ექსტრემიზმის დამფინანსებელი ელჩების დატუქსვა გრძელდება

ექსტრემიზმის დამფინანსებელი ელჩების დატუქსვა გრძელდება

გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შემდეგ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეახსენეს. გარეტ უორდს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ საუბრის თემა იყო ვენის კონვენციის დარღვევა. საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს საგარეო უწყება „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის დაღვევაში ადანაშაულებს, რომლის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს. ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

დიპლომატიური კორპუსის დაბარებით აღშფოთებულია რადიკალური ოპოზიცია და თვლიან, რომ ეს არის ბულინგის ის ფორმა, რომელიც გამოყენებულია ელჩების წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ელჩების დაბარება საბჭოთა ანტიდიპლომატიის გაგრძელებაა - ფასეულობების ფუნდამენტი, რომელიც დასავლეთში და აშშ-შია, არ მოსწონს „ოცნებას“, მასში ხედავს საფრთხეს და ამიტომ ვერ შედგა პარტნიორებთან დიალოგი.

„ევროპელი ელჩების დაბარების საკითხი ჩვენ უნდა აღვიქვათ, როგორც „ოცნების“ საბჭოთა კავშირისდროინდელი ყველაზე ბნელი ტრადიციების, ცივი ომის ტიპის პოლიტიკის ანტიდიპლომატიის გაგრძელება. ასე ხდებოდა ბნელ 70-80-იან წლებში. აბსოლუტურად შეზღუდული იყო დიპლომატიური კორპუსის თავისუფლება მოსკოვში, საბჭოთა კავშირში. სწორედ ამ სახელმძღვანელო წიგნს იყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს მართავს იმისთვის, რომ ეურთიერთოს დასავლურ ელჩებს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ელჩები უშუალოდ ჩართული არიან საარჩევნო პროცესებში. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მობილიზაციისკენ, მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ვენის კონვენციის ამაზე უხეში დარღვევა არ არსებობს, ეს არის ერთ-ერთი უხეში მაგალითი და ასეთი ბევრია. ასევე, გვაქვს ფაქტები, როდესაც ელჩები პირდაპირ დადიოდნენ სასამართლოს პროცესებზე, რათა განეხორციელებინათ ზემოქმედება მოსამართლეების საქმიანობაზე, რაც არის კონვენციის უხეში დარღვევა.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამწუხაროდ, ევროკავშირიდან ელჩები ხშირად უხეშად არღვევენ პრინციპებს, წესებს. რაც მიუღებელია. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც ელჩს შეეფერება და არა, როგორც პოლიტიკოსს.

„ყველა ხედავს, რომ კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა. ეს არის ვენის კონვენციის პრინციპის ხელყოფა. ამას სჭირდება რეაგირება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. იმედი გვაქვს, ელჩები დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს. მათ უნდა დაიცვან წესები, უნდა დაიცვან პრინციპები. ეს არის, მათ შორის, ევროპული მიდგომა, არ შეიძლება საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები.

მათი დაბარება დიპლომატიური ზომაა, რომლის ერთადერთი მიზანია, ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში. გახსოვთ, მაკრონის განცხადება ერთ-ერთ ელჩზე. ბევრად უფრო რბილი განცხადება გააკეთა, ფრანგულ პოლიტიკაში დიდად ჩარევას არ გულისხმობდა, მაშინვე ჰქონდა რეაგირება საფრანგეთის პრეზიდენტს. ჩვენთან პირდაპირ, უხეში ფორმით ხდება არა მხოლოდ პოლიტიკაში ჩარევა, არამედ რადიკალიზმის და პოლარიზაციის წახალისება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საელჩოებმა განაცხადეს, რომ ყველასთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ. უნდათ, შეხვდნენ ადამიანებს, რომლებსაც ძალადობა აქვთ დაანონსებული? შეხვდნენ, მაგრამ საჯაროდ მოუწოდონ, რომ არ იყოს ძალადობა. პაპუაშვილი აფრთხილებს ყველას, რომ 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს.

„გუშინ საელჩოების განცხადება იყო, რომ მათ ყველასთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ - უნდათ კრიმინალური წარსულის მქონე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა? უნდათ შეხვდნენ ადამიანებს, რომლებსაც 4 ოქტომბერს ძალადობა აქვთ დაანონსებული? შეხვდნენ, მაგრამ მაშინ თავადაც საჯაროდ განაცხადონ, რომ ისინი მოუწოდებენ, არ იყოს არანაირი ძალადობა 4 ოქტომბერს იმიტომ, რომ მათი სიჩუმე არის მხოლოდ წახალისება მოძალადეებისა. ყველას ვაფრთხილებ, 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილია. უშუალოდ დიპლომატების ჩართულობით, მონაწილეობით ხდება ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება.

„ნახეთ თანხები, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ხმარდებოდა რევოლუციის მოწყობის მცდელობებს. ერთი ხაზია ეს ყველაფერი, ერთი ხელით იმართება გარედან. ეს კონკრეტული ელჩებიც რა განცხადებებს აკეთებენ, მოუსმინეთ. ამ ყველაფერს დიპლომატიასთან კავშირი არ აქვს. ვენის კონვენციაზე საუბრობდით და ყველაფერს არღვევენ. ყველანაირი წითელი ხაზი არის გადაკვეთილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ღირსება უნდა გაგაჩნდეს ადამიანს და უცხო ქვეყნის ელჩი არ უნდა გეგონოს მეფის ნაცვალი, ან ცეკა-ს მეორე მდივანი. მაჭარაშვილმა ოპონენტებს შეახსენა, რომ ელჩის დაბარება ჩვეულებრივი დიპლომატიური წესია.

„ყველაფერთან ერთად, არ მეგონა, თუ ელჩებისთვის ვენის კონვენციის სწავლება დაგვჭირდებოდა - დიპლომატიური წესი არსებობს, სახელმწიფოსთან რაღაცის გარკვევა რომ გინდა, მის ელჩს იბარებ და იქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის, თუ ამ ელჩსა და იმ ქვეყანას შორის, სადაც ის არის წარმოდგენილი.

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ელჩი დიდ ბრიტანეთში, ან გერმანიაში გამოვიდეს და გერმანიის პოლიციას მოუწოდოს, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, რა მოხდება იქ, ელჩს არ დაიბარებენ? საქართველოს ელჩს უკრაინაში რამე არათუ პოლიტიკური, არამედ დიპლომატიური გადაცდომა ჰქონდა, როცა გამოაძევეს? ამას ვამბობთ ხოლმე, რომ ღირსება უნდა გაგაჩნდეს ადამიანს და უცხო ქვეყნის ელჩი არ უნდა გეგონოს მეფის ნაცვალი, ან ცეკა-ს მეორე მდივანი. ასე წარმოადგენენ, როგორ გაბედე და ელჩი დაიბარეო.

გერმანიის ელჩს ჩვენ არაფერს ვედავებით, თვითონ გვედავება. იმიტომ დაიბარეს, რომ გავიგოთ, რატომ გვედავება და გვებრძვის გერმანიის ელჩი. რატომ აფინანსებს და ახალისებს ძალადობრივ აქციებს? რატომ გვედავება, რა უნდა? ჩაჯდეს დიპლომატიურ ეტიკეტში. გერმანიის ელჩის, ან საერთოდ ელჩის ფუნქცია სად არის, რომ რადიკალი ოპოზიციონერების სასამართლო პროცესებს დაესწროს იმათ სასარგებლოდ. ჩვენ კი არ ვედავებით, პირიქით - ის რატომ ედავება საქართველოს, ამის გასარკვევად დაიბარეს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.