ზამთრის სასახლე, „გაღლეტილი“ პრეზიდენტი და შემოდგომის თელავში მოხეტიალე პუტინი

ზამთრის სასახლე, „გაღლეტილი“ პრეზიდენტი და შემოდგომის თელავში მოხეტიალე პუტინი

პრეზიდენტის  ხმაურიანი სტუმრობა კახეთში - თელავის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციისთვის ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა, გამჭვირვალე მინის ტრიბუნა ქალაქის ცენტრში ჩვეულ სტილში მოერგო და „მათრახი“ როგორც ქვეყნის გარე მტრების, ასევე ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მისამართითაც მოიქნია.

საკმაოდ ვრცელი გამოსვლა სააკაშვილმა თელავში დაგეგმილი სამუშაოებით დაიწყო. თქვა, რომ  პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება 150-მდე სახლს და 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას, მათ შორის,მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებს,მთლიანად შეიცვლება თეატრის წინა ფასადი, გუბერნიის ძველი შენობა ჩანაცვლდება ზამთრის სასახლის ტიპის ნაგებობით.

ამას გარდა, განახლდება თელავის 9 ქუჩა, 2 ცენტრალური და 3 პატარა მოედანი; კეთილმოეწყობა 6 სკვერი და ცენტრალური - ნადიკვარის პარკი; მთლიანად გამოიცვლება საკომუნიკაციო სისტემები. რეაბილიტაციის პროცესი შემოდგომისთვის დასრულდება, რის შედეგადაც ქალაქის იერსახე მთლიანად შეიცვლება.

პრეზიდენტის განცხადებით, თელავის რეკონსტრუქციისთვის საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკის და კერძო ფონდების მიერ პირველ ეტაპზე ას ოცი მილიონი ლარია გამოყოფილი. სააკაშვილის მტკიცებით ეს თანხა გასამმაგდება, გახუთმაგდება.

,,დრო ცოტა გვაქვს ასაშენებელი კი ძალიან ბევრია. მინდა გადაავლოთ თვალი თელავს, როგორიც არის, რადგან ასეთ თელავს თქვენ ვერასდროს ვეღარ იხილავთ. თქვენ იხილავთ თელავს, რომლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა. ეს იქნება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი, ყველაზე მშვენიერი ქართულ- ევროპული ქალაქი, საქართველოს მშვენება. მინდა ყველამ ერთად თელავის, ყველამ ამ ახალი სილამაზის შექმნა დავიწყოთ. „-განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებითვე, კახეთში შემოვა მსოფლიოს დიდი ბრენდები.

,,ეს არის, რაც ჩვენს მტერს ბოღმით ხეთქავს. მათ ვერც კი, წარმოედგინათ, რომ როდესმე კახეთში და საერთოდ საქართველოში ფეხზე წამოდგომას შევძლებდით. „-განაცხადა სააკაშილმა.

„დამყრობლის ძველი ახალი უფროსი“, ასე მოიხსენია სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინი, თელავში, ქალაქის განვითარების პროექტის პრეზენტაციაზე.

„რამდენიმე დღის წინ დამპყრობლის ახალმა ძველმა უფროსმა გენერალური ბრძოლის ახალი დრო და ადგილი დაგვინიშნა – შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები. თუმცა სააკაშვილის თქმით, როგორც ბლოკადა და ომი ვერ მოუგო რუსეთმა საქართველოს, ისე დემოკრატიულ ბრძოლას ვერ მოუგებს.

დემოკრატიას ყოველთვის იგებს ხალხი და ქართველი ხალხი ამ ბრძოლასაც აუცილებლად მოიგებს. მტერმა ყოველთვის იცოდა, სად მოეყენებინა დარტყმა. შაჰ-აბასმა გაასახლა კახელები და ამოძირკვა ვაზი, დღევანდელ რუსეთს ხელი მიუწვდა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალზე, მაგრამ არა - კახეთზე.

თუმცა, თანამდებობაზე მისვლის პირველსავე დღეებში პუტინმა კახეთი დაბომბა და ასეთივე ქმედება იყო კახური ღვინის ემბარგოც. ამის მიუხედავად, მათ ყველაზე ველურ ოცნებებშიც კი ვერ წარმოედგინათ, რომ კახეთი ფეხზე წამოდგომას შეძლებდა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხერხემალი. რუსეთმა ყველაფერი სცადა საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის - ენერგეტიკული ემბარგო. თუმცა,საქართველომ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ემბარგოს გაუძლო და პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. რაც მთავარია, ომს გავუძელით.

რომელ ქვეყანაში შეიჭრა რუსეთი საბჭოთა კავშირიდან და არ ჩამოაგდო მთავრობა, არ გადაუარა, არ ჩატკეპნა მიწაში და არ გატეხა ხერხემალში ის ქვეყანა. საქართველო კი მაინც ამაყად დგას და აფრიალებს თავის დროშას. მათ იციან, რომ საქართველოსთან ვერ გაიმარჯვეს. ჩვენი საბოლოო გამარჯვება კი მათი ჯარებისგან გათავისუფლება იქნება. პუტინს კი, პაემანი რომ დაგვითქვა ოთხი დღის წინ, შემოდგომაზე შევხვდებით, მათ შორის - განახლებული კახეთის ქუჩებში“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.