მერაბიშვილი მომავალ მაჟორიტარებს არჩევს

მერაბიშვილი მომავალ მაჟორიტარებს არჩევს

ხელისუფლებამ საარჩევნო სიების შედგენაზე მუშაობა დაიწო. მართალია, ამას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ, მაგრამ ე.წ. სამუშაო შეხვედრებს უკვე მართავენ, სადაც სიაში მოსახვედრი პირების ვინაობა წყდება. Presage.tv-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მაჟორიტარების შერჩევა მიმდინარეობს და ეს საკითხი პირადად შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს აბარია.

ყველა წინა არჩევნების დროს არსებობდა ინფორმაცია, თუ სიას ვინ ადგენდა და, პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან სიის შედგენას, ფორმალურადაც და არაფორმალურადაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს სია ფორმალურად ისეთი ხალხისგან უნდა იყოს შედგენილი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება და არჩევანს „ნაციონალების“ სასარგებლოდ გააკეთებს. მეორე მხრივ კი, სიაში ისეთი ადამიანები უნდა მოხვდნენ, რომლებიც „ნაციონალებისთვის” რაიმე სარგებლის მომტანნი იქნებიან, თუნდაც ადგილებზე ხმების „მოზიდვის“ თვალსაზრისით.

არც ის არის ახალი ამბავი, რომ საარჩევნოდ ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს მაჟორიტარებზე აკეთებს, რადგან ეს ის კატეგორიაა, რომელიც რეგიონებშია პასუხისმგებელი არჩევნების შედეგებზე. ამიტომაც იყო, რომ ხელისუფლებამ მაჟორიტარების რაოდენობის შემცირების პირობა 2008 წელსაც დაარღვია და ახლაც, როდესაც პარლამენტის რაოდენობის გაზრდის საკითხი იდგა დღის წესრიგში, არსებობდა ინფორმაცია, რომ მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდა პირადად სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო. თუმცა, საბოლოოდ პარლამენტართა რაოდენობა არ შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, უმრავლესობიდან ბეჟან ხურციძე სწორედ იმის გამო გარიცხეს, რომ თურმე, ბოლო პერიოდში ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონია. როგორც უმრავლესობის ლიდერები ამბობდნენ, პრეზიდენტთან უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი განსაკუთრებით მაჟორიტარებზე იყო გაბრაზებული და მაშინ დაპირდა, რომ, თუ „ჭკვიანად არ იქნებოდნენ, ისინი სიაში ვეღარ მოხვდებოდნენ“. ამასთან, მაშინ სააკაშვილს ისიც უთქვამს, რომ მაჟორიტარებს პროპორციულ სიაში გამსვლელ ადგილებზე აღარ ჩაწერენ დ ამით მათ გასვლას აღარ „დააზღვევენ“ და მაჟორიტარებიც იძულებულნი იქნებიან, რომ ყველაფერი გააკეთონ თავის რეგიონში საკუთარი თავის და „ნაციონალების“ გამარჯვებისთვის.  

პრეზიდენტის ამ დაპირების ასრულება კი, როგორც ამბობენ, უკვე დაიწყო. Presage.tv -ს ინფორმაციით ამ საკითხის მოგვარება პირადად მერაბიშვილს აქვს ჩაბარებული. ის წინა კვირას უკვე შეხვედრია მაჟორიტარებს, სადაც პრეზიდენტის დანაპირები კიდევ ერთხელ გაიმეორა და, რაც მთავარია, პირველი მაჟორიტარიც დაუსახელებია, რომელიც ნაციონალების სიაში ვეღარ მოხვდება. ცხადია, ამ შემთხვევაში იგულისხმება მაჟორიტარების სია და არა პროპორციული სია.

„შავ სიაში“ მოხვედრილი პირველი ნაციონალი კი ქარელის მაჟორიტარი ემზარ გელაშვილი აღმოჩნდა. ძნელი სათქმელია, გელაშვილი რატომ ვეღარ აკმაყოფილებს ხელისუფლების მოთხოვნილებებს, მაგრამ ფაქტია, რომ მერაბიშვილს ყველა მაჟორიტარის თანდასწრებით უთქვამს, რომ ის მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ იქნება და მას ქარელის მოქმედი გამგებელი ილია ბურჯანაძე ჩაანაცვლებს.

რაც მთავარია, მერაბიშვილს ისიც უთქვამს, რომ ხელისუფლება მოქმედი მაჟორიტარებით ზოგადად უკმაყოფილოა და მათი დიდი ნაწილი კანდიდატებად აღარ იქნებიან დასახელებულნი.

ცხადია, როდესაც ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ „გადაგდებულმა“ მაჟორიტარებმა ოპოზიციაში სცადონ გადაბარგება. მაგრამ, ის ფაქტი, რომ მათი მეთვალყურეობა მერაბიშვილს აქვს ჩაბარებული და მათთან შეხვედრებს პირადად მერაბიშვილი მართავს, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები საკუთარ მდგომარეობას უნდა გაუფრთხილდნენ და სიაში არყოფნის მიუხედავად „ნაციონალების“ გამარჯვებაზე იზრუნონ.