რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში სულ უფრო ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მომავალში. ამასთანავე, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ რუსეთ - საქართველოს შორის ბოლო დროს გაჩაღებული დიპლომატიური ფლირტი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ამყარებს განცდას, რომ ობამას მიერ სააკაშვილისთვის ნათქვამი ფრაზის შემდეგ ხელისუფლების ოფიციალურად გადაცემის შესახებ სააკაშვილი, დასაყრდენს სხვაგან, კონკრეტულად კი რუსეთში ეძებს. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კი ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იმის მანიშნებელია, რომ სააკაშვილი არა დასავლეთის, არამედ სწორედაც რომ რუსული პროექტია. ამ აზრს იზიარებს „ქრისტიანულ - დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე. Presage.tv გთავაზობთ ვაჟა ლორთქიფანიძესთან ინტერვიუს.
ვაჟა ლორთქიფანიძე: „საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ანუ სააკაშვილის ხელისუფლება ყველაზე მეტად აწყობს პუტინს. ჩემთვის ეს ძალიან მკაფიოა. ამიტომ სიტყვების ასეთი ეკვილიბრისტიკა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩემი აზრით, სააკაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლაში მთავარი არ იყო რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვლება იმიტომ, რომ აქამდეც რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში ძალიან მარტივად ხდებოდა. მათთვის საქართველოს ვიზები პირდაპირ აეროპორტში ფორმდებოდა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
მე უფრო დამაფიქრა სააკაშვილის გამოსვლის მეორე ნაწილმა, სადაც მან განაცხადა, რომ ამით გზა გაეხსნებათ რუს ბიზნესმენებს, ან თუნდაც ძალიან დიდი რაოდენობით ტურისტებს. ჩემი აზრით სწორედ ეს არის ყველაზე მეტად ყურადღებამისაქცევი. ჯერ ერთი, რას ნიშნავს ბიზნესმენებისთვის გზის გახსნა? ეს ნიშნავს რუსეთის კაპიტალის, რუსული ინვესტიციების შემოდინებას, რაც საქართველოში ისედაც ძალიან დიდი რაოდენობით არის დაგროვილი. ჯერ ერთი, დავსვამ კითხვას - თუკი ივანიშვილის რუსეთში ნაშოვნი ფული რუსულია, რუსი ოლიგარქების და რუსი ბიზნესმენების მიერ რუსეთში ნაშოვნი ფული რუსული არ არის? რამ შეცვალა ამ საკითხისადმი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება? - არაფერმაც არ შეცვალა, რადგან მათი დამოკიდებულება ასეთივე იყო ადრეც. ისინი რომ მართლაც რუსული კაპიტალის შემოსვლის წინააღმდეგი იყვნენ, მაშინ არ იქნებოდა ისე, რომ დღეს ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი რუსეთის ეკონომიკის, რუსი ბიზნესმენების ან სახელმწიფო წარმომადგენლების ხელშია. ეს არის ენერგეტიკა, წყალი, მადნეული საბადოები, ბუნებრივი რესურსები, ოქრო, ძვირფასი ლითონები და ა.შ. ასევე ბევრი სხვა სტრატეგიული ობიექტი, რომლის ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს.
ასე რომ, დიდი ცდომილებაა დეკლარირებულსა და რეალურს შორის. ჩვენი ხელისუფლება დეკლარაციას ახდენს იმისას, რომ ისინი ებრძვიან რუსულ კაპიტალს, რუსულ ორიენტაციას და ა.შ. სინამდვილეში ისინი თავიანთი ქმედებებით აკეთებენ რუსულ საქმეს. ამიტომ ჩემთვის ეს უფრო საყურადღებო და მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლების ამ ინიციატივაში. ასეთი ორმაგი სტანდარტია დამკვიდრებული ყველაფერში. ეს რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ეთქვა, წარმოიდგინეთ რა ბრალდებები მოყვებოდა ამას ხელისუფლების მხრიდან.
გამოდის ერთ - ერთი ექსპერტი, ყველაფრის მცოდნე, რომელიც ძალიან ხშირად არის ტელეეკრანებზე, იგი სხვებს სდებს ბრალს რუსულ ორიენტაციაში, არადა როდესაც მეტყველებს, ჩანს, რომ იგი ქართულად არ აზროვნებს. ეს ადამიანი რუსულად აზროვნებს და შემდეგ თავის ნააზრევს ქართულად თარგმნის.
ვის გულისხმობთ ბატონო ვაჟა?
- მე საერთოდ არ მახასიათებს გვარების დასახელება, მაგრამ მე მგონი თქვენს მკითხველს ნათლად წარმოუდგება ეს სახე. ასეთი სიყალბის ძალიან ბევრი მაგალითია სახეზე.
ბატონო ვაჟა, საქართველოში თითქოს ყველა თანხმდება იმაზე, რომ სააკაშვილი „დასავლეთის კაცია“, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ხომ არ ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილი რუსული პროექტია?
- მე მგონი მთელი ჩემი აზრები, რაც აქამდე გაგიზიარეთ სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩემი პირველი სიტყვებიც სწორედ ეს გახლდათ, რომ ყველაზე მეტად სააკაშვილის მმართველობა საქართველოში აწყობს პუტინს. სიტყვით სააკაშვილი უკიდურესაც ამწვავებს ურთიერთობებს რუსეთთან, ხოლო საქმით ყველაზე მეტს უკეთებს რუსეთის ხელისუფლებას. ყველაზე სახიფათო ამ თამაშში არის ის, რომ ამ ყველაფრით ზარალდება ხალხი და ეს ყველაფერი ხდება ქართული ეროვნული ინტერესების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობების დათბობაც და გაციებაც არის თამაში. ამიტომ, მე ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ ფართოდ უნდა გაახილოს თვალი და ცოტა უფრო საღად და კრიტიკულად შეხედოს იმას, რასაც აწვდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ დაქირავებული ექსპერტები თუ ჟურნალისტები.
როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება შეიცვალოს რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებში რუსეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ?
- ჩემი აზრით, რუსეთის ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება (ეს იქნება ღია თუ შეფარული გზით), რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს საქართველოში სააკაშვილის მმართველობა. მიმაჩნია, რომ რუსეთს კიდევ დარჩა აქ განსახორციელებელი თავისი გარკვეული მიზნები და ის ბოლომდე შეეცდება აქ თავისი ინტერესები გაამაგროს. მე არ ვიცი შემთხვევითი იყო თუ არა ეს სინქრონულობა, მაგრამ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ თუნდაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ერთ მეხუთედ ნაწილზე გაჩნდა რუსეთის სამხედრო ბაზები ყოველგვარი ვადის, სტატუსის და კონტროლის გარეშე. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსული სამხედრო ბაზების გაცხარებული მშენებლობა. მე ვსვამ კითხვას - ვის ინტერესებში შედის ეს? რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ინტერესებშია. ღმერთმა ქნას, ჩვენი უგუნური პოლიტიკისა და რუსეთის აგრესიის ასეთი სინქრონული დამთხვევა ყოფილიყო შემთხვევითი, მაგრამ ჩემთვის ეს ასე ცალსახა არ არის.
თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება ეცდება სააკაშვილის მმართველობა შეინარჩუნოს საქართველოში, თუმცა არ მიგაჩნიათ, რომ ამ არჩევნების შემდეგ თავად პუტინის მმართველობა რუსეთში ძალიან მყიფეა?
- მე არ მეჩვენება ასე. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთის ხელისუფლება დემოკრატიულია. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ყველა ვხედავთ და ვაფიქსირებთ რეალობას - რუსეთში იყო არჩევნები, რომელშიც პუტინმა გაიმარჯვა. მე არ ვარ ამ არჩევნების ობიექტურობის დამცველი, მაგრამ მეორეს მხრივ რომ შევხედოთ ვინ იყვნენ მისი ოპონენტები? რომელში ხედავთ თქვენ ძლიერ და დემოკრატ პოლიტიკოსს და რუსეთის რეალობის შემცვლელ მმართველს? ზიუგანოვში?
ანუ თქვენ თვლით, რომ პუტინს დღეს რუსეთში ალტერნატივა არ ჰყავს?
- ჩვენ მოგვწონს, არ მოგვწონს, ნაწყენები ვართ თუ არა პუტინზე ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე რუსეთში არსებულ რეალობაზე ვსაუბრობ. თქვენ ბრძანეთ, რომ მისი მმართველობა მყიფეა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. სხვა საკითხია, რომ დემოკრატიზაციის პროცესი რუსეთში დაიწყება და ეს შეიძლება ძალიან აქტიური პროცესი იყოს. რაც უფრო მალე დაადგება რუსეთი დემოკრატიზაციის გზას, მით უკეთესია უპირველეს ყოვლისა თავად რუსეთისთვის, და ჩვენთვისაც. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ალტერნატივები, რომლებიც იქ განიხილებოდა, უკეთესია საქართველოსთის. ერთი წამით წარმოიდგინეთ ზიუგანოვი რუსეთის სათავეში. მე მახსოვს, როდესაც 1995 წლის ბოლოს კომუნისტები ზიუგანოვის მეთაურობით მოვიდნენ „დუმა“-ში, პირველი რაც გააკეთეს იყო ის, რომ მიიღეს დადგენილება, არც მეტი არც ნაკლები, საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ. მაშინ ელცინი შეეწინააღმდეგა ამას, თორემ ეს ისტორიული ფაქტი მოხდა. ამიტომ, ასეთი რადიკალური ნაბიჯები მათგან არც მომავალში გამიკვირდება. კომუნისტურ წარსულში დაბრუნება კი არ მგონია, ვინმეს პუტინის არადემოკრატიულ მმართველობაზე უფრო პროგრესულად მიაჩნდეს.
ავიღოთ ჟირინოვსკი, რომელიც არც მალავს თავის მოსაზრებებს და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არის რუსეთის გუბერნია, სამართლიანობა უნდა აღდგეს და ჩვენ რუსეთის გუბერნია უნდა გავხდეთ. გეკითხებით, ახლა რატომ არ ვუწევთ ანგარიშს რეალობას და რას ვპოლიტიკანობთ? ამას უკვე პოლიტიკანობა ჰქვია. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. დიახ პუტინის მმართველობა არის აბსოლუტურად არადემოკრატიული, რუსეთს სერიოზული დემოკრატიული გარდაქმნები ესაჭიროება, რუსეთს საქართველოს მიმართ დაშვებული აქვს ძალიან მძიმე შეცდომები. წარსულს რომ თავი დავანებოთ, ეს უახლოეს დროშიც მოხდა. ჩვენი ხელმძღვანელობის როგორი უგუნურობითაც არ უნდა ყოფილიყო ეს გამოწვეული (და ეს დიდი დოზით იყო), რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ა.შ. მეორეს მხრივ, პუტინის მმართველობის ალტერნატივა არის ის, რაც მე ზემოთ ჩამოვთვალე.
ამიტომ, პრობლემა ჩემი აზრით უფრო ღრმა არის და ამას ძალიან სერიოზული ანალიზი სჭირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - რუსეთში გაცილებით უფრო ღრმა პროცესების მიმდინარეობს, ვიდრე ის, რომ თითქოს, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება მყიფეა. შეიძლება ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ის იყოს, რომ ეს ხელისუფლება მყიფე არ არის და დღეს საკმაოდ ძლიერი ხელით უჭირავს რუსეთი. არც იმას გამოვრიცხავ და ვთვლი, რომ ეს ერთიანი, ძლიერი, იმპერიული ინტერესების დაცვა, რითაც ასე აპელირებს პუტინის ხელისუფლება, ეს ძალიან კარგად ესალბუნება რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის მოსახლეობაში ეს იმპერიული და „დერჟავნიკული“ განწყობა ძალიან დიდი დოზით არსებობს. ისინი ისტორიულად თავის თავს თვლიდნენ იმპერიად და რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის წარმოდგენაში რუსეთის ბუნებრივი მდგომარეობა არის იმპერია. ეს დიდი ნაწილი კი სწორედ პუტინს უჭერს მხარს და ეს არის ყველაზე საშიში ძალა დანარჩენი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის.