კონტროლის პალატა არასამთავრობოებთან მოჩვენებით დათმობებზე მიდის

კონტროლის პალატა არასამთავრობოებთან მოჩვენებით დათმობებზე მიდის

დღეს კონტროლის პალატაში ლევან ბეჟაშვილისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონაზე იმსჯელეს. მოგეხსენებათ, გასული წლის დეკემბერში ამ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვის თავისუფლება, ვინაიდან კონტროლის პალატას ეძლევა უფლება, რომ მისთვის საეჭვო ნებისმიერ პირს შეუმოწმოს ფინანსური დოკუმენტაცია, დაუყადაღოს ქონება და ა.შ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც კოტროლის პალატა პოლიტიკურ პარტიასთან „ასოცირებულად“ მიიჩნევს, როგორც ეს აღნიშნულ კანონშია ჩადებული.

ასევე საკმაოდ გამკაცრდა სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ამომრჩევლის მოსყიდვისათვის საქნციებს. აღსანიშნავია, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ასეთ შემთხვევაში ისჯება არა მხოლოდ ამომრჩევლის „მოსყიდვაში“ ბრალდებული პირი, არამედ თავად ამომრჩეველიც.

კონტროლის პალატის დღევანდელი შეხვედრის შეჯამება ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის დირექტორს, ნინა ხატისკაცს ვთხოვეთ, რომელიც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა.

ნინა ხატისკაცის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მომზადებული ცვლილებები „მოქალაქეთ პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, თუმცა ამის პარალელურად კონტროლის პალატასაც თავისი ცვლილებების პროექტი ჰქონდა მომზადებული. შეხვედრაზე კი ხდებოდა ამ ორი დოკუმენტის ერთამეთთან შეჯერება. ამ პროცესში რამდენიმე პრინციპულ საკითხზე კონტროლის პალატის მხრიდან გამოჩნდა მზაობა, რომ ეს საკითხები შეიცვალოს. ერთ-ერთი მათგანი არის ის, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს პირის პარტიასთან ასოცირებულობის დადგენა.

ნინა ხატისკაცის თქმით, მხარეები თანხმდებიან პრინციპზე, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებას არ უნდა უკავშირდებოდეს. „აუცილებლად, თუ რომლიმე პირს გაცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები და ამისათვის ხარჯებს გაიღებს, მხოლოდ ამ შემთვევაში უნდა იყოს იგი პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული, დაკავშირებული და ა.შ. ეს პრინციპი არის, თუმცა კანონპროექტში მის ფორმულირებასთან დაკავშირებით გვქონდა განსხვავებული მიდგომები. საბოლოო ტექსტზე არ ჩამოვყალიბებულვართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩვენი ვარიანტი და კონტროლის პალატის არსებული ვარიანტი შესაძლებელია შეჯერდეს,“- აცხადებს ნინა ხატისკაცი presage.tv-სთან საუბარში. 

მისივე თმქით, შეხვედრაზე პრობლემა იყო კონტროლის პალატის ფუნქციების გაწერასთან დაკავშირებით. ნინა ხატისკაცის განცხადებით, მზაობა არის, რომ უფრო დეტალიზაცია მოხდეს კონტროლის პალატის საქმიანობისა, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან. ეს არის სანქციების ნაწილი, სადაც ამომრჩეველს საკმაოდ მკაცრი და არაადეკვატური სანქციები ეკისრება. თუმცა, არც კონტროლის პალატიდან და არც პარლამენტიდან მზაობა არ არის, რომ ამასთან დაკავშირებით ცვლილება მოხდეს.

„ეს არის როდესაც ამომრჩეველი მიიღებს საჩუქარს. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ეს დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საჯარიმო სანქციების ათმაგ ოდენობასთან დაკავშირებითაც გვქონდა კონტროლის პალატის მიმართ შეთავაზება, რომ ეს იყოს სამმაგი ოდენობა და ამაზეც არ არის მზად კონტროლის პალატა. ასევე საჭიროდ მიგვაჩნია ერთი წყაროდან მიღებული შემოწირულობის დასაშვები 500 ათასის ლიმიტის მოხსნა. ვფიქრობთ, რომ ამის ადმინისტრირება და ამის დადგენა ძალიან პრობლემატური იქნება და ვშიშობთ, რომ ეს შესაძლებელია შერჩევითად მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული შემომწირველი უნდა გადამოწმდეს და მათი ნებისმიერი შესაძლო კავშირები ადამიანებთან და მიგვაჩნია, რომ ამის ადმინისტრირება შეუძლებელი იქნება. აქედან გამომდინარე ეს უნდა მოიხსნას, თუმცა ამაზეც მზაობა არ არის.“- აცხადებს ნინა ხატისკაცი presage.tv-სთან საუბარში.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კონტროლის პალატის მხრიდან ძირითადად მზაობა არის იმაზე, რომ შეიცვალოს იმ მუხლის ფორმულირება, სადაც ხდება დადგენა, თუ ვინ არიან პარტიასთან ასოცირებული პირები და შეზღუდვების დაწესება სად იგულისხმება. მეორეც მზაობა არის იმასთან დაკავშირებით, რომ კონტროლის პალატის ფუნქციები უფრო დეტალიზებული იყოს და უფრო მეტად გაწერილი.

„მაგალითად ის, რომ არ არსებობს პროცედურა, რომლის მიხედვითაც კონტროლის პალატა უგზავნის შეტყობინებას ნებისმიერ პირს, რომელსაც ის ჩათვლის, რომ არის პარტიასთან ასოცირებული. რის საფუძბელზე ხდება, როგორი ოქმი მიიღება და ა.შ. პრობლემურია ასევე ყადაღის დადების საკითხი, დღევანდელი არსებული კანონით, კონტროლის პალატას შეუძლია ყადაღა დაადოს პირის მთელს ქონებას. ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია სასამართლოს მონაწილეობა ყადაღის დადების საკითხში და ასევე ეს ყადაღა უნდა შეეხოს მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს, ან საარჩევნო პროცესებში მონაწილეობს და არა პიროვნების მთელს ქონებას,“ - ამბობს ნინა ხატისკაცი.

მისივე თქმით, დღევანდელი ფორმულირებით კონტროლის პალატას აქვს საკმაოდ ფართო უფლება-მოსილებები და საკმაოდ ზოგადია ის ჩარჩო-განმარტებები, რომლებიც კანონშია და ეს აძლევს მას საკმაოდ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას.

კონტროლის პალატასთაც დღევანდელი შეხვედრა არ იყო ბოლო და არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ გარკვეული საკითხები შეიძლება შეჯერდეს კონტროლის პალატის ვარიანტთან. თუმცა ის საკითხები, რომლებზეც არის ზეპირი მზაობა, რომ შეიცვალოს, არ იქნება საკმარისი, რომ კანონმდებლობა რეალურად დაიხვეწოს. ეს საკითხის მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარება იქნება და გარდა ამისა, იმ საკითხების ჩამონათვალის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი, რომლებიც უნდა შეიცვალოს, მაინც ბევრი პრობლემა რჩება, საარჩევნო გარემო მაინც არათანაბარ პირობებს უქმნის პოლიტიკურ პარტიებს და ნინა ხატისკაცის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამით არ შემოიფარგლებიან.

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას (რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოდის) იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს კონტროლის პალატა იბარებს, კითხავს და ამავდროულად ინტერესდება მათი და მათი ოჯახსი წევრების საქმიანობით და შემოსავლებით, ნინა ხატისკაცის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით ამის უფლება აქვს კონტროლის პალატას და სწორედ ეს არის პრობლემა.

„უფრო მეტიც, იმ ცვლილებების გათვალისწინებითაც კი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ კონტროლის პალატას და საკანონმდებლო ხელისუფლებას, კონტროლის პალატას ასეთი უფლება დარჩება. აქ საუბარია იმაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა კონტროლის პალატას საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მოკვლევა მოახდინოს კონკრეტულ პირთან მიმართებაში. რა თქმ აუნდა, ამის უფლება უნდა ჰქონდეს, მაგრამ აქ მთავარია სხვა რამ, ეს არ უნდა ხდებოდეს შერჩევითად და უფლება-მოსილების გადამეტების საფუძველზე. ჩვენ ახლა სწორედ ამ მიმდინარე მოვლენების შესწავლის პროცესში ვართ, ვაანალიზებთ ამ მოვლენებს და რა თქმა უნდა, გვინდა, ჩვენ თვითონაც გამოვიტანოთ დასკვნა. პირველ რიგში, ის ფორმატი, რომლითაც მათ მიიღეს შეტყობინება, არ იყო დეტალური, იქ არ იყო არც ნომერი მითითებული, არც თარიღი. ეს არ იყო ისეთი ტიპის დოკუმენტი, რომელიც რეალურად კონტროლის პალატის გამოგზავნილ უწყებას გავდა თავისი რეგალიებით. გარდა ამისა, ამ წუთის მონაცემებით, დახურულ კარს მიღმა ამ ადამიანებს უსვამენ ისეთ შეკითხვებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის თუნდაც მოჩვენებით თვალთმაქცურ გარიგებასთან. ეს კითხვები არის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმოწერების შეგროვებასთნ დაკავშირებით და ა.შ.

რა თქმა უნდა, თუ ასეთი ფაქტები დადასტურდება, ამაზე ჩვენ ერთხმად ავიმაღლებთ ხმას იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება პარტიული მიზნებისთვის. იმაზე ხაზგასმაც მინდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება კანონმდებლობა. სულ რომ დაიხვეწოს კანონმდებლობა, პრაქტიკაში ეს პრობლემები მაინც დარჩება. თუ მართლაც დაკითხვაზე ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი, ის უწყება აჭარბებს თავის უფლება-მოსილებას,“ -აცხადებს ნინა ხატისკაცი.