„ვპირდები საზოგადოებას, რასაც ელოდნენ 2012 წელს, მიიღებენ ახლა - ნაციონალები ვეღარ „იბლატავებენ“

„ვპირდები საზოგადოებას, რასაც ელოდნენ 2012 წელს, მიიღებენ ახლა - ნაციონალები ვეღარ „იბლატავებენ“

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება დაუშვებელია, ამ ნორმაზე ზედამხედველობა კი, მარეგულირებელ კომისიას ეკისრება. შესაბამისად, ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა კომპანია GFK-ს და „რუსთავი 2“- ის ეთერში გასულ სოციოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ კომისია კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის რამიშვილის განცხადებას და მიღებულ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი და „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი ბესო კალაძე „ნაციონალურ მოძრაობას“, „რუსთავი 2-სა“ და GFK-ს პირევლ ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების გაყალბებაში ადაშანაულებენ. რამიშვილის განცხადებით, კალაძეს კვლევის გამოქვეყნებამდე ჰქონდა რეალური შედეგებიც და ასევე ის გაყალბებული შედეგებიც, რომელიც „რუსთავი 2-მა“ გამოაქვეყნა. ასევე მას ჰქონდა ე.წ. ველი, რომლითაც კვლევა ტარდება. კვლევა არის გაყალბებული რამდენიმე პარტიასთან მიმართებაში.

თავად ბესო კალაძის თქმით, ის ვერ დაასახელებს წყაროს ვისგანაც ეს მონაცემები მიიღო, თუმცა, ამბობს, რომ პროპორციულ სიაში იყო და კონტაქტები საკმაოდ დიდი აქვს. როგორც კალაძემ აღნიშნა, კვლევის გამოქვეყნებამდე ამ მონაცემების გასაჯაროვებისგან თავის შეკავება რამიშვილმა ურჩია. თუმცა, აღნიშნული მონაცემები ნოტარიუსთან შეინახა, რომელიც კალაძემ და რამიშვილმა ჟურნალისტებთან ერთად გახსნეს.

„კვლევის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე მქონდა როგორც რეალური შედეგები, ასევე ის გაყალბებული მონაცემები, რომელსაც „რუსთავი 2“ გამოაქვეყნებდა. აღნიშნული მონაცემები 2 დოკუმენტის სახით გაყალბებული და რეალური, ნოტარიუსთან მქონდა შენახული. GFK-ის კვლევის რეალური შედეგები ასეთია - „ქართულ ოცნებას“ 25.4%-იანი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 12.5%-იანი მხარდაჭერა აქვს. საუბარია იმ ამომრჩეველზე ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

ის, რაც 1 ოქტომბერს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა არის ყალბი და არ ასახავს რეალურ შედეგს. სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ იმ პიროვნების სახელს და გვარს, ვინც მომაწოდა კვლევების რეალური შედეგი და დოკუმენტაცია, ერთი გაყალბებული ვარიანტია და მეორე კი ის რეალური დოკუმენტაცია, რაც არსებობდა. არ მინდა ამ ადამიანს შევუქმნა საფრთხე. ყველასთვის ნაცნობია სიტუაციაა, ნაცმოძრაობა იშლება, არჩევნები წაგებული აქვთ. სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2“ ნაცმოძრაობის ბინძური საარჩევნო კამპანიის თანამონაწილე გახდა“, - განაცხადა ბესო კალაძემ.

GFK-ის კვლევის თანახმად, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას გამოკითხულთა 26% მისცემდა, „ქართულ ოცნებას“ კი 25.4%. აღნიშნული კვლევის შედეგები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა პირველ ოქტომბერს გაავრცელა.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხულთა 3.8% ხმას „ლეიბორისტულ პარტიას“ აძლევს; 3.6% - „თავისუფალ დემოკრატებს“; 2.6% - მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“; 1.5% - „დემოკრატიულ მოძრაობას“, 1,5% - „პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულ ოპოზიციას“, 0.4%  ხმას „რესპუბლიკურ პარტიას“ მისცემდა. პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგების თანახმად, მხოლოდ თბილისში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას - 24.4%, „ქართულ ოცნებას“ კი - 23.3% მისცემდა. რაც შეეხება რეგიონებს აქ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას - 26.5%, „ქართულ ოცნებას“ კი 26.2% მისცემდა.

რამიშვილი-კალაძის ბრალდებას პასუხობს „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და აცხადებს, რომ მასაც შეუძლია ორი ფურცელი „ამოაპრინტეროს“ და ნოტარიუსთან რაღაც დროის განმავლობაში შეინახოს. გვარამიას განცხადებით, შალვა რამიშვილი „რუსთავი 2-ს“ ფასიან მომსახურეობას სთავაზობდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თუმცა ეს ურთიერთობა არ შედგა.

„რუსთავი 2“ ეგზიტპოლების გაყალბებას არ აპირებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარვყოფთ, რომ ეგზიტპოლები გაყალბდება. მე საერთოდ არ მესმის, რატომ არის ეგზიტპოლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით ასეთი გადაჭარბებული შეფასება. წარმოუდგენელია ჩემთვის ეგზიტპოლებთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიცია.

თუ ეს ეგზიტპოლები იქნება ყალბი, ზუსტად ნახევარ დღეში დადასტურდება. ჩვენ ვატარებთ ეგზიტპოლებს კეთილსინდისიერად. ვაქვეყნებთ იმას, რასაც გვაძლევს მსოფლიოში ცნობილი კომპანია GFK, რომელსაც ჩვენთან თანამშრომლობის პერიოდში არც ერთი არაზუსტი ინფორმაცია არ მოუცია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თავის მხრივ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას პირდება, რომ საჩუქარს ახლა მიიღებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ „იბლატავებს“. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ნაცმოძრაობას ის სახელი დაერქმევა, რასაც იმსახურებს.

„5-10 თუ 15 დეპუტატი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მთავარია, რომ ეს ბობოქრობა და ანტაგონიზმი მორჩება. ვპირდები საზოგადოებას, რომ საჩუქარს ახლა მიიღებენ, რასაც ვპირდებოდი. მე რომ 4 წლის წინ მეთქვა, რომ ამას 4 წელი დასჭირდებოდა, ვერ გამიგებდნენ. საჩუქარი ის არის, რომ რასაც ელოდნენ 2012 წელს, მიიღებენ ახლა. საუბარი მაქვს იმაზე, რომ ისინი ვეღარ „იბლატავებენ“, თავისი ადგილი ექნებათ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წლების მანძილზე აყალბებდა სოციოლოგიურ კვლევებს, რითაც საზოგადოების აზრის ფორმირებას ცდილობდა. შესაბამისად, GFK-ის კვლევების გაყალბებასთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაცია სენსაცია არ ყოფილა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სამი კვლევითი ორგანიზაცია გააჩნია, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების აზრის მანიპულაციას ახდენს.

„ორი ორგანიზაცია უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაფუძნებულია, მესამესთან თვითონ არის დაკავშირებული. ეს დეზინფორმაცია და გაყალბება არის სტილი, რომელიც ნაცმოძრაობამ დაამკვიდრა და სამწუხაროა, რომ ამით სოციოლოგიას დარტყმა მიადგა. არც ერთ ქვეყანაში სოციოლოგია ასეთი ნეგატიური კონოტაციით არსად არის მოხსენიებული, გარდა საქართველოსი. ეს არის უშუალოდ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის დამსახურება.

2003 წელს ნაცმოძრაობამ ეგზიტპოლებით გარკვეული დესტაბილიზაციის მოწყობა შეძლო და სწორედ, ეგზიტპოლებმა გამოიწვია „ვარდების რევოლუცია“. 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს და 2012 წელსაც იგივე GFK ატარებდა ნაცმოძრაობის ინტერესებს. შეეცდებიან დესტაბილიზაციას, ამაზე საუბრობს „ქართული ოცნებაც“, ცალკეული ექსპერტებიც და ბიძინა ივანიშვილიც. ხელისუფლება ცდილობს, პრევენცია განახორციელოს და ეს გაშიფრული სქემა გაავრცელოს“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

კონსტიტუცინალისტი ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია იმის პოტენციალი, რომ ქუჩის აქციები დაიწყოს. რაც შეეხება კვლევის შედეგებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გზით ცდილობს მომხრეების შენარჩუნებას და სხვების მოზიდვას.

„მოსახლეობაში არსებობს გარკვეული პროცენტი, რომელიც არჩევანს არა პროგრამისა და სიმპათიის მიხედვით აკეთებს, არამედ იმის მიხედვით, თუ სად ხედავს ძალას. რა დაპირებაც არ უნდა გასცენ ნაციონალები ელექტორატს ვერ გაზრდიან, ამიტომ ქმნიან ძალის ილუზიას, რომ მიიზიდონ ძალის მორჩილი ელექტორატი და შეკრან მხარდამჭერები, არ მისცენ დაშლის საშუალება.

იცით, GFK-ს პირველ მონაცემებში ისეთი ტენდენცია იყო, რომ ფინალში „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა გადაეჭარბებინა „ქართული ოცნებისთვის. ეს რომ ბლეფი კვლევებია, სადავო არ არის. ამ კვლევის არსი ნათელია - რამენაირად დაიჭირონ თავისი ამომრჩეველი და შექმნან ილუზია, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ პროცესები 2003 წელს დაწერელი რევოლუციური სცენარით მიდის და იმედოვნებს, რომ რევოლუციურ პროცესებს განვითარების საშუალება აღარ მიეცემა.

„როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობის“ მნიშვნელოვანი ნაწილი რევოლუციური სცენარის მომხრე არ არის. ერთადერთი ადამიანი ვინც შეიძლება ამ სცენარით პოლიტიკური მოგება ნახოს, არის უკრაინაში მყოფი სააკაშვილი, რომელიც დაიწყებს ყვირილს და როგორც ჩანს, ამას გულისხმობს სცენარი, პროცესები მიიყვანოს იქამდე, რომ ძალის გამოყენება გახდეს საჭირო. მაგრამ მაშინ უკვე ნაცმოძრაობა როგორც პარტია, სააკაშვილის მძევალი იქნება. გაიხსენეთ მერაბიშვილის განცხადება - „ორი გვამი მინდა“, ასეთივე პოზიცია აქვს სააკაშვილს, რომელსაც პოლიტიკური მსხვერპლი უნდა ნაცმოძრაობიდან. ეს უნდა გაითვალისწინონ ამ პარტიის წევრებმა და ნუ შეასრულებენ პოლიტიკური გვამის როლს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.