„ამერიკა შეეცდება საქართველოს მაქსიმალურად დემოკრატიულ პირობებში ჩაატარებინოს არჩევნები“

„ამერიკა შეეცდება საქართველოს მაქსიმალურად დემოკრატიულ პირობებში ჩაატარებინოს არჩევნები“

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, სააკაშვილმა საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეცვალოს და ამჯერად იგი რუსეთისკენ მიმართოს. ეს მოსაზრება ქართულ საზოგადოებაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ობამამ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოში სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს ელოდება, რომელზეც ხელისუფლების ოფიციალურად გადაცემა უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, სააკაშვილს ხელისუფლების გადაცემა არავისთვის არ სურს და პარლამენტში გამოსვლისას მან პირდაპირ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებისთვის. 

ამ ყველაფრის ფონზე კი აშკარაა სააკაშვილის რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. ბოლო დროს მან რამდენჯერმე გააკეთა ისეთი განცხადებები, რაც მის რუსეთის მიმართ ურთიერთობების დათბობის მცდელობას ადასტურებს. შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსზე presage.tv -ს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება. 

ხათუნა ლაგაზიძე: საერთოდ, საგარეო პოლიტიკა უნდა აიგოს არა ვინმეს იმედზე, არამედ უშუალოდ უნდა იყოს გაწერილი სახელმწიფოს მიზნები და აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტნიორების არჩევა. გასაგებია, რომ ამ მიზნებში არსებითია ისეთი სტრატეგიული პარტნიორების არჩევა, რომლებიც შენს ინტერესებს დაიცავენ, ყოველ შემთხვევაში, შენი ინტერესების თანმხვედრ ნაბიჯებს გადადგამენ საგარეო პოლიტიკურ არენაზე და რასაც ზოგადად, მოიცავს პარტნიორის ცნება, ამ ცნებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. 

ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი შეცდომა არის ის, რომ ჩვენ ვეძებდით არა პარტნიორს, არამედ პატრონს. როდესაც პატრონს ეძებ, ეს იმთავითვე ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკის არასრულოფასოვან სუბიექტად მოიაზრებ საკუთარ თავს, ანუ იმ ტიპის სუბიექტად, რომელიც მიიჩნევს, რომ მას დამოუკიდებლად საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელება არ შეუძლია. მართალია, საერთაშორისო სამართალი არ იცნობს ასეთ ფორმულირებას, რომ თუკი გყავს პატრონი, შენი სუვერენიტეტი შეზღუდულია, მაგრამ რეალურად ეს ასეა. თუკი შენ შენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტებების და მიზნების განხორციელებას დამოუკიდებლად ვერ წვდები და გჭირდება პატრონი (და არა პარტნიორი), შენ თავისთავად მის მხრებზე ანაწილებ შენი საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების ტვირთსაც. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად გეზღუდება რეალური სუვერენიტეტი. 

როდესაც საგარეო ურთიერთობებში პატრონი შემოგყავს, ის თავისთავად ამ ურთიერთობებში პრიორიტეტად დააყენებს თავის ინტერესებს და არა შენსას. განსხვავება სწორედ ეს არის. პარტნიორულ ურთიერთობებში, მიუხედავად ქვეყნის სიდიდისა, მოსახლეობის რიცხოვნობისა და ა.შ. ურთიერთობები არის თანასწორი, ურთიერთობები აიგება ერთმანეთის ინტერესების პატივისცემაზე, დაბალანსებაზე, გათვლისწინებაზე და ა.შ.

პატრონსა და ასე ვთქვათ, ყმას შორის ურთიერთობა სრულიად სხვა რეგისტრში განსახილველი თემაა და ამ შემთხვევაში, უკვე პატრონი გკარნახობს იმ პირობებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გიპატრონებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არასრულფასოვან პარტნიორად განიხილები. მე ამიტომაც მივესალმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გამოდის ამ პატრონისა და ყმის ეგზისტენციალური როლიდან და მიხვდა, რომ მან დამოუკიდებლად, ყოველგვარი პატრონის გარეშე უნდა აწარმოოს საგარეო პოლიტიკა. ეს მართლაც მისასალმებელია და ასეთ შემთხვევაში, გაცილებით უფრო რეალისტურ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ. 

პრეზიდენტის ბოლოდროინდელი, ასე ვთქვათ, დამთბარი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არათუ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან, არამედ ახალ პატრონს ეძებს ახლა უკვე რუსეთის სახით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ობამამ პირდაპირ ესაუბრა ხელისუფლების ოფიციალურ გადაცემაზე?
- ზოგადად, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ ვერბალურ დონეზე გამოხატული რუსეთის მიუღებლობისა, რეალურად, ბოლო წლების პოლიტიკა სხვა რამეზე მიუთითებს. ამ კონტექსტიდან ამოგლეჯილია 2008 წლის ომი და რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიების მიტაცება. კიდევ ვიმეორებ, სულ სხვაა, ლექსიკურ დონეზე რას გამოხატავს ჩვენი ხელისუფლება და სხვა არის რა ხდება რეალურად. თუნდაც იქიდან ამოვიდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკის სტრატაგიული დარგების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს რუსეთის კონტროლის ქვეშ არის და, ეს თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ ეთანხმება. 

მაგრამ, ვინაიდან მოხდა 2008 წლის ომი და რეალურად შედგა ეს აგრესიის ფაქტი, ეს წესით, უნდა გვაფიქრებინებდეს, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებები მართლაც მიუღებელია ერთმანეთისთვის ისევე, როგორც ისინი ამას აჟღერებენ. 

თავისთავად, „ვარდების რევოლუციის“ დროს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოყვანაში ვერ ვიტყვი, რომ ამერიკის ტოლი წილი უდევს რუსეთს, მაგრამ არც - ნაკლები. შეიძლება შემდეგ, დროთა განმავლობაში, დრომ და სიტუაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, მაგრამ გარკვეული სიტუაციები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს. მე ბოლო დღეებში ვფიქრობდი, რომ პუტინისა და სააკაშვილის პიარი ერთიერთზე გავს ერთმანეთს. ზუსტად რომ გითხრათ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში და 2010 წლის არჩევნები რუსეთში ძალიან ბევრ რამეში იმეორებს ერთმანეთს.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა არჩევნების შემდგომ როგორი მიდგომები განახორციელა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებმა. ანუ რას ვგულისხმობ, ერთმაც და მეორემაც დათმეს ქალაქები. საქართველოში თბილისი და რუსეთში მოსკოვი და პეტერბურგი. მე მრჩება შთაბეჭდილება (და არა მხოლოდ ამიტომ), რომ პუტინს და სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის დეტალებიც კი ერთნაირია. მაგალითად, რაც ახლა უცებ ამომიტივტივდა თავში, არის კბილის პროტეზების და სამშობიაროში მშობიარეთა მონახულების ფაქტები. დეტალების დონეზე იმდენად მსგავსია ეს საარჩევნო კამპანიები და საარჩევნო ბატალიების შემდეგ შედეგები, რომ ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, ერთი და იგივე ავტორი ხომ არ ჰყავს ამ საარჩევნო კამპანიებს და არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიებს, ზოგადად მიდგომებს. 

ასეთი რაღაც შემთხვევით არ ხდება. იმის დაჯერება, რომ ვთქვათ, პუტინის ან სააკაშვილის პიარ გუნდები პირდაღებული მისჩერებიან რუსეთის და საქართველოს ტელევიზიებს და ერთმანეთის აქტივობებს იმეორებენ, რა თქმა უნდა, სისულელეა. უფრო, ალბათ, შეიძლება ვივარაუდოდ ის, რომ ერთი და იგივე დამკვალიანებლები ჰყავს როგორც ერთს, ასევე მეორე საპრეზიდენტო გუნდს. 
ასევე, ზუსტად ერთნაირად წარიმართა მოვლენათა განვითარებაც - როდესაც პუტინსაც და სააკაშვილსაც უნდათ არჩევნებს შესძინონ დემოკრატიულობის ელფერი. კერძოდ, აღიარეს ის, რაც ყველასთვის ცნობილი იყო - წაგებული იყო დედაქალაქები, რამაც დანარჩენ რეგიონებში მათ გამარჯვების თემა გადაფარა. 

იმის თქმა, რომ სააკაშვილი პუტინის სახით ეძებს პატრონს, რათა ხელისუფლებაში დარჩეს, ამაზე საუბარი გადაჭარბებულად მეჩვენება, მაგრამ კიდევ ვამბობ, ესენი ერთმანეთთან ასეთ ინტენსიურ კონტაქტში არიან თუ არა, ამის მიუხედავად, მე მაინც მგონია, რომ ერთიცა და მეორეც ერთი გონებრივი ცენტრიდან იმართება, ან იღებს კონსულტაციებს. სხვა ახნას ამას ვერ ვუძებნი. კიდევ ერთხელ რომ დავაკონკრეტო, პუტინს უთხრეს, რომ სააკაშვილმა 2008 წლის არჩევნების შემდეგ დადო ეს შედეგი, რომ წააგო თბილისი და მოიგო რეგიონებში და ამით, მინიმუმ ერთ საპრეზიდენტო ვადით გაიხანგრძლივა არსებობა და გაანეიტრალა სოციალური უკმაყოფილება. ზუსტად იგივე სცენარი ურჩიეს პუტინსაც. ამიტომ, ასე ხელაღებით თქმა მიჭირს, რომ სააკაშვილი პუტინს უწვდის ხელს გინდა თუ არა ხელისუფლებაში დამტოვეო. კიდევ ერთხელ, ერთიცა და მეორეც რაღაც საერთო ინტერესების ფარგლებში მოქმედებს, ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, დირექტივები ორივეს ასეთი აქვს. 

სააკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს რაც შეეხება, რადგანაც აზერბიჯანს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს მუსირებს აზრი, რომ სააკაშვილი აზერბაიჯანის სახით ეძებს პუტინთან მისასვლელ გზას...
- გზის ძებნას რაც შეეხება, სომხეთს გაცილებით უფრო დალაგებული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და სააკაშვილს წარმატებით შეეძლო წასულიყო სომხეთში და სომხეთის პრეზიდენტისთის ეთხოვა შუამდგომლობა. თუმცა გამორიცხული არაფერია, მაგრამ ალიევთან ასეთი ხაზგასმული ურთიერთობა უფრო არჩევნებისკენ არის მიმართული. რუსული ასპექტიც არ არის გამოსარიცხი, მაგრამ უფრო არჩევნებისკენ რომ არის სააკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი მიმართული, ეს ცხადია იმიტომ, რომ ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტები ხაზგასმულად მეგობრულ დამოკიდებულებას ავლენდნენ აზერბაიჯანის მიმართ, რითიც კიდევ უფრი ამყარებდნენ აზერბაიჯანული მოსახლეობის ხმების დასაკუთრებას. ეს ფაქტორიც არის. 

გარდა ამისა, ასე ცალსახა აღარ არის რეგიონის რუკა, როგორიც იყო, ვთქვათ, ათი წლის წინ. აქ თურქეთიც შემოდის, როგორც დიდი რეგიონული ამბიციების მატარებელი ქვეყანა და იგივე წარმატებით შეიძლება აზერბაიჯანი საქართველოს ხელისუფლებას თურქეთთან ერთერთობისთვისაც სჭირდებოდეს, როგორც რუსეთთან ურთიერთობებისთვის. ასე რომ, ერთი კონკრეტული მიზანი, ალბათ, ამ ვიზიტს არ ექნებოდა, უფრო შეიძლება, მრავალ მიმართულებაზე ვისაუბროთ.

იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანს დაძაბული ურთიერთბა აქვს ირანთან, სააკაშვილის ამ ვიზიტს ირანთან საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში როგორ განიხილავდით?
- ირანთან როგორი ურთიერთობაც არ უნდა იყოს, აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთბა სასიცოცხლოდ გვჭირდება უამრავი ფაქტორის გამო. გარდა იმისა, რომ ის ჩვენი მეზობელია, ენერგეტიკულად დიდწილად ვართ მიბმული აზერბაიჯანზე და ა.შ. ერთი ფრაზა მახსენდება, რაც ალიევმა თქვა სააკაშვილის ვიზიტის დროს და რაც უშუალოდ არჩევნებისკენ იყო მიმართული, - რომ მან ბევრი პროექტი დაიწყო და მანვე უნდა დაასრულოს ისინიო. ასე რომ, ყველაზე გამჭოლ ხაზად, როგორც ჩანს, მაინც, არჩევნების თემა გასდევდა ამ ვიზიტს. 

ირანთან როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა დაიჭიროს პერსპექტივაში საქართველომ, აზერბაიჯანი მისი სტრატეგიული პარტნიორების სიიდან მაინც ვერ ამოეწერება. ირანის თემას რაც შეეხება, ბოლო პერიოდში ძალიან აქილიკებდნენ, სხვათაშორის, ამერიკელი ანალიტიკოსებიც, რომ ირანთან სავიზო რეჟიმი გახსნა, მაშინ როდესაც ამერიკა და ისრაელის პოზიციები ცნობილია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ისევ იმ პატრონისა თუ პარტნიორის თემას თუ დავუბრუნდებით, სახელმწიფო უნდა ამოდიოდეს საკუთარი ინტერესებიდან. ამერიკა, ან ისრაელი რადგან მტრულად არიან განწყობილი ირანის მიმართ, ეს საქართველოს არ უნდა ავალდებულებდეს ასეთივე მტრულ დამოკიდებულებას ირანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის პატრონ-ყმური დამოკიდებულება. „ჩემი მტერი შენი მტერია“ -რა თქმა უნდა, ამის ვალდებულება დაუშვებელია. ამიტომ, საქართველოს უნდა ჰქონდეს ლავირების საშუალება. გასაგებია ამერიკის ინტერესი, რომ ვთქვათ, ირანში შეღწევით არაბეთის ძალიან მსუყე ენერგეტიკული რესურსების პატრონი გახდეს მანამ, სანამ ჩინეთი შევა იქ აქტიურად, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს განადგურების ხარჯზე. ამიტომ, ამ შემთხვევაში, სრულიად მესმის საქართველოს ხელისუფლების, რომ ის ცდილობს ირანთან გარკვეული ურთიერთობები შეინარჩუნოს და მტრულ რეჟიმში არ გააგრძელოს ეს ურთიერთობა. ეს არის სწორედ ამ ეტაპზე საქართველოს ინტერესები და არა ის, რომ რადგან ის მისი პატრონი ვიღაცის მიმართ მტრულად არის განწყობილი, აპრიორი ისიც მტრად იქცეს, რაც მისი განადგურებით შეიძლება დასრულდეს.

ზოგადად, ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ამჟამად. აღვნიშნავ, რომ ეგვიპტეში ძალიან საინტერესო სასამართლო პროცესი მიდის არასამთავრობო სექტორის და მათ შორის, ამერიკული არასამთავრობო სექტორის, (ისეთი მსხვილი ორგანიზაციების როგორიც არის IRI და NDI) მიმართ, რომ ისინი აქტიურად ერევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ამერიკული რეჟიმის მოყვანისთვის. ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტია, უბრალოდ არ ვიცი როგორ ჩაეტევა ერთი ინტერვიუს კონტექსტში ეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში ინფორმაციის დონეზე გაწყვდით ამ ფაქტს, რომ ძალიან საინტერესოა ბარამიძის ვიზიტი და IRI-ს განცხადება, რომ საქართველომ ბევრი რამე უნდა ასწავლოს არაბული გაზაფხულის ქვეყნებს. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა საქართველოს როლი ამერიკისთვის. საქართველო, როგორც საცდელი ექსპერიმენტი, როგორც ჩანს, ამერიკას კიდევ კარგა ხანს დასჭირდება. რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული მთავრობებისთვის (რომელ რევოლუციებსაც ამერიკამ შეუწყო ხელი), როგორც გარკვეული ნიშანსვეტი, როგორც ჩანს, მათ კიდევ დიდხანს დასჭირდებათ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ის არჩევნები, რომელიც 2012 წელს არის დანიშნული და ამ არჩევნების დემოკრატიულობა და მეორეც, მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა, თუ ხელისუფლების შეცვლაზე იქნება საუბარი. სააკაშვილის მმართველობა არის ბოლო რეჟიმი, რომელიც ამერიკის ხელისუფლების აქტიური ხელშეწყობით მოვიდა ხელისუფლებაში, რომელმაც ხელისუფლების შენარჩუნება ხანგრძლივი ვადით შეძლო, განსხვავებით ვთქვათ, უკრაინისგან. აქედან გამომდინარე, ამერიკა ყველანაირად ეცდება, რომ მან ეს ნიშანსვეტობის იერი შეინარჩუნოს. 

სწორედ ამიტომ არის, რომ ამერიკა შეეცდება მაქსიმალურად დემოკრატიულ პირობებში ჩაატარებინოს ხელისუფლებას არჩევნები. 

ამას უკავშირდება კიდევ ძირითადი ოპოზიციური ფლანგის, ივანიშვილის ფლანგის კატეგორიული ხაზგასმა, რომ მშვიდობიან პირობებში უნდა გადაიბარონ ხელისუფლება იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ბოლო რეჟიმს, რომელიც მან რევოლუციური გზით მოიყვანა ხელისუფლებაში, არაბეთს არ ვგულისხმობ, სახე უნდა შეუნარჩუნდეს. ეს უნდა იყოს სატყუარა თუ საცდური სხვა ქვეყნებისთვის. კიდევ ვამბობ, ეს ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან ამერიკა ეცდება, რომ 2012 წლის არჩევნები ჩაატაროს დემოკრატიულ გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონთან (რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას) დაკავშირებით ამერიკის ზეწოლაც სწორედ ამით აიხსნება.