გურამ ოდიშარია: „არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ქართველებთანაც უნდა ვილაპარაკოთ“

გურამ ოდიშარია: „არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ქართველებთანაც უნდა ვილაპარაკოთ“

„სადღაც, სივრცეში არსებობს წერტილი, რომელიც აწყობს აფხაზ კაცსაც და - ქართველ კაცსაც“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი გურამ ოდიშარია Presage.tv-სთან საუბარში და მიიჩნევს, რომ ქართველებიც და აფხაზებიც გრძნობენ, რომ ერთმანეთს ვერ გაექცევიან.  

ქართველების აფხაზებთან დაახლოება როგორ გესახებათ?
- გვინდა, რომ გათვლილი ნაბიჯებით გავიაროთ, ორიენტირები მოვინიშნოთ. ზოგჯერ სწრაფად მიდიხარ ამ ნაბიჯებით, ხანდახან - ნელა. 

ბიძინა ივანიშვილს როგორ ესახება მტკივნეული ტერიტორიების დაბრუნება საქართველოს წიაღში?
- ამის შესახებ ჩვენ მომავალში განვაცხადებთ. უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთთან მიმართებით ბატონი ბიძინასა და ჩემი მსოფლმხედველობა, ტონალობა ერთმანეთს დაემთხვა. ამ მხრივ მთავარია საუბარი, დიალოგი, სახალხო დიპლომატია, რადგან სადღაც, სივრცეში არის ადგილი, წერტილი, რომელიც აწყობს აფხაზ კაცსაც და - ქართველ კაცსაც. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ იქამდე მისვლა გვინდა და ეს მხოლოდ მათთან საუბრით მიიღწევა.

აფხაზებთან მოლაპარაკებას თქვენ სახალხო დიპლომატიის ეგიდით აწარმოებთ, ასევე, სამაჩაბლოშიც აწარმოებთ მოლაპარაკებებს. რატომ ხდება, რომ მაინცდამაინც ახლა, აფხაზეთში მომხდარი ომიდან ამდენი წლის თავზე, მათი მხრიდან ქართველებთან ინტეგრირების მზაობას ხედავთ? ლოგიკური კანონების თანახმად, განვლილ წლებს, პირიქით, არ უნდა დაეშორებინა აფხაზები და ქართველები?
- ახლა სხვა დრო არის, ათი წლის წინ სხვა სიტუაცია იყო, ოცი წლის წინ - სულ სხვა, 2008 წლამდე სხვა ვითარება იყო. გაჩნდა ახალი პრობლემები, ასეთი პრობლემები მათაც აქვთ და ჩვენც გვაქვს. ერთ რაღაცას ვგრძნობთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ გავექცევით. მე არ ვიძახი, რომ პოლიტიკურ სივრცეში ერთად ვიქნებით. ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს, ამის დროც მოვა, მაგრამ დღეს უნდა ვილაპარაკოთ, ვისაუბროთ, რადგან აფხაზებთან ერთად, ისტორიულად ხშირად გვიშენებია ერთი სახელმწიფო, ეკლესია-მონასტრები. ამდენი შერეული ქორწილები... ვერც გაიგებ, რომელია აფხაზი და რომელი - ქართველი. სახითაც არ ვართ სხვადასხვანაირნი, ერთნაირები ვართ, ამიტომ აუცილებელია ჩვენი დაახლოება, ამას აფხაზებიც გრძნობენ და ჩვენც. ომმა თავისი სიავე გააკეთა.

 მას შედეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა, რა რეალობაა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დე ფაქტო მმართველობის პირობებში? 
- ჯერჯერობით, მათი მხრიდან რაიმე ოფიციალური განცხადება არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მოყურადებულნი არიან, რა იქნება საქართველოში და როგორ იქნება. როცა დრო გავა და, თუ შეიძლება ითქვას, ჩვენი გუნდიც უფრო შეთამაშდება, მეტ განცხადებებს გავაკეთებთ და მერე უკვე მათი საპასუხო რეაქციაც იქნება.

აფხაზებთან შეხვედრის თაობაზე რისი თქმა შეგიძლიათ? ალბათ, უშუალოდ ვერ დაასახელებთ, ვისაც თქვენ ხვდებით, მაგრამ, ზოგადად, ქართველებთან მიმართებით როგორია მათი განწყობა?
- მე, როგორც მწერალი, კულტურულ პროგრამებში ვიღებ მონაწილეობას, როგორიცაა ერთობლივი წიგნის, ერთობლივი ჟურნალის გამოცემა. ასეა თუ ისე, აფხაზეთში მაინც ბევრ მწერალს აქვს თავისი ავტორიტეტი. მწერალს ჩვენთანაც შემორჩა ავტორიტეტი, ჯერ ისე არ არის საქმე, რომ პატივს არ სცემდნენ. ამიტომ რეგიონებთან ჩვენი ურთიერთობებით მკითხველთა გაერთიანებაც ხდება. არა მარტო აფხაზები, არამედ ოსი, აზერბაიჯანელი და სომეხი მწერლები - ყველანი გარკვეული უბედურების ქვეშ მოვყევით, რასაც მოთხრობებით, ლიტერატურული ნაწარმოებებით გადმოვცემთ. სხვათა შორის, აფხაზურ საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, თუ როგორ გადაიარეს ქართველებმა უღელტეხილი, რა დღეში ვიყავით, დღეს როგორ ვცხოვრობთ დევნილები. ლიტერატურული ნაწარმოებები ცოტა სხვანაირად აფიქსირებს დროს და იმასაც, თუ როგორი ომი გადაიტანეს თავად აფხაზებმა და დღეს როგორ არიან ისინი.

ბოლო დროს აფხაზეთისთვის ავტონომიის მინიჭების შესახებ ხშირად საუბრობენ. თქვენ, როგორც აფხაზეთში დაბადებულს, აფხაზებისთვის ავტონომიის მინიჭება როგორ გესახებათ?
- ამის შესახებ ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ასეთი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან ჯერ არ გვქონია, თუ როგორი ერთეული იქნება - ავტონომია თუ სხვა რამ. მოგეხსენებათ, თავის დროზე, სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, აფხაზებს ავტონომია ჰქონდათ. არა მარტო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საკუთარი ენა, კონსტიტუციაც ჰქონდათ. დღევანდელ ჩვენს კონსტიტუციაში კი წერია, რომ აფხაზური ენა სახელმწიფო ენაა.

აფხაზებს რუსებისაგან გაქცევა რომ სურთ, პერიოდულად, ეს ცალკეულ შემთხვევებსა და მათ რიტორიკაშიც იგრძნობა. ამავდროულად, აფხაზეთში, მოჰაჯირების დაბრუნების პოლიტიკის წარმართვაზეც ფიქრობენ. ამ ფონზე როგორ გესახებათ საქართველოსთან მათი ინტეგრაცია? დავჭირდებით კი ჩვენ?
- აფხაზეთი პატარა კი არის, მაგრამ ძალიან ჭრელია. იქ არის ხალხის ნაწილი, რომელიც ამბობს, ჩვენ დამოუკიდებელნი უნდა ვიყოთ, მაგრამ რუსეთია ჩვენი საყრდენი. ამავდროულად, აფხაზეთში არის ისეთი საზოგადოებაც, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, რომ არ გვინდა ასეთი საყრდენი, მოდით, ჩვენს თავს თავად მივხედოთ... არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ქართველებთანაც უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ამდენი ხნის მანძილზე ერთად ვიყავით და არ შეიძლება, მომავალში მათ გარეშე ვცხოვრობდეთ.

მუჰაჯირების დაბრუნება აფხაზებისა და ქართველების დაახლოებას რამდენად შეუშლის ხელს?
- ეს უკვე არ ვიცი, რადგან ომის შემდეგ უკვე რამდენი ხანია, თურქეთიდან მოჰაჯირების დაბრუნებას ითხოვდნენ. თუმცა, მე ვიცი, რომ ძალიან ცოტა მათგანი დაბრუნდა. ზოგიერთი, ვინც დაბრუნდა, მერე ისევ წავიდა. ჯერჯერობით აფხაზეთში დამბრუნებელი მოჰაჯირები მე ვერ ვნახე.  

მოგეხსენებათ, სახელისუფლო ტელევიზიებმა ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზეთისა და საქართველოს ცალ-ცალკე მოხსენიების საკითხიც აიტაცეს. როგორ გგონიათ, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს რისი თქმა უნდოდა, როცა აფხაზეთი და საქართველო ახსენა?
- თქვენ კარგად იცით, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მისთვის უპირველესია. რამდენჯერმე ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია. ამიტომ, შესაძლოა, აფხაზეთისა და საქართველოს ცალ-ცალკე დასახელება უნებლიეთ მოხდა, რადგან ყველაფერი დანარჩენი ცხადია.

სასტუმრო „რედისონში“ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის შემდეგ სახელისუფლო მედიის მხრიდან არაერთგზის გამოითქვა შენიშვნა, რომ კოალიციაში ძველი სახეები იხილეს. თქვენთვის რას ნიშნავს ტერმინები - ძველი და ახალი სახეები? 
- რაც შეეხება ძველ სახეებს, მთავარია, კარგი საქმე ვაკეთოთ. საერთოდ, ეს ტერმინი არ მიყვარს. „ძველი სახე“ და „ახალი სახე“, - ადამიანის სხეულის გარკვეულ ნაწილთან არის დაკავშირებული. ალბათ, სხვანაირი ტერმინები უნდა შევუფარდოთ ამ ყველაფერს. მთავარია, კეთილი საქმეები ვაკეთოთ, თორემ, ტერმინი „ძველი სახე“ - ეს კიდევ საკამათოა. შესაძლოა, ძველ სახედ მიაჩნიათ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში ოცი, თხუთმეტი, ათი წლის წინათაც მოვიდნენ. თუმცა, ძველი სახეების ნაცვლად, ამ ადამიანებს, ალბათ, უფრო ცნობილებად მოვიხსენიებდი. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათ კარგი საქმე გააკეთეს და კარგი სახელი დაიმკვიდრეს.