საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge თავიდან იწყებს ბატონი ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას. ბატონმა ეროსიმ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, მემუარები ექსკლუზიურად For.ge-ს რედაქციას გამოსაქვეყნებლად გადასცა, თუმცა საბოლოო სახის მისაცემად რამდენიმე პასაჟის დამუშავებას აპირებდა. შემდგომ კი, მოვლენათა ასეთ განვითარებას არავინ მოელოდა. For.ge-მ აღნიშნული მოგონებების ბეჭდვა ბატონი ეროსის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, თუმცა მისი ოჯახის თხოვნით, გამოქვეყნება შეწყდა. ბატონი ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, ის და ქალბატონი ია კიწმარიშვილი ამ მოგონებების წიგნად გამოცემას აპირებდნენ. მათი თხოვნა იყო, გამოგვეჩინა კეთილი ნება და მემუარების ბეჭდვა შეგვეწყვიტა, რაზეც, ისევ და ისევ ბატონი ეროსი კიწმარიშვილის ხსოვნისადმი პატივისცემით უარი ვერ ვუთხარით. წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა მემუარები არც წიგნად გამოსულა და არც სხვა მედია-საშუალებაში გამოქვეყნებულა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამჯერად მოგონებები თავიდან დასრულად გამოვაქვეყნოთ. მოგონებები მოიცავს 1992-2008 წლებს და ვფიქრობთ, ის დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან სრულად აღწერს „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნებას.
********************
საბჭოთა კავშირის დაშლისას სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი. შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობით აღტკინებულმა, სიხარულით რაჭას მივაშურე, სადაც სოფლის ექიმად გამანაწილეს. სოფლის ამბულატორიის მთავარი ექიმის ხელფასი ვის ეყოფოდა, მაგრამ მე რაჭის მაღალმთიან სოფელში მუშაობით ვამაყობდი. ეროვნული მოძრაობის პირველ წლებში ჩემსავით ბევრი მოიქცა. ზოგი ექიმად, ზოგი მასწავლებლად შედარებით რთულ რეგიონებში სამუშაოდ წავიდა.
რაჭაში მუშაობისას დავრწმუნდი, რომ ჩვენი პედიატრია ხალხს სათანადო დახმარებას ვერ უწევდა. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენთან დღემდე არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ. ერთ-ერთი მარტივი მაგალითია - აკვანი.
აკვანი ახალშობილის ძვალსახსროვან სისტემას აზიანებს, რაც სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ის, რომ ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა ჩვენში ძალიან გავრცელებულია, სწორედ იმის ბრალია, რომ მშობლები სათანადოდ ინფორმირებულები არ არიან. ჩემი დასკვნით, აუცილებელი იყო ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის სისტემის შექმნა, რომელიც თავის მხრივ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის დამკვიდრებას ხელს შეუწყობდა.
რუსთავის პრეფექტად მერაბ კოსტავას მეგობარი, მომღერალთა გუნდის ყოფილი დირიჟორი თემურ ჯანელიძე მუშაობდა. მას ჩემი იდეა მოეწონა და სემომთავაზა: რუსთავის ჯანდაცვის განყოფილების გამგედ დაგნიშნავ და ახალი ინიციატივების დანერგვაშიც დაგეხმარებიო.
დავთანხმდი. 25 წლის კაცისთვის ეს იშვიათი თანამდებობა გახლდათ, თუმცა მთავარი იყო, რომ საშუალება მეძლეოდა, ის რეფორმები განმეხორციელებინა, რომელთა აუცილებლობაზე მეგობრებთან ერთად ბევრი მიფიქრია. მეგობრებმაც თანადგომა აღმითქვეს და მუშაობა დავიწყე.
რუსთავის ჯანდაცვის განყოფილებაში ხუთი ათასი კაცი ირიცხებოდა. თანამდებობაზე ერთი წელი ვიმუშავე და ჩემივე ინიციატივით სამსახურის მოადგილედ გადავაყვანინე თავი, ვინაიდან კერძო სადაზღვევო პროექტის ასე მეტ დროს დავუთმობდი.
ინიციატივა მეგობარს, დღეს უკვე პროფესორ ირაკლი რცხილაძეს გავანდე და რუსთავში ბავშვთა სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბება დავიწყეთ. ერთ-ერთ პოლიკლინიკაში ოთახი ვიქირავეთ, რამდენიმე მეგობარი პედიატრი სამუშაოდ მოვიწვიეთ და პროექტის რეალიზებას შევუდექით.
რუსთავში ჩვენი სადაზღვევო პროექტის თაობაზე მხოლოდ ნაცნობებმა იცოდნენ. იდეას პოპულარიზაცია ესაჭიროებოდა. მაშინ რეკლამა ცოტა ბუნდოვანი ცნება იყო.
ქალაქში ერთადერთი გაზეთი “სოციალისტური რუსთავი” გამოდიოდა. თავდაპირველად ვფიქრობდი ამ გაზეთში დაგვებეჭდა პოპულარულ თუ სამეცნიერო ენაზე სტატიები, მაგრამ ჩავთვალე, რომ კვირაში თითო ოროლა სტატია საკმარისი ვერ იქნებოდა, ვერც ჩვენი საქმიანობისთვის და ვერც მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის. გადავწყვიტე თვითონ გამომეშვა გაზეთი, რომლის ძირითადი მიზანი ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის რეკლამირება (მაშინ ეს სიტყვა ბუნდოვნად გვესმოდა) თუ პოპულარიზაცია იქნებოდა.
როგორ უნდა გამომეშვა, გაზეთი არც წარმოდგენა მქონდა, არც მისი გამოსაშვები ფული. ჩემი მეგობარი ჯარჯი აქიმიძე გამახსენდა, რომლის ნაცნობები თედო ისაკაძე, ფიქრია ჩიხრაძე და ნიკო ნიკოლოზიშვილი თბილისში “ახალგაზრდა ივერიელს” უშვებდნენ. გაზეთის გამოშვებაზე ჯარჯისაც რაღაც წარმოდგენა ჰქონდა. იმხანად იგი აფხაზეთის ომიდან ახალი დაბრუნებული იყო. მას შევხვდი და გადავწყვიტეთ ერთად გაგვეკეთებინა გაზეთი, რომელიც მხოლოდ სამედიცინო თემატიკით არ შემოიფარგლებოდა.
ასე დავაარსეთ “რაგი” - რუსთავის ახალი გაზეთი. რუსთაველი ახალგაზრდა ჟურნალისტები გამოჩნდნენ, ვიპოვეთ დამკაბადონებელი და იოლ საქმედ მომეჩვენა, ბეჭდვა სულ რამდენიმე კუპონი გვიჯდებოდა და კვირაში ერთი ნომრის გამოშვებაც არ გვიჭირდა. პირველივე ნომრის 10 ათასამდე გაზეთი გავყიდეთ. ასი ათასიან რუსთავში თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ჩვენი მკითხველი გახდა.
მახსოვს მეხუთე ნომერში, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ ვიცე-პრემიერ ოლეგ სოსკოვეცზე, რაღაც დავწერეთ და დავიხურეთ კიდეც. სტამბის მეპატრონე სოსკოვეცის მეგობარი აღმოჩნდა, ამის გამო გაბრაზდა და სტამბიდან გამოგვყარა, გაზეთს აღარ დაგიბეჭდავთო.
გაზეთის სხვაგან დაბეჭდვა აღარ გვიცდია. გადავწყვიტეთ ტელევიზია გაგვეხსნა. ჩვენი წარმოდგენით, ტელევიზია უფრო იოლი გასაკეთებელი იყო. მას არც ქაღალდი, აღარც სტამბა, დაკაბადონება და ნომრის გაყიდვაზე თავის ტეხა დაჭირდებოდა. თავდაპირველად ვიყიდდით 2 ვიდეოკამერას, ტელევიზორს, გადამცემს და ეთერში გავიდოდით.
მე და ჯარჯის გვყავდა საერთო მეგობარი - დათო დვალი, რომელიც სულ ტელევიზიის გაკეთებაზე ოცნებობდა და მისი ეს ოცნება ყველასთვის და, მათ შორის, ჩვენთვისაც დიდ უცნაურობას წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის დროს, კერძო ტელეკომპანიის გახსნაზე ოცნებას მართლაც ფანტაზიის დიდი უნარი ესაჭიროებოდა. ომიდან დათო დვალიც ახალი დაბრუნებული იყო. ის კარგი ფიზიკოსი და საკმაოდ განათლებული ადამიანია, თავისუფალ დროს თავისი “პაიანიკით” მთელ სამეგობროს გაფუჭებულ ტელევიზორებს, უთოებს თუ სხვა ელექტრო მოწყობილობებს უკეთებდა. ამიტომ, ვიფიქრე, რომ მან იცოდა ტექნიკურად როგორ მუშაობს ტელევიზია. ჟარჯი ჟურნალისტებთან მეგობრობდა, ხშირად სტუმრობდა მის ერთ-ერთ მეგობარს სახელმწიფო ტელევიზიაში და ჩავთვალე, რომ ჯარჯის ეცოდინებოდა როგორ უნდა მომზადებულიყო სატელევიზიო გადაცემები. მე ვიცოდი, როგორ გვეშოვა ფული ტელევიზიის გასაკეთებლად.
ქალაქის მერთან მივედი და სოსო არეშიძეს დიდხანს ვარწმუნებდი, თუ რა დიდი მნიშვნელობა ექნებოდა თავად მერიისთვის და ქალაქისთვის თუ ის ჩვენ ტელევიზიის აპარატურას გვიყიდდა!
დიდი წვალების შემდეგ მე და არეშიძე შევთანხმდით: მერია იყიდდა აპარატურას, რაც მისი კუთვნილება იქნებოდა და რომელსაც ჩვენ, როგორც კერძო სტრუქტურა, მოვიხმარდით და სანაცვლოდ მერიის საქმიანობას უსასყიდლოდ გავაშუქებდით.
საბოლოო ჯამში კი, ყველაფერს სამედიცინო დაზღვევის პოპულარიზაციისთვის ვაკეთებდი.
1993 წლის შემოდგომაზე მე, დათო დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ შპს “გამა+” დავაფუძნეთ. “გამა+” აიღო სიხშირე ეთერში გასასვლელად. სანამ მერია ტექნიკას გადმოგვცემდა, სამედიცინო ბიზნესში ჩემმა პარტნიორმა ირაკლი რცხილაძემ საქმე მიატოვა და გაუჩინარდა! ამის გამო, დაზღვევის თემამ აზრი დაკარგა.
ამასობაში ეს დაპირებული ტექნიკაც მოგვცეს - რამდენიმე ცალი ვიდეოკამერა და სხვა უმნიშვნელო აპარატურა. თავი უბედნიერეს ადამიანებად მიგვაჩნდა. კავშირგაბმულობის სამინისტრომ მეთერთმეტე მეტრულ არხზე მაუწყებლობის უფლება მოგვცა, რომლის გავრცელების არეალი მხოლოდ რუსთავს და ნაწილობრივ გარდაბნის რაიონს მოიცავდა.
მახსოვს, მთელი რუსთავი ირონიულად მიყურებდა, ზოგს ეგონა, რომ გავგიჟდი. მივატოვე საექიმო კარიერა, თანამდებობა, უარი ვთქვი მძღოლზე, ავტომობილზე და სატელევიზიო საქმიანობა დავიწყე. იმ დროს საკაბელო ტელევიზიები ახალი გახსნილი იყო, რომლებიც მხოლოდ “მეკობრულ” ფილმებს და დაბადების დღეების მისალოცად მუსიკალურ კლიპებს აჩვენებდნენ და საკაბელო ტელევიზია, ჩვეულებრივი ტელევიზიის დამაკნინებელად მოიაზრებოდა. ამ ტელევიზიებს არანაირი პოპულარობა ან პატივისცემა არ ჰქონიათ. ხალხი მას არასერიოზულად აღიქვამდა. ამიტომ ჩემგან ამ საქმის დაწყება სიგიჟედ მიაჩნდათ.
ეთერში გასასვლელად 6-7 თვე ვემზადებოდით. თანამშრომლები ძირითადად ჩემი ძმის მეგობრები 17-20 წლის ახალგაზრდები იყვნენ. მათ შორის: ნანა ლეჟავა, ნათია კობერიძე, ირმა ნადირაშვილი. მათ მეტყველების გაკვეთილებს ვუტარებდით, ირაკლი ონოფრიშვილი ოპერატორებს ახელოვნებდა, ვიწვევდით ეკონომისტებს, ფსიქოლოგებს და ეთერში გასვლამდე სიუჟეტებს ამზადებდნენ.
ტელევიზიამ ბინა რუსთავის სასტუმროს ოთხ ნომერში დაიდო. ეს ფართი ბიზნესმენმა დათო თავაძემ უსასყიდლოდ გამოგვიყო. ძალიან ვიწროდ ვიყავით, პროგრამისტი უნიტაზზე იჯდა და ხელ-პირის საბანზე ჩამოდებულ კომპიუტერში სიუჟეტისთვის ტიტრებს კრეფდა.
მოსამზადებელმა სამუშაომ, ისე გაგვიტაცა ეთერში გასვლის წინ აღმოვაჩინეთ, რომ საინფორმაციო გადაცემის სახელი მოფიქრებელი არ გვქონდა. ჯარჯის იდეა იყო მისთვის - “კურიერი” დაგვერქმია, რაც ყველას მოგვეწონა და დავარქვით კიდეც.
1994 წლის 1 მაისს ტელევიზია “რუსთავი” ეთერში ერთი დღით გავიდა. ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ოფისში შემოლაგდნენ რუსთაველი “მხედრიონელები” და საქმე გაგვირჩიეს. აღმოჩნდა, რომ რუსთავში მოქმედი საკაბელო ტელევიზია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და მხედრიონელ თემურ ხაჩიშვილს ეკუთვნოდა და პრეტენზია ჰქონდათ სახელწოდებაზე - “რუსთავი” ჩვენ ტელევიზიას ჰქვია და სახელი შეიცვალეთო. რახან სხვა არაფერი პრეტენზია ჰქონდათ დიდი კამათის გარეშე დავპირდით - კი, ბატონო, ჩვენ დავირქმევთ “რუსთავი 2”-ს. 1 ივნისიდან უკვე ამ სახელით დავიწყეთ მაუწყებლობა. “კურიერი” თავდაპირველად რვის თუ ცხრის ნახევარზე იწყებოდა, ვინაიდან რვა საათზე “მოამბეს”, ხოლო ცხრა საათზე ტელეკომპანია “იბერვიზიის” საინფორმაციო გადაცემას კონკურენციას ვერ გავუწევდით.
მახსოვს, აწ გარდაცვლილი ოპერატორი გოჩა რამიშვილი ქუჩის კადრების გადასაღებად ოფისის მეორე მხარეს გადავიდა და ვიდეო გადაღება დაწყებული არ ჰქონდა შავი “ბმვ”-დან შეიარაღებული ბიჭები კამერის წასართმევად გადმოუხტნენ.
კიდევ ერთი ისტორია, მეორე ოპერატორს აჩიკო ჭიჭიბოშვილს შეემთხვა. ეს ნიშანდობლივი მაგალითია თუ რა მოკრძალებულად დავიწყეთ მაუწყებლობა. აჩიკოს ნათესავი - ძმები ჭიჭიბოშვილები რუსთავში “ავტორიტეტები” იყვნენ და ამის გამო პოლიციასთან ამასაც სულ პრობლემები ჰქონდა; მიუხედავად იმისა, რომ აჩიკო ძალიან წესიერი ახალგაზრდაა, სულ პოლიციის განყოფილებაში დაატარებდნენ. ერთხელაც, აჩიკო მთავრობის სხდომის გადასაღებად სახელმწიფო კანცელარიაში გავგზავნეთ. შევარდნაძე ძალიან შორიდან გადაეღო და ამის გამო გავუბრაზდი - სახელმწიფოს მეთაური ახლოდან რატომ არ გადაიღე მეთქი?” - მეშინია მასთან მიახლოების, ვერ გავბედე და შორიდან ვიღებდიო,”- მიპასუხა.
ეს მარტო აჩიკოს პრობლემა არ იყო, ასეთივე მოკრძალებული იყო მთლიანად ტელევიზია. შევარდნაძე, მთავრობა, “მხედრიონი” - ამ თემების გაშუქება ცოტა გვიან დავიწყეთ.
მაუწყებლობის ერთი წლის თავზე რუსთაველთა საყვარელი ტელევიზია გავხდით. ჩვენი ჟურნალისტები ქალაქში ძალიან პოპულარულები გახდნენ.
1994 წლის ცხელ ზაფხულში სახლების ღია ფანჯრებიდან “კურიერის” მუსიკის ხმა მთელ რუსთავში მესმოდა. პირველად მაშინ მივხვდი, თუ რამხელა ძალაუფლება და პასუხიმგებლობა არის ტელევიზია.
ამ პერიოდში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნიუსის” მიწვევით ლიკანში სამდღიან სემინარს დავესწარი. ამ სემინარმა თვალი ამიხილა და აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო, უზარმაზარი და რთული სატელევიზიო სამყარო. ახლაც მიმაჩნია, რომ ამერიკელთა ყველაზე წარმატებული მედია-პროექტი პოსტ საბჭოთა სივრცეში “ინტერნიუსმა” განახორციელა. მან დასაბამი დაუდო თავისუფალ ტელევიზიებს. დღეს საქართველოში მათი ძალისხმევის შედეგი შეიძლება აღარ ჩანს, ვინაიდან ყველა დიდ ტელეკომპანიას უკვე ხელისუფლება აკონტროლებს, მაგრამ საზოგადოებას ეს აღარ მოსწონს, ხალხს ახსოვს, თუ როგორ მუშაობდა თავისუფალი “რუსთავი-2” და ახლა იოლად ასხვავებს სიმართლეს და დეზინფორმაციას.
მაშინ კი სულ იმას ვნატრობდით, რომ ჩვენს ტელეკომპანიაში ვინმე ამერიკელს ფული ჩაედო და აპარატურა შეგვეძინა. რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი ამერიკელი მართლაც გამოჩნდა, რომელსაც “რუსთავი-2”-ის ყიდვა სურდა, მაგრამ ეს ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის ხრიკი გამოდგა, რომელზეც მოგვიანებით მოგითხრობთ.
რთული პერიოდი გვედგა და თავი ძლივს გაგვქონდა. ცნება - რეკლამა, იმ შინაარსით, რაც ახლა ვიცით, მაშინ არ არსებობდა. მე მიწევდა ქარხნების დირექტორებთან ხვეწნა-მუდარა, რომ ქარხნის მუშაობის გაშუქების სანაცვლოდ, ტელევიზიისთვის რაიმე მოეცათ. ესენი რეკლამის სანაცვლოდ გვარჯილას და კოქსს გვიხდიდნენ! მახსოვს მერე ეს კოქსი ვიღაც ახალქალაქელ სომეხს დიდი “კრაზით” ერევანში გასაყიდად გავატანეთ და ის კიდევ კოქსიანად დაიკარაგა! მის ასავალ-დასავალს ვეღარ მივაგენი და გამოცდილებამიღებულმა გვარჯილა აღარავის ვანდე, თვითონ ჩავიტანე სასომხეთის საზღვრამდე. აქ ჩვენმა სამხედროებმა თუ რაღაც შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა კინაღამ გვარჯილიანად გამაქრეს.
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს მცირეოდენი თანხა შემოგვივიდა, მთელი წლის მანძილზე კი - 20-22 ათასი დოლარის, რაც მინიმალურადაც ვერ წვდებოდა ხარჯებს.
შევარდნაძის მაშინდელი პრესსამსახურის უფროსის, რამაზ საყვარელიძის დახმარებით, პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩავწერეთ. კითხვებს მე ვუსვამდი, დათო დვალი ოპერატორი იყო, ვიდეოკამერით გვიღებდა. ინტერვიუს ბოლოს შევარდნაძემ რუსთაველებს ახალი ტელეკომპანიის გახსნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა გვისურვა. ეს ინტერვიუ ვარდების რევოლუციის დროს გამახსენდა და ბევრი ვიცინე: რას ვაკეთებთ, თავის დროზე ხომ შევარდნაძემ დაგვლოცა-მეთქი.
1994 წლის ბოლოს თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, შევარდნაძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად ლევან მამალაძე დანიშნა, რომელმაც მოინდომა, რომ ტელევიზია მის ჭკუაზე მოგვეწყო და შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა გაგვეტარებინა. უფრო მეტიც, მამალაძე ითხოვდა, რომ სატელევიზიო სიხშირე რომელიც “გამა+” ეკუთვნოდა მერიისთვის გადაგვეცა. ეს ძლიან თავხედური და უსამართლო მოთხოვნა იყო, რაზეც, რა თქმა, უნდა არ დავთანხმებულვარ, მაგრამ მამალაძემ მაშინდელ კავშირგაბმულობის მინისტრს, ფრიდონ ინჯიას სთხოვა და 1995 წლის 17 ივლისს ჩვენი სატელევიზიო სიგნალი გათიშეს, ხოლო ლიცენზია ჩამოგვართვეს.
დასახმარებლად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მივმართეთ. მაშინ გავიცანი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო უსუფაშვილი. ადვოკატებმა ზვიად კორძაძემ და გოჩა სვანიძემ სასარჩელო გაცხადება მოამზადეს და სასამართლოს მივმართეთ. ჩვენს დავაზე მაშინდელ პრესაში ერთი ამბავი ატყდა. წამყვანი გაზეთები ობიექტურად გვიჭერდნენ მხარს. შევარდნაძე დაინტერესდა, თუ რატომ ატყდა ამხელა ხმაური რეგიონალური ტელევიზიის, რაღაც პრობლემის გამო და ამას მამალაძესთან არკვევდა.
“გუბერნატორი” კი სახელმწიფოს მეთაურს ატყუებდა, რომ ვითომდა მხედრიონელები ვიყავით და ლიცენზია სამართლიანად წაგვართვეს.
შევარდნაძემ დაიჯერა, რომ მამალაძე მართალს ეუბნებოდა და რომ არა პარლამენტარი ფიქრია ჩიხრაძე, შესაძლოა ჩვენი მომავალი ტელევიზიას საერთოდ აღარ დაკავშირებოდა. ფიქრია ჩიხრაძე შევარდნაძის ფავორიტი გახლდათ და მასთან ჯარჯი აქიმიძე მეგობრობდა. ის მეც მიცნობდა და კარგად იცოდა, რომ ჩვენ მხედრიონთან არაფერი გვაკავშირებდა. ამის თაობაზე მან შევარდნაძეს პირადად უთხრა და დაარწმუნა, რომ ლიცენზია უსამართლოდ წაგვართვეს.
ამის შემდეგ შევარდნაძემ მიიღო გაწყვეტილება, ჩვენთვის სიხშირის დაბრუნებაზე და სასამართლომაც სიხშირე დაგვიბრუნა.
სიხშირე დავიბრუნეთ, მაგრამ ლევან მამალაძემ ის ვიდეოტექნიკა წაგვართვა, რაც თავის დროზე რუსთავის მერიამ იყიდა და სამუშაოდ გადმოგვცა და დავრჩით მხოლოდ საკუთარი სახსრებით შეძენილი ტექნიკის ამარა. მიუხედავად ამისა, სექტემბერში ეთერში დავბრუნდით. ვმუშაობდით სახალხო ფრონტის ვიდეოკამერით, რომელიც დილით მოჰქონდათ და საღამოს ისევ უკან ვუბრუნებდით. ჩვენმა ერთ-ერთმა გადაცემამ ამ პირობებში სატელევიზიო კონკურს “მანას” ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს ერთადერთი ჯილდო იყო, რომელიც რეგიონალურმა ტელევიზიამ მოიგო.
ტელევიზიის გადასარჩენად დათოს ძმა, მეცნიერი გია დვალი, რომელიც მაშინ გერმანიაში მუშაობდა, ყოველთვიურად 400 დოლარს გვიგზავნიდა.
ამ პერიოდში სამივე შვილი მყავდა. ოჯახს სრულიად მწირი და ჩემთვისაც გაუგებარი შემოსავლით ვაცხოვრებდი. მაშინ რუსთავში ერთოთახიანი ბინა 800 დოლარად გავყიდე, იას დას 1500 დოლარი ვესესხე და ოროთახიან ბინაში გადავედით. ჩვენი ოჯახისთვის ეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა.
1995 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და სატელევიზიო რეკლამიდან იმდენი შემოსავალი მივიღეთ, რომ საკუთარი აპარატურის შეძენა შეგვეძლო.
ამასთან, “დოიჩე ველემ” 5000-დოლარიანი გრანტი, მოგვცა ასევე ტექნიკური აღჭურვილობისთვის და ტელევიზიას ასე თუ ისე მინიმალურ დონეზე გავმართავდით.
ჩვენ არ დაგვიწყებია ფიქრია ჩიხრაძის მიერ აღმოჩენილი დახმარება და გადავწყვიტეთ მისთვის ტელეკომპანიის 25 პროცენტი გვეჩუქებინა. მე მას ვუთხარი, რომ სამმა მეგობარმა დავაფუძნეთ “რუსთავი-2” და მას ვიღებდით მეოთხე მეგობრად, წილსაც თანაბრად გადავინაწილებდით.
ჩვენ მაუწყებლობის გაფართოება გვსურდა, რისთვისაც დეციმეტრული სიხშირე უნდა მოგვეპოვებინა.
პარალელურად, ფიქრია ჩიხრაძე თავის მეგობრებთან ერთად ტელეკომპანია “თამარიონის” აღდგენას აპირებდა. 1994 წელს ამ ტელეკომპანიის გადამცემს ხანძარი გაუჩნდა და შედეგად მთაწმინდაზე სატელევიზიო ანძა დაიწვა. მას შემდეგ ამ სიხშირეს არავინ იყენებდა. აღნიშნული სიხშირე თავდაცვის მინისტრს - გია ყარყარაშვილს ეკუთვნოდა, ფიქრია მასთან მეგობრობდა ვინაიდან თავისუფალი სიხშირე ეგულებოდა ტელევიზიის გაკეთებას აპირებდა.
ამ დროს სიხშირეები გავლენის მიხედვით ჰქონდათ გადანაწილებული. სატელევიზიო სიხშირე ჰქონდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, თენგიზ კიტოვანს, “მხედრიონს”, კავშირგაბმულობის მინისტრს და ასე შემდეგ. სიხშირეს კონკურსის გზით ვერ მოიპოვებდი. “გამა+”-მა რუსთავში მეტრული სიხშირე ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის ლიდერის და პარლამენტარ მიხეილ ნანეიშვილის დახმარებით მოიპოვა. დათო დვალი მისი პარტიის წევრი იყო და ნანეიშვილი დაგვეხმარა.
ჩვენ ტელეკომპანიის თბილისში გადმოტანა გვსურდა, ვინაიდან დედაქალაქის მეტი ასპარეზი, რეკლამა და შესაბამისად, შემოსავალიც მეტი გვექნებოდა.
ფიქრია ჩიხრაძეს შევარდნაძესთან განსახილველად ორი წერილი უნდა მიეტანა. “რუსთავი-2-სთვის დეციმეტრული სიხშირის მოსაცემად და “თამარიონის” სიხშირის მოდიფიცირებისთვის.
ჩვენი შეთანხმება ჩიხრაძისთვის 25-პროცენტიანი წილის ჩუქებაზე ძალაში იყო, თუმცა ეს დოკუმენტურად არ გაგვიფორმებია. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ სიტყვას არ გავტეხდით და ამის გაფორმება, არც თავად ფიქრიას უთხოვია.
უცნაური და სასიხარულო ფაქტი მოხდა - ჩიხრაძემ გვითხრა, რომ “თამარიონს” ვერ აღადგენდა და მისი სიხშირე ჩვენ გვაჩუქა. თუკი ტელეკომპანია 6 თვეზე მეტი ხნის მანძილზე ეთერში არ გავიდოდა, მაშინდელი კანონმდებლობით მას კუთვნილი სიხშირე ჩამოერთმეოდა. “თამარიონს” ეს ვადა დარღვეული ჰქონდა და მას სიხშირის დაკარგვა ემუქრებოდა.
ამის გათვალისწინებით, ფიქრიამ სიხშირე გვაჩუქა. ამას არანაირად არ ველოდით, სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდით. ჩვენ დავფარავდით თბილისს, სადაც ფინანსური რესურსი სატელევიზიო ბიზნესისთვის შეუდარებლად მეტი იყო, ვიდრე რეგიონში.
“თამარიონის” სიხშირე, მართლაც გადმოგვცეს, რაშიც გია ყარყარაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენ სასწრაფოდ ჩავედით მოსკოვში, ვიყიდეთ აპარატურა და ოფისი გადმოვიტანეთ თბილისში ”საქსოფმშენის” მეჩვიდმეტე სართულზე, სადაც დღესაც განთავსებულია “რუსთავი 2”, მაშინ მხოლოდ სამი ოთახი დავიქირავეთ. შემდეგი ეტაპისთვის ახალი გადაცემები დავგეგმეთ, მოვიფიქრეთ ახალი პროექტები და სოროსის ფონდში 20 ათასი დოლარის გრანტის მისაღებად პროექტი შევიტანე.
1996 წლის გაზაფხულზე სოროსის ფონდის საბჭო ჩვენი პროექტის დაფინანსების საკითხს განიხილავდა. ამ სხდომაზე მეც მიმიწვიეს. ჩემთვის მოულოდნელად სხდომაზე რაჭის გუბერნატორი თედო ისაკაძე შემოვარდა და საბჭოს წევრებს გამოუცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენთვის გრანტი არ მოეცათ, ვინაიდან თურმე სატელევიზიო სიხშირე არ გაგვაჩნდა და “რუსთავი-2”-ის დამფუძნებლების ვინაობაც ბუნდოვანიაო. გავოგნდი.
ამათი გააქტიურების მიზეზი მალე გაცხადდა. ჩიხრაძე, ისაკაძე და ნიკოლოზიშვილი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ისაკაძემ და ნიკოლოზიშვილმა ჩათვალეს, რომ ჩვენ ჩიხრაძეს უსამართლოდ დავუთმეთ ტელეკომპანიის 25 პროცენტი, ვინაიდან სიხშირე ჩიხრაძემ მოგვცა, ამის სანაცვლოდ ტელეკომპანიის 50 პროცენტი წილი მოითხოვეს.
საქმის გასარჩევად ნიკოლოზიშვილის სახლში დაგვიბარეს. პარალელურად ჯარჯი აქიმიძის გადაბირებას ცდილობდნენ, რა გინდა მაგათთან, ჩვენთან ერთად იყავიო.
მათ მოთხოვნას მარტივად და გასაგებად ვუპასუხე: “დავა რომ გვქონდეს თონის აშენებაზე, კი ბატონო, თუკი მიწას გამოგვიყოფდით სანაცვლოდ, ნამდვილად მოგცემდით თონის 50 პროცენტს. რაც შეეხება ტელევიზიას, ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ტელევიზიის გაკეთებას. ჩვენ ვაკეთებთ თავისუფალ ტელევიზიას. ფიქრიას 25 პროცენტს მხოლოდ მეგობრობისთვის ვუთმობდით”.
მათაც, გასაგებად მიპასუხეს: ყველაფერს დაკარგავთ!
ერთმანეთს ასე დავშორდით.
მათ წერილით მიმართეს პრეზიდენტს, რომ თითქოსდა “რუსთავი 2”-ს დროებით გადასცეს სიხშირე და რომ ახლა შექმნეს საკუთარი კომპანია და ეს სიხშირე, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ უკან დაგვიბრუნეო.
1996 წლის 1 ივნისს ახალი სიხშირით დავიწყეთ მაუწყებლობა. თვის ბოლოს 28 თუ 29 ივნისს გიგა ბოკერიას გადაცემა უნდა გასულიყო. მაშინ ვენაში რიჩო ჯავახაძე, ავიაკომპანია “ორბის” მეპატრონე თუ მეწილე მოკლეს. ბოკერიამ გადაცემის ანონსში გამოაცხადა, ჩვენ ვიცით, ვინ მოკლა ჯავახაძე და ხვალ მას ეთერში დავასახელებთო.
მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, შოთა კვირაიას ეს არ მოეწონა და მთავრობის სხდომაზე ერთი ამბავი ატეხა - ვისია ეს ტელეკომპანია “რუსთავი 2,” საიდან გავიდა ეთერში და ა.შ.
ბოკერიას ჯავახაძის მკვლელობაზე ამის შემდეგ აღარაფერი უთქვამს. ვფიქრობ, რომ არც არაფერი იცოდა და პროვოკაცია მოაწყო, რასაც ჩვენი დახურვა მოჰყვა.
ამას, თან დაემატა ფიქრია ჩიხრაძესთან ჩვენი დავა, რაც შევარდნაძეს ასევე აღიზიანებდა. მთავრობის სხდომაზე მან კვირაიას თავის დაქნევით ანიშნა, რომ მასაც ყელში ამოუვიდა ეს “რუსთავი 2” და შევარდნაძის თანხმობით, ივლისის დასაწყისში ეთერიდან გაგვთიშეს, ხოლო სიხშირე ჩიხრაძის რაღაც ფირმას გადასცეს.
ბოკერიამ ჩვენი უფლებების აღსადგენად “თავისუფლების ინსტიტუტი” დააარსა, ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ებრძვისო - გაიძახოდა, და ამით სახელი გაითქვა. დღეს “თავისუფლების ინსტიტუტი” თავად ებრძვის თავისუფალ სიტყვას და უნდა ვთქვა, რომ ამ საქმეში უფრო მეტი წარმატება აქვთ, ვიდრე მაშინ ჰქონდათ, როცა ჩვენ გვიცავდნენ. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის წევრები არავითარი ლიბერალური ღირებულებების დამცველები არ ყოფილან, მათ ჩვენი უფლებების დაცვის საბაბით გრანტები მოიპოვეს, მერე ასევე საზღაურის სანაცვლოდ “იეღოველებს” იცავდნენ და როცა საშუალება მიეცათ, მას-მედია მთლიანად საკუთარ ცენზურას დაუქვემდებარეს.
კავშირგაბმულობის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ. თუმცა ჩვენს მოპასუხედ სასამართლომ კავშირგაბმულობის სამინისტროსთან ერთად, ჩიხრაძეც ცნო. ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე, ომი ქერი აქტიურად დაგვეხმარა. ერთ-ერთ სასამართლო პროცესს 5 წამყვანი ქვეყნის დიპლომატიც დაესწრო. ის პროცესი წავაგეთ, თუმცა საბოლოოდ სასამართლოს გზით, მაინც გავიმარჯვეთ და 1997 წლის 10 აპრილს ეთერში დავბრუნდით.
ვინაიდან ხელისუფლებას ჩვენი დახურვა არ გამოუვიდა, სტრატეგია შეცვალეს და კონტროლირებული ტელეკომპანიების საშუალებით ჩვენი “დაძირვა” განიზრახეს. ამ მიზნით, სახელმწიფო ტელევიზიის უფროსად ზაზა შენგელია დანიშნეს, რომელმაც პირველ არხზე “იბერვიზიიდან” ჟურნალისტთა ძლიერი გუნდი გადაიყვანა. სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხიც პოპულარული იყო, იქ კიდევ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ გააკეთა ტელევიზია, კარგი სიხშირე მისცეს და მას არც ფინანსები უჭირდა.
ჩავებით კონკურენციაში. “რუსთავი 2”-ს ამ დაპირისპირებაში მხოლოდ ინოვაციებით შეეძლო გამარჯვება და ჩვენ გეზი ამისკენ ავიღეთ. აქედან მოყოლებული ჩემი გენერალური დირექტორად მუშაობის ბოლომდე - “რუსთავი 2” მუდმივად ინოვაციური ტელეკომპანია გახლდათ.
ჩვენ პირველებმა ვაჩვენეთ პირდაპირ ეთერში ინგლის-საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩი. ქართველ კომენტატორებს, გიგა ბოკერიას და გოგი ქავთარაძეს, პირდაპირი რეპორტაჟი “უემბლის” სტადიონიდან მიჰყავდათ. ჩვენი გუნდის გასვლითი მატჩი მანამდე პირდაპირ ეთერში ლეგალურად არასდროს გადმოუციათ. ფეხბურთელებს თამაშის მეორე დღეს შავბნელი ვიდეოკასეტა ჩამოჰქონდათ და მაყურებელს იმას უჩვენებდნენ. ერთი ეგ იყო, რომ ფეხბურთის მეორე დღეს ნახევარი თბილისი ბოკერიას ცუდად გადმოცემული რეპორტაჟისთვის აგინებდა, მეორე ნახევარი - მე, მაგისი ლონდონში გაგზავნისთვის.
“რუსთავი-2” გახდა პირველი ქართული არხი თანამგზავრზე. მაშინ ტელეკომპანია “მირთან” ხელშეკრულება გავაფორმეთ და ყოველდღე ერთი საათით თანამგზავრიდან ვმაუწყებლობდით. ამის გამო ზაზა შენგელიას კინაღამ ოჯახი დავანგრევინეთ. საქმე ის არის, რომ “მირის” დირექტორი მისი მეუღლე, სესილი გოგიბერიძე გახლდათ და ხელშეკრულება მან გაგვიფორმა. ის მოიქცა ისე, როგორც ძალიან წესიერი მენეჯერი უნდა მოქცეულიყო. ჩვენს თანამგზავრზე გასვლას დიდი პიარ-კამპანია გავუკეთეთ. ქუჩებში სარეკლამო ბილბორდებზე წამყვანი ჟურნალისტების - აკაკი გოგიჩაიშვილის, ეკა ბერიძის, გიორგი სანაიას სურათები გამოვკიდეთ. ამ სურათებზე მათ კოსმონავტის სკაფანდრები ემოსათ. ესეც, ტელევიზიის პირველი პროფესიონალურად განხორციელებული პიარ აქცია აღმოჩნდა.
საპასუხოდ შენგელიამ თანამგზავრიდან 24-საათიანი მაუწყებლობა პირველმა დაიწყო, მაგრამ თანამგზავრზე პირველები ჩვენ გავედით.
1998 წლის ბოლოს ჩვენ პოპულარობით ყველა კონკურენტს გავუსწარით, რაც სარეკლამო ბაზარზეც აისახა. ჩვენ სარეკლამო ბაზრის 55 პროცენტი დავიკავეთ.
1999 წელს საპარლამეტო არჩევნები ტარდებოდა და ამ პერიოდში პირველობა ფინანსურად ბევრ რამეს ნიშნავდა. პოლიტიკური ჯგუფები ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო არხზე სარეკლამო კლიპებს განათავსებდნენ, რაც სერიოზულ ფინანსურ სარგებელს მოგვიტანდა. გარდა იმისა, რომ კომერციულ რეკლამას პოლიტიკური რეკლამაც ემატებოდა, ჩვენთვის ეს არჩევნები ქვეყნის მომავლის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი და საინტერესო გახლდათ.
შევარდნაძის პოლიტიკური გაერთიანება “მოქალაქეთა კავშირი” არჩევნების წინ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1997 წლამდე შევარდნაძის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საზოგადოება პოზიტიურად აფასებდა, მაგრამ მომდევნო წლებში რუსული დეფოლტით განპირობებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ეკონომიკაში ერთი ადგილის ტკეპნამ, გაუცემელმა ხელფასებმა და პენსიებმა, ელექტროენერგიის დეფიციტმა მას პოპულარობა დაუკარგა და მის მიმართ იმედგაცრუება გაჩნდა. ამ ფონზე სრულიად ლოგიკურად ოპოზიციური სპექტრი გაძლიერდა.
ოპოზიციის ცენტრად ბათუმი ჩამოყალიბდა. ასლან აბაშიძის ირგვლივ ბევრმა პოლიტიკურმა მოთამაშემ მოიყარა თავი: ვახტანგ რჩეულიშვილი, აკაკი ასათიანი, თვითონ “აღორძინება”, ერთ-ერთი ზვიადუსტური მოძრაობა... საკმაოდ ძლიერი ბირთვი შეიქმნა და მას მთლიანად ასლან აბაშიძე აფინანსებდა. ცხადია, ეს პრორუსული მიმართულების გაერთიანება იყო, ცხადია, ასლანის გარშემო შეკრებილ ხალხს ერთი მიზანი ჰქონდა: გაერთიანების გზით პარლამენტში მოხვედრილიყვნენ. მათ მიაჩნდათ, რომ იმხანად საკმაოდ პოპულარული ასლან აბაშიძის ფლაგმანობით ამ მიზანს იოლად მიაღწევდნენ.
მათ უპირისპირდებოდა ზურა ჟვანია - მოქალაქეთა კავშირის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის გამოკვეთილი ლიდერი, მას უკვე ჰქონდა ერთი ვადით პარლამენტის თავმჯდომარეობის გამოცდილება. გარდა ამისა, მოქალაქეთა კავშირში და შევარდნაძის გარემოცვაშიც დიდი კონკურენცია იყო, ყველა ცდილობდა, შევარდნაძეზე გავლენა მოეპოვებინა და ამ გზით სულ სხვადასხვა სფეროში თავისი პოზიციები გაემაგრებინა.
საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე ორივე მხარე გააქტიურდა და ჩვენც დაგვიკავშირდნენ. სწორედ ამ პერიოდში რამდენიმე მიზეზის გამო ბათუმში ასლან აბაშიძეს შევხვდი.
ასლან აბაშიძესთან სულ ორი ასეთი შეხვედრა მქონდა. პირველი იყო უზარმაზარი რიტუალი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღწერას.
ასლან აბაშიძესთან შესახვედრად ჯერ ბათუმში უნდა ჩასულიყავი.
საზღვარზე, ჩოლოქზე, გეკითხებოდნენ, სად მიდიხარ. 1999 წელს “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელს ჯერ ნაკლებად მცნობდნენ და არც საზღვარზე მდგომმა შავფორმიანმა ბიჭებმა იცოდნენ, ვინ ვიყავი, ამიტომ ისინი დიდი ყურადღებით, მკაცრი სახით ამოწმებდნენ საბუთებს და დაუვიწყარი რეაქცია ჰქონდათ, როცა ვუთხარი, რომ ასლან აბაშიძესთან მივდიოდი.
მომენტალურად შეშფოთდნენ, აღელდნენ, უმალვე ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. შემდეგ ხაზგასმული ზრდილობით დამიბრუნეს საბუთები, ხაზგასმული ზრდილობით გამაცილეს, მისურვეს წარმატება, ბედნიერი მგზავრობა...
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აჭარაში!”
აჭარაში ორი მიზეზის გამო გავემგზავრე. პირველი, რუსთავი 2-ის გავრცელებასთან დაკავშირებით შეგვექმნა პრობლემა. ჩვენი პარტნიორი ტელეკომპანია “25-ე არხი” გახლდათ, დაუჯერებლად მამაცი ადამიანები, რომელთა ინტერესებიც მუდამ ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების ინტერესებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება სურდათ. იმ დროისთვის 25-ე არხი მის დამფუძნებლებს აღარ ეკუთვნოდა, რამდენიმე ადამიანი მენეჯერებად ჰყავდათ დატოვებული. ერთი დამფუძნებელი თბილისში იყო წასული და ბათუმში საერთოდ ვერ ბრუნდებოდა. არხს ფორმალურად ფლობდა ასლან სმირბა, რომელიც იძულების წესით აძლევდა დანარჩენ მფლობელებს რაღაც 50 000 დოლარს, რომ არხი ბოლომდე მის სახელზე გაფორმებულიყო.
მოკლედ, შეიქმნა პრობლემები, ჩვენ კი აჭარაში საინფორმაციო გადაცემებს 25-ე არხის საშუალებით გადავცემდით, “კურიერის” გასავრცელებლად სხვა არხები არ გვქონდა და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ასლანს შეეძლო, მამას და მარჩენალს.
მოკლედ, ჩავედი ასლანთან მე, დირექტორი ერთ-ერთი ტელევიზიისა, რომელიც კი, ყველაზე პოპულარულია, მაგრამ არანაირი პოპულარობა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ბათუმში “რუსთავი 2” გაუშვან. ჩავედი და დაიწყო რიტუალი.
ნაბიჯი პირველი: კონტაქტი პრესმდივანთან. იმხანად ასლანს გიორგი თარგამაძე ჰყავდა პრესმდივნად, ის ასლანის გარემოცვაში ერთ-ერთ რუხ კარდინალად ითვლებოდა. შესაბამისად, შემხვდა თარგამაძე, ძალიან საქმიანი, შეწუხებული სახით, თავისი ასაკისათვის მეტისმეტად სერიოზული იყო ან სერიოზულს თამაშობდა. “იცით, ბატონი ასლანი დაკავებულია, მნიშვნელობა არა აქვს, რომელ საათზე გაქვთ შეხვედრა დათქმული, როგორც კი მოიცლის, შეგატყობინებთ” - და დიდი პატივისცემით წამიყვანეს ბათუმის, აჭარის და მთელი საქართველოს საამაყო სასტუმრო “დავითში”.
ესეც რიტუალის ნაწილი იყო: ოთხიოდე საათი “დავითის” კაფე და ათიოდე ფინჯანი ყავა ბათუმურად. რაღაც დროის შემდეგ შეწუხებული თარგამაძე ტელეფონს იღებს, ჩუმად ლაპარაკობს, შემდეგ მიდის, შემდეგ მოდიან ვალერი გელბახიანი და ჯემალ გოგიტიძე, რომლებიც აგრძელებენ ჩემს გართობას, თუ დროის გაყვანას, თუ არ ვიცი, რას. პერიოდულად კვლავ ხდება გადარეკვები, გადმორეკვები... მოკლედ, წვალობენ.
მაშინ თვითონ ბათუმი ძალიან დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ტოვებდა. წარმოიდგინეთ: ზღვა, ფანტასტიკური სუბტროპიკები, მოდუნებული უნდა იყო - და ირგვლივ შავ, უცნაურ ტანსაცმელში, დანარჩენი საქართველოს ძალოვანებისგან განსხვავებულად გამოწყობილი მამაკაცები დადიან, ავტომატიანი ბიჭებით სავსე მანქანა ხან აიქროლებს, ხან ჩაიქროლებს. ასლან აბაშიძის რეზიდენციასთან და მის მისადგომებთან კილომეტრებზე დგას პოლიცია, ყველაფერი გადაკეტილია. ძალიან შთაგონებულები არიან, როლში შეჭრილები. ლათინოამერიკული ფილმები თუ გინახავთ, პატარა დიქტატორების შესახებ, 1960-70-იანი წლებიდან, - დაახლოებით ასეთი ტიპის კადრები იქნებოდა იქაც.
საერთოდ, ბათუმელები ძალიან გულღია ხალხია, კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევა, და მაშინ ძალიან თვალშისაცემი იყო, რომ ქალაქი ცალკე სამყაროში ცხოვრობს, ბელადს კი სხვა სამყარო აქვს. დღეს, როცა ყველაფერს ნეგატიურად აფასებენ, ყველას უცებ დაავიწყდა ის უამრავი სისაძაგლე, დაავიწყდათ, რა სიტუაცია იყო ბათუმში, უკანონობის და განუკითხავობის ის ხარისხი. ძალიან დამთრგუნველი იყო, ამ ადამიანს განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა.
ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ ცა გაიხსნა, შეხვედრა შედგა. წავედით ასლანთან, რეზიდენციაში, რომელსაც აჭარის მეთაურის რეზიდენცია ერქვა. პატარა აგურის შენობაა, არაფრით განსხვავებული, სიმპათიური ბათუმური სახლია.
ბუნებრივია, გამჩხრიკეს. რა იარაღით უნდა შევსულიყავი, მაგრამ მაინც ძალიან გულდასმით მჩხრეკდნენ. მერე - წითელხალიჩიანი კიბე, მისაღები დარბაზი მეორე სართულზე და იქ - ასლან აბაშიძე.
ჩია კაცი, საკმაოდ ნავარჯიშები, კარგად ჩაცმული, ყოველთვის მოწესრიგებული, და მასთან ერთად - უზარმაზარი კავკასიური ნაგაზი. იმდენად დიდია ნაგაზი თუ იმდენად პატარაა ასლანი, ყოველ შემთხვევაში, მის ფონზე ძაღლის ზომები უფრო შთამბეჭდავი ხდება. ერთობ ცივად მომესალმა, სხვა ოთახში შევიდა და იქ გააგრძელა შვილთან, თუ ცოლთან, თუ მეორე შვილთან, თუ სიძესთან ურთიერთობა - არ ვიცი, ეს ყველაფერი კარს უკან ხდებოდა. კიდევ ნახევარსაათიანი ლოდინი და ბოლოს მდივანმა დიდ დარბაზში მიმწვია.
დიდი დარბაზია, შუაში უზარმაზარი მაგიდა დგას. რომ შევედი, ფანჯრების მხარეს დამხვეს. მარცხენა მხარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზარმაზარი დროშაა, ზედ - ასლანისეული დიზაინის არწივი, ლურჯი, უშველებელი, ფრთაგაშლილი, რაღაც შვიდი ვარსკვლავით ფრთებზე. იქვე დიდეკრანიანი ტელევიზორი დგას, რაც იმ დროისთვის დიდი ფუფუნების საგანი იყო, აქსესუარი მისაღები დიდია, ადამიანი - პატარა. კადრი ჩარლი ჩაპლინის “დიდი დიქტატორიდან”:
ასლანი შემოვიდა:
- გამარჯობა.
- გამარჯობა.
დავსხედით.
საუბრის დეტალურ აღწერას აზრი არა აქვს. თვითონ რიტუალია აღსანიშნავი.
იწყება ასლანის ნახევარსაათიანი მონოლოგი, აბსოლუტურად გაუგებარი. ის ჰყვება რაღაც ამბებს, რომლებზეც წარმოდგენა არა გაქვს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ყველაფერი იცი: როგორ გადაარჩინა თავის დროზე აჭარა მხედრიონის შემოჭრისგან, როგორ დაიცვა საქართველოს ეს კუთხე, მისი წინაპრები როგორ იბრძოდნენ ერთიანი საქართველოსთვის... პერიოდულად მქონდა საუბარში ჩართვის, სიტყვის ჩაგდების მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. ეტყობოდა, რომ ძალიან სიამოვნებდა თავისი მონოლოგი, თავისი თავის მოსმენა. პერიოდულად მდივანი შემოდიოდა, ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა, ასლანი საქმიანი სახით დგებოდა, გადიოდა, დავალებებს გასცემდა, ვიღაცა შემოდიოდა, ვიღაც გადიოდა, და განცდა მქონდა, რომ ეს არასოდეს მორჩება. ასლანი უკვე კულტუროლოგიურ ასპექტებს შეეხო, ის მოჰყვა, როგორია ბათუმის ოპერა, როგორი საუკეთესოა...
რიტუალის შემდეგი ნაწილი ყველაზე სახალისოა. მის შესახებ ბევრისგან მსმენია და აი, თვითონაც დავესწარი: სახლგანთქმული ტრაპეზი ასლან აბაშიძესთან.
შემოდის მზარეული თუ ოფიციანტი, შემოაქვს უზარმაზარი, შავი ქვაბი, ასეთში ფლავს აკეთებენ ხოლმე. ქვაბში ამჯერად სპაგეტია. ასლანის ქალიშვილი იტალიაში იყო გათხოვილი, და სპაგეტი ასლანის ერთ-ერთი მთავარი კერძი გახდა.
მაშ, ასე: სპაგეტი, პირდაპირ ქვაბით, და ასლანის საყვარელი აჭარული კერძი, პომიდორში მთლიანად ჩახლილი კვერცხი, მართლა უგემრიელესი რაღაცაა. ასლანთან ტრაპეზი, ამ კვერცხის ჭამა, თეფშის პურით მოწმენდა – კარგი სანახაობაა.
რიტუალი, - ის სამი საათი თუ სამსაათნახევარი გაგრძელდა; ზურა ჟვანიას და სხვებს ნათქვამი აქვთ, რომ ზოგჯერ ოთხსაათიანიც ყოფილა, - მორჩა იმით, რომ მე ათიოდე წუთი ველაპარაკე, რომ არჩევნები იწყება, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიხარდებნა, თუ აჭარის საარჩევნო ბიუჯეტში ჩვენთვის იმის შესაბამის წილს დაგეგმავენ, რამდენიც ჩვენი გავლენის გათვალისწინებით გვეკუთვნის. ვუთხარი, რომ სახელისუფლებო და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხებისაგან განსხვავებით, ჩვენთან მას გარკვეული თავისუფლება ექნებოდა – თუ რამე ღონისძიება იქნებოდა ან საინფორმაციო აქტივობა, ეთერში გამოსვლის საშუალებას მივცემდით.
საბოლოოდ ასლანი ძალიან კმაყოფილი დარჩა, ჭკუა დამარიგა, მასწავლა, რას ნიშნავს დემოკრატია, როგორ უნდა გაშუქდეს მოვლენები, რამდენჯერ სცადა მან საქართველოს გადარჩენა და ახლაც ამ ბრძოლაშია, და ა.შ. შევთანხმდით, რომ როცა მისი თანამოაზრეები საარჩევნო ბიუჯეტს დაგეგმავდნენ, “რუსთავი 2” აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული.
ამ შეხვედრის შემდეგ ასლან აბაშიძე და მისი საარჩევნო პოლიტიკური ბლოკი “აღორძინება” ძალიან გააქტიურდნენ. ასლანმა ჟურნალისტებთან თავისი სახელგანთქმული ორშაბათის თუ სამშაბათის შეხვედრების ტელეტრანსლაციები დაიწყო. ჟურნალისტებთან ურთიერთობა საათობით გრძელდებოდა, ის საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა და აჭარის მთავრობის წარმატებების დემონსტრაციას ახდენდა.
მოგვიანებით, როცა მე და ზურა ჟვანია დავმეგობრდით, ის სულ მეუბნებოდა: “აი, იცი რა, აი, შენ მაშინ... რამდენი გადაგიხადა ასლანმა? აშკარად ბევრი გადაგიხადა, შენ მაგათზე მუშაობ...” თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, მოქალაქეთა კავშირი სათანადოდ ვერ მოემზადა, ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო და ამიტომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ცენტრალური ხელისუფლება და მოქალაქეთა კავშირი ასლანს ჯეროვნად ვერ პასუხობდნენ. ინიციატივა ასლანმა მოიხელთა და ეს ბუნებრივია, საინფორმაციო სფეროზეც აისახა.
სინამდვილეში, საქართველოს დედაქალაქში დასახარჯად ბათუმიდან წამოღებული, იმ დროისთვის კოლოსალური თანხებიდან ასლან აბაშიძის გარემოცვამ დიდი ნაწილი ტელეკომპანია “საქართველოს ხმას” მისცა. ეს ტელევიზია ბევრს არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ მისი მეპატრონეები ასლანთან მეგობრობდნენ და დაფინანსებაც ამის გამო მიიღეს. ასლანმა სახელმწიფო არხზეც სერიოზული თანხა გადაიხადა.
ყველაზე ცოტა - 20 ათასი დოლარი “რუსთავი 2”-ში მოიტანეს, თუმცა ჩვენ აზრად არ მოგსვლია, რაიმე თანხის საფასურად არხის პოლიტიკა შეგვეცვალა.
ასლანის კვალად მოქალაქეთა კავშირიც გააქტიურდა და მათაც დიდი საარჩევნო კამპანია გააჩაღეს. მათ ფინანსების საკითხიც, მოაგვარეს და მოქალაქეთა კავშირმა ძალიან ამაყად გადაიხადა ნაღდი ფულით 150 ათასი დოლარი.
იმხანად შევარდნაძის გარემოცვაში ერთი ალიაქოთი ჰქონდათ, მომავალი პირველობისთვის ერთმანეთს სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე და პარლამენტის თავმჯდომარე ზურა ჟვანია იბრძოდნენ. ჟვანია ლორთქოიფანიძის საპირწონედ განიხილებოდა, რაც ვაჟას ძალიან ანერვიულებდა.
ზურა ქართულ პოლიტიკაში ახალ ხაზს წარმოდგენდა, ეროვნული მოძრაობიდან, დისიდენტური მოძრაობიდან, საუნივერსიტეტო წრიდან წამოსულს. მან თავისი გზა ყოველგვარი კომკავშირულ-პარტიული სიმძიმეების გარეშე გაიარა, თანამედროვე ქართული პოლიტიკური ლიდერშიფის საუკეთესო შტოს წარმოადგენდა. მეორე მხარეს იყო ვაჟა, რომელიც ასევე საკმაოდ ძლიერი, აქტიური, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდის მქონე ადამიანია, მაგრამ მას სრულიად კომუნისტური, ნომენკლატურული წარსული ჰქონდა- საბჭოთა პერიოდში, ვაჟა ლორთქიფანიძე საქართველოს კომკავშირის კომიტეტის პირველი მდივანი იყო, შემდეგ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. შევარდნაძის სახელმწიფო მეთაურობის პერიოდში, ის მის კანცელარიას ხელმძღვანელობდა და შევარდნაძის გარემოცვაში ყველაზე გავლენიან კაცად ითვლებოდა. სახელმწიფო მინისტრობამდე მოსკოვში ელჩად რამდენიმე წელი იმუშავა.
პრესას ორივე მხარე მეტ-ნაკლები წარმატებით სათავისოდ იყენებდა. ამ მხრივ, საქმე ზურას უკეთ ჰქონდა აწყობილი: ჟურნალისტურ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მისი ლიბერალური იდეები უფრო მოსწონდა, მას გამომცემლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მათ გრანტების მოპოვებაშიც ეხმარებოდა. ყოველივე ამის გამო ზურა მეტი პოპულარობით სარგებლობდა.
1999 წლის არჩევნები, მოგეხსენებათ, შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის გამარჯვებით დამთავრდა და სრულიად სამართლიანად: კამპანიის თვალსაზრისით მოქალაქეთა კავშირმა ძალიან სერიოზულად აჯობა მოწინააღმდეგეს. თუ დავაკვირდებით, ეს კამპანია ძალიან ჰგავდა 1996 წლის ელცინის კამპანიას, აქაც იგივე ტექნოლოგია გამოიყენეს: კომუნისტებისაგან შეიქმნა ე.წ. რევანშიზმისა და წარსულის უკან დაბრუნების საფრთხობელა, “საფრთხე”, კამპანიამ ხალხი ამ “საფრთხის” ირგვლივ გააერთიანა და ელცინი, რომელსაც მარტის დასაწყისში 7 პროცენტი უჭერდა მხარს, თუმცა მეორე ტურის შემდეგ, მაინც რუსეთის პრეზიდენტად “გაიყვანეს”. ელცინი, დავარდნილი, ფაქტიურად, ნახევრადცოცხალი ადამიანი.
აქ მთლად ასეთი სიტუაცია არ ყოფილა. შევარდნაძე, მიუხედავად 1998 წლის ტერაქტისა, საკმაოდ მტკიცედ იდგა ფეხზე, მაგრამ ასლან აბაშიძის სახით საფრთხობელის შექმნა მაინც საჭირო გახდა. რუსი იმიჯმეიკერების დახმარებით ამ საფრთხობელის და ზურა ჟვანიასა და მისი თანამოაზრეების გამოცდილების წყალობით მოქალაქეთა კავშირმა გაიმარჯვა და ზურა ჟვანიამ 1999 წლის მოწვევის პარლამენტის ახალი უმრავლესობა დააკომპლექტა და შევარდნაძეს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე გია არსენიშვილი დაანიშნინა.
პარლამენტი ჩამოყალიბდა და ექვსი თვის მერე, ანუ მარტში, პრეზიდენტის არჩევნებია დაგეგმილი.
შევარდნაძესთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ჩვენი ტელეკომპანია ამ დროისთვის უკვე ყველაზე გავლენიანი გახდა.
ზემოთაღწერილი მოვლენების განვითარების დროს, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, შემოგვიერთდნენ - აკაკი გოგიჩაიშვილი და მისი გუნდი, ორი ჟურნალისტი: ეკა სარია და ლიკა ბასილაიია. ჩაფიქრებული ჰქონდათ ჟურნალისტური გადაცემა ეკონომიკაზე, დაახლოებით ისეთი, როგორიც აკაკიმ შემდგომ გააკეთა, მაგრამ მაშინ ეს იდეა უპერსპექტივოდ მომეჩვენა, ჩავთვალე, რომ პროექტი წარუმატებელი იქნებოდა.
ეთერში სხვა გადაცემა გავიდა, აკაკი გოგიჩაიშვილის “60 წუთი”. პირველივე გადაცემების მთავარი გმირი შევარდნაძე გახდა. აკაკი სარგებლობდა იმ ინფორმაციით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და კონტროლის პალატა აწვდიდა. ამ მასალის გამოყენებით მან შევარდნაძის ოჯახს რამდენიმე მძიმე ბრალდება წაუყენა. პირველად თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში ედუარდ შევარდნაძე - ღიად, მთელი ქვეყნის გასაგონად, მისი ნათესავების კორუმპირებულობისთვის დაადანაშაულეს. იყო მინიშნებებიც, რომ ცალკეულ შემთხვევებში არამარტო შევარდნაძის სახელით სარგებლობდნენ, არამედ უკანონო გარიგებებისთვის პირადად შევარდნაძესაც იყენებდნენ.
ამ გადაცემების ჩვენების შემდეგ შევარდნაძე გააქტიურდა. მან შეხვედრა დამინიშნა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პირისპირაც შევხვდი.
შევარდნაძე იმ დროისათვის ლეგენდარული ადამიანი იყო. გამჭოლი მზერა აქვს, უძლიერესი პოლიტიკოსი, “თეთრი მელა”, ადამიანი, რომელმაც ბერლინის კედელი დაანგრია, ადამიანი, რომელიც 30 წელი მართავდა და მართავს საქართველოს, ანუ მართლა ადამიანი-ლეგენდა, და ბუნებრივია, ვღელავდი.
მანამდე მხოლოდ ერთხელ შევხვედრივარ - როცა “რუსთავი 2”-ს ვიწყებდით, შევარდნაძის პრეს-მდივანი რამაზ საყვარელიძე იყო, და რამაზს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა, რომ შევარდნაძეს რუსთაველებისთვის ახალი ტელევიზიის დაბადება მიელოცა. შეიძლება ითქვას, რომ “რუსთავი 2” მისი დალოცვილი იყო.
მახსოვს, არ ვიცოდი, რომ შევარდნაძეს ცალი ყურით გაგონება უჭირდა. მახსოვს, რაღაც კითხვა დავუსვი, ალბათ, ხმადაბლა მომივიდა და მან მხოლოდ გაკვირვებულმა შემომხედა, პასუხი არ გამცა. კიდევ ერთხელ გავუმეორე, კიდევ არ მიპასუხა და ცოტა ხმამაღლა მომივიდა, „გასაგებია?“ მაშინ ეს დიდი სამხიარულო თემა გახდა.
ახლა კი კვლავ შევარდნაძეს უნდა შევხვედროდი.
გავიარეთ “ცისანას ბარიერი”. ცისანა იყო ათწლეულების განმავლობაში შევარდნაძის პირადი მდივანი, თბილი, გაწონასწორებული ქალი. გავიარეთ “ცისანას ბარიერი” და მოვხვდი შევარდნაძესთან.
შევარდნაძის კაბინეტი მრავალს ახსოვს: შესასვლელში, ხელმარცხნივ - ძალიან გრძელი მაგიდა, კაბინეტის სიღრმეში - დიდი სამუშაო მაგიდა და ორი სავარძელი სტუმრებისთვის, მარჯვენა მხარეს - დივანი და ორი სავარძელი.
მე ველაპარაკე იმაზე, რომ პრესას დახმარება სჭირდება, რომ აი, როგორ ფიქრობთ? როგორ წარმოგიდგენიათ? და ჩვენ ასე წარმოგვიდგენია ქვეყნის მომავალი... მან კი სადღაც შუა საუბარში ისე, სხვათა შორის მკითხა, რას ფიქრობ, შენი ტელევიზია ვინმე რუს ოლიგარქს რომ მიყიდოო? აი, გუსინსკისნაირსო, მაგრამ არა გუსინსკისო.
გაკვირვებულმა შევხედე - რატომ-მეთქი?
- არა, სულ კი არა, რაღაც ნაწილი რომ მიჰყიდო.
- არ მიფიქრია, ბატონო ედუარდ, მაგაზე და არ ვიცი.
შევარდნაძემ უცბად სხვა თემაზე დამიწყო საუბარი.
სინამდვილეში, კი მას ტელევიზიის გაყიდვაზე სურდა საუბარი.
შევარდნაძესთან საუბრიდან კი რატომღაც დამამახსოვრდა საუბრის ის ნაწილი, რომელიც ტელევიზიის გაყიდვას შეეხებოდა. ჩემი პოზიცია ძალიან დელიკატურად მოსინჯეს. საერთოდ დავივიწყებდი ამ საუბარს, მას რომ რაღაც დროის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილამდე არ მივეყვანე.
პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პატარკაციშვილს და მის პარტნიორს, ბერეზოვსკის, პუტინთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. უფრო სწორად, ბერეზოვსკის გაუფუჭდა, რაც ბადრის მონაყოლის თანახმად, „კურსკის“ ჩაძირვის ამბავს უკავშირდებოდა. ბადრი კურსკის ტრაგედიის გამო პირადად პუტინს ადანაშაულებდა.
მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა მაინც უფრო დიალექტიკური ხასიათისა იყო: იმ ხალხს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღოდა მის აღზევებაში, პუტინი ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იმით გადაუხდიდა, რითაც გადაუხადა, ანუ თავიდან მოიშორებდა.
მიუხედავად იმისა, რომ პირადად მას პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბადრი უკვე საქართველოში წამოსვლას აპირებდა. ის ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, მან ბერეზოვსკის, რომელზეც ძებნა გამოცხადდა და რომელიც გადაყვანილი ჰყავდათ ნომერ პირველ მტრის რეჟიმში სოლიდარობა გამოუცხადა და რუსეთი დატოვა. ბერეზოვსკის უარყოფის შემთხვევაში ბადრის რუსეთში ძალიან მშვიდი და ტკბილი ცხოვრება ელოდა. ისევე, როგორც აბრამოვიჩს, მასაც „სიბნეფტის“ აქციებით ფრიად კომფორტულად შეეძლო თავი ეგრძნო.
მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში ჩამოვიდა. 1999 წლის ბოლოს - 2000-ის დასაწყისში ის უკვე თბილისის დიდი ჭორების და ინტერესის საგანი იყო. წარმოიდგინეთ: 90-იანი წლების ბოლოს გაღარიბებული ქართული ინტელიგენცია, ქალაქი, რომელშიც ცხოვრების დონე მაღალი ნამდვილად არაა, და უცებ რუსეთიდან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ჩამოდის. ბადრის სიმდიდრე კი ასეთი იყო: „სიბნეფტის“ აქციების დაახლოებით ერთი მესამედი ეკუთვნოდა მას, მესამედი - ბერეზოვსკის, მესამედი - აბრამოვიჩს.
სწორედ ამ დროს უცნაური ამბავი შემემთხვა: უცხოეთიდან უცხო კაცმა დამირეკა და თქვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მედია-მოთამაშის, „ნიუს კორპორეიშენის“ ევროპის ფილიალის დირექტორს საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენთან საუბარი სურდა.
მართლაც, ამ ტელეკომპანიის ევროპის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი, მარტინ პომპადური ტელევიზიაში გვეწვია. სიმპათიური, მაღალი, ახოვანი, ელეგანტური დასავლელი, განათლებული, ბრწყინვალედ ჩაცმული, პროფესიონალი. მაშინ, 2000 წელს, ასეთი უზარმაზარი მედია-კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი “რუსთავი 2”-ში, მე-17 სართულზე ამოვიდა, სადაც პატარა ოფისი გვქონდა, თუმცა ჩვენ გვეგონა, რომ ძალიან დიდი იყო და კომფორტული.
გაოცებისაგან ენა გადავყლაპეთ და ყბა ჩამოგვივარდა. ამ კაცმა კი მშვიდად მოგვახსენა, რომ მას და „ნიუს კორპორეიშენს“ ევროპის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რუმინეთსა და ბულგარეთში სურთ ინვესტიციების ჩადება, რომ რუსეთშიც აქვთ რაღაც ინტერესი, მაგრამ იქ ტელევიზიების მოპოვება უჭირთ, მხოლოდ რადიოებით იფარგლებიან, და რომ შემდეგი მათ სიაში საქართველოა. აქ, რა თქმა უნდა, საუკეთესო ჩვენა ვართ და ამიტომ მზად არიან, ჩვენი საკითხი განიხილონ, მზად არიან, ინვესტიია განახორციელონ, მზად არიან, ხელი მოაწერონ ძალიან დიდი შეთანხმებას, რომელიც ტრენინგსაც გულისხმობს. პირადად ჩემთან რაღაც ხუთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება უნდათ, მე ამერიკაში დამპატიჟებენ, სადაც მედიის, ტელევიზიის მენეჯმენტს მასწავლიან. მოკლედ, კონკიას ამბავი.
ჩვენც სრულიად გულწრფელად, გახსნილები ვესაუბრებოდით, ვეუბნებოდით, რომ კი, გვესმის, რომ ჩვენ ძლიერი ტელევიზია ვართ, მაგრამ მარკეტი ძალიან პატარაა და მულტიპლიკატორი სულ სამი თუ ოთხია, და შეშინებულები ვუყურეთ თვალებში, მართლა სამი თუ ოთხია... ჩვენ ექვსჯერ-შვიდჯერ ნაკლებად დავაფასეთ საკუთარი თავი, რეალურად ტელევიზიის ღირებულება ბევრად მაღალი იყო.
აღტყინებულები ვართ - პარტნიორები... უბედნიერესები. ეს რა გვეღირსა! ამერიკული ინვესტიცია! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ამერიკული ქოლგა, ჩვენ დაცულები ვიქნებით და ვერანაირი შევარდნაძე, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგვემუქრება! ცალკე - ცოდნა, ცალკე - ტელევიზიის განვითარება... ამერიკული ოცნება ახდა!
უცნაური ამბავი აეროპორტში შეგვემთხვა, როცა ჩვენს მაღალ სტუმარს ვაცილებდით. ძველ აეროპორტის შენობაში მარცხენა მხრიდან იყო ვიპი, არა სამთავრობო, არამედ ჩვეულებრივი ვიპი. აი, ამ ვიპში მივედი, რომ მომსახურების ღირებულება, რამდენიმე ათეული ლარი გადამეხადა, და მითხრეს, რომ სტუმრის მომსახურების ფასი გადახდილია. ძალიან გაკვირვებულმა ვიკითხე, ვინ გადაიხადა-მეთქი. აი, ბატონმა გოგი ჯაოშვილმა გადაიხადაო.
მივესალმე, ხელი ჩამოვართვი, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო. ვკითხე, ეს რატომ გააკეთეთ-მეთქი, და უცბად მივხვდი, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ, ეს პომპადურის გარემოცვა და ჯაოშვილი ერთად არიან.
მაშინ ვერაფერს ვერ მივხვდი. რამდენიმე დღის შემდეგ რამდენიმე ჩემს ნაცნობს ვკითხე, ვინ არის გოგი ჯაოშვილი-მეთქი, და ბოლოს მითხრეს, რომ ის ბადრი პატარკაციშვილის თანაშემწე და უახლოესი მეგობარი იყო. ყველაფერი გაირკვა: შევარდნაძის ნათქვამი, რუსი ოლიგარქის ვინაობა, რომელსაც ტელევიზიის ნაწილი უნდა ეყიდა...
ბადრიმ სხვა სქემით ითამაშა, გადაწყვიტა, თვითონ არ გამოჩენილიყო და ამერიკელების სახელს ამოფაროდა. სწორად გათვალა - მიხვდა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ტელევიზიის ბიზნეს-ფასს დავასახელებდით, ის კი ჩრდილში დარჩებოდა და მთელი ისტორია, ასე ვთქვათ, რაფინირებულად იქნებოდა შეფუთული. მაგრამ ამ შემთხვევის გამო თვალები ამეხილა. კიდევ იყო რაღაც დეტალები, ჯერ კიდევ პამპადურის ჩამოსვლამდე, როცა ჩვენი კომპანიის შესასწავლად რამდენიმე ჯგუფი რატომღაც რუსეთიდან ჩამოვიდა. ძალიან მიკვირდა. მერე ერთ წევრს სავიზიტო ბარათი გამოვართვი, ზედ ეწერა: “ლოგოვაზ ნიუს კორპი”. ბერეზოვსკის და პატარკაციშვილის “ლოგოვაზი” ცნობილი კომპანია იყო, მაგრამ “ლოგოვაზი” და “ნიუს კორპი” თუ პარტნიორები იყვნენ, წარმოდგენა არ მქონდა. პასუხად კითხვაზე, ჩვენ “ნიუს კორპს” ველაპარაკებით თუ “ლოგოვაზს”-მეთქი, მოგვახსენეს: “იცით რა, თქვენ ხომ რუსულად ლაპარაკობთ, ინგლისურად ვერ ლაპარაკობთ, ამიტომ, ბუნებრივია, რუსულენოვან სპეციალისტებს ვგზავნით. მხოლოდ ამის გამო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს მეგობრები რუსეთში, მაგრამ ეს თქვენ არ გეხებათ”.
საბოლოო ჯამში ყველაფერი გასაგები გახდა და ბადრის შევუთვალე, რომ თუ საუბარი ტელევიზიის ყიდვა-გაყიდვას ეხება, მოდი, ჩვენ დავილაპარაკოთ და ამ ეშმაკობას თავი დაანებე-მეთქი.
2000 წლის გაზაფხულზე ბადრის შევხვდი.
ბადრის რიტუალების სასახლე ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნაყიდი, ან იქნებ ნაყიდი ჰქონდა, მაგრამ ჯერ გარემონტებული არა ჰქონდა. ჩვეულებრივი რვასართულიანი სახლის უკანა შესასვლელთან ხალხი ფუსფუსებდა, ავტომატიანი დაცვა, იმ დროის თბილისისთვის ამდენი ტოპ-მანქანა ეგზოტიკა იყო, ამდენი ერთად საერთოდ არავის ენახა. გარედან დაყენებული ლიფტით ბოლო სართულზე ავედით, ორსართულიან ბინაში, სადაც უცნაური ხალხით გარშემორტყმული ბადრი დამხვდა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, მისი დიდი, ნახევრადძვირფასი ქვისგან დამზადებული მარტორქების უზარმაზარი კოლექცია იყო. ოთახში ერთი, ათამდე მარტორქა იდგა.
მე ვუთხარი, რომ იცით რა, მოდი, დავანებოთ თავი ერთმანეთის მოტყუებას და იმაზე ვილაპარაკოთ, მას რა ინტერესი აქვს, რა სურს ჩვენგან. რა თქმა უნდა, ძალიან მოწიწებით ველაპარაკებოდი - ის რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, მე კი - ქართული ბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენელი, კი, 1999-2000 წლების საუკეთესო ბიზნეს-კომპანიათა ათეულში დასახელებული, მაგრამ მასშტაბი მასშტაბია.
ვიღაცამ დაურეკა და როცა დაამთავრა, მითხრა, რომ რუპერტ მერდოკს ელაპარაკა. ისტორიას მომიყვა: “იცი შენ?” - ასე იცოდა ბადრიმ, უყვარდა გრძელი ისტორიების მოყოლა. მომიყვა, როგორ გადაიღეს „ტიტანიკი“ და როგორ მივიდა “ტიტანიკის” რეჟისორი მერდოკთან, როგორ შესთავაზა მერდოკს ეს იდეა, როგორ მისცა მერდოკმა 100 მილიონი თუ 200 მილიონი, და როგორ დააკლდა ამ კაცს კიდევ 40 მილიონი და კიდევ ერთხელ მივიდა მერდოკთან, და როგორ უთხრა მერდოკმა, არა, მე აღარ დაგაფინანსებო. და ამის შემდეგ წავიდა რეჟისორი და 40 მილიონისთვის რაღაც უფლებები ვიღაცას გადასცა, რასაც თურმე მერე მერდოკი ძალიან ნანობდა, იმიტომ რომ “ტიტანიკი” კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი იყო.
ძირითად თემას მხოლოდ ცოტა ხნით შევეხეთ. ბადრიმ თქვა, რომ ფული, რა თქმა უნდა, პრობლემა არაა, მაგრამ ის არ თვლის საჭიროდ, რომ ზედმეტი ფლანგოს, რომ თუ შევთანხმდებით, მას უნდა, რომ ჩვენ კომფორტულად ვიყოთ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ...
მას ასეთი საუბრის მანერა ჰქონდა. „კომფორტულობა“ და “რელაქსირებულობა ბიზნესში” მისი საყვარელი სიტყვათშეთანხმებები იყო. დიდი პაუზის შემდეგ ვუთხარი, რომ ბიუჯეტებზე დავფიქრდები. ბუნებრივია, უწინ დასახელებული თანხა უნდა დავივიწყოთ-მეთქი, და ამ მომენტიდან მოყოლებული მოლაპარაკებები დავიწყეთ, რომლებიც დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა.
პოლიტიკური ბრძოლა ძალიან გამწვავდა: 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შევარდნაძემ გაიმარჯვა, მან ზემოთნახსენები რუსული სცენარით აბაშიძეს მოუგო, ბუნებრივია, მესამე ვადით ის პრეზიდენტი ვეღარ გახდებოდა და ამიტომ პოსტშევარდნაძისეული პერიოდისათვის ძალიან აქტიური მომზადება დაიწყო. შევარდნაძის ოცდაათწლიანი მმართველობა 2005 წელს დასრულდებოდა და კლანები აღელდნენ - რა როგორ დაიბევებინათ, ვინ მოიგებდა, როგორ გადალაგდებოდა ყველაფერი...
ამ პირობებში ერთ-ერთი მთავარი როლი ტელევიზიამ უნდა შეასრულოს და ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული ტელევიზია ჩვენ გვეკუთვნოდა.
როგორც მოგვიანებით გავარკვიე, შევარდნაძემ პირდაპირ მოსთხოვა საქართველოში დაბრუნებულ ბადრის, რომ „რუსთავი 2“ - მას გაეკონტროლებინა. შევარდნაძე ვარაუდობდა, რომ მართული „რუსთავი 2“-ის პირობებში 2005 წელს მისთვის სასურველი სიტუაცია შეიქმნებოდა.
ამ დროს, ბადრიმ უშუალოდ მისი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბა. “ახალი მემარჯვენეები” - მთლიანად ბადრის პროექტს წარმოადგენდა. ამ პროექტში ახალგაზრდა, ანუ ჩემი თაობის ბიზნესის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
მანამდე მომავალი “ახალი მემარჯვენეები” ნიკო ლეკიშვილის სახით ჟვანიას კონტროლირებად ბიზნესმენთა ჯგუფს წარმოადგენდნენ. ამ ჯგუფს მოქალაქეთა კავშირში ჟვანია მფარველობდა, პარლამენტში მან შეიყვანა, და უცბად, სრულიად მოულოდნელად, თან ზუსტად საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეს ჯგუფი ჟვანიას დაუპირისპირდა.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე და გამყრელიძე ჟვანიას ცალსახად გაემიჯნენ, მათ მოქალაქეთა კავშირის სიით გასული რამდენიმე დეპუტატიც შეურთდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდათ: ახალი სახეები, წარმატებული ბიზნესმენები.
მომხდართან დაკავშირებით ათასი ვერსია გავრცელდა. ამბობდნენ, რომ წინასწარი შეთანხმებით, პრემიერ-მინისტრის პოსტი უნდა შემოეღოთ და პრემიერ-მინისტრად დათო გამყრელიძე უნდა დაენიშნათ, და ჟვანიამ ეს შეთანხმება დაარღვია - პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პოზიცია შეიცვალა, ისინი, ვინც პრემიერი ან დარგობრივი მინისტრები უნდა გამხდარიყვნენ, გადააგდო, რის გამოც ეს ხალხი ჟვანიას გაემიჯნა და თავად გააქტიურდა.
სინამდვილეში “ახალი მემარჯვენეების” დაფინანსება მთლიანად ბადრიმ იკისრა. ეს, უხეშად რომ ვთქვათ, მისი შპს იყო.
მეც გამიხსენეს. 2000 წლის სექტემბერში ჩემთან ლევან გაჩეჩილაძე მოვიდა, რომელმაც შემომთავაზა, მოდი, შევიკრიბოთ და მომავლის გეგმებზე ვილაპარაკოთ. “ჩვენი თაობა, ახალი გეგმები... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება...”
სიამოვნებით შევხვდი. მართლა ჩვენი თაობის წარმომადგენელი იყო, ლევანის მეუღლე და მე კურსელები ვიყავით, დათო გამყრელიძეც ჩემი კურსელი იყო...
რამდეჯერმე Georgian Glass end mineral Waters Kompany-ს მაშინდელ ოფისში, ჭავჭავაძეზე - მამუკა ხაზარაძის კაბინეტში შევიკრიბეთ მე, მამუკა ხაზარაძე, დათო გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, “მოდი, დავიწყოთ მოძრაობა, დროა, რომ ჩვენმა თაობამ მოიპოვოს თავისი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში, ქვეყნის მართვაში,” - და მე დავეთანხმე, მაგრამ რეალურ ბერკეტებს მაინც სხვა თაობა ფლობდა.
ამავე საუბარში მითხრეს, თან ძალიან ბოდიშის მოხდით, რომ პროექტში მონაწილეობა სახელგანთქმულ გია თორთლაძეს და ფიქრია ჩიხრაძეს უნდა შესთავაზონ: “იცი, რა, გია თორთლაძე ჩვენი მეგობარია, ჩვენთანაა, შენ ხომ არაფერი გექნება საწინააღმდეგო? და ფიქრია ჩიხრაძე...” - რომელთანაც მანამდე ასევე დიდი დაპირისპირება მქონდა.
გია თორთლაძის ამბავი ცალკე საუბრის თემაა. მე და გია, უფრო სწორად, გია ჩემზე ადრე, მერე კი უკვე ერთად, მთაში დავდიოდით, ერთად ვიყავით საქართველოს მთამსვლელთა ძირითად გუნდში, ნაკრებში, ჩვენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებში ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. გია არ ითვლებოდა საუკეთესო მთამსვლელად, მაგრამ იყო საუკეთესო მენეჯერი, კარგი ორგანიზატორი, ფანტასტიკური იუმორი ჰქონდა.
შემდგომ საქმიანობის გამო ჩვენი გზები გაიყო, მე ალპინიზმს ჩამოვშორდი. მთელი 90-იანი წლები მე ალპინიზმთან აქტიური ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ჩემს სამეგობროში ხშირად ხუმრობდნენ, თუ როგორ დადიოდა მთაში გია თორთლაძე.
გიამ მთამსვლელობაზე ბიზნესის კეთება დაიწყო. მაგალითად, ასლან აბაშიძისგან რაღაც თანხას მიიღებდა, და თუკი ექსპედიცია ჯდებოდა 50 ათასი, სინამდვილეში ხარჯავდა 10 ათასს, 40 ათასი რჩებოდა თორთლაძეს – მთელი ბიზნესი ეს იყო. ძირითადად, გია ექსპედიცებში მარტო მიდიოდა და ბევრი მთამსვლელი ამბობდა, რომ ამ ექსპედიციების დროს გია მთაზე არ ასულა. ამას ყურადღებას არავინ არ აქცევდა: ჯერ ერთი, საქართველოში ომი მიმდინარეობდა და ვინ შეამოწმებდა, გია ავიდა თუ არ ავიდა მწვერვალზე, ამიტომ ითვლებოდა, რომ ხალხს მისდამი შური ალაპარაკებდა.
ასე იარა გიამ მთელი 90-იანი წლები. მეგობრები მას პადოშას ვეძახდით და ერთად შეკრებილები ხშირად მის მიერ მორიგი ვითომცდა მწვერვალის დაპყრობაზე ვხუმრობდით.
ასლან აბაშიძის გარდა მან სხვა სპონსორებიც გამოძებნა. ხან თბილისის მერია აფინანსებდა, 1999 წელს კი ზურა ჟვანის თხოვნით სიგარეტის კომპანია “ომეგამ” მას ექსპედიციისთვის კოლოსალური თანხა - 200 000 დოლარი გამოუყო.
ფაქტიურად, ეს თანხა ქართული ალპინიზმის განვითარებას უნდა მოხმარებოდა და არა ერთი ადამიანის თუნდაც ჰიმალაებში გამგზავრებას, მით უმეტეს, რომ ეს ადამიანი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ბევრ მთაზე არ ასულა, საქართველოში ჩამოსული კი ამბობდა: “ავედი!”
ერთხელაც კოკამ წყალი არ მოიტანა. 1999 წელს მოხდა ისე, რომ ჰიმალაებში ორი ქართული ექსპედიცია ერთდროულად წავიდა. ერთმა, რომელსაც ჩემი მეგობარი ბენო ქაშაკაშვილი ხელმძღვანელობდა, საჭირო სახსრები დამოუკიდებლად იშოვა, და ევერესტისკენ ტიბეტის მხრიდან, ანუ ჩრდილოეთიდან, ჩინეთიდან წავიდა. მეორე ექსპედიცია და მასთან ერთად ასევე ჩემი მეგობარი, გია თორთლაძე, სამხრეთიდან, ანუ კლასიკური მარშრუტით წავიდა. თორთლაძე ჟვანიამ დააფინანსა.
ორივე დელეგაცია ევერესტზე წარმატებულად ავიდა, მაგრამ გაჩნდა კითხვა მათ შორის ვინ ავიდა მწვერვალზე პირველი? მას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან სხვაობა სულ რამდენიმე დღე იყო, მაგრამ საქართველოში დაბრუნებულ თორთლაძეს მთელი საქართველო შეეგება, პირადად პარლამენტის თავმჯდომარე აეროპორტში დახვდა და პადოშა ქალაქში ხელში ატაცებული შემოიყვანეს. მეორე დელეგაციის ჩამოსვლა არავის გაუგია, ყველაფერმა ძალიან კამერულად ჩაიარა.
ჩავთვალოთ, რომ ეს ჟვანიას საარჩევნო კამპანიის ძალიან ეფექტური ნაწილი იყო.
გადის დღეები, გადის კვირეები და უცებ იმის თაობაზე ალაპარაკდნენ, რომ თორთლაძის, ექსპედიცია ევერესტზე კი ავიდა, მაგრამ თავად გია, რომელიც ამ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, სადღაც შუაგზაში დარჩა. ამაში არაფერი დრამატული არ არის, ექსპედიცია ავიდა და გიას შეეძლო საერთოდ არაფერი ეთქვა, მაინც ჩაითვლებოდა, რომ მან წარმატებას მიაღწია, მაინც გმირი იქნებოდა. მაგრამ გიას უნდა იცნობდეთ! ძალიან გაღიზიანდა: „როგორ არ ავსულვარ!“
ჩემმა ჟურნალისტმა ამის თაობაზე სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ თბილისში ხმა დაირხა, რომ გია თორთლაძე ევერესტზე არ ასულა.
მე ამ დროს ტელეკომპანიის მორიგი ტექნიკური პრობლემების გამო სადღაც ვარ გადახვეწილი.
ამ სიუჟეტში თვითონ პადოშას ინტერვიუც იყო, ის ამბობდა: „რა სისულელეა! აი, ბატონო, გადაღებული სურათები, აი, აგერ, აპა შერპას კვალი, აი ის დროშა, აგერ - ეს“. ვიდეო არა აქვს, მაგრამ ამბობს, რომ „სურათები აგერაა, რას ლაპარაკობთ, როგორ არ ავსულვარ!“
როგორც მერე გავარკვიე, გიამ შუალედური ბანაკიდან საბაზო ბანაკში გადმოსცა, მწვერვალზე ყველანი ავედითო. სხვა მთასვლელები იმის გამო გაჩუმდნენ, რომ ამ ექსპედიციის წევრები იყვნენ და უხერხულ დღეში აღმოჩნდნენ.
ცოტა ხანში დიდი სკანდალი ატყდა. სკანდალი დაიწყო არა ამ სიუჟეტის გასვლის გამო, - მისთვის ბევრს ყურადღება არ მიუქცევია, თანაც იქ მხოლოდ კითხვა დაისვა - ავიდა თუ არა პადოშა ევერესტზე, სადაც თავად გია ამტკიცებდა - როგორ არ ასულა!
ამ სიუჟეტის შემდეგ თორთლაძემ დამირეკა. მე ვუთხარი, რომ ჩემთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რაც მოხდა, და ისიც ვუთხარი, რომ სიუჟეტი ვნახე და მე მგონი, სიუჟეტი საშენოა, და ახლა ძალიან თუ დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ნამდვილად ახვედი, პირიქით, ბევრი კითხვა გაჩნდება-მეთქი. არ დაკმაყოფილდა, ხან ირინა სარიშვილს დაარეკინა, ხან ზურა ჟვანია ათხოვნინა, მოკლედ, მთელი თბილისი, ჩარია, ვისაც, მისი აზრით, ჩვენზე გავლენა ჰქონდა. საბოლოოდ, ვუპასუხეთ, რომ თემას აღარ გავაგრძელებდით.
ამის შემდეგ უზარმაზარი კამპანია დაიწყო. ყველა არხზე - გამოდიოდა და განუწყვეტელ რეჟიმში ჰყვებოდა იმას, რომ მწვერვალზე ავიდა, სადღაც მთამსვლელებიც მიიყვანა, მათთან ერთად იჯდა ეთერში, „აი, ხომ გახსოვთ“, და ესენი მდუმარედ თავს უქნევდნენ. ამ შოუების ძირითადი აზრი ის იყო, რომ უსინდისო „რუსთავი 2“ და მისი უსინდისო ხელმძღვანელობა პადოშას ცილს სწამებს!“
ბოლოს გაბრაზებულმა „საღამო მშვიდობისას“ წამყვანს ნანა ჯაფარიძეს შუა ქაქანში დავურეკე და ვუთხარი, მოდი, გია, რამე ვქნათ - ან თქვან იმ ალპინისტებმა, ვინც შენთან ერთად იყვნენ, რომ ახვედი, თუ არადა, დავამთავროთ ამ თემაზე დისკუსიები-მეთქი. ამაზე გია თორთლაძეს საბოლოოდ მოეშალა ნერვები და მაშინ მთელი თბილისი ლაპარაკობდა, რომ რა არის, რა უბედურებაა, „რუსთავი 2“-ს არანაირი ზნეობა არ გააჩნია, საწყალ ბიჭს ჩაგრავენ, რას ერჩიან, მაგათთვის ხომ წმინდა არაფერია...
დაიწყო დიდი ბრძოლა. მე ვთხოვე ჟურნალისტებს - “იქნებ ადგეთ და გააკეთოთ რამე, გამოიკვლიეთ, ჟურნალისტები ხართ თუ რა, ბოლოს და ბოლოს”.
ხან ბენო ქაშაკაშვილი მოიწვიეს, ხან - სხვა, გაიმართა დებატები, მაგრამ ... საქართველოში ხომ ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელია, საბოლოოდ ხომ ყველაფერი ლეგენდად უნდა დარჩეს, და ახლაც ასე გამოვიდა: გაირკვა, რომ რაღაცა მოხდა, მაგრამ რა? აღარავის აინტერესებდა, ავიდა პადოშა თუ არ ავიდა - ეს საქართველოს არ ადარდებს. სამაგიეროდ, ყველამ გაიგო, რომ ”რუსთავი 2” პადოშას ერჩის და კაცი დაიჩაგრა. ასე დამთავრდა ეს ისტორია.
ბუნებრივია, გიასთან ურთიერთობა აღარ მქონდა და როცა მითხრეს, რომ ამ საქმეში გიაც მონაწილეობს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულმა ვთქვი, რომ ევერესტის ცრუ დამპყრობთან მეგობრობა, ცოტა არ იყოს, ძნელია, მით უმეტეს, იმის შემდეგ, რაც მან გააკეთა.
თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, გიამ მერე ივაჟკაცა და 2001 წელს მართლა ავიდა ევერესტზე. ამით თითქოს დაამტკიცა, რომ პირველადაც ასული იყო. ყოველ შემთხვევაში ამბობდა, ერთხელ კი არა, ორჯერ ავედი მაგათ ჯინაზეო.
როგორც უკვე აღვნიშნე, ”ახლებთან” საუბრის დროს, ფიქრია ჩიხრაძის სახელიც წამოტივტივდა. ლევან გაჩეჩილაძეს ჩემთან ურთიერთობის დროს მანამდეც ჰქონდა მცდელობა, რაღაცეები გაერკვია: ”რა ღირს ეს შენი ტელევიზია, ფული ხომ არ ჩაგვედო, ხომ არ გაყიდდი...” მე პოლიტიკურ ბიზნესში მონაწილეობა არ მიმიღია. პირიქით, ვუთხარი: ”ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მე, როგორც ტელევიზიიის მეპატრონე, სიამოვნებით მივესალმები ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენას, კონკურენციას გინდ ჟვანიასთან, გინდ შევარდნაძესთან, ვისთანაც გინდათ.” ამიტომ დავრჩეთ კარგ ნაცნობებად - დიდი მეგობრობა არასოდეს გვქონია. მათ თავისი პროექტის კეთება გააგრძელეს, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ რომ სინამდვილეში ეს ბადრის პოლიტიკურ პროექტს წარმოადგენდა.
ჩვენ არც ერთ გუნდს არ ვეკედლებოდით. ჩვენთვის ვიყავით. ხაზგასმით ვამბობ - პოლიტიკური ამბიცია არ გვქონია. მსგავსი ამბები ჩვენთვის მხოლოდ მედია თვალსაზრისით იყო საინტერესო და თუ ძალით არ გვიბიძგებდნენ, ამ პროცესებში ჩაბმას არ ვაპირებდით.
მაგრამ ხელისკვრა დაიწყო, აშკარად გზაზე გადავეღობეთ. ბუნების ერთგვარი შეცდომა აღმოვჩნდით, მათთვის ჩვენი არსებობა ლოგიკაში არ იჯდა. ყველა ტელევიზია ან რაიმე ბიზნესზე მიბმული ან პოლიტიკური გუნდის ნაწილი უნდა ყოფილიყო, ან არ უნდა ეარსება, სხვა ალტერნატივას ქართული რეალობა არ ცნობდა.
ჩვენ ქართული მასშტაბებით, საშუალო ზომის დამოუკიდებელი ბიზნეს ჯგუფი ვიყავით; ჯგუფიც არა, რეალურად, ამ ორომტრიალში ორი ადამიანი მოვყევით. ჩვენი, როგორც მედიის გავლენა, ძალიან გაიზარდა. თუ გავიხსენებთ მაგ პერიოდის კვლევებს, ეკლესია და „რუსთავი 2“ თანაბარი გავლენით სარგებლობდნენ. თუმცა შემოსავლების და ხარჯის დაბალანსება დღითიდღე ჭირდდა, ვინაიდან ქვეყანა წინ ვერ მიდიოდა და სარეკლამო შემოსავლებიც ვეღარ იზრდებოდა. ამ ფონზე ბადრი გვევაჭრება, რომ ტელევიზია მივყიდოთ.
2000 წელი ჩვენ ბადრისთან მუდმივი მოლაპარაკების რეჟიმში გავიარეთ.
ბადრი - ანუ, უზარმაზარი ფული და უძლიერესი მეგობრები. ერთი მეგობარია ვაჟა ლორთქიფანიძე, მათ მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ, ჯერ კიდევ რუსეთიდან. ბადრის სწორედ ვაჟა დაეხმარა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად. ისინი თბილისშიც ახლობლობდნენ.
ვაჟას გარდა, ბადრის თანამებრძოლი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძეც, რომელიც მაშინ დიდ ძალაუფლებას ფლობდა. კახა თარგამაძე ბადრი პატარკაციშვილის მარჯვენა ხელი გახლდათ.
შეიძლება ითქვას, რომ პატარკაციშვილი სახელმწიფოში, უკვე ძალიან სერიოზულ ბერკეტებს ფლობდა, ფლობდა პოლიტიკურ ძალაუფლებას, აკონტროლებდა ძალოვანებს, უზარმაზარ ფულს. ამ ჯგუფის ხელისუფლების სათავეში მოსვლის საფრთხე ძალიან რეალური იყო. ხალხი, რომელიც ბადრის ორგანიზებულად დაუპირისპირდებოდა, არ ჩანდა.
მეტნაკლებად ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია, რომელიც შევარდნაძის დიდი ნდობით სარგებლობდა და კახა თარგამაძეს დიდად ემტერებოდა. შესაბამისად, ის ბადრი პატარკაციშვილის მტერიც იყო. ნუგზარ საჯაიას ჯგუფს წარმოადგენდნენ შევარდნაძის დაცვის უფროსი ნუგზარ პაპაშვილი, გამინისტრებული კობა ნარჩემაშვილი, ვალერი ხაბურზანია, სულხან მოლაშვილი...
ამრიგად, ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ბადრი და მისი ჯგუფი, რომელიც მრავალ მეტასტაზს მოიცავდა, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა ასლან აბაშიძესთანაც და შევარდნაძესთან; მეორეს მხრივ - საჯაიას ჯგუფი; და, იყო ზურა ჟვანია, კვლავ შევარდნაძის მხარდამჭერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მისი ჯგუფის რამდენიმე მოთამაშე მინისტრები არიან: სააკაშვილი იუსტიციის მინისტრია, მიშა მაჭავარიანი - შემოსავლების მინისტრი... ჩავთვალოთ, რომ სამი დაჯგუფებაა. ალბათ, მეტიც იყო, მაგრამ სამი - მკვეთრად გამოკვეთილი.
ამ დაჯგუფებებს შორის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა: მედიას მიმართავდნენ, ერთმანეთს ასუსტებდნენ, უპირატესობების მოსაპოვებლად იბრძოდნენ. პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე სუსტი ჯგუფი საჯაიას ჰყავდა, ყველაზე ძლიერი და გამოცდილი კი - ჟვანიას. ბადრის ჯგუფი წინ სწრაფად მიიწევდა, თანდათან შევარდნაძეზე დაწოლა გააძლიერა და მასზე გავლენაც მოიპოვა. ამის ნათელი დადასტურება იყო „ბორჯომის“ თაობაზე შეთანხმება - ბადრიმ შევარდნაძის ოჯახისგან „ბორჯომის“ აქციები გამოისყიდა და ამით მის ოჯახს ფინანსური გარანტიები შეუქმნა.
ჩვენ ვაკეთებდით ბიზნესს და მივიღეთ წარმატებული კომპანია, მაგრამ არ გვქონდა ფული. არაფერი არ გვქონდა. ზურა ჟვანია შაყირობდა ხოლმე, აი, როგორები ვართ ჩვენ, ახალი ბიზნესმენები, ამერიკელი ცნობილი ბიზნესმენებივით, მილიარდერები რომ არიან და თან წუწურაქები... მას ასე ესმოდა, სინამდვილეში კი ფული მართლა არ გვქონდა, რაღაც გაუმართავი „07 ჟიგულით“ დავდიოდით.
ჰოდა, ჩემი პოზიცია ასეთი იყო: გავყიდოთ ტელეკომპანია და ლეგალურად გვექნება დიდი თანხა. ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავდი. ბოლო-ბოლო, 1994 წელს, როცა ტელევიზიის კეთებას ვიწყებდით, არანაირი სურვილი არ გვქონია, რომ აქტიური პოლიტიკური მოთამაშეები გავმხდარიყავით. ერთადერთი, გვეეჭვებოდა, ამ ფულის მფლობელები, რამდენად დაცულები ვიქნებოდით. მით უმეტეს, რომ მაშინდელ საქართველოში კრიმინალი ჩვეულებრივ საქმედ ითვლებოდა. კვირა არ ჩაივლიდა, პანკისის ხეობაში რომელიმე გამოჩენილი ბიზნესმენი რომ არ გაეტაცებინათ.
საქართველოში ჩვენი არსებობა ძალიან ბევრს აღიზიანებდა და მქონდა საფუძველი მეფიქრა, თუ სად დამახლიდნენ ტყვიას და სად მიპოვნიდნენ მკვდარს, სადარბაზოს ამოსასვლელში, ჩასასვლელში თუ კიდევ სადმე სხვაგან.
ჩვენს ირგვლივ რაღაცა მზადდებოდა. 2001 წლის ივლისის დასაწყისისთვის, ერთის მხრივ, ბადრის მხრიდან აქტივობამ პიკს მიაღწია, მეორეს მხრივ კი შევარდნაძემ შემოგვიტია. ჩვენს წინააღმდეგ მრავალი კამპანია დაიწყო. გაზაფხულზე საგადასახადო შემოსავლების მინისტრის, მიშა მაჭავარიანის ინიციატივით, ჩვენი ეთერის სარეკლამო ქრონომეტრაჟის მონიტორინგი დაიწყეს: სატელევიზიო რეკლამები უნდა დაეთვალათ და თუ რამე დარღვევას აღმოგვიჩენდნენ, ეკონომიკური სანქციები განეხორციელებინათ. ამის თაობაზე გია არსენიშვილმა მითხრა, რომელიც სახელმწიფო მინისტრი იყო და ძალიან არ მოეწონა, როცა „რუსთავი 2-ს“ ასეთი ფორმით შეეხნენ.
იქ კახა თარგამაძე გააქტიურდა, იქ პროკურატურამ დაიწყო „60 წუთის“ წინააღმდეგ გალაშქრება, მანამდე კი უზარმაზარი სკანდალი გადავიტანეთ, კბილებით მოგვიწია გენერალური პროკურორის, ბაბილაშვილის და მისი მოადგილის ბალუაშვილის მოგერიება. ბალუაშვილი “60 წუთის” წამყვანს აკაკი გოგიჩაიშვილს ქვეყნიდან გაქცევას აიძულებდა და კაკო რამდენიმე ღამით ტელეკომპანიის ოფისში ათენებდა.
ეს ყველაფერი აშკარად კამპანიის ხასიათს ატარებდა, საბოლოო მიზნით - ტელევიზია უნდა გაგვეყიდა. კომპანიის დამფუძნებლებმა, მე და დვალმა, საფრთხე ვიგრძენით. ერთი მხრივ, იყო პერსპექტივა იმისა, რომ ყველაფერს დავკარგავდით, მეორე მხრივ კი, გაყიდვის შემთხვევაში, არ იყო არანაირი გარანტია, რომ ჩვენს წინააღმდეგ სხვა სქემით არ იმუშავებდნენ, არ გვქონდა გარანტია, რომ მშვიდად ცხოვრების საშუალებას მოგვცემდნენ - ჩვენ საწინააღმდეგოდ აშკარად აგროვდებდნენ, ვითომდაც კომპრომატებს და ერთ მშვენიერ დღეს მათ გამოყენებასაც შეეცდებოდნენ.
სანამ ამაზე ვმსჯელობდით, ბადრის ნდობით აღჭურვილი პირი, ვალოდია ვორონოვი თბილისში ჩამოვიდა და შემოგვთავაზა: მოდით, გავაკეთოთ რაღაც პრე-პრე-შეთანხმება, ანუ მოვაწეროთ ხელი ქაღალდს, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჩვენ გვაქვს წინასწარი შეთანხმება ტელევიზიის ყიდვა-გაყიდვაზე და ვიღებთ ვალდებულებას, რომ დისკუსიას გავაგრძელებთ, რათა ჩვენი მოლაპარაკებები უპერსპექტივო არ გამხდარიყო. მე და ჩემი პარტნიორი დიდი კამათის და ჩხუბის შემდეგ მოვრიგდით, რომ ვორონოვს დავთანხმებოდით. დვალი ამერიკაში ძმასთან გაემგზავრა და მე მარტო დავრჩი. მეორე დღეს, საღამოს რვის ნახევარზე ვაკეში ბადრისთან უნდა მივსულიყავი და მე და მას ამ წინასწარ შეთანხმებაზე ხელი უნდა მოგვეწერა.
ამ პერიოდში ვაჟა ფშაველაზე ვცხოვრობდი, მესამე თუ მეოთხე კვარტალში. მახსოვს, საღამოს ექვსი საათი იყო, სახლიდან გასასვლელად ვემზადებოდი - ვორონოვი უკვე მელოდებოდა და მას უნდა შევხვედროდია და უცებ: „რუსთავი 2“-ზე ჰედლაინის ბადე ირთვება და პაუზის მერე გვეუბნებიან, რომ დღეს 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული გიორგი სანაია იპოვეს.
მე სასწრაფოდ დავურეკე ბადრის, ვუთხარი, რომ სანამ არ გაირკვევა, რა მოხდა რეალურად და სანამ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა - რის გამო ან ვინ მოკლა სანაია, მანამდე მოლაპარაკება უნდა შევწყვიტოთ. ბადრი უყოყმანოდ დამეთანხმა. ტელევიზიისკენ დავიძარი, გზად დავრეკე - რა ხდება? ტელევიზიაში სრული ისტერიკაა, ჟურნალისტები ტირიან. ვიღაცა მანქანაში ჩავისვი და დავიძარით სანზონისკენ, სადაც გიორგი სანაია ცხოვრობდა.
ჩემთვის გიორგი სანაიას მკვლელობა დღემდე ბურუსით მოცული საკითხია. გიორგი ჩვენთან 1999 წლის ბოლოს გადმოვიდა. მანამდე მას გაზეთ „რეზონანსიდან“ ვიცნობდი, სადაც კარგ წერილებს აქვეყნებდა. მისი გადმოყვანის სურვილი მეც მქონდა, რადგან ჟურნალისტიკაში ბიჭების ნაკლებობა იყო და მას წარმატებული სატელევიზიო კარიერისთვის ბევრი მონაცემი ჰქონდა: იყო ნიჭიერი და სიმპათიური ახალგაზრდა, ჰქონდა ხმის კარგი ტემბრი, საკმარისი ჟურნალისტური გამოცდილება. თავდაპირველად სანაია კორესპოდენტად მუშაობდა, შემდეგ მიჰყავდა - “ღამის კურიერი,” რომელიც ლეგენდარული გადაცემა გახდა.
მისი მკვლელობა უცნაურად დაემთხვა იმ დღეს, როცა მე ტელევიზიის გაყიდვასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება უნდა გამეფორმებინა. ბუნებრივია, მაშინვე გავიფიქრე, რომ სანაია ამ ხელშეკრულების ჩასაშლელად მოკლეს.
დანარჩენი სულ ბოდვითი თეორიები იყო; მათ შორის, ელენე თევდორაძე
აქტიურად ავრცელებდა ზღაპარს, თითქოსდა სანაიას რაღაც ექსკლუზიური ვიდეომასალა ჩაუვარდა ხელში, რის გამოც ის მოკლეს.
საქმე ის არის, რომ სანაია არ იყო იმ ტიპის ჟურნალისტი რომელსაც შეიძლებოდა რაიმე ექსკლიზიური “ბომბა” მასალა მოეპოვებინა, მას სტუდიიდან ტელე-დებატები მიჰყავდა და მის, მოვალეობაშიც არც შედიოდა ასეთი ტიპის მასალის მოძიება. მით უმეტეს, სანაია არასოდეს ყოფილა რაიმე რეპორტაჟის მოსამზადებლადან პანკისის ხეობაში, სადაც ვითომდა მას ეს კასეტა გადასცეს.
მის მკვლელობასთან დაკავშირებით, ჩემთვის ბევრი რამ უცნობი და გაურკვეველია, ახლაც მხოლოდ აზრს გამოვთქვამ, რომ შესაძლოა ამ მკვლელობის მიზანი, ის იყო, რომ მე „რუსთავი 2“ ბადრი პატარკაციშვილისთვის არ მიმეყიდა. უკვე ვთქვი, რომ საათებიღა რჩებოდა ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე, როცა ტელევიზიით შევიტყვე, რომ გიორგი საკუთარ სახლში მკვდარი იპოვნეს.
იმ პოლიტიკური ჯგუფებიდან, რომელიც ამ შეთანხმების შემდეგ მნიშვნელოვნად დასუსტდებოდა, საჯაიას გუნდი იყო, ხოლო გაძლიერებით ბადრი და მისი მეგობრები - თარგამაძე, ჩხარტიშვილი და ლორთქიფანიძე ძლიერდებოდნენ.
ცნობილია, რომ შევარდნაძე მუდმივად ბალანსირების პოლიტიკას ატარებდა. ამ პერიოდში ერთი ყურით უშიშროების საბჭოს მდივანს, ნუგზარ საჯაიას უსმენდა, მეორეთი შინაგან საქმეთა მინისტრ - თარგამაძეს და ორივე ჯგუფზე ამომწურავ ინფორმაციას ფლობდა.
„რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდებით ბადრის ჯგუფი მის ნება-სურვილზე წარმართავდა ქვეყნის მომავალს, თუ გავითვალისწინებთ მის გავლენებს, ფინანსურ შესაძლებლობებს და ასევე მის გავლენიან მოკავშირეებს, ეს ძალიან რეალური პერსპექტივა გახლდათ, რომელსაც საჯაიას დაპირისპირებული ჯგუფი ვერანაირ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა.
მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ სანაიას მკვლელობა საჯაიას ინტერესში შედიოდა, მან მოწინააღმდეგის კიდევ მეტად გაძლიერება შეაფერხა.
სანაიას მკვლელობის დღეს ტელევიზია ისტერიკამ მოიცვა. მე რომელიღაც თანამშრომელი მანქანაში ჩავისვი და გიორგის სახლისკენ წავედით. სახლი, სადარბაზო სავსე იყო რიგითი მოქალაქეებით, ჩვენი თანამშრომლებით, იქით პოლიცია და პროკურატურა რაღაცას ფაციფუცობდა და მახსოვს, არავის სჯეროდა, რომ მათი ძალისხმევით გიორგის მკვლელს დააპატიმრებდნენ. უმრავლესობის აზრით, ისინი პროცესუალურ ვალდებულებებს ვალის მოხდის მიზნით ახორციელებდნენ. ეს ამაზრზენი მოსასმენია და ამასთან დამთრგუნველიც, როცა აცნობიერებ თუ როგორი დაუცველები ვიყავით. ამასთან, არ არსებობდა არანაირი გარანტია იმისა, რომ სანაიას მკვლელობის შემდეგ ყველაფერი დასრულდა და სხვებს აღარ შეეხებოდნენ.
რამდენიმე ხნის შემდეგ შევარდნაძეს შევხვდი. პრეზიდენტი შვებულებაში გადიოდა და სანამ ლიკანში გაემგზავრებოდა, მისმა პრეს-სამსახურის უფროსმა, ვატო აბაშიძემ მასთან შეხვედრა მომიწყო. ამ შეხვედრაზე შევარდნაძეს უნდა დავერწმუნებინე, რომ იგი არაფერს მერჩოდა და სანაიას მკვლელებს თუ მკვლელს აუცილებლად იპოვნიდნენ დასჯიდნენ.
შეხვედრის ბოლოს გადავწყვიტე, გამერკვია იყო თუ არა მის ინტერესში „რუსთავი 2“-ის ბადრისთვის მიყიდვა და ამ შემთხვევაში რამდენად ვიქნებოდი დაცული.
- ბატონო ედუარდ, 1999 წელს, რომ მკითხეთ, რომ შემეძლო თუ არა რუსი ოლიგარქისთვის ტელევიზია მიმეყიდა, აი, ბადრი პატარკაციშვილი მთავაზობს, რომ ტელეკომპანია მას მივყიდო. მეც ვფიქრობ, რომ გავყიდო, მგონი ასე აჯობებს.
შევარდნაძემ გაკვირვებულმა შემომხედა და მკითხა, ტელევიზიას, რომ გაყიდი, მერე რას აპირებო?
- ვხედავ, რომ საქართველოში ჩემი ყოფნა არავის უნდა, ჩემი საქმიანობით ბევრს ვაღიზიანებ, საზღვარგარეთ წავალ, ამ პრობლემებს გავერიდები, და მიღებული ფულით რაიმე ახალ საქმეს დავიწყებ.
- არა, შენ ტელევიზიას გაყიდი და ვერსადაც ვერ წახვალ, და ფულსაც აქ დატოვებ! - მეუბნება შევარდნაძე.
- რა ბრძანეთ ბატონო ედუარდ? - ხომ არ მომესმა მეთქი, გაკვირვებულმა ვკითხე.
- ჰოო, ჰოო, ვერსადაც ვერ წახვალ და ფულსაც აქ დატოვებ, - გამიმეორა პრეზიდენტმა.
უცებ წამოვდექი, კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი - ცივად ვუთხარი და კარისკენ წამოვედი.
- ცხენი გყაავს? - მეძახის.
- რა ბრძანეთ? - მოვტრიალდი და ვკითხე.
- ცხენი გყაავს შეკაზმული, რომ გამასწრო? - კითხვას მიმეორებს.
- ყველაფერი გასაგებია, ნახვამდის - ვეუბნები და კაბინეტიდან გამოვდივარ.
გაბრაზებული ვატო აბაშიძესთან ჩავდივარ. ეგეც, ბერლინის კედლის დამანგრეველი, დიდი დემოკრატი, თეთრი მელა, მემუქრება, რომ ცარიელ-ტარიელს აქ დამტოვებს. ალბათ დამაპატიმრებს, სხვანაირად ქვეყნიდან როგორ არ უნდა გამიშვას, ვერ წარმომიდგენია. გაცხარებული ვატოს მივეჭერი:
- შევარდნაძეს გადაეცი, რომ არაფერსაც არ ვყიდი, ბოლომდე ვეომები და არაფერს დავუთმობ, - ვეუბნები ფერდაკარგულ აბაშიძეს, რომელიც ჩემს დაწყნარებას ცდილობდა.
ორი დღის შემდეგ, პრეზიდენტის ასევე ლეგენდარულმა დაცვის უფროსმა, სულხან პაპაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ პრეზიდენტს ჩემთან საუბარი სურდა.
- როგორა ხარ? - მეკითხება შევარდნაძე.
- რა ვიცი, ნელ- ნელა, - ვპასუხობ.
- აი, ახლა ლიკანში ვარ და გიგზავნი ორ ვედრო ოზონს, - მეუბნება და ცდილობს დამამშვიდოს, ვითომ არაფერი მომხდარა. მიხვდა, რომ ძალიან დავიძაბე.
მე მტკიცედ გადავწყვიტე, ტელევიზია აღარ გამეყიდა, რამაც შინაგან საქმეთა მინისტრი ძალიან გააღიზიანა და ვანო ჩხარტიშვილის აგარაკზე დაიქადნა და მერე შემომითვალა, რომ სანაიას მკვლელობის იარაღს ვიპოვნი და ზედ შენი თითის ანაბეჭდები იქნებაო.
(გაგრძელება იქნება)