ჯონდი ბაღათურია სააკაშვილის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლას ითხოვს

ჯონდი ბაღათურია სააკაშვილის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლას ითხოვს

"ამომრჩეველთა ლიგის” ხელმძღვანელი, ლევან ჩიკვაიძე ამბობს, რომ არსებობს პრეზიდენტის ისეთი განკარგულებები, რომელიც არ ქვეყნდება და მათ შესახებ არცერთი უწყება არ გასცემს ინფორმაციას.

„არ გამიკვირდა, როცა პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ მისი დეკლარაცია მთელი საქართველოა. მას აქვს, უფლება პირდაპირი მიყიდვის წესით, გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონაბა, რითაც მთელი საქართველოს ქონებას სურვილისამებრ განკარგავს. გამოუქვეყნებელი განკარგულებებით, იგი განსაკუთრებულად ასაჩუქრებს მედიაპროპაგანდაში და პოლიციურ ძალადობაში მონაწილე პირებს“, - აღნიშნა ჩიკვაიძემ.

ის, რომ პრეზიდენტის გარკვეული გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის უცნობი რჩება, ან პოსტფაქტუმ ხდება ცნობილი, ახალი არ არის და ამის გამართლება მუდმივად იმით ხდება, რომ პრეზიდენტს გააჩნია დისკრეციული უფლება, ერთპიროვნულად მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი სჭირდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას.

ოპოზიციის ნაწილი კი ეჭვობს, რომ ამ უფლებას პრეზიდენტი ეროვნული ინტერესების დასაცავად კი არა, საკუთარი და მისი მთავრობის წევრების პირადი ინტერესებისთვის იყენებს.

დღეისთვის შეხსენება არ სჭირდება იმას, რომ პრეზიდენტის ოჯახის და მთავრობის მაღალჩინოსნების ქონების კანონიერების საკითხი იყო ის, რის გამოც პრეზიდენტი ჯონდი ბაღათურიას პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაექცა.    

პრეზიდენტის ეს გაქცევა საზოგადოებაში ისე იქნა აღქმული, რომ სააკაშვილს სათქმელი არაფერი ჰქონდა. სხვა საკითხია, დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტს რატომ არ უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ განსხვავებული აზრის მოსმენა მაინც შეეძლოს. ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ ეს განცხადებებიც და პრეზიდენტის ქმედებაც ჯერჯერობით რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

ამიტომაც ბაღათურია ამ საკითხის გამოძიებას ითხოვს. მან ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, დიპლომატიურ კორპუსთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და მათ მის ხელთ არსებული დოკუმენტაციაც გადასცა. 

დოკუმენტებში არის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის ფინანსური და ქონებრივი დეკლარაციები, მის მიერ გამოცემული რამდენიმე განკარგულება და ასევე „ქართუ“ ფონდის 2009-2010 წლების ბალანსი.

„2004 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოკრძალებული ქონების პატრონი იყო. მას გააჩნდა 95 ათას ლარად შეფასებული ბინა, 9500 ევრო მეუღლის სახელზე ბანკ “Societe General“-ში, პირადად მის სახელზე - 3500 ევრო „თი-ბი-სი ბანკში“. 2009-2010 წლების დეკლარაციით პრეზიდენტის ქონება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მაგრამ ამ დოკუმენტებში შემოსავლის წყარო არ ჩანს.

ამასთან, მისმა მეუღლემ 2009 წელს საჩუქრად 456 ათასი ლარი მიიღო, 2010 წელს - 644 ათასი ლარი. კანონმდებლობით პრეზიდენტს, ისევე როგორც მთავრობის წევრებსა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს 1000 ლარიანზე მეტი ოდენობის საჩუქრის მიღება ეკრძალებათ და ასევე კანონით ნებისმიერი ტიპის შემოსავალი დეკლარირებული უნდა იყოს, თუმცა, ჯამში ეს მილიონ 100 ათასი ლარი დეკლარირებული არ არის და ის დამალულია“, - განაცხადა ბაღათურიამ დიპლომატებთან საუბრისას.

მან პარლამენტში მიწვეულ უცხოელ სტუმრებს მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის რამდენიმე განკარგულებაც გადასცა, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პრეზიდენტისა და მისი ოჯახის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადავიდა“.

„ამ განკარგულებებით სახელმწიფო ქონება „შავი ზღვის უნივერსიტეტს“  გადაეცა. მისი მფლობელი კი პრეზიდენტის დედა გახლავთ, რომელიც განათლების სექტორში ბიზნეს-მონოპოლიას ახორციელებს“, - უთხრა ბაღათურიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ არსებოს ინფორმაცია, რომლის თანახმად „პრეზიდენტის ნათესავები ჩართული არიან საწვავის და საბადოების ბიზნესში“ და აცხადებს, რომ ამ საკითხის შესწავლაც აუცილებელია, რათა დაიდოს ოფიციალური დოკუმენტი.

ამიტომაც ამ გარემოებებისა და ბრალდებების საფუძველზე ბაღათურია პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელსაც მაღალი საგამოძიებო უფლებამოსილება მიენიჭება და შეისწავლის პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსანთა „კორუფციული საქმიანობის სქემებს“.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრაზე დაინტერესდნენ, საპარლამენტო კომისიის გარდა, რა ინსტრუმენტებს გამოიყენებენ ელიტური კორუფციის გამოსავლენად.

ასეთ ალტერნატიულ ინსტრუმენტად კი ბაღათურია „საზოგადოებრივი ცენტრის“ შექმნას ასახელებს, სადაც, მისი განმარტებით, ჩართული იქნებიან ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები, დეპუტატები კი საკუთარი სტატუსის გამოყენებით, სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოითხოვენ სათანადო დოკუმენტაციას.

„საზოგადოებაში არსებობს დიდი ინტერესი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ქონები შესახებ. პრეზიდენტისათვის ამ კომისიის შექმნა საუკეთესო შანსია დაამტკიცოს, რომ თავად მართალია. თუმცა თუ კომისიის შექმნას დაბლოკავს იგი აღიარებს, რომ მართლაც მონაწილეობს კორუფციაში და შედეგი ორივე შემთხვევაში მიღწეული იქნება“, - აცხადებს ბაღათურია.

შეხვედრის შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ მიიღეს ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებსაც თავის ხელმძღვანელებს გადასცემენ.