პაატა ბურჭულაძე პიროვნულად ეცოდებათ, წუხან, რომ მან დიდი ხნის მანძილზე მოპოვებული ავტორიტეტი ხელოვნურად და უსუსურად გაფლანგა და კომიკურ სიტუაციასაც უწინასწარმეტყველებენ, რომ სამომავლოდ მხოლოდ თვითონ პაატა ბურჭულაძე დარჩება საკუთარ პარტიაში.
ამის მიუხედავად, მსოფლიო ბანი თანაგრძნობას არ ღებულობს, ისევე, როგორც ვერ ღებულობს „ვერც ერთ „კაპიკს“, ვერც ერთი მხრიდან“ და მიიჩნევს, რომ თავად არის საქართველოს პროექტი და არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის კაცი არ არის.
რა გადათამაშება მიმდინარეობს სულ ახლახანს დაწყვილებულ და უკვე გაყრილ პარტიებს შორის? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
„გირჩისა“ და პაატა ბურჭულაძის განხეთქილებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს უჩნდება შეკითხვები, საერთოდ, ან რისთვის შეიყარნენ, ან რისთვის გაიყარნენ? საზოგადოება კი ისევ უპასუხო კითხვების ამარად რჩება, იქნებ, ბურჭულაძემ და „გირჩმა“ გაითამაშეს როლები, რათა პაატა ბურჭულაძეს სააკაშვილთან ალიანსის შესახებ მოარული ხმები ჩამორეცხონ ?
- მე მგონი, ეს თამაში არ არის. ასე არ თამაშობენ. არ უდის ამას თამაშის იერი. მანდ სერიოზული უთანხმოებაა. მახსენდება „გირჩის“ მისვლა პაატა ბურჭულაძესთან, ის სცენა ახლაც მახსოვს, როდესაც „გირჩი“ პაატასთან მივიდა და „გირჩის“ ხალხს ჰოლივუდის გაბრწყინებული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, ხოლო პაატა ბურჭულაძეს სახე ჩამოსტიროდა, არ ეტყობოდა სიხარული. მაშინვე ჩანდა, რომ „გირჩთან“ დაახლოება მისი ინიციატივა და სურვილი არ ყოფილა. რატომ? რისთვის? ეგ სხვა ამბავია, მე ფაქტები არ მაქვს და მკითხაობას ვერ დავიწყებ. როგორც ჩანს, პაატა ბურჭულაძე მიხვდა, რომ „გირჩი“ მისთვის კისერსა და ფეხებზე ჩამოკიდებული წისქვილის ქვა იყო. რა არის „გირჩი“ დამოუკიდებლად? - აბსოლუტური ნული. მას არც რეიტინგი გააჩნია და ის ერთ ხმასაც ვერ მოუტანს ვერც ერთ პარტიას. ამიტომ მაინც მგონია, ამ განხეთქილების ინიციატორი ისევ პაატა ბურჭულაძე იყო.
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ეს კაცი, ბოლოს და ბოლოს, ოთხი წელია, პოლიტიკაშია, მანამდე აღმოჩნდა არასამთავრობოში სააკაშვილის კარზე და მაგ მამაცხონებულმა ერთი ლოგოპედი მაინც ვერ დაიქირავა, რომ ლაპარაკი ისწავლოს? რაც გავიგე მისი ლაპარაკიდან, ის იყო, თითქოს მას აშანტაჟებდა პაატა ბურჭულაძე და ფულს სთხოვდა.
თუმცა ესეც გაურკვეველია, პაატა ბურჭულაძეს, სავარაუდოდ, ფინანსები არ უნდა უჭირდეს. ამის მიუხედავად, კარგა ხანია, ვრცელდება ხმები, რომ იგი პოლიტიკაში სწორედ ფინანსებისა და ნაციონალების წინაშე გარკვეული ვალდებულებისთვის მოვიდა. პალიკო კუბლაშვილს სჯერა, რომ მსოფლიო ბანს მხოლოდ საკუთარი ფინანსები აინტერესებს და პოლიტიკაში მხოლოდ ფინანსებისთვის მოდის. რამდენად დამაჯერებელია, რომ პაატა ბურჭულაძე ზურაბ ჯაფარიძეს სწორედ ფინანსების გამო აშანტაჟებდა?
- სიმართლე გითხრათ, ესეც გაურკვეველია. არის ვერსია, რომ თვითონ პალიკო კუბლაშვილი ჩასჩიჩინებდა პაატა ბურჭულაძეს და მოუწოდებდა, კომუნიკაცია დაემყარებინა ივანიშვილთან. რაც არ უნდა პარადოქსულად გამოიყურებოდეს, პირველი არჩევნები იყო მართლაც პატიოსანი არჩევნები, როდესაც გასულ საუკუნეში ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა. მას შემდეგ, ყველა არჩევნებს გრძელ შლეიფად მოსდევს უპასუხო კითხვები, ვერსიები, ეჭვები, ჭორები, შეთქმულების თეორიები. ამის მერე ერთი არჩევნებიც არ ჩატარებულა ჩვენთან გამჭვირვალედ, რომ ხალხს კითხვები არ გასჩენოდა. მაგრამ ეს არჩევნები, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს მშვიდად მიმდინარეობს და თითქოს არ არის იძულება, მაინც ეჭვებს აღძრავს. ამას გეუბნებით იმიტომ, რომ ცნობილია, მე არ ვარ ივანიშვილის ამომრჩეველი და ამას არც ვმალავ.
ახლა ჩამოვედი ბაზალეთიდან, სადაც აგარაკზე გახლდით და იქ სკოლის დირექტორმა მითხრა, ნაბრძანები მაქვს, არავითარ შემთხვევაში, არჩევნებისთვის კრინტი არ დავძრა, ვიღაცას რამე არ ვურჩიო და არ ვაიძულო, რომელიმე კანდიდატს მისცეს ხმა. ეს გამორიცხულია, ხვალვე დამატოვებინებენ თანამდებობას, მასწავლებლებს რომ ვუთხრა, თქვენ ხმა უნდა მისცეთ მმართველ პარტიას, როგორც ადრე ხდებოდაო. თუმცა სხვაგან ასე არ იქცევიან, ცალკეულ რაიონებში პატარ-პატარა ადგილობრივი ხელმძღვანელები ცდილობენ, ივანიშვილსა და კვირიკაშვილზე მეტ მეოცნებეებად წარმოაჩინონ თავი. ისინი საკუთარი ინიციატივით აიძულებენ ხალხს, ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატურას. თუმცა ეს ზევიდან არ მოდის, თორემ ასეთი რამ არ დაიმალებოდა.
მიუხედავად ამისა, უკვე კონსპიროლოგიის ბურუსით არის მოცული ყველაფერი. ვიღაც აჯანყებას ამზადებს, ვიღაც ფარულ ჩანაწერებს იღებს, ვიღაც ამ ჩანაწერებს აქვეყნებს, ვიღაც მოსმენებს ახორციელებს, მერე ვიღაც ამ ჩანაწერებს დებს ინტერნეტში და პროკურატურაც უცბად, მოულოდნელად თითქოს ცარიელ ადგილზე აღმოჩენებს აკეთებს, პოულობს ძველ ჩანაწერებს.
სააკაშვილის დროსაც პოპულარული იყო რეალური თუ არარეალური ჩანაწერები, მით უმეტეს, არჩევნების წინ, ცხელ პერიოდში.
- ასეთი ჩანაწერები ყოველთვის პოპულარული იყო. თითქოს ჩვენ დავივიწყეთ, თითქოს აღარ უნდა ყოფილიყო ის, რომ სააკაშვილის დროს წინასაარჩევნო პერიოდში კონტრმასალების ბუმი იწყებოდა, მაგრამ დღეს ისევ გრძელდება ჩანაწერების დემონსტრირება. არ ვიცი, ეს დამთხვევაა, თუ მართლაც ახლახანს აღმოჩნდა ეს ჩანაწერები. ყოველ შემთხვევაში, უნდობლობით გამსჭვალულ ჩვენს მოსახლეობაში, რომელსაც დიდი ხანია, არავისი სჯერა, ეს ეჭვებს ბადებს. ჩვენი მოწინააღმდეგე პარტიები ერთმანეთისადმი დემოკრატიული ტოლერანტობით არასოდეს გამოირჩეოდნენ. თუმცა, რაც დღეს ხდება, ეს უკვე რეკორდული მაჩვენებელია. აქ უკვე ლაპარაკიც აღარ არის კონკურენციაზე, პარტიები შეურიგებელი მტრები არიან. მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთმანეთთან შეურიგებელია. ერთი ნაბიჯიღა გვაკლია რამზან კადიროვის ცნობილ განცხადებამდე - „ყველა ოპოზიციონერი ხალხის მტერია, რომელიც უნდა დაიხვრიტოს“. სიმართლე გითხრათ, მეც კი დავიბენი, რაღა უნდა ვთქვა რიგით მოქალაქეზე. ვერ გავიგე, მმართველი პარტიის პირველი ნომერი და პრემიერი მემორანდუმს სთავაზობს ხალხს, რომ აღარ იყოს მიმართვებში შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომ პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამ დროს ქვეყნის არაფორმალური თუ რეალური ლიდერი გამოდის და ნათელაშვილს ხან ყვარყვარეს უწოდებს, ხან სხვა სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ შალვა ნათელაშვილი ჩემი მეგობრების სიაში არ არის. ასე რომ, ურთიერთგამომრიცხავი ვითარებაა.
ერთი შეხედვით, ამ სიმშვიდეში იმდენი წყალქვეშა დინებებია, შეშფოთებას იწვევს, არჩევნების შემდეგ რა მოხდება?! ამას ემატება ცესკოს ლაფსუსი, რომელმაც აკრძალა გოგი თოფაძის პარტია და შემდეგ გაირკვა, რომ ტყუილად აკრძალა და სასამართლომ აღადგინა. როგორ უნდა ვენდოთ ამ ცესკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს? რა გამოდის, ცესკოს თანამშრომლები ან სხვა მოტივაციით მუშაობენ, ან, როგორც მინიმუმ, არაპროფესიონალები არიან, უბრალოდ, საათზე ვერ იყურებიან და ცესკო ეგუება ასეთ საარჩევნო განაჩენს, ბოლომდე არ იცავს თავის სიმართლეს და ხელს იბანს, რა ვქნათ, ჩვენ ავკრძალეთ, მაგრამ სასამართლომ აღადგინაო.
ისევ პაატა ბურჭულაძეს მივუბრუნდეთ. როდესაც „გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „მემარჯვენეები“ ბურჭულაძესთან გაერთიანდნენ, მაშინ ითქვა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში პროდასავლური ძალების გაერთიანება. იმთავითვე ამ გაერთიანებამ კითხვები გააჩინა და მერაბ მეტრეველმა და სხვებმა ელვის უსწრაფესად მიატოვეს პაატა ბურჭულაძე. დღეს „გირჩმა“ პროდასავლურობის ნიშა დაკარგა პაატა ბურჭულაძის თვალში? ხომ არ იყო ეს მსოფლიო ბანის დაგვიანებული რეაქცია, რადგან მას უკვე შერჩა ნაციონალების რებრენდინგის მოსურნე პიროვნების სახელი, მაშინ, როცა თავის დროზე საუბრობდნენ, რომ პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილთან იყო ალიანსში?
- პაატა ბურჭულაძის მისამართით გამუდმებით მესმოდა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია. მერე უცებ გაისმა, რომ ის ნაციონალების პროექტია, მერე პროდასავლურ პროექტად გამოაცხადეს. ჯერ ერთი, რას ნიშნავს „პროდასავლური“ და „პრორუსული“? იმავე დასავლეთშიც არის ლე პენი. იმავე დასავლეთშია და შეიძლება ამერიკის პრეზიდენტიც გახდეს ტრამპიც, რომელიც იძახის, პუტინთან მეგობრობას რა სჯობიაო. დასავლეთი არ არის კონკრეტული ერთნიშნა მაჩვენებელი. დასავლეთი ისევე ჭრელია, როგორც აღმოსავლეთი. ამიტომ არ შეიძლება პრორუსულ და პროდასავლურ პარტიებად დაყოფა. დასავლეთში რამდენიც გინდათ, იმდენი ექსტრემისტული პარტიაა, მათ შორის, საბერძნეთში, იტალიაში. ესეც დასავლეთია, ისინიც კულტურული ხალხია, ჰალსტუხი უკეთიათ. რასაკვირველია, ჯობდა, ბურჭულაძეს ადრევე ჩამოეშორებინა „გირჩის“ წევრები, როგორც წესი, სჯობს, ყველაფერი ადრე გაკეთდეს, მაგრამ არსებობს მეორე მაქსიმაც - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს არ იყო საჩუქარი პაატასთვის და, ალბათ, ბურჭულაძესაც მშვენივრად ესმის, როდესაც ათი დღეა დარჩენილი არჩევნებამდე, ეს სკანდალი მისთვის საჩუქარი არ არის.
მით უმეტეს, ბურჭულაძე მესამე ძალად გახდომას ლამობდა.
- დიახ და, მით უმეტეს, სულ ახლო წარსულში მისი რეიტინგი მაღალი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, როგორც ჩანს, ალტერნატივა უარესი იყო და „გირჩის“ დარჩენა მათ რიგებში უარესი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის, თითქოს არაფერი იმალება და მარტო ის კი არ იციან, ვინ ვისი საყვარელია, არამედ არის ხალხი, რომელიც გეტყვით, ხუთი წლის შემდეგ ვინ ვისი საყვარელი იქნება. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ ნამდვილ სიმართლეს, ვინაიდან სუბიექტურია ამ დროს ბურჭულაძეც და სუბიექტურია ჯაფარიძეც. ერთიც პოლიტიკოსია და მეორეც და მემუარების წერის ასაკში არც ერთი არ არის, რომ მაშინ მაინც აღიარონ ყველა თავიანთი ქმედება, რასაც დღეს მალავენ. ამიტომ ჩვენ ამას ვერ გავიგებთ.
ვერც იმას გავიგებთ, რა ინფორმაცია მიიღო პაატა ბურჭულაძემ „გირჩის“ შესახებ სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ, რის გამოც მან „გირჩს“ საკუთარი პარტია დაატოვებინა, ივანიშვილის დაფინანსების მოტივით?
- პაატა ამას არავის ეტყვის, ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე მაინც.
შესაძლოა, არც მიუღია „გირჩის“ დაფინანსების შესახებ განსაკუთრებული ინფორმაცია და, უბრალოდ, მიხვდა, რომ მისთვის წამგებიანი იყო „გირჩთან“ ალიანსი?
- მაგათთან კავშირი ბურჭულაძისთვის არაფრის მომტანი არ იყო. ისიც საკითხავია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სახე ჩამოსტიროდა ბურჭულაძეს.
თქვენ აცხადებთ, რომ ამ სიმშვიდეში წყალქვეშა დინებებია, რაც არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის შეშფოთებას იწვევს. სააკაშვილი გვაიმედებს, თითქოს ხავერდოვან ჩანაცვლებას გეგმავს და რევოლუციურ სცენარს არ განიხილავს, თორემ სანდრას აქ არ გამოუშვებდა. ნაცმოძრაობაც შესაშურ „დიდსულოვნებას“ ავლენს და ირწმუნება, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდება, ხოლო ივანიშვილმა საქართველო არ უნდა დატოვოს, რადგან ეს სჭირდება ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. რისკენ მიჰყავს ნაცმოძრაობას საქმე? როგორი იქნება პოსტარჩევნებისეული პერიოდი?
- არავის არაფრის არ სჯერა. ასე ჰპირდებოდა თავის დროზე ივანიშვილიც. მე მშვენივრად მახსოვს ივანიშვილის გამოსვლა, ჩვენ რომ გავიმარჯვებთ, მარტო მინისტრებს შევცვლითო, მერე პატარა პაუზა გააკეთა და თქვა, შეიძლება, მინისტრის რომელიმე პირველი მოადგილეც შევცვალოთო. რომელი მინისტრის მოადგილე? თავდაცვის სამინისტროში მივიდა ირაკლი ალასანია და თავიდან ბოლომდე ყველა შეცვალა, შს სამინისტროში მივიდა ღარიბაშვილი და დეპარტამენტის დირექტორი, დამლაგებელიც კი არ დატოვა. ასევე, მტერმა დაუჯეროს იმას, რომ ჩვენ მოვალთ და „ოცნებას“ არაფერს დავუშავებთ, პირიქით, ივანიშვილი უნდა დარჩესო. ვინ დაიჯერებს ამას? ჩვენთან უკვე დაქოქილია შურისძიების საშინელი, ქვეყნის გამანადგურებელი მანქანა. სამწუხაროდ, ჩვენი არც ერთი ხელისუფლება არ აღმოჩნდა მიმტევებელი. დიდსულოვნება აკლდა სუყველას, დაწყებული გამსახურდიადან, დამთავრებული დღევანდელი ხელისუფლებით.
მახსოვს, გამსახურდია ამბობდა, ტყვიებს გვესვრიან, ჩვენ ყვავილები ვესროლოთო.
- ასე ამბობდა, მაგრამ მერე იძახდა, „წითელი ინტელიგენციაო“. გამსახურდიას დროს ნარკომანებით გაივსო პარლამენტი. რა მინისტრები იყვნენ მაშინ? ინტელიგენტს და ორწიგნწაკითხულ ხალხს ვერ იტანდნენ. მერაბ მამარდაშვილი გამსახურდიას ხალხმა მოკლა მოსკოვის აეროპორტში. ელემენტარულად, მას გული გაუხეთქეს. მამარდაშვილს კარგად ვიცნობდი. ეს არის ერი, რომელიც მამარდაშვილს ასე კლავს, ხოლო საშუალო რანგის მთარგმნელს მთაწმინდაზე საიდუმლო ვითარებაში მარხავს.