ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 9 დღის შემდეგ მთავრდება ომი, დასრულდება ყვარყვარიზმი. თავის მხრივ, ოდესის გუბერნატორი ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“- ის ეგზიტპოლში რაც იქნება, ეს იქნება ვერდიქტი ამ ხელისუფლებისთვის. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლებს „რუსთავი 2“-ის დაკვეთით კომპანია GfK-ი ჩაატარებს, საველე სამუშაობს კი, საკონსულტაციო ცენტრი BCG ჩაატარებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ლევან თარხნიშვილის მეუღლის კომპანიაა.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლების ეშინია. გვარამია ამბობს, რომ ეგზიტპოლები მაინც ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის რეალურად გაიმარჯვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ეგზიტპოლები არ ჩატარდებოდა.
„ის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის ინტერესი და ხმები. შემდეგ, თუ ჩვენი ეგზიტპოლი და ცესკო განსხვავებულ მონაცემს დადებს და აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებამ მოიპარა არჩევნები და მოპარა ხალხს ხმები, როგორ იმოქმედებენ პოლიტიკური პარტიები, ეს არის მათი გემოვნების საკითხი. იმედია, კანონთან შესაბამისობაში იმოქმედებენ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიტყვა რევოლუცია, მაგალითად ვარდების რევოლუციის კონტექსტში აკრძალული ქმედებაა, ძალიან ცდება“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ „რუსთავი 2“ გამოაქვეყნებს გაყალბებულ გამოკითხვებს, შექმნიან განწყობას, თითქოს გაყალბდა არჩევნები, რადგან მათ ეგზიტპოლებს არ ემთხვევა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახი კალაძე აცხადებს, რომ 27 სექტემბერს ძალიან მძიმე განცხადებები მოვისმინეთ გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის მხრიდან გადატრიალების შესახებ, და ამ გადატრიალებაში კონკრეტული ტელევიზიის, „რუსთავი 2“-ის ჩართულობაზე.
„ისინი იარაღად იყენებენ ტელევიზიას ბნელი ზრახვებისთვის. სავარაუდო სცენარი ასეთია - ალბათ, „რუსთავი 2“ გაამოაქვეყნებს გამოკითხვებს, რომელიც ლევან თარხნიშვილისა და მისი ცოლის მიერ გაყალბებული იქნება. კვლევაში იქნება პარტიების რეიტინგები მოცემული, სადაც ალბათ, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ გადაუსწრებს ან მცირე განსხვავება იქნება პარტიებს შორის. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ნიადაგი მოამზადონ, არჩევნების დღეს, როცა რეალური შედეგები დაიდება, შექმნან განწყობა, თითქოს გაყალბდა არჩევნები, რადგან „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლებს არ ემთხვევა“, - აღნიშნა კახი კალაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ეგზიტპოლი და არჩევნების შეფასებისთვის არანაირი დატვირთვა არ ექნება.
„რუსთავი 2“-ის გენერალური პროკურორი ღიად იმაზე საუბრობდა, თუ რა კარგია რევოლუცია. საუბრობდა რამდენად ლეგიტიმური შეიძლება იყოს ის რევოლუცია, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი. ნიკა გვარამია პირდაპირ ცდილობდა რევოლუციის ლეგიტიმაციას 8 ოქტომბრის შემდეგ. ეს არის ნაცმოძრაობის, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის გეგმა, თუმცა ამ გეგმას აღსრულება არ უწერია, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი არის „ნაცმოძრაობის“ ეგზიტპოლი, პირადაპირ ვიცით ვინ არის მფლობელი - ყარამანაშვილი, ფორმალურად - სააკაშვილი, ნაცმოძრაოაბა. ვიცით როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში და როგორ აღმოჩნდა ძალიან მყარად ნაცმოძრაობის ხელში.
შესაბამისად „რუსთავი 2“-ის ინტერაქტივი არის ნაცმოძრაობის ინტერაქტივი, და ბუნებრივია, არჩევნების შეფასებიბას არანაირი დატვირთვა არ ექნება. ეს არის ძალიან მარტივად გაშიფრული მიზანი, რომელსაც არანაირი განხორციელება არ უწერია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კომპანია GfK-ს, რომელიც „რუსთავი 2“-ის დაკვეთით 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლებს ჩაატარებს, ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაში. მაგალითად, GfK-მ ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩაატარა იმ ტიპის გამოკითხვა, რომლის შედეგები რუსეთის ინტერესებში შედიოდა.
კერძოდ, გამოკითხვის თანახმად, ყირიმის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა, რომ იყოს რუსეთის შემადგენლობაში. მათ ასევე, 2014 წელს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნათ უკრაინაში და საერთოდ აუკრძალეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვა.
GfK-ს ასევე, პრობლემა ჰქონდა თურქეთში და ამ კომპანიამ თავი იმართლა, რომ ადგილობრივმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს თაღლითობა. საუბარია დაახლოებით 21 მილიონი ევროს საგადასახადო თაღლითობაზე. ასე რომ, კომპანიის ირგვლივ ბევრი უცნაურობებია.
სპეციალისტების განცხადებით, მოვლენათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ასეთია - „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ უკვეთავს კვლევებს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელი კომპანიებიც შემდეგ აუცილებლად მათთვის სასურველ კომპანიებს შეუკვეთავენ კვლევის ჩატარებას. მიზანი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
„პი არ საკონსულტაციო ჯგუფის“ დირექტორი გივი ხაჭაპურიძე ფიქრობს, რომ ორგანიზაცია, რომელიც მაღალი ავტორიტეტით არ სარგებლობს, მისი კვლევის შედეგებიც უპირობო ვერ იქნება.
„GfK-ის მიმართ ნდობა არ გამაჩნია, რადგან ვიცით მათ მიერ დადებული შედეგები წლების წინ, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა რეალური მონაცემებისგან. 2012 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუკვეთა კველევა და პირველადი შედეგებით თითქოს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის სხვაობა 30% იყო, უკვე საბოლოო შედეგი როდესაც დადო, მაშინ თქვა, რომ 33%-33%-ზეაო.
ამ შედეგებიდან გამომდინარე და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქმე არ გვაქვს დამოუკიდებელ მედიასაშუალებასთან, რომელიც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს (ამას არც მალავს ეს ტელევიზია), უფრო მეტად არასანდო ხდება GfK-ს მიერ დადებული შედეგები“, - აცხადებს გივი ხაჭაპურიძე.
რაც შეეხება ორგანიზაციის რეპუტაციას, ხაჭაპურიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ GfK-ს პრობლემები ჰქონდა ბალტიის ქვეყნებში, უკრაინასა და თურქეთში, ამ ორგანიზაციას ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს საქართველოში, რადგან მათივე კვლევის შედეგები 40%-ით იყო აცდენილი რეალობისგან.
„უკაცრავად, მაგრამ ეგიტპოლი ასეთ შედეგს არ უნდა იძლეოდეს. ელემენტარულად, 600 კაცზე თბილისის მასშტაბით რომ ჩავატაროთ საველე სამუშაოები, ტენდენციას პირისპირ გამოკითხვაც კი მოგვცემს. GfK-მ იმდენად პარადოქსული შედგები დადგო 2012 წელს, რომ ამაზე კომენტარიც ზედმეტია. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ საველე სამუშაოებზე, როდესაც პირისპირ ინტერვიუები ტარდება, აქ ტარდებოდა ეგზიტპოლი, როდესაც გამოკითხვა ხდება უშუალოდ უბნებზე და ასეთ შემთხვევაში ამ დოზით ცდომილება არის კრახი კვლევითი ორგანიზაცისათვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გივი ხაჭაპურიძე.