„მხილების“ ინსტიტუტი არ ამოქმედებულა, მაგრამ ხმაურიანი დაკავებები დაიწყო. კორუფციის ბრალდებით დაკავებულია თავდაცვის სამინისტროს სამი ყოფილი მაღალჩინოსანი. როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი.
საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა 2023 წელს. ამ ეტაპზე, ჩატარებული გამოძიებით გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.
გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ისე წარმართეს, რომ ბაზრის რეალური კვლევა, ფაქტობრივად, არ ჩაუტარებიათ. იმავდროულად, მათ უზრუნველჰყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ვ. მ.-სთან ახლო კავშირში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიეღო.
ამასთან, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით, სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით, აპარატურის საფასური ხელოვნურად გაზარდეს. შედეგად, თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარი, მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ბევრად მაღალ ფასად შეიძინა.
გამოძიებით, აგრეთვე, დადგენილია მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი, ვ.მ. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად, შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა. როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიება გრძელდება სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით. მივა თუ არა გამოძიება უშუალოდ თავდაცვის მინისტრთან, ამ ეტაპზე, სუს-ში განცხადება არ კეთდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხმაურიანი დაკავებები გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ცდუნებები ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება, მთავარია, მთავარია როგორ რეაგირებს ინსტიტუციები. მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. მისი შეფასებით, როდესაც ბიუჯეტი სამჯერ და ოთხჯერ იზრდება და კორუფციის ნიშნები აღმოიფხვრება, ხელფასები, პენსიები გაიზრდება და უფრო მეტი დოვლათი შეიქმნება საქართველოში.
„როცა საერთო სიკეთეებსა და ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, თავისთავად, ყველა ინსტიტუციას თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა აქვს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს შესაძლებლობები, რომელიც თითოეულ ინსტიტუციას გააჩნია, იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახურები, თუ შსს, რომელსაც პირდაპირი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ნარკორეალიზატორებზე - ყველას ვალდებულება აქვს.
სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენი ამბიციაა, მოვხვდეთ მსოფლიოს ტოპ-სამ ქვეყანაში, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ცდუნებები ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. მთავარია, როგორ რეაგირებს ჩვენი ინსტიტუციები. მისასალმებელია, რომ რომელიღაც ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს, გამოავლინა კორუფციული წყარო და ალბათ, გაგრძელდება ეს პროცესი.
იმასთან ერთად, რომ ასეთი მშვიდი და სტაბილური გარემო შევინარჩუნეთ იმ ფონზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება ომების თვალსაზრისით, ეს უნდა იყოს ასახული თითოეულ მოქალაქეზე. სახელმწიფოს როლია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყოს აღმოფხვრილი. მისასალმებელია, რომ ასე კარგად დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ანტიკორუფციულმა სამსახურმა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა პრიორიტეტად კორუფციასთან ბრძოლა დაისახა. რამდენად შეძლებს ირაკლი კობახიძე ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებლის შესუსტებას, რთული სათქმილია, მაგრამ გამოძიების ტემპისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ კობახიძემ წმენდა „ქართული ოცნებიდან“ დაიწყო. ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კორუფცია ისეთი თემაა, რომ კი არ უნდა დამალო და შეინახო ფარდის უკან, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ ღიად, ტრანსფარანტულად უნდა გამოიტანო საზოგადოების წინაშე ის ზომები, რომელსაც მიიღებ.
„არავითარი დანდობა კორუფციისა არ იქნება, ეს სახელმწიფოს ანგრევს. რეიტინგები ძალიან მაღალია საქართველოსი, მოწინავე ქვეყნებშია, უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის სისტემიდან გამომდინარე, ამიტომ ჩვენ ეს რეიტინგი უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ორიოდე დღის წინ, ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ და გამოუშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო - თუ ფულს მიუტანს ბიძინა ივანიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზიარებს მისი მოადგილისა და ნათესავის ბედს.
„რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს დაიჭერდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ მისი მოადგილე და ახლო ნათესავი დააკავეს. როგორც ბრიფინგზე თქვეს, მისი ნათესავი „ალაგებდა“, მაგრამ „ალაგებდა“ ბურჭულაძის სახელით, მისი სახელით იპარავდა. ჯუანშერ ბურჭულაძის ირგვლივ ეს ყულფი დავიწროვდა, ამიტომ ცხადია, მასაც ემუქრება დაკავება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.