პირიმზის შენობასთან ბიზნესმენ გიორგი კოდუას ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა კვერცხები ესროლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოდუამ განუცხადა, იგი ინციდენტში შემთხვევით მოხვდა. კერძოდ, მისი თქმით, აღნიშნული ქმედება მიმართული იყო იმ ფართში განთავსებული არასამთავრობოების მიმართ, სადაც მას ტურისტული სააგენტო აქვს.
"კვერცხებს ისროდნენ უმისამართოდ და ლიფტიდან გამოვდიოდი, რა დროსაც ჩემი მისამართითაც გამოისროლეს საღებავის ქილა და კვერცხები. არც იცოდნენ ვინ ვიყავი და შემდეგ გაარკვიეს. ორმა მათგანმა გამიყვანა და ბოდიშიც მომიხადა. მსგავსი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. მე ჩემი საქმე მაქვს და მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მსგავსი ინციდენტების აღკვთა. წინა მთავრობის დროს "სქაი ჯორჯია" რომ გამიკოტრეს და დამიხურეს, მე არ ამიტეხია დედის გინება, წავედი არჩევნებზე და ხმა აღარ მივეცი "ნაციონალურ მოძრაობას", შემოვხაზე სხვა. არ შეიძლება პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე ზიანი მიადგეს ბიზნესს. ასეთი გარემო ვის აწყობს?! პოლიციამ უნდა აღკვეთოს მსგავსი ინციდენტები", - განაცხადა გიორგი კოდუამ და განმარტა, რომ მან კვერცხებიც და საღებავის ქილაც აიცილა, შესაბამისად, რაიმე დაზიანება არ მიუღია.
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ მართავს მსგავსი ტიპის აქციებს ორგანიზაცია, რომელსაც ხელისუფლება მოსწონს. ბიზნესმენის შეფასებით, მსგავსი ქმედებებით, ზიანი ადგება სახელისუფლებო სტრუქტურების იმიჯს და ნათელი ხდება, რომ ისინი მშვიდ გარემოს ვერ უზრუნველყოფენ.
როგორც ცნობილია, ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის წევრები აქციას "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ მართავდნენ, თუმცა ოფისი ვერ იპოვეს და პირიმზის შენობას კვერცხები დაუშინეს, ასევე - წითელი საღებავებით მასზე წარწერები დატოვეს.
აქციის მონაწილეებს გარემოვაჭრეები და პირიმზის შენობაში არსებული სხვადასხვა კომერციული ფართების მეპატრონეები დაუპირისპირდნენ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა არსებული ინფორმაციით, არავინ დაუკავებიათ.