც გახდა და მართლაც ქუთაისის ორი უბნის გარდა არჩევნები ყველგან დასრულდა. „გლობალ სტრატეგი გრუპ“-მა ეგზიტპოლის შედეგი არ გადმომიგზავნა. დავიძაბე. დავურეკე სკოტ ელდერს, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს და მეუბნება, რომ შედეგებს ამუშავებენ და ჯერ მზად არ აქვს. გახდა 9 საათი. შედეგი კიდევ არ მოიტანეს. უკვე ძალიან გავბრაზდი, რადგან „კურიერშიც“ ვერ ვაჩვენებდით წინასწარ შედეგს და უკვე ელდერთან საჩხუბრად წასასვლელად გავემზადე, რომ ამ დროს გიგა ბოკერია მესტუმრა. სააკაშვილს ყველა მხრიდან ეუბნებიან, რომ არჩევნებს იგებს, მაგრამ მან არ იცოდა, მე გამოვაქვეყნებდი თუ არა ეგზიტპოლის შედეგს. ბოკერია ამის გასაგებად გამომიგზავნა.

- არა გრცხვენია, გიგა, რას ჰქვია „არ ვაქვეყნებ“?! რა წუთშიც შედეგებს მომიტანენ, მაშინვე ვაჩვენებ, - ვეუბნები ბოკერიას. ბოკერია გაიბადრა და გახარებულმა ჩემივე კაბინეტიდან დაურეკა სააკაშვილს და უთხრა, რომ „ეროსი ეგზიტპოლის შედეგს აჩვენებს“.

ამ დროისათვის არც ერთი ტელეკომპანია ეგზიტპოლის არანაირ შედეგს არ აჩვენებდა, არადა, როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებამ პატარკაციშვილის ფულით „ნიკოლო მ“ დაიქირავა.

„თუკი ეგზიტპოლს ვერ გავუშვებ, ვერავინ გაიგებს, რომ შევარდნაძე დამარცხდა“ - გამიელვა თავში და ეს მართლაც ასე იქნებოდა. რეალურ ანუ ხელისუფლებისთვის არასასურველ შედეგს არც ცენტრალური საარჩევნო კომისია და არც ეს „ნიკოლო მ“ არ გამოაქვეყნებდა და განრისხებული მივვარდი ჩემს მიერ დაქირავებული „გლობალ სტრატეგი გრუპი“-ს ოფისში. – „ფული გადაგიხადე? გადაგიხადე. შევთანხმდით, რომ 8 საათზე შედეგებს მომცემდი? შევთანხმდით. მაშინ, მომეცი შედეგი, ხომ ხედავ 10 საათი ხდება!“ - ვეუბნები სკოტს.

ეს დაბნეულია, არ იცის რა ქნას და მეუბნება, რომ მისი სათაო ოფისიდან დაურეკეს, რომ ეგზიტპოლის შედეგი არ გამოაქვეყნოს. გავგიჟდი - რა სათაო ოფისი?! „ხომ არ გადაირიეთ, შედეგები მომეცით?!“ - უკვე მკაცრად ვითხოვ კუთვნილს. ეჭვი გამიჩნდა, რომ ჟვანიამ დარეკა ამათ სათაო ოფისში და ახლა მათ თავისებურად აუხსნა, რომ ამ ეგზიტპოლის გამოქვეყნება არ შეიძლება, იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს მათ რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს.

10 საათზე ეგზიტპოლის შედეგი ხელთ მქონდა, სკოტ ელდერი დამნებდა, ვინაიდან ნახა, რომ სხვა გამოსავალს ნამდვილად არ დავუტოვებდი. თერთმეტის რაღაც წუთებზე ეგზიტპოლის შედეგი მაყურებელს ვაჩვენე:

„ნაციონალური მოძრაობა“ - 20,8; „ახალი საქართველოსთვის“ - 12,9; “ლეიბორისტები”-12,8; “აღორძინება”- 9.7; “ბურჯანაძე- დემოკრატები”- 7,6; “ახალი მემარჯვენეები”- 7,0

ამ შედეგის ნახვის შემდეგ გახარებული სააკაშვილი მომხრეებთან ერთად ქუჩაში გავარდა და გამარჯვებას ზეიმობდა. ამასთან, გაიძახოდა, რომ ძალიან წუხდა, რომ „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს?! თუმცა ეგზიტპოლი ამას არ უჩვენებდა, ზურა მეხუთე ადგილზე გავიდა და დიდი რისკი იყო, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილიყო, თუმცა სააკაშვილი მაინც ავად წინასწარმეტყველებდა. ზურა დეპრესიაში ჩავარდა. მას ეჭვი გაუჩნდა, რომ სააკაშვილი სახელმწიფო მინისტრს გაურიგდა და ესენი მის პარლამენტს გარეთ დატოვებას ცდილობდნენ.

მართლაც ყველაზე მეტად საარჩევნო სიები აირია იმ უბნებში, სადაც ზურას მყარი ელექტორატი ჰყავდა: მთაწმინდაზე, ვაკეში, საბურთალოზე, დიდუბეში, ჩუღურეთში. მას ქალაქის ცენტრალურ უბნებში ბევრმა მომხრემ ხმა ვერ მისცა, დაიჩაგრნენ მისი დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატებიც.

სამ ნოემბერს მთაწმინდის საარჩევნო უბანზე “ბურჯანაძე- დემოკრატების” მაჟორიტარმა კანდიდატმა გიგი წერეთელმა დაიჩივლა, რომ მისი მომხრეები არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საარჩევნო სიებიდან ამოიღეს და უამრავმა მხარდამჭერმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. საპირისპიროდ, კი მთაწმინდის ოლქს სამთავრობო დაცვის ორი ათას კაციანი კონტიგენტი მიაწერეს და მათმა უმრავლესობამ ზემდგომთა ბრძანებით, ხმა სახელისუფლებო ბლოკის კანდიდატს თბილისის ყოფილ პრემიერს, ზურა ბიბილეიშვილს მისცა.

“მთაწმინდა ირჩევს ნაღდ მთაწმინდელს,”- გამოეპასუხა წერეთელს ბიბილეიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი - გოგა ხაინდრავა, რომელიც საპროტესტო ღონისძიებებზე 15 ნოემბერს გამოჩნდა. რევოლუციამდე სამი დღით ადრე, ახალგაზრდა მწერლებთან ერთად უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და განაცხადა - „კიი, აბა, ამ უსინდისო ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბაო“. ვითომ თავად არ ხელმძღვანელობდა იმ კანდიდატის საარჩევნო შტაბს, რომელმაც გაყალბებული ხმებითაც ვერ მიაღწია სრულ გამარჯვებას და მეორე ტურში გავიდა. მეორე ტურში რეალურად გია თორთლაძე გადიოდა, მაგრამ ბიბილეიშვილმა ის უბნები გააუქმებინა, სადაც თორთლაძე ლიდერობდა. რევოლუციურ მთავრობაში ხაინდრავა კონფლიქტების დარეგულირების მინისტრი გახდა. თუ რევოლუცია დამარცხდებოდა, ამაგს არც შევარდნაძის კარზე დაუკარგავდნენ.

3 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც რაღა თქმა უნდა, ეგზიტპოლის შედეგებისგან სახელისუფლებო ბლოკის სასარგებლოდ განსხვავდებოდა:

“ნაციონალური მოძრაობა“ - 23,5%; “ახალი საქართველოსთვის” - 24,3%; “ლეიბორისტები” - 14,7%; “აღორძინება”- 8,1%; “ბურჯანაძე- დემოკრატები”- 8,8%; “ახალი მემარჯვენეები” - 6,7%; “მრეწველები” – 7%.

ამ შედეგმა სააკაშვილი გაახელა და უმალვე საპროტესტო აქციები წამოიწყო. ზურას დიდად ეიმედებოდა, რომ არჩევნებს მოიგებდა და შედეგად მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა, სათუო გახდა საერთოდ გადალახავდა თუ არა საარჩევნო ბარიერს. ის დეპრესიაში ჩავარდა და ვაშლიჯვრის ოფისში გამოიკეტა.

სამ ნოემბერს სააკაშვილის საპროტესტო აქციას სულ რამდენიმე ასეული კაცი დაესწრო. მიშა ითხოვდა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეალური შედეგი გამოექვეყნებინა და მისი გამარჯვება ეღიარებინა ისე, როგორც ამას ჩვენი ეგზიტპოლი აჩვენებდა.

მეეჭვებოდა, რომ მარტო სააკაშვილი რაიმე შედეგს მიაღწევდა, ის არ იყო დედაქალაქში პოპულარული და თბილისის მოსახლეობის საპროტესტოდ მოსამართად აუცილებელი იყო ზურა ჟვანიას გააქტიურება.

ზურას საკმარისად ვიცნობდი, მისი ხასიათიდან გამომდინარე ის აუცილებლად ძალიან უნდა გამეღიზიანებინა, რომ დეპრესია დაევიწყებინა და ამოქმედებულიყო. 2001 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ზურა პოლიტიკიდან საერთოდ ჩამოშორებას აპირებდა და ოჯახთან ერთად ამერიკაში ლექციების წასაკითხად მიემგზავრებოდა. ნაბიჯს, რომელსაც გადავდგამდი, ზურა გარანტირებულად უნდა გაემწარებინა. ვფიქრობდი, მოცემულ მომენტში მას რა გაბრაზებდა ყველაზე მეტად და მოვიფიქრე: ვაშლიჯვრის ოფისში ზურასთან შესახვედრად - გიგა ბოკერია წავიყვანე. ჯერ ისე ეზიზღებოდა ეს ბოკერია, და ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ, ზურაზე ისე იმოქმედა გამარჯვებული ბოკერიას დანახვამ. კაბინეტში შესვლისთანავე მეცა - შენ დაღუპე ყველაფერი, რაც ხდება სულ შენი ბრალიაო, და ამისთვის მლანძღა და მთათხა. გაბრაზდა.

- ზურა ფანჯარასთან მოდი, რაღაც უნდა გაჩვენო, - ვეუბნები მას და ზურა გაკვირვებული მოვიდა.

- ხომ ხედავ ახლა შენი ოფისის ეზოში რამდენი მანქანა დგას? თუ ხვალიდანვე ქუჩაში არ გამოხვალ ერთი კვირის შემდეგ აქ მხოლოდ შენი მანქანა იდგება.

ჟვანიამ ჩემზე უკეთ იცოდა, რომ დამარცხებულ ზურას თანამებრძოლები მიატოვებდნენ, მაგრამ ბოკერიას თანდასწრებით რომ ამას ვეუბნებოდი, ეს არჩევნებში მარცხზე მეტად აღელვებდა. მან კიდევ იბუზღუნა, იბუზღუნა და ჩვენ წამოვედით.

4 ნოემბერს დილით ირაკლი ჩუბინიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ თქვენი წასვლის შემდეგ ზურამ 2 საათი გამოიძინა, მერე ადგა და ყველას გამოგვიცხადა, მოემზადეთ, ხვალიდან ისევ ვიქოქებითო და მართლაც 4 ნოემბერს ჟვანიამ ფილარმონიაში მოხრეები შეკრიბა და არჩევნების შედეგები გააპროტესტა. ჟვანია სააკაშვილს შეუერთდა. მიშა ითხოვდა, რომ გამარჯვებულად ეღიარებინათ, ჟვანია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

5 ნოემბერს ცეესკომ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა:

“ნაციონალური მოძრაობა - 22,0; “ახალი საქართველოსთვის”- 24,7; “ლეიბორისტები” - 13,5; “აღორძინება” - 6,5; “ბურჯანაძე-დემოკრატები” - 8,85; “ახალი მემარჯვენეები” - 7,76; “მრეწველები” – 6.

5 ნოემბერს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო მიტინგზე ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა, ლევან კენჭაძემ ნანა ლეჟავას ვიდეოკამერა დაუმტვრია. ხელისუფლებას მხოლოდ „რუსთავი 2“ აღიზიანებდა.

6 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აჭარიდან საარჩევნო მონაცემები ჩამოიტანეს. შედეგი გაუგონარი: 284 ათასი ამომრჩევლიდან “აღორძინებამ” 270 ათასი ხმა მიიღო. ამასთან, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 50 ათასით გაუზრდიათ. 6 ნოემბერს ასლანი უკვე ფავორიტი გახდა და შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარეობაზე პრეტენზიაც გაუჩნდა. ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი, ხოლო შემდეგ - პრეზიდენტობაც, ასლანს ამის სურვილი ჰქონდა. აჭარის ხმების გათვალისწინებით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

“ნაციონალური მოძრაობა - 18,5; “ახალი საქართველოსთვის” - 20,2; “ლეიბორისტები” - 11,7; “აღორძინება” - 21,0; “ბურჯანაძე- დემოკრატები” - 7,76; “ახალი მემარჯვენეები” - 6,5; “მრეწველები”- 5

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უკმაყოფილოები დარჩნენ შალვა ნათელაშვილი და ირინა სარიშვილი-ჭანტურია. სარიშვილი-ჭანტურიამ შევარდნაძეს ულტიმატუმი წაუყენა - ჟვანია ხმებს აყალბებს და თუ იგი ბარიერს მიღმა არ დარჩება, მაშინ მე საარჩევნო სიიდან ამომიღეთო. შალვა ნათელაშვილმაც თქვა, რომ უცხოეთში ხმები ჟვანიას სასარგებლოდ ყალბდება და თუ ასე გაგრძელდა, მე პარლამენტში შესვლაზე უარს ვაცხადებო. შალვას, რა თქმა უნდა, აწყობდა, რომ ცოტა პარტიას გადაელახათ ბარიერი, ასე ხომ მეტ მანდატს მიიღებდა, რაც მისთვის მეტ პოლიტიკურ და ფინანსურ სარგებელს ნიშნავდა. არც ერთს არ გაუპროტესტებია ის ფაქტი, რომ აჭარაში არჩევნები საშინლად გაყალბდა. 6 ნოემბერს სააკაშვილის, სარიშვილის და ნათელაშვილის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა: ჟვანია პარლამენტში არ უნდა შესულიყო. ამით სააკაშვილი პოსტშევარდაძისეული პერიოდისთვის საპრეზიდენტო მარათონში ყველაზე საშიში მეტოქის გამოთიშვას ესწრაფვოდა.

არც ზურა იჯდა გულხელდაკრეფილი და მას უცხოეთიდან ხმები ნამდვილად ჩამოუვიდა, ისევე როგორც “ახლებს” და “მრეწველებს”. თუმცა, ასლანის შედეგის გადასაფარად იქაც სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობდა. ემიგრანტები, რომლებიც შევარდნაძის ხელისუფლებამ აიძულა, რომ ლუკმაპურის საშოვნელად სხვა ქვეყნებში გადახვეწილიყვნენ, ვითომდა შევარდნაძეს აძლევდნენ ხმას. მოსკოვში თითო ამომრჩეველი 8 წამში ასწრებდა ხმის მიცემას, ეს შედეგი ქვემო ქართლში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილმაც გაიმეორა. სადღაც სვეტლოგრადში, რომელსაც შესაძლოა რუკაზეც ვერ იპოვით, ქართველ ემიგრანტებს არჩევნებზე დიდად უაქტიურიათ და ხმები „მრეწველების“, „ახლების“ და შევარდნაძის სასარგებლოდ მიუციათ. თუმცა, გადამოწმების შემდეგ, საარჩევნო უბნის მისამართზე სუპერმარკეტი აღმოჩნდა, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, მამუკა ჯინჭარაძეს ეკუთვნოდა. ნოვოსიბირსკში საარჩევნო უბანი, ვითომდაც, ვიღაცის კერძო კომუნალურ ბინაში მოუწყვიათ.

არჩევნების გაყალბება სახეზე გახლდათ. ჩვენ არჩევნების შემდეგ “კმარას” კლიპებს მუდმივად ეთერში ვატრიალებდით. ეს კლიპები ალექსანდრე ლომაიამ მოამზადებინა და საზოგადოებას არჩევნების გამყალბებლებს ვუჩვენებდით. “ეს არ არის მისი სახე” - ისმოდა ტექსტი გამყალბებლების სახეების ფონზე.

7 ნოემბერს ოფისში ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რაღაც გაფრთხილების წერილი გამომიგზავნა, “კმარას” ეს კლიპები აღარ აჩვენო, თორემ სასამართლოში გიჩივლებთო. ყურადღება არ მიმიქცევია, პირიქით - ახალ ახალ გამყალბებლებს ვამათრახებდით.

ამასთან საღამოს დებატებზე იწვევდნენ დაპირისპირებულ მხარეებს და გამყალბებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დებატებში, როგორც წესი, მარცხდებოდნენ. ეს საუბრები თითქმის ნონ-სტოპის რეჟიმში მუშაობდა.

ჟვანია და სააკაშვილი ცალ-ცალკე ცდილობდნენ ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგის დაფიქსირებას, თუმცა მე მათ ვუთხარი, რომ თუკი რომელიმე მათგანი ხელისუფლებასთან გარიგდებოდა, მის წინააღმდეგ „რუსთავი 2“ აუცილებლად მწვავე რეაგირებას მოახდენდა. ხმებით ვაჭრობას არაფერი საერთო ჰქონდა არჩევნებთან და ამ მომენტში გამყალბებლებთან გარიგება ამორალურად მიმაჩნდა.

8 ნოემბერს დიდი საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართა. საღამოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა შენგელიამ დამირეკა და მითხრა, რომ ჯორბენაძეს და ხელისუფლების სხვა პირებს ჩემთან შეხვედრა სურდათ. საღამოს მე შენგელიას სახლში მივედი, სადაც ავთო ჯორბენაძე, შევარდნაძის დაცვის უფროსი სულხან პაპაშვილი, შინაგან და უშიშროების მინისტრები დამხვდნენ. მათ აწუხებდათ ქუჩაში გამოსული ხალხი და მთხოვდნენ, რომ საპროტესტო მიტინგი პირდაპირი ეთერიდან გამომერთო.

- რა ვქნათ, ახლა რა გავაკეთოთ? - მეკითხება ჯორბენაძე.

- ავთო, მე შენ გაფრთხილებდი, გეუბნებოდი, რომ რაც მეკუთვნოდა, ის უნდა გადაგეხადა, შენ პატარკაციშვილს დაუჯერე და ჩემი ტელეკომპანიის დახურვა გადაწყვიტე. რაც მიიღე, ხომ ხედავ?

- კი, მაგრამ, ჩვენ თანახმა ვართ 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებ და მოვლენებს ნეიტრალურ რეჟიმში გააშუქებ.

- არა, ეს საქმე აღარ გამოვა, - ვპასუხობ მე.

- აბა, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

- რა ქენით და თუ შევარდნაძე რამე სისულელეს გიბრძანებთ, გიჟის ხალათი ჩააცვით, გაკოჭეთ და დააშოშმინეთ, - ვურჩიე გამოსავალი.

არ ვიცი, შევარდნაძეს რა გადასცეს, მაგრამ ამერიკის ელჩის, მაილსის შუამავლობით, მეორე დღეს ბურჟანაძე, ჟვანია და სააკაშვილი შევარდნაძეს მოსალაპარაკებლად კანცელარიაში ეწვივნენ. ამაზე ძალიან გავცხარდი. მე ვითხოვდი, რომ ეს შეხვედრა ნეიტრალურ ადგილზე შემდგარიყო, ესენი მაინც კანცელარიაში ესტუმრნენ, რითაც შევარდნაძემ აჩვენა, თუ ვინ იყო ოჯახის უფროსი.

ამ შეხვედრამ ის შედეგი გამოიღო, რომ სააკაშვილმა რესპექტაბელური ჟვანია-ბურჯანაძის ფონზე კვლავ ქულები ჩაიწერა. შეხვედრიდან გამოვარდა, შევარდნაძე ჩაუშესკუა და მე მასთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვსო - იძახა. შევარდნაძემ თავი მოისაწყლა, დარღვევებზე არაფერი ვიციო და ჟვანიას შეთავაზა, რომ მოდი, სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომ დარღვევები აღმოვხვრათო. ეს იყო სრულიად უადგილო შეთავაზება. შევარდნაძე მოვლენებს ადექვატურად ვერ აფასებდა და რამდენიმე დღის შემდეგ ეს ყველასთვის თვალნათელი გახდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურა მომიტინგეებთან ჩავიდა და განაცხადა, რომ შევარდნაძის დანიშნული პარლამენტი ვერ უნდა შეიკრიბოსო. ამის პასუხად ნათელაშვილი გაიძახოდა, რომ სოროსი, რაღაც სომხური ლობი და მადლენ ოლბრაიტი რევოლუციას აწყობენო. შემდეგში მხოლოდ სომხურ ლობს და სოროსს ახსენებდა, ოლბრაიტი დაივიწყა.

სააკაშვილი კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს თანხმდებოდა, თუ ერთდროულად საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდებოდა. მან იგრძნო, რომ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მისი რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა.

10 ნოემბერს ცსკო-მ ახალი მონაცემი დააფიქსირა, სადაც უკვე შევარდნაძის საარჩევნო ბლოკმა ასლანს გადაასწრო:

“ნაციონალური მოძრაობა - 18,1; “ახალი საქართველოსთვის” - 20,6; “ლეიბორისტები” - 12,2; “აღორძინება” - 18,8; “ბურჯანაძე- დემოკრატები”- 8,81; “ახალი მემარჯვენეები” - 6,7; “მრეწველები”- 4,9

10 ნოემბერს სააკაშვილის და ჟვანიას მომხრეებმა პარლამენტის წინ შიმშილობა გამოაცხადეს. “შევარდნაძემ აღიაროს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება ან გადადგეს”, - მოითხოვდნენ მოშიმშილეები.

10 ნოემბერს “მრეწველებმა”, “ლეიბორისტებმა” და “აღორძინების” წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია მოიწვიეს და გამოაცხადეს, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ინტერვიუებს აღარ მისცემდნენ და აღარც თავთავიანთ ოფისებში შეუშვებდნენ. ცოტნე ბაკურიამ გამოაცხადა, რომ ჩვენ დანაშაულებრივი დაჯგუფება ვიყავით და მან იცოდა, რომ ჩვენ ორი გლობალური სექტა გვაფინასებდა, “ლეიბორისტები” ამტკიცებდნენ, რომ თურმე ჟვანიამ 14 მილიონ დოლარად მოგვისყიდა. სრული იდიოტიზმი.

11 ნოემბერს შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილს გადასცა ჯილდო - “სახალხო აღიარებისთვის.”

11 ნოემბერს ჯორბენაძის მითითებით სამგორის რაიონის სასამართლომ იმ საარჩევნო უბნების შედეგები გააუქმა, სადაც “ბურჯანაძე-დემოკრატების” მაჟორიტარი კანდიდატი მიხეილ მაჭავარიანი ლიდერობდა. ჟვანიამ და მაჭავარიანმა ერთი ამბავი ატეხეს, მანდატს გვართმევენო, თუმცა მიტინგებზე აცხადებდნენ, რომ უკანონოდ არჩეულ პარლამენტში არ შევიდოდნენ.

12 ნოემბერს ზაზა შენგელიამ კვლავ დამირეკა და მთხოვა, კიდევ ერთხელ შევხვედროდი ჯორბენაძეს და ძალოვან მინისტრებს. ეს შეხვედრაც შენგელიას ბინაზე შედგა და პირველი შეხვედრის მსგავსად უშედეგოდ დამთავრდა. ის თანხა, რომელსაც არჩევნების წინ ჯორბენაძეს ვთხოვდი, მე საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხელისუფლების და ბადრის წინააღმდეგ საბრძოლველად, საკუთარი ტელეკომპანიის გადასარჩენად მჭირდებოდა და არა გასამდიდრებლად. რის სანაცვლოდ ამეღო ფული, რომ მშვიდად მეცქირა გამარჯვებული ჯორბენაძე-პატარკაციშვილისთვის? ესენი ხომ პირველივე ხელსაყრელ მომენტში სასტიკად გამისწორდებოდნენ? ამიტომ იმ მილიონების აღებაზე უარი ვთქვი და კვლავ პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდი საპროტესტო აქციებს, ყოველ საღამოს დებატები იმართებოდა და “კმარას” რეკლამასაც ვაჩვენებდი. ამ დროს პირველად ვაჩვენე დოკუმენტური ფილმი სერბულ რევოლუციაზე, სადაც რეგიონებიდან ჩამოსულ ხალხთან ერთად ბელგრადელებმა მილოშევიჩი დაამხეს.

12 ნოემბერს შუაღამით ჯორბენაძე და სააკაშვილი საიდუმლოდ შეხვდნენ ერთმანეთს. სააკაშვილი, რომელიც ორი დღის წინ აცხადებდა, რომ შევარდნაძესთან მოლაპარაკებას წყვეტდა, ჯორბენაძეს ეთათბირებოდა. მე მათი შეხვედრის თაობაზე ტელევიზიით ამერიკის ელჩისგან შუადღისით შევიტყვე. სააკაშვილი მანამდე გატრუნული იყო, ვითომ არაფერი მომხდარა. მაილსი წინ და უკან დარბოდა, რომ როგორმე ოპოზიციას ხელისუფლებასთან საერთო ენა გამოენახა და “პროცესები კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გასულიყო”.

სააკაშვილი უხერხულ დღეში ჩავარდა, შესაძლოა არ ეგონა, თუ მაილსი ჯორბენაძესთან მის ღამეულ შეხვედრას არ გაახმაურებდა, თუმცა ფაქტის წინაშე დადგა და, მაილსის თხოვნით შევხვდითო - თავს იმართლებდა. თავის მხრივ ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილთან პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავდა. ზურა თამაშგარე დატოვეს. 2009 წელს ჟურნალისტებთან 4-საათიანი შეხვედრისას, სააკაშვილმა ჯორბენაძესთან შეხვედრის მიზეზი დაასახელა: ის დამატებით სამ სადეპუტატო მანდატს ითხოვდა, 32 ადგილის ნაცვლად - 35-ს. სულ ეს იყო მისი რევოლუციონერობა. მანამდე კიდევ ჟვანია სამგორის სადეპუტატო მანდატს მისტიროდა.

ფაქტია, რომ ესენი საპარლამენტო ადგილებს ითხოვდნენ. ხელისუფლება მათ უარეს შემთხვევაში სასურველი რაოდენობის მანდატებს არ მისცემდა, მხოლოდ მე არ დავიტოვე და თავად ჩავიხერგე უკან დასახევი გზა. ჯორბენაძე სააკაშვილს პირდებოდა, რომ მას გამარჯვებულად გამოაცხადებდნენ, მაგრამ “ნაციონალები” სახელისუფლებო ბლოკს 0,1 პროცენტით გაუსწრებდა. სააკაშვილს ეს პირობა არ აკმაყოფილებდა, მას პარლამენტში მეტი კანდიდატის გაყვანა სურდა. ჯორბენაძეს და სააკაშვილს ფარული ალიანსი ჰქონდათ. დაუკვირდით, რევოლუციის შემდეგ სააკაშვილმა შევარდნაძის ჩინოვნიკებს ტყავი გააძრო, ფულები გადაახდევინა, ციხის კედლები ახეხინა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რომელიც შევარდნაძის საარჩევნო გაერთიანებას ხელმძღვანელობდა, ამ ეგზეკუციას გადაურჩა. მას არც კაპიკი გადაუხდია და არც მის ბიზნესს შეხებია ვინმე. ამიტომ, ზურას ეჭვი, რომ სააკაშვილი ჯორბენაძესთან ერთად ცდილობდა, მის პარლამენტს გარეთ დატოვებას, სავსებით ლოგიკურია.

13 ნოემბერს, ანუ მეორე დღეს როცა ჯორბენაძე მოლაპარაკებიდან გაწბილებული გავუშვი, ცსკო-მ „რუსთავი 2“-ს აკრედიტაცია გაუუქმა.

14 ნოემბერს ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსმა არმაზ თავაძემ “კმარას” რეკლამის გაშვების გამო ვაკის სასამართლოში გვიჩივლა.

14 ნოემბერს ახალმა მემარჯვენეებმა გამოაცხადეს, რომ ისინი პარლამენტში შევიდოდნენ. ამ დროს ცსკო-ს მონაცემი შემდეგია:

“ნაციონალური მოძრაობა - 17,5; “ახალი საქართველოსთვის”- 20,7; “ლეიბორისტები” – 12; “აღორძინება” - 18,5; “ბურჯანაძე- დემოკრატები”- 8,81; “ახალი მემარჯვენეები” - 6,7; “მრეწველები”- 5,18.

სად უნდა შესულიყვნენ “ახლები”? ამ მონაცემებით ხომ ბარიერს ვერ ლახავდნენ? მაგრამ მათ ბადრის იმედი ჰქონდათ, რომ 7-პროცენტიან ბარიერს ის გადაალახვინებდა. მე ამ მომენტით ვისარგებლე და მამუკა ხერხეულიძის სახლში ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებს და დათო გამყრელიძეს შევხვდი. მათ ვურჩევდი, რომ ჟვანია-სააკაშვილის საპროტესტო აქციას შეერთებოდნენ. გიორგი მეთანხმებოდა, მაგრამ გამყრელიძემ დაიჟინა, რომ ჟვანიასთან და სააკაშვილთან არ გაერთიანდებოდნენ და ჩემი ინიციატივა საპროტესტო აქციის გასაძლიერებლად წარუმატებლად დასრულდა.

შალვა ნათელაშვილისთვის იდეალური სურათი შეიქმნა. პარლამენტში ვერც “მრეწველები” და ვერც “ახლები” ხვდებოდნენ, თუმცა “ბურჯანაძე-დემოკრატებზე” მიუთითებდა, რომ საარჩევნო ბარიერი ვერც მათ გადალახეს. 14 ნოემბერს შალვა აცხადებდა, რომ შევარდნაძემ სააკაშვილი გამარჯვებულად უნდა აღიაროსო. შალვას სურდა, რომ სიტუაცია ჩამცხრალიყო, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, უკვე მერამდენედ, პარლამენტს გარეთ დარჩებოდა. მისმა პარტიულმა აქტივმა ნათელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად გამოაცხადა. ისიც, საპრეზიდენტო სავარძელს თავისებურად უმიზნებდა

საარჩევნო ბარიერის გადასალახად ძალიან ჯახირობდნენ “მრეწველები,” მათ საზღვარგარეთიდან 20 ათასი ხმა დაუმატეს, მაგრამ ასლან აბაშიძემ და ლევან მამალაძემ იმდენად გაბერეს საარჩევნო სიები, რომ ბარიერის გადასალახად აღარც ეს ხმები ჰყოფნიდათ. ცსკო-მ თამასის დასაწევად ბათილი ხმების რაოდენობა სათვალავში აღარ მიიღო, რომ როგორმე არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა შეემცირებინა, რათა “ახლებს” და “მრეწველებს” პარლამენტში შესვლა მოეხერხებინათ, თუმცა ეს ნაბიჯი მხოლოდ “ახლებს” წაადგათ.

14 ნოემბერს ოპოზიციამ ქუჩაში 50 ათასი კაცი გამოიყვანა. ეს იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია, რომელიც 22 ნოემბრამდე გაიმართა.

15 ნოემბერს შიმშილობის აქცია შეწყდა და ოპოზიცია ხალხის თბილისში ჩამოსაყვანად რეგიონებში გაემართა. შევარდნაძემ კიდევ ერთი არაადექვატური გამოსავალი მონახა და ოპოზიციას რამდენიმე მეორეხარისხოვანი საპარლამენტო კომიტეტის დათმობას დაპირდა. ცხადი იყო, რომ შევარდნაძე სიტუაციას ვერ აკონტროლებდა, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ როგორ ძულდა ხალხს მისი მმართველობა. მისი გარემოცვა კი მაამებლურად ამშვიდებდა, რომ არაფერი სერიოზული ოპოზიციის ძალისხმევას არ მოყვებოდა. ამის გამო შევარდნაძე არაფრის დათმობას არ აპირებდა. იგი ბათუმში ასლან აბაშიძეს ესტუმრა და იქ მიიღო გარანტია, რომ ასლანი მას ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენდა. შესაძლოა, რომ ორი „ბაბუ“ გარიგდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ასლანის კანდიდატი დაიკავებდა. ამ შეხვედრის შემდეგ ასლანის მხარდამჭერები გააქტიურდნენ და პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.

19 ნოემბერს „ახალი მემრჯვენეების“ მაჩვენებელი 6,9 პროცენტი გახდა. ცხადია, ხელისუფლება „ახლების“ პარლამენტში შესაყვანად ბადრის თანხაზე ევაჭრებოდა. თუმცა ცესკო-ს ეს მცდელობა ნათელაშვილმა გააპროტესტა და გამოაცხადა, რომ თუ „ახლები“ პარლამენტში შევიდოდნენ, მაშინ ლეიბორისტები პირველ სხდომას არ დაესწრებოდნენ.

19 ნოემბერს სამთავრობო თათბირზე შევარდნაძემ პირველი არხის ხელმძღვანელი ზაზა შენგელია გააკრიტიკა და მას უსაყვედურა, რომ ხელისუფლების ინტერესს „მზე“ და „იმედი“ უფრო იცავდნენა, ვიდრე სახელმწიფო ტელეკომპანია. ეს ტელეკომპანიები ცდილობდნენ, მიტინგები ისეთი რაკურსით გადაეღოთ, რომ მიტინგზე რაც შეიძლება ცოტა ხალხი გამოჩენილიყო, ამით ხელისუფლების დაკვეთას ახორციელებდნენ. ზაზა შედარებით, ნეიტრალურად აშუქებდა პროცესებს, თუმცა მარტო ეს არ იყო შევარდნაძის გაბრაზების მიზეზი.

საქმე ისაა, რომ ნოემბრის მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე, მე ზაზა შენგელიასთან და მის მოადგილე კახა ბექაურთან ერთად სარეკლამო კომპანია „მაგი მედია“ დავაფუძნე. ეს კომპანია ფლობდა „რუსთავი 2“-სა და პირველ არხზე რეკლამის გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას და შევარდნაძეს ენა მიუტანეს, რომ შენგელია ეროსი კიწმარიშვილის ბიზნეს-პარტნიორიაო. ამიტომ წამოაძახა შევარდნაძემ შენგელიას, რომ ან ჩვენსკენ იყავი ან იმათკენო. ზაზა გადადგომას აპირებდა, თუმცა ტელევიზიაში ავთო ჯორბენაძემ მიაკითხა და მოთხოვა, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა, ვინაიდან სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებდა. იგივე არგუმენტით, მე შენგელიას გადადგომა მოვთხოვე და მან გადადგომა ამჯობინა.

19 ნოემბერსვე ვაკის სასამართლომ ქურდულად ჩაატარა სასამართლო სხდომა და ანტიმონოპოლიურ სამსახურს სარჩელი დაუკმაყოფილა: ჩვენ „კმარას“ რეკლამის გაშვების გამო 130 ათასი დოლარით დაგვაჯარიმა. დღეს ამ ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი უფროსი არმაზ თავაძე სადაზღვევო კომპანია „ირაოში“ მიშა სააკაშვილის ბიზნეს-პარტნიორია!

20 ნოემბერს ცსკო-მ პროპორციული წესით არჩევნების საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა:

„ნაციონალური მოძრაობა“ - 18,8; „ახალი საქართველოსთვის“ - 21,58; „ლეიბორისტები“ – 12; „აღორძინება“ - 18,84; „ბურჯანაძე-დემოკრატები“- 8,75; „ახალი მემარჯვენეები“ - 7,35; „მრეწველები“- 6,17.

ამ პერიოდში ბრძოლა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტისთვის პიკს აღწევს. ბადრი პატარკაციშვილი ვაჟა ლორთქიფანიძეს, ხოლო ასლან აბაშიძე - ჯემალ გოგიტიძეს ლობირებდნენ. ჯემალ გოგიტიძემ ბადრი პატარკაციშვილისთვის რიტუალების სასახლის ჩამორთმევა და მისი ლტოლვილებისთვის გადაცემა მოითხოვა, ვითომ ძალიან აწუხებდა ამ ხალხის ბედი. მეტიც, გოგიტიძე ბადრის საქართველოდან გასახლებას ითხოვდა, ძებნილია და რუსეთს გადავცეთო. ამ ბრძოლის ერთადერთი მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი გახლდათ, ანუ ეს პოსტი ბადრის და ასლანს პრეზიდენტად გახდომისთვის ტრამპლინად ესაჭირეობოდათ.

20 ნოემბერს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებიც ამ უკანონოდ არჩეულ პარლამენტს ვითომდა ბოიკოტს უცხადებდნენ, დეპუტატის მანდატის მისაღებად აუცილებელი სამედიცინო შემოწმება გაიარეს. როგორც ვიცი, ჟვანია-ბურჯანაძის ჯგუფიდან შარდის ანალიზი მხოლოდ ვასილ მაღლაფერიძეს არ ჩაუბარებია. გია ბარამიძე აცხადებდა, რომ შარდის ანალიზი იმის დასამტკიცებლად ჭირდებოდა, რომ ნარკომანი არ იყო. ვითომ ვინმე ადანაშაულებდა, რომ როდესმე ნარკომანი იყო. სააკაშვილმა 20 ნოემბერს პირველმა ჩააბარა შარდი და ამის შემდეგ გაემართა დასავლეთში საპროტესტო ელექტორატის თბილისში ჩამოსაყვანად.

საკაშვილი საპროტესტო აქციების ლიდერი გახდა. მან თბილისზე მარში წალენჯიხიდან დაიწყო. ჩვენ მის ყოველ გადაადგილებას პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდით: აი, მიშა მომხრეებთან ერთად წალენჯიხიდან გამოვიდა, შევიდა ზუგდიდში, ქუთაისში და ა.შ.

21 ნოემბერს, საღამოს, მიშა გორში ჩავიდა. გორიდან მიშას ყველაზე მეტი 200 ავტომანქანა გამოჰყვა, სადაც ჰა-ჰაა 1000 მომხრე თუ იქნებოდა. ამასთან ეს კოლონა სავალი ნაწილის ორივე ზოლზე ნელი სვლით მოძრაობდა, ის ავტომანქანებიც იძულებით შეერიათ რომლებთა მძღოლებს აქციასთან საერთო არაფერი ჰქონდათ. მცხეთასთან მოახლოებულ კოლონას ჩვენი ოპერატორი ბაქარ შარაშენიძე ჯვრის მონასტრიდან იღებდა და მართლა შთამბეჭდავი სურათი გამოვიდა: ჩაბნელებულ ტარასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი. „რუსთავი 2“-ის მეშვეობით თბილისელებმა დეტალურად იცოდნენ ავტოკოლონის გადაადგილების მარშრუტი და დიდი დიღმის, დიღმის მთელი მოსახლეობა მათ დასახვედრად ქუჩებში გამოეფინა. 21 ნოემბერს მე კიდევ ერთხელ ვაჩვენე ფილმი სერბულ რევოლუციაზე, მუდმივად კადრში იყო სააკაშვილის ავტოკოლონა და მეორე დღისით დედაქალაქის ათეულ ათასობით მოსახლეობა და მთელი რეგიონები თბილისში ჩამოვიდნენ.

ჟვანიას იდეა იყო, რომ კანცელარია მანამ მოგვექცია ალყაში, ვიდრე შევარდნაძე არ გადადგებოდა. სამი დღე რომ კანცელარიაში ვერ შევა, გადადგებაო - ამბობდა ზურა. მე და დვალი ვამბობდით, რომ თავისუფლების მოედნიდან პარლამენტისკენ დავძრულიყავით, რომ შევარდნაძეს სხდომა არ ჩაეტარებინა. ვისაც უნახავს ეს კადრები, იოლად დარწმუნდება, რომ ზურა მომიტინგეებთან ერთად რუსთაველის პროსპექტიდან კანცელარიისკენ მიემართებოდა. მე რვა მონიტორი მქონდა ჩართული და ყველაფერს ვხედავდი, რა ხდებოდა პარლამენტში, პარლამენტის წინ თუ ოპოზიციურ მომიტინგეებთან. ყველას დავხაოდი, რომ პარლამენტისკენ, პარლამენტისკენ წადით, სხდომა უკვე იკრიბება მეთქი.

შევარდნაძის პრობლემა ის იყო, რომ ბოლო მომენტში გამყრელიძემ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა. სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრეც კი ის პარლამენტში არ მიდიოდა. არადა, მის გარეშე ქვორუმი ვერ იკრიბებოდა, ნათელაშვილი გაცხარებული იყო, რომ “ახლებს” და “ბურჯანაძე-დემოკრატებს” საარჩევნო ბარიერი გადაალახვინეს და ის თვლიდა, რომ ამის გამო მას უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატები. ამიტომ პირველ სხდომას არც ნათელაშვილის ფრაქცია ესწრებოდა.

„ახლების“ ოფისში, სადაც დეპუტატების გარდა ჟურნალისტებიც მრავლად იმყოფებოდნენ, მოულოდნელი ზარი დაირეკა და ამ ზარის შემდეგ გამყრელიძემ აზრი შეიცვალა: მან გამოაცხადა, რომ სხდომას უნდა დაესწრონ. პირველად პარლამენტში ბადრის დები გავარდნენ. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, გამყრელიძეს იმ სატელეფონო საუბრისას დაპირდნენ, რომ კონსტიტუციაში სათანადო ცვლილებების შეტანის შემდეგ, იგი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა.

ამასობაში სააკაშვილმა დაცვის კორდონი გაარღვია და პარლამენტში შეიჭრა. დღემდე ვფიქრობ, რომ პარლამენტში მისი შეჭრა შევარდნაძის დაცვის ყოფილი უფროსის, სულხან პაპაშვილის დამსახურებაა. პაპაშვილი რევოლუციამდე ირაკლი ოქრუაშვილთან მეგობრობდა. ამ ქმედების სანაცვლოდ, მან არამარტო ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო, არამედ რევოლუციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 31-ე ქარხანა კონსიგნაციის წესით შეიძინა.

იმისათვის, რომ პარლამენტში შეჭრილ ხალხს ეჩვენებინა, რომ შეუიარაღებლები იყვნენ, დათო მუმლაძემ მოიფიქრა, ხელში ვარდები დაეჭირათ და ხელებაწეულები შესულიყვნენ სხდომათა დარბაზში.

შევარდნაძე ამ დროს ციფრულ განხეთქილებაზე საუბრობდა. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ ქვეყანას არავინ მართავდა.

შევარდნაძე გაიქცა. სააკაშვილი გმირი და უკვე მომავალი პრეზიდენტი გახდა. მე და დვალმა მაშინვე თავში ხელი შემოვირტყით: „ახლა დაგვერხა, ეს გადარეული პრეზიდენტი გახდება“.

თუმცა მაგის დრო არ იყო, რევოლუცია ბოლომდე უნდა მიგვეყვანა. მოგვიანებით, ზურა ჟვანია მიყვებოდა, რომ პარლამენტში ერთ ერთ კაბინეტში ტახტზე მეძინა, გასაღვიძებლად შემანჯღრიეს და ვხედავ თავზე იგორ ივანოვი მადგასო.

სააკაშვილიც დაიბნა - გავგიჟდი, როცა გავიგონე, რომ მიტინგზე ვიღაც სიტყვით რუსულად გამოდიოდა. ჩავედი და ვხედავ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. მოკლედ, არავინ იცოდა, რა მიზნით ჩამოვიდა თბილისში იგორ ივანოვი, თუმცა მას არ სურდა იმ შედეგის მიღება, რომელიც „ვარდების რევოლუციამ“ მოიტანა. შევარდნაძის გადადგომიდან მესამე დღეს მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში არანაირი ხავერდოვანი რევოლუცია არ მომხდარა და ეს გადატრიალება ქართველ ხალხს კარგს არაფერს მოუტანსო.

მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა. ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფი ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მზად არ იყო, ან საიდან უნდა ყოფილიყვნენ მზად, როცა სააკშვილის პარტიაში ყველაზე გამოცდილი ადამიანი ვანო მერაბიშვილი იყო. შევარდნაძის უნიათობით მათ ძალაუფლება პირდაპირ ციდან ჩამოუვარდათ.

ერთადერთი, რაც მამშვიდებდა, ის იყო, რომ ხელისუფლების სათავეში ზურა ჟვანიაც მოვიდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან ზურა მიშას აუცილებლად „შეჭამდა“. ზურას სიკვდილამდე მის გარემოცვას ჰქონდა განცდა, რომ ის იმდენად ძლიერი იყო, მტკვარს თუ ეტყოდა აღმა წადიო, მდინარე აღმა წავაო. თუმცა ყველაფერი ასე არ განვითარდა.

რევოლუციის შემდეგ

შევარდნაძის გადადგომიდან მეორე დღეს, პარლამენტში გიგი წერეთლის კაბინეტში მე, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე შევიკრიბეთ. ბურჯანაძეს თან ახლდა მეუღლე - ბადრი ბიწაძე. შეხვედრის ინიციატორი ზურაბ ჟვანია გახლდათ.

მას სურდა, რაც შეიძლება მალე გაერკვია თავისი სტატუსი. პრეზიდენტი სააკაშვილი ხდებოდა, ჟვანია - პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მას არ სურდა შევარდნაძის პერიოდის სახელმწიფო მინისტრის მსგავსი უფლებები ჰქონოდა. ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებდა. უმაღლესი სახელისუფლებო თანამდებობები ამგვარად გადაინაწილეს და მერე სამივენი ჩემკენ შემობრუნდნენ და ჟვანიამ მკითხა - შენ რა გეგმები გაქვს? მეკითხებოდნენ, ჩვენ თანამდებობი დავინაწილეთ და შენ რა გსურს? “არაფერი არ მინდა. რა ბედნიერებაა, რომ ერთი მეგობარი პრეზიდენტი მეყოლება, მეორე - პარლამენტის თავმჯდომარე და მესამე - პრემიერ-მინისტრი. მე ბიზნესს გავაგრძელებ. ერთადერთი, როგორც მედია-საშუალების წარმომადგენელი, გთავაზობთ: მე ვიზრუნებ, რომ თქვენ დაიცვათ თქვენივე შეთანხმება თანამშრომლობაზე. თუკი რომელიმე თქვენგანი უსამართლოდ დაუპირისპირდება მეორეს, მე ტელევიზიის საშუალებით უსამართლოდ დაჩაგრულს გამოვექომაგები,” - ვუპასუხე და ესენი ჩემს წინადადებაზე დათანხმდნენ.

ჩემი გავლენიდან გამომდინარე, შემეძლო მომეთხოვა ვიცე-პრემიერის ორი პორტფელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ორი პოსტი და საპარლამენტო ფრაქცია, ულაპარაკოდ დამთანხმდებოდნენ. თუკი მოვინდომებდი, დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრიც გავხდებოდი. ამის გამო ჟვანია დამიპირისპირდებოდა, მაგრამ ჩემს უკან უზომოდ პოპულარული ტელეკომპანია იდგა, საპარლამენტო არჩევნების წინ უზარმაზარი რესურსი გამაჩნდა, რომელსაც, თუ გამოვიყენებდი, ამ ჯგუფს სერიოზულად დავაზარალებდი. სააკაშვილი პრეზიდენტი ულაპარაკოდ გახდებოდა, მაგრამ ამ პერიოდში ჟვანიას რა რესურსი ჰქონდა? არც არაფერი. მას საპარლამენტო ფრაქციაც არ გააჩნდა.

მე არაფერი მომითხოვია, “რუსთავი 2”-ში დავრჩი. ეს არ გახლდათ ჩემი შეცდომა, ეს იყო ჩემი პოზიცია, რომელმაც ამ რევოლუციისთვის გულწრფელად ყველაფერი გავიღე.

მართალია, წიგნებიდან ვიცოდი რევოლუციის შემდეგ იაკობინელების ბედის თაობაზე, თუნდაც 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, მაგრამ მე ამ დიალექტიკას უნდა გავქცეოდი. რევოლუციის სხვა ლიდერებს ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერი გავუკეთე და აქედან არაფერი მიმიღია და ესენი რატომ უნდა გამხდარიყვნენ ჩემი მტრები?

24 ნოემბერს ხელისუფლება ჰაერში იყო გამოკიდებული. შევარდნაძე გადადგა, მაგრამ ჯარი და პოლიცია ჩვენ არ გვემორჩილებოდა. ხალხი ქუჩაშია გამოსული. ამ სიტუაციაში ჩვენს შორის რაიმე დაპირისპირების გაჩენა, ყველას დაგვაზარალებდა. ჩვენი შეხვედრის შემდეგ ყველაფერი გაირკვა და ამიტომაც, უკმაყოფილო არავინ დარჩენილა.

25 ნოემბერს სასტუმრო “მარიოტის” შესასვლელში ვანო ჩხარტიშვილი შემხვდა.

- ვაა, ვანო, შენ კიდევ ცოცხალი ხარ? - ვეუბნები ნახევრად სერიოზულად.

- კი, აბა როგორ? ჩემმა მეგობრებმა რევოლუცია მოაწყვეს და სათავეში მოვდივართ, - მპასუხობს ჩხარტიშვილი, ბადრი პატარკაციშვილის უახლოესი მეგობარი და შევარდნაძის ყველაზე დიდი მხარდამჭერი!

კინაღამ ინფარქტი მივიღე. ჩემი ინიციატივით ისევ შევიკრიბეთ რევოლუციის ლიდერები და მოვითხოვე პასუხი, თუ რატომ იყვნენ რევოლუციის შემდეგ ჩხარტიშვილი და მისნაირები გაპარპაშებულები.

(გაგრძელება იქნება)