„არავის მივცემთ საშუალებას, კანონის ირგვლივ დრაკონული ნორმები წარმოადგენინოს საერთაშორისო საზოგადოებას“

„არავის მივცემთ საშუალებას, კანონის ირგვლივ დრაკონული ნორმები წარმოადგენინოს საერთაშორისო საზოგადოებას“

„არავინ წარმოიდგინოს, რაიმე ფორმით ჩვენ დავუშვებთ, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გამჭვირვალე არ იყოს, ან დავუშვებთ იმას, რომ ვიღაცას უნდოდეს კანონის გვერდის ავლა და არ დაისაჯოს“, - აცხადებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი პალიკო კუბლაშვილი Presage.tv-სთან საუბარში.

პალიკო კუბლაშვილის ასეთი კატეგორიულობის ფონზე საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, როდესაც ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას სთავაზობენ. არასამთავრობოების აზრით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ბუნდოვანი მუხლების არსებობა ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.

თუმცა ამ ნაკლოვანებების მიუხედავად, უმრავლესობაში თვლიან, რომ ეს კანონი სულაც არაა დრაკონული. მეტიც, პალიკო კუბლაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობა ნამდვილად არ მისცემს ვინმეს საშუალებას, რომ ამ კანონის ირგვლივ რაღაც დრაკონული ნორმები წარმოადგენინოს საერთაშორისო საზოგადოებას.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, არასამთვრობოებისა და მედიაორგანიზაციების მხრიდან უცხოელი დიპლომატებისთვის გამართულ შეხვედრას თქვენც ესწრებოდით. შეიცვალა თუ არა რაიმე თქვენს პოზიციაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით?

- ჩვენი მიზანი იყო, დაგვეზუსტებინა ის პოზიციები, რაც ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გვეთქვა ჩვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი საკითხის ფორმულირება ახლებურად ჩამოყალიბდა. ყოველ შემთხვევაში, შევთანხმდით, რომ ახლებური ფორმულირებები მომზადდება არასამთავრობო სექტორის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის თემა მოიცვას კანონპროექტმა, რომელიც, გარკვეულწილად, შეიძლება, შეშფოთების საფუძველი იყოს. ვფიქრობ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ასეთი შეშფოთება და, ზოგადად, პრაქტიკამაც ეს დაადასტურა, რომ ეს კანონი გამოიყენება მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალეობისთვის, მაგრამ, თუ ასეთი მოსაზრებები არსებობს, ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება არცერთ დაინტერესებულ მხარეს, რომ ამ თემის გარშემო რაღაც ინსინუაციები, აჟიოტაჟი შექმნას. მზად ვართ, ამ ტიპის აჟიოტაჟი და გაუგებრობა თავიდან ავიცილოთ. ახლა შემდგომ განვითარებას ველოდებით. არის ფორმულირებები, რომელზეც, ვფიქრობ, შეჯერება აბსოლუტურად ლოგიკური და შესაძლებელია.

ინიციატორთა ამ ჯგუფს პოზიტიური ცვლილების მოლოდინი აქვს. თუმცა მათთვის პოზიტიური შედეგი, შეიძლება, თქვენთვისაც მისაღები იყოს?

- რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მიზნად აქვს, რომ პოლიტიკური ფინანსები გამჭვირვალე, ხოლო პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალეობისთვის გვერდის ავლა დასჯადი იყოს, ამ პროცესისადმი პოზიტიური განწყობა უნდა ჰქონდეს. მე ვფიქრობ, ამ კანონის გამოყენება ამას ადასტურებს. თუ ვინმეს დამატებით სჭირდება, რომ ამაში დარწმუნდეს, ამ მიზნის შეცვლა არ მოხდება. ბუნებრივია, კანონის მიზნად კვლავაც პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალეობა დარჩება და, შესაბამისად, დასჯადი იქნება ყველა ის ქმედება, რომელიც ამ კანონის გვერდის ავლას ისახავს მიზნად. ამის მიღმა, ამ მიზნის გარდა, სხვა თუ რამის დაზუსტება გვჭირდება, მზად ვართ, განვიხილოთ.

კონკრეტულად კანონის ცვლილების რა ნაწილში შეიძლება დაეთანხმოთ არასამთავრობოებს?

- ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომლებზეც წარმოდგენილი იყო მოსაზრებები, შეიძლება, სრულად არ დავთანხმდეთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, შეჯერებული ვარიანტით ძალიან ბევრ საკითხზე ჩვენი პოზიციები საბოლოოდ დავდოთ.

დაახლოებით როდისთვის მოხდება პოზიციების შეჯერება?

- ჩვენ შევთანხმდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემოთავაზებები უკვე გვექნება. როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები, ამას დრო გვიჩვენებს.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენ იზიარებთ მოსაზრებებს, რაც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წარმოადგინეს? ისინი აცხადებენ, რომ „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონი პოლიტიკური პარტიებისთვის დისკრიმინაციულია.

- არ ვიზიარებ. ზოგადად, მე არ ვიზიარებ შეშფოთებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი ვიღაცას უსამართლოდ ჩაგრავს. ნამდვილად არ ჩაგრავს. მე ვიზიარებ იმ აზრს, რომ, ვინმეს არ უნდა მივცეთ საშუალება, ამ კანონის ირგვლივ აჟიოტაჟი შექმნას. დიახ, ამ მიზანს ვიზიარებ და ნამდვილად არ მივცემთ ვინმეს იმის საშუალებას, რომ ამ კანონის ირგვლივ რაღაც დრაკონული ნორმები წარმოადგენინოს საერთაშორისო საზოგადოებას.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრთა შეჯერება მაინც მოხდება, მაშინ რაღა აზრი ჰქონდა დეკემბერში ცვლილებების შეტანას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში? აპირებთ თუ არა ამ კანონის გადახედვას?

- არ ვფიქრობ, რომ ცვლილებები ან დროული არ იყო, ან რაიმე ფორმით მისაღები არ იყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ის მიზანი, რომელიც დეკემბერში ამ კანონის მიღების დროს იყო, აბსოლუტრად ძალაში დარჩება. არავინ წარმოიდგინოს, რომ რაიმე ფორმით ჩვენ დავუშვებთ ან იმას, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გამჭვირვალე არ იყოს, ან იმას, რომ ვიღაცას უნდოდეს კანონის გვერდის ავლა და ის არ დაისაჯოს ამისთვის. ბუნებრივია, ეს მიზანი, რაც დეკემბერში ჩვენს მიერ იქნა დეკლარირებული, ახლაც იმავე ცვლილებებით იქნება.

ცვლილებები დარჩება ელჩების შენიშვნების გათვალისწინებით?

- ფორმულირებები შეიძლება სხვა იყოს. აქ არ არის საუბარი რომელიმე ელჩის ან არასამთავრობოს რჩევაზე, ეს მიზანი მაინც ძალაში იქნება. ხოლო, თუ იქნება ისეთი ფორმულირებები, რაც ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება, მზად ვართ, ამაზე შევთანხმდეთ.

სულ სხვა პოზიციაზეა „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი. იგი აცხადებს, რომ ხელისუფლების იმედად ჩვენი მტერი იყოს, რადგან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონი კონკრეტულად მათ წინააღმდეგაა მიღებული. კერძოდ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. Presage.tv ესაუბრება კობა დავითაშვილს.

„კანონის მიმღებნი ამას თავის დროზე არც მალავდნენ და ამბობდნენ, რომ უკუქცევითი ძალის მინიჭებაც კი უნდოდათ ამ კანონისთვის. კერძოდ, იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებსაც მოქმედი კანონით უკვე მიღებული ჰქონდათ შემოსავლები და ეს თანხები ჯერ არ ჰქონდათ გახარჯული, თანხის უკან დასაბრუნებელად ვადა ეძლეოდათ. რომ არა ამერიკის ელჩის ჩარევა, მიანიჭებდნენ კიდეც უკუქცევით ძალას. ასე რომ, ამ კანონს თანაბრობის უზრუნველყოფასთან საერთო არაფერი აქვს. მათი ამოცანაა, სრულად გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი. იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალური მოძრაობა და სახელმწიფო ბიუჯეტი ერთია, მათ სურთ, ჩვენ კონკურენციის შესაძლებლობის გარეშე დაგვტოვონ. ამ ცვლილებების წარმოდგენის შემდეგ კი ისინი შეეცდებიან, დააკმაყოფილონ ყველა მეორეხარისხოვანი და ტექნიკური შენიშვნა, რომელიც, მართალია, ხვეწს კანონპროექტს, მაგრამ არსებითად მის შინაარსს არ ცვლის. ხელისუფლება შეეცდება, უარყოს ყველა ის ცვლილება, რომელიც სერიოზულ პრობლემას შეუქმნის მათ მიერ დასახულ მიზანს, კერძოდ, ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან ანგარიშსწორებას. ამიტომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის პროცესში ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი საკითხები. რადგან ძალიან „ნიჭიერია“ ხელისუფლება და, შესაძლოა, უმნიშვნელო საკითიხის მოგვარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებლად მიითვალოს.

საარჩევნო გარემოს დათმობის თვალსაზრისით, ხელისუფლება ვის ანიჭებს უპირატესობას - საზოგადოების ზეწოლას თუ დიპლომატებს?

- საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ზეწოლა მათთვის უფრო მტკივნეულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი გაშვება არ შეგვიძლია. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილი მთელი რამდენიმე საათის განმავლობაში არწმუნებდა საკუთარ უმრავლესობას, რომ იგი ფეხს არსად მოიცვლიდა და ამ დროს ჯონდი ბაღათურიამ გააქცია. ახლა ჯონდი ბაღათურიამ თუ გააქცია პარლამენტის ტრიბუნიდან, ჩვენ, მართალი გითხრათ, გული მოგვეცა, რომ საერთოდ, ხელისუფლებიდან გავუშვებთ.