ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროგნოზი და პროგნოზის გაცხადების მოლოდინში მყოფი ოპოზიციური სპექტრი

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროგნოზი და პროგნოზის გაცხადების მოლოდინში მყოფი ოპოზიციური სპექტრი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ რიგებიდან 60-70 მაჟორიტარი დეპუტატის გაყვანას და 48-54 პროცენტიანი რეიტინგის მოპოვებას პროგნოზირებს, რასაც ოპონენტები ეჭვის თვალით უყურებენ და მის „პოლიტიკურ შეკვეთაზე“ საუბრობენ.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ხუთი დღით ადრე, მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა საკუთარი პარტია დომინანტ ძალად დაასახელა, ხოლო მეორე, მთავარ ოპოზიციურ პარტიად გახდომა „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „თავისუფალ დემოკრატებს“ უწინასწარმეტყველა.

ოპონენტები ივანიშვილის მიერ დასახელებულ რიცხვებს „ზედმეტად ოპტიმისტურად“ მიიჩნევენ, მმართველ გუნდში კი, კონკრეტული მონაცემების დასახელებისგან თავს იკავებენ.

ივანიშვილის მტკიცებით, „ოცნება“ მოწინაღმდეგე ძალებს ორ-სამჯერ უსწრებს.

„ოცნება“ პარტიულ არჩევნებში 48-დან 54 პროცენტამდე დიაპაზონში მიიღებს, მაჟორიტარულ არჩევნებში კი, მინიმუმ 60 მაჟორიტარ დეპუტატს გაიყვანს, მაქსიმუმ 70-ს. თითქოს, მეორე ტურები ტრაგედიაა. ბევრი მეორე ტური იქნება, რადგან არჩევნებში უპრეცედენდენტო რაოდენობის კანდიდატი მონაწილეობს. ძველი ბარიერი რომ დაგვეტოვებინა, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდებოდა. ძალიან კარგია, რომ ბევრი მეორე ტური იქნება, რადგან ამას თავისი ხიბლი აქვს. არჩევნების ცოტა გამოცდილება გვაქვს და კარგია, რომ მოსახლეობის პოზიცია უფრო მეტად დაფიქსირდება“, - დასძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ შანსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ძალა პარტიული სიიდან საშუალოდ 10 დეპუტატს გაიყვანს და ვერც-ერთ მაჟორიტარულ ოლქს ვერ მოიგებს.

მისი მოსაზრებით, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა” იკვეთებოდა, მაგრამ შანსი გაჩნდა, რომ მეორე ადგილი „თავისუფალმა დმეოკრატებმა“ დაიკავონ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული სიიდან საშუალოდ 10 დეპუტატს გაიყვანს, მაჟორიტარს კი, ვერსად ვერ მოიგებს. მათ შორის, არჩევნებს ზუგდიდში ვერც ის ქალბატონი ვერ მოიგებს და ეს ორჯერ-ორი ოთხია“, - განაცხადა ივანიშვილმა, რომლის პროგნოზებსაც ოპონენტების შეფასებები მოჰყვა.

for.ge-სთან საუბარში „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი ვერ აკონკრეტებს, არაერთი კრიტიკის შემდეგ, ყოფილმა პრემიერმა მისი პარტიის მიმართ კეთილგანწყობა რატომ გამოხატა და ვარაუდობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ რეიტინგებს ეცნობა, სადაც „თავისუფალი დემოკრატების“ მზარდი რეიტინგი ჩანს.

დეპუტატის ცნობით, მისმა პარტიამ სამი კვლევა ჩაატარა, რომელიც შიდა საკითხებისთვის და მიზნებისთვის გამოიყენეს.

„ამის გამო, ბევრი მიმართულება გადაიხედა. ეს კვლევები ძალიან გამოგვადგა. არჩევნების ბოლო დღე გამყარებაა იმ შედეგისა, რასაც პარტია საკუთარი შრომით მოიპოვებს. მაშინ ვხვდებოდით ამომრჩეველს, როცა ჩვენი ოპონენტები ერთმანეთთან კინკლაობით, მუშტი-კრივითა და ლანძღვა-გინებით იყვნენ დაკავებული. არ ვიცი, ეს ყველაფერი ივანიშვილმა რატომ თქვა, რისთვის და რა მიზნით, მაგრამ როცა მთავარი ოპონენტის ლიდერი ამბობს, რომ მზარდი რეიტინგი გაქვს, ეს ფაქტის აღიარებაა“, - დასძინა ცაგარეიშვილმა, რომლისგან განსხვავებით, ივანიშვილის პროგნოზი უცნაურად ეჩვენება ნაციონალ მიხეილ მაჭავარიანს.

როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება და პარტია პარლამენტში ხალხს არა მხოლოდ შეიყვანს, არამედ გაიმარჯვებს.

„ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ეს ადამიანი სხვადასხვა ციფრებს იძახის? ჯერ ერთ ციფრს ამბობდა, შემდეგ თქვა, რომ 250 ათასი მომხრე ჰყავთო, შემდეგ თქვა, 30 პროცენტამდე არიანო, შემდეგ აღნიშნა, რომ ბარიერს ვერ გადალახავენო. ღარიბაშვილმა საერთოდ ის თქვა, რადარზე არ არიანო. არადა, ხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება. მისმა გამოსვლებმა „ოცნების“ მხარდამჭერები დააშინა და დააბნია. გამოსვლისას თქვა, ნაციონალები ვერ „იბლატავებენ“, „ცუციკებივით“ ისხდებიანო. პოლიტიკურ ოპონენტებზე ასეთი საუბარი წარმოგიდგენიათ? ჩვენი კანდიდატები რასაც გვეუბნებიან, პირიქით, მოხდება და ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით უფრო დიდი იქნება“, - დასძენს მაჭავარიანი.

ბიძინა ივანიშვილის პროგნოზების შემოწმებას ელოდება რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი. for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი ზედმეტად ოპტიმისტურ მაღალ რიცხვებს ასახელებს.

„ივანიშვილმა თქვა, რომ „ოცნების“ 48-54 პროცენტი იქნება, 60-70 მაჟორიტარი. მგონი, ორივე ზედმეტად ოპტიმისტურად მაღალი რიცხვია. კარგია, რომ ეს რიცხვები მან თქვა. საშუალება გვექნება, შევამოწმოთ, ეს პროგნოზისტი რამდენი პროცენტით შეცდება. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი არათვითკრიტიკულად აზროვნებს და ცდილობს, თავისი პროგნოზები კი არ გაამართლოს, არამედ რეალობა შექმნას, მაგრამ ეს სოციოლოგიაზე საკმაოდ გულუბყვილო წარმოდგენაა“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური „თავისუფალი დემოკრატების“ მეორე ადგილზე გასვლას ეჭვის თვალით უყურებს და არათანაბარ საარჩევნო გარემოზე აქცენტირებს. როგორც for.ge-ს მეჭიაურმა განუცხადა, როცა საარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიდის, პროგნოზების გაკეთება რთულია. მისი თქმით, იმის გამო, რომ მისი ძალა კვალიფიციური სუბიექტი არ არის, მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო ნომერიც კი ვერ გააგებინა.

„ვერ მოვახერხეთ, რომ საარჩევნო კამპანია ჩაგვეტარებინა. მინიმალური რესურსის ფარგლებში მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაკოტრებულია და როცა სხვა პარტიები ვერ ვითარდებიან, „ოცნებას“ მეტი შანსი უჩნდება, რომ ის მანდატები აიღოს, რასაც თანაბარ პირობებში ვერ მიიღებდა. სამწუხაროდ, „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ჩანან. არ მგონია, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ მეორე ადგილის შანსი ჰქონდეთ, თუმცა, ეს კარგი იქნებოდა“, - ამბობს მეჭიაური.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განწყობას, ფრაქციის ხელმძღვანელი გია ვოლსკი for.ge-სთან საუბარში კონკრეტული რიცხვების დასახელებას ერიდება, თუმცა, ამბობს, რომ პარლამენტში „ოცნება“ მძლავრად წარმოდგენილი იქნება და დეპუტატების ის რაოდენობა ეყოლება, რითაც მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების დროს პოლიტიკური გარიგება საჭირო არ იქნება.

„რესპუბლიკელებთან და „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობის საინტერესო პერიოდი გავიარეთ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტები მივიღეთ. პროგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ თანამშრომლობის ხარისხი მაღალი იყო. ივანიშვილს არ ვედრები, რომ კომენტარი მაინც და მაინც მის ნათქვამზე გავაკეთო. ვიქტორ დოლიძე ოპოზიციონერი იყო, მაგრამ ევროპარლამენტთან მიმართებაში ნაყოფიერი მუშაობა ჰქონდა და თანამშრომლობაც ხარისხიანი იყო“, - დასძინა ვოლსკიმ.