8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაატა ბურჭულაძემ „გირჩი“-ს ჩამოცილება გადაწყვიტა და მოტივად ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფინანსები დაასახელა. თავის მხრივ, მსოფლიო ბანის მიმართ ბრალდებებს „გირჩიც“ ახმიანებს და ირწმუნება, რომ ბურჭულაძის მიზანია, არა პოლიტიკური საქმიანობა, არამედ არჩევნებზე ფულის შოვნა.
თუ რა მოხდა „გირჩსა“ და ბურჭულაძეს შორის, ამის გარკვევას for.ge დეპუტატ პავლე კუბლაშვილთან შეეცადა:
„გირჩი“-სგან განსხვავებით, პაატა ბურჭულაძის ბლოკში გიორგი ვაშაძე დარჩა. როგორ აფასებთ, მის გადაწყვეტილებას?
- არ ვიცი, ვაშაძესა და ბურჭულაძეს შორის რა შეთანხმება, რა ურთიერთობა არსებობს და რა პირობებზე თანხმდებიან. ადამიანური და პარტნიოტული ურთიერთობის ფორმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ შესაძლოა, ეს ვიღაცისთვის მისაღები იყოს.
ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, ბურჭულაძემ გამოგიშვათ თუ თქვენ წახვედით, მაგრამ მსოფლიო ბანი ამბობს, რომ მას თქვენი პოლიტიკური და ფინანსური „სქემების“ შესახებ ინფორმაცია თქვენივე გუნდიდანვე მიაწოდეს, რის გამოც მან თქვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. შეგიძლიათ, თქვათ, ბურჭულაძის „წყარო“ ვინ იყო?
- ბურჭულაძის მხრიდან მორიგი უაზრო და უსინდისო ბრალდება გაჟღერდა. ის ვერც ერთ იმ პირს ვერ ასახელებს, ვისთან ჰქონდა საუბარი და რა უთხრეს. ასე შეიძლება, გამოვიდეს და დაგვაბრალოს, რომ მას იმ პარტიასთან ურთიერთობა არ უნდოდა, რომელიც კენედის მკვლელობასთან კავშირში იყო. მგონია, რომ ასეთ ბრალდებებს უფრო მეტი კონკრეტიკა სჭირდება. უკვე ბურჭულაძისგან ყველაფერი მოსალოდნელია, რადგან ადამიანურად ძალიან მძიმე მდგომრეობაშია. ეს ადამიანი მართლა მეცოდება, რადგან მან ყოველგვარი სახე დაკარგა, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა.
თქვენ ბურჭულაძის სახის დაკარგვაზე აპელირებთ, თუმცა, მან თქვენ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში ჩაგაყენათ, რადგან „გირჩი“ არჩევნების მიღმა დარჩა...
- რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მარტივი არ იყო. გვინდოდა, რომ ამ არჩევნებზე ძალები მოგვესინჯა. ისე გამოვიდა, რომ არჩევნებამდე ვერ მივედით. ეს პირადად ჩემი შეცდომაა და ამ გაუგებრობის გამო, თანაგუნდელებსაც ბოდიშიც მოვუხადე. ამ ტიპის კოალიციაში გაერთიანების ერთ-ერთი ინიციატორი მე ვიყავი და ალბათ, ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო. მენეჯმენტში არსებული დიდი პრობლემების, ადამიანური ურთიერთობებისა და ვალების თაობაზე რომ მცოდნოდა, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი.
ბურჭულაძის რა ვალების თაობაზე საუბრობთ , შეგიძლიათ, თქვათ, მას რა რაოდენობის ვალი აქვს?
- ამაზე საუბარი არ მინდა. ზოგადად, ადამიანს სიხარბე ღუპავს და პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთი ის ადამიანი იქნება, ვინც სიხარბისგან დაიღუპება.
ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თქვენგან ბურჭულაძე დიდი რაოდენობის ფინანსებს ითხოვდა და თქვენ გაშანტაჟებდათ. რაში გამოიხატებოდა შანტაჟი?
- ძალიან დიდი შანსია იმის, რომ მას ეს თანხები პირადი მოხმარებისთვის უნდოდა. როცა ჯაფარიძესთან ფინანსებზე საუბრობ, პოლიტიკის აზრზე არ ხარ, რადგან ზურა ის ადამიანი არ არის, ვისშიც ფინანსური რესურსი უნდა დაინახო. ის საკუთარი ინტელექტუალური რესურსით ქართულ პოლიტიკას სჭირდება. თუ ვიღაცას სხვანაირად წარმოუდგენია, რა გითხრათ? წარმოგიდგენიათ, საკითხს ისე სვამდნენ, თუ დიდი რაოდენობის ფულს არ მოიტან, მაშინ სიიდან ამოგიღებთო? - ეს შანტაჟიც აღარ არის - თავხედობაა.
ბურჭულაძემ თქვა, რომ თქვენ პარტიაში ბიძინა ივანიშვილის ფულს აბანდებთ. ასევე თქვა, რომ თქვენ მას ყოფილ პრემიერთან შეხვედრა შესთავაზეთ. მართალია?
- აბსოლუტურად სიცრუეს ლაპარაკობს. ამ თემასთან დაკავშირებით ივანიშვილის ფული საერთოდ არანაირ კავშირში არ არის. სქემებში თავად იხლართებიან. იმ ადამიანებთან პრობლემა არ მაქვს, ვინც ბურჭულაძის ირგვლივ არის. მათ შორის ბევრი პროფესიონალია. კარგია, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკური მომავალი ჰქონდეთ, მაგრამ მათი მომავალი ბურჭულაძეს არ უნდა უკავშირდებოდეს.
არ ფიქრობთ, რომ თქვენ ბურჭულაძემ პოლიტიკურად დაგასამარათ, რადგან თქვენს მიმართ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თქვენ სწორედ ყოფილი პრემიერი გაფინანსებთ და „ივანიშვილის პროექტი“ ხართ?
- ესეც ინსინუაცია თუ არა, სხვა რა არის? რაიმე ახალი და კონკრეტულია, რის გამოც შეიძლება თქვა, რომ უი, ეს ასე ყოფილაო? - ეს ბურჭულაძის მხრიდან მორიგი უსინდისო ბრალდებაა.
შეგიძლიათ, თქვათ, თავად ბურჭულაძე ვისი პროექტია?
- ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ. მისი მთავარი პრობლემა სიხარბეა და არა ის, რომ შეიძლება ვინმეს პროექტი იყოს. ის გულწრფელი არასოდეს არ არის. მას დიდი პრობლემები აქვს პოლიტიკური ხედვის თვალსაზრისით და მისი ნატურით პოლიტიკასთან შეხება არ აქვს.
როცა მასთან იყავით, პოლიტიკური ხედვის ნაკლებობას ვერ ამჩნევდით? მასთან რაიმე უკმაყოფილება არ მოგსვლიათ, იდილია გქონდათ?
რაღაც პრობლემები პირველივე დღეებიდან იყო - იაგო ხვიჩიას ფეისბუქ სტატუსებთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა რომელიმე გუნდში, არ აპირებს, რომ საქართველოს ხატით შემოუფრინოს, რადგან მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები მსგავსი ფარისევლობით დაკავებულნი არ უნდა იყვნენ, ამაზე ბურჭულაძეს მძაფრი რეაქცია ჰქონდა და ითხოვდა, რომ სიაში არ ყოფილიყო. 21-ე საუკუნეს სტატუსების გამო პარტიული ცენზურის დაწესება არ შეეფერება. მეორე პრობლემა მეგრელიშვილთან დაკავშირებით იყო. ორივე ადამიანთან დაკავშირებით პრობლემები მოგვარებადი იქნებოდა, თუ ის დიდ ფულს დაინახავდა არა კამპანიისთვის, არამედ საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად.
ეს ვალდებულებები რაში გამოიხატება?
- კონკრეტულ ფინანსურ ვალდებულებებში.
თქვენ პრეტენზია გაქვთ, რომ ახალი პოლიტიკური ძალა ხართ, ახალი იდეებით. ბურჭულაძე რაში დაგჭირდათ?
- სწორედ იმიტომ, რომ ახალი ძალა ვართ, დამოუკიდებლად ის პერსპექტივა არ გვქონდა, რაც ერთობლივად გვექნებოდა. კარგი იქნებოდა, მომავალ პარლამენტში „გირჩი“-ს წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. ამ გზაზე ერთ-ერთ წინაპირობად დანახული იყო როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსების გაერთიანება სხვადასხვა ძალებთან. ეს გზა მცდარი იყო, რომელიც უხეში შეცდომა აღმოჩნდა.
თქვენს „უხეშ შეცდომაზე“ გუნდში პასუხი არ მოგთხოვეს?
- ინიციატივა ჩემგან წამოვიდა, თორემ, გუნდში იცოდნენ. გადაწყვეტილებას ყველა ერთად ვიღებთ. პასუხისმგებლობას იმ ნაწილში ვიღებ, რომ ინიციატივა ჩემგან მოდიოდა.
შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ბურჭულაძის რეიტინგის გამოყენება გინდოდათ, ხოლო მათ თქვენი ფინანსები აინტერესებდა?
- როცა ჯაფარიძესთან საკითხს დასვამ, რომ ან ფული ან სია, ე.ი. პოლიტიკურ პროცესებს ვერ ხედავ.
როცა გაერთიანდით, ფინანსების წარმომავლობა მაშინ არ გაარკვიეთ? ბურჭულაძე არ დაინტერესდა, ფულს საიდან მიიტანდით?
- მას ყველაფერთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა. უფრო კონკრეტულად ყველა ის ინფორმაცია ჰქონდა, რაც დაშლის ღამეს. ახალი არაფერი ყოფილა. როგორ ჩანს, ამ ნაბიჯის გადადგმა სხვა მიზნების გამო გადაწყვიტა.
ეს „სხვა მიზნები“ რა არის? მას გადაწყვეტილება მიაღებინეს, რომ თქვენ არჩევნების მიღმა დარჩენილიყავით?
- ამ სპეკულაციებში შესვლა არ მინდა. ბურჭულაძისგან განსხვავებით, ამ ტიპის ბრალდებებს სიფრთხილით ვეკიდები.
და ბოლოს. გაერთიანებაში ისეთი ურეიტინგო პარტია რატომ შეიყვანეთ, როგორიც „ახლები“ არიან? ისინი რას გაძლევდნენ?
- მიმაჩნდა, რომ გაერთიანება რაც უფრო დიდი იქნებოდა, შედეგიც უფრო მეტი იქნებოდა. რას გვაძლევდნენ? - პოლიტიკური გამოცდილების და ნომრის საკითხიც იყო.