ბელგიური ფირმა – სიურპრიზი „ნაბუქოსთვის“

ბელგიური ფირმა – სიურპრიზი „ნაბუქოსთვის“

ნაკლებად ცნობილი ბელგიელი მეწარმე ამტკიცებს, რომ ნოემბერში მისი კომპანია დაწნეხილ ბუნებრივ გაზზე თურქმენეთთან ხელშეკრულებას გააფორმებს, რამაც შესაძლოა დარტყმა მიაყენოს, როგორც „ნაბუქოს“ ევროპულ პროექტს, ასევე – რუსეთის „სამხრეთ ნაკადს“

 

40 წლის ბელგიელი იურისტი კუნ მინე, რომელიც ბრიუსელის საინჟინრო ფირმა Enex-ს ხელმძღვანელობს და ბელგიაში თურქმენეთის საპატიო კონსულად ითვლება, ევროპელი ჩინოვნიკების წრეში ცნობილი არ არის.

 

თუმცა, ორშაბათს (11 ოქტომბერს) მინემ EUobserver-ს განუცხადა, რომ Enex-ი და ევროპული ენეგრეტიკული კომპანიების კონსორციუმი (მათი სახელები უცნობია) აშხაბადს საბოლოო წინადადებას უკვე მომავალ თვეში წარუდგენენ: „ვფიქრობ, ნოემბერში ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ვვარაუდობ, რომ ჩვენ თურქმენული მხარისთვის წინადადების წარსადგენად მზად ვიქნებით“.

 

Enex-ის ხელმძღვანელი აშხაბადის გეგმებში საკმაოდ კარგად ერკვევა. ის რეგულარულად ეკონტაქტება თურქმენეთის ვიცე-პრემიერ იაშიგელდი კაკაევს და საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს. მარტო წელს ის შვიდჯერ შეხვდა პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს. ბოლო წლების განმავლობაში მისმა კომპანიამ ქვეყანაში 430 მილიონი ევროს  ინვესტიციები მოიზიდა.

 

მისი პროექტის მიხედვით, ყოველწლიურად კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში ტანკერებით სამიდან ოთხი მილიარდი კუბამეტრი დაწნეხილი თურქმენული გაზის გადატანა იგეგმება, შემდეგ ამ გაზის მიწოდება თურქეთისთვის უკვე მოქმედი ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მოხდება.

 

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ვინ ააშენებს მილსადენს ერზრუმიდან ევროკავშირისკენ, ასევე – შევა თუ არა თურქმენეთი ტრანზიტულ კონსორციუმში, რომელსაც Enex-ი  უხელმძღვანელებს თუ, გაზს უბრალოდ საზღვარზე გაყიდის. თუმცა, მინეს თქმით, მიწოდებები უკვე 2013 ან 2014 წელს დაიწყება.

 

თუკი დაწნეხილი ბუნებრივი გაზისთვის მილსადენი აშენდება, საეჭვოა აშხაბადმა ევროკავშირს ან რუსეთს თურქმენეთში ახალი მილსადენების მშენებლობის უფლება მისცეს. „რა თქმა უნდა, თურქმენულ მხარეს არ სურს, რომ თურქმენულმა გაზმა ისევ თურქმენულ გაზს გაუწიოს კონკურენცია… არ ვფიქრობ, რომ თურქმენეთი  „სამხრეთ ნაკადის“ ან „ნაბუქოს“ გაზით მომარაგებას დათანხმდება“ – მიაჩნია მინეს.

 

მიუხედავად ამისა, მინეს მოსკოვური წყაროები ამტკიცებენ, რომ რუსეთს ეს ვარიანტი აწყობს. „მე რუსეთის მხრიდან არ მიგრძვნია არანაირი მინიშნება იმაზე, რომ რუსეთი წინააღმდეგია… შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენი პროექტი არც ერთი მხარისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“ – ამბობს იგი.

 

ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი მინეს რუსების მარიონეტად მიიჩნევს, რომლის მიზანიც „ნაბუქოს“ პროექტის ჩაშლაა. თავად ის ამას უარყოფს. მის გეგმებზე ბევრად უფრო მასშტაბურ პროექტს შეეძლო ახალი პოლიტიკური კავშირების გაბმა თურქმენეთს და დასავლეთს შორის და ევროკავშირის ინტეგრაციის დაჩქარება ადრე რუსეთის გავლენის სფეროში მყოფ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან.

 

ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზო „ნაბუქოს“ პროექტის ლობირებისთვის კასპიის რეგიონში ვიზიტს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერის დასაწყისში გეგმავს.

 

თუმცა, ბოლო თვეებში ევროპის გაზის დიპლომატიამ მარცხი განიცადა. თურქმენეთმა უარი თქვა 1 ოქტომბერს ბრიუსელში მინისტერიალში მონაწილეობაზე და დღის წესრიგთან დაკავშირებული პრობლემები მოიმიზეზა. როგორც ჩანს, მას მიაჩნია, რომ ევროკავშირი საკუთარი გეგმების რეალიზაციას ძალიან აჭიანურებს და ამით ძალიან უკმაყოფილოა.

 

„თურქმენეთს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი ევროპაში გაზის ექსპორტი. მილსადენის პროექტი რომ რეალური ყოფილიყო, მე მას მხარს დავუჭერდი – ამბობს მინე – თუკი მათ [ევროკავშირს] მტკიცედ სჯერა საკუთარი პროექტის, მე მათ ვურჩევდი შეთავაზონ თურქმენეთს „აიღე და გადაიხადე“-ს პირობა. მათ უნდა უთხრან აზერბაიჯანს: „მოგვეცით მილსადენის მშენებლობაზე ყველა შესაძლო თანხმობა“, შემდეგ კი უთხრან თურქმენეთს: „მოგვეცით ყველა შესაძლო უფლება. ჩვენ, როგორც ევროპა, ჩვენ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას მშენებლობაზე. ორ წელიწადში ის აშენდება და ჩვენ უკვე დღეს გაძლევთ გარანტიებს, რომ შევიძენთ 10, 20 ან 30 მილიარდ კუბამეტრ გაზს „აიღე და გადაიხადე“-ს პირობით. ეს იმის მაჩვენებლი იქნება, რომ ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარი პროექტის ათი ან ოცწლიანი პერსპექტივით“.

 

შეთანხმება „აიღე და გადაიხადე“ დაავალდებულებდა ევროპულ კომპანიებს მომავალში გაზის დადგენილი მოცულობის ფასის გადახდას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირში მასზე მოთხოვნა დაეცემა.

 

უხეში და უჩვეულო?

წამყვან უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როგორიცაა Global Witness-ი, რომლის ოფისიც ლონდონში მდებარეობს და ინსტიტუტი „ღია საზოგადოება“ (ნიუ-იორკის ოფისი), დღესაც მიაჩნიათ, რომ თურქმენეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეგრესული და კორუმპირებული ქვეყანაა. ევროკავშირის და თურქმენეთის ურთიერთობებს დამატებით ართულებს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი.

 

ბ-ნი ბერდიმუჰამედოვის წინამორბედი, აწგარდაცვლილი საფარმურატ ნიაზოვი, დღეში ორ ბოთლ კონიაკს სვამდა, აშხაბადში საკუთარი მბრუნავი ქანდაკება დადგა, ცოცხლად მოხარშა ერთ-ერთი დისიდენტი და გაზის კონტრაქტზე ხელმოსაწერად ფრანგულ ფირმას ქრთამის სახით  500 მილიონი დოლარი მოთხოვა.

 

მინეს თქმით, ქვეყანას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა ახალ ლიდერს ის გონიერ ადამიანად მიიჩნევს, რომელიც კარგი შედეგების მიღწევისა და თურქმენული საზოგადოების თანმიმდევრული, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის განხორციელებისკენ მიისწრაფვის. „მე სერიოზულად ვსაუბრობ და ამას მხოლოდ „პროტოკოლისთვის“ არ ვამბობ. ყველაფერი სხვაგვარად რომ იყოს, მე ალბათ გამიჭირდებოდა მასთან მუშაობა“.

 

იმის დემონსტრირებისთვის, რომ მის კომპანიაში ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა, მან გვიამბო რომ Enex-ი და მისი კლიენტები, როგორებიც არიან Honeywell და Schneider Electric, აშხაბადთან თანამშრომლობენ.

 

„თუკი მე მიწევს გაზის კომპრესორის დამონტაჟება, რომლის ღირებულებაც  50 მილიონი ევროა, მე ვიღებ პროდუქციის წარმომავლობის დამადასტურებელ ცნობას, ხარისხის სერტიფიკატებს, სატრანსპორტო დოკუმენტებს და ამ ყველაფერს წარვადგენ Deutsche Bank-ში. მას შემდეგ რაც ადგენს წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას თურქმენული კრედიტის პირობებთან, Deutsche Bank მე ფულს მიხდის და ეს ფული ჩემს ანგარიშზე ირიცხება, რომ მე კომპრესორი შევიძინო. ამის შემდეგ Deutsche Bank იღებს ფულს თურქმენეთის ცენტრალური ბანკიდან“ – გვიხსნის იგი და დასძენს:

 

„მთელი ეს საქმიანობა  კომპანიების ანგარიშებით ევროპულ ბანკებში ხორციელდება. შეუძლებელია ასეთი ანგარიშიდან ფული მოხსნა და არ მიიპყრო აუდიტორის ყურადღება… Honeywell, Schneider ბირჟაზე წამყვანი  კომპანიებია, ამიტომ არ ვიცი როგორ შეიძლება ისინი მსგავსი საქმით [ქრთამების გადახდით] იყვნენ დაკავებულები“.