ოპოზიცია მოედანზე იმ იმედით გამოდის, რომ ”გოლს გაიტანს” და აღარ ჩაუსტვენენ

ოპოზიცია მოედანზე იმ იმედით გამოდის, რომ ”გოლს გაიტანს” და აღარ ჩაუსტვენენ

კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ გაერთიანდნენ. კიდევ იგეგმება ახალი ოპოზიციური ალიანსების შექმნა, თუმცა აპატიებს თუ არა ქართული საზოგადოება ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს გაზაფხულზე კიდევ ერთხელ “გაუტანელ გოლს”, ეს სულ მალე, დაანონსებული აქციების დაწყებისას, ქუჩაში გამომსვლელთა რაოდენობით გამოჩნდება.

 

ჯერ აქტიურად არ ჩანან, მაგრამ თურმე კულუარებში თათბირობენ, როცა მოითათბირებენ, მერე გამოაცხადებენ - რა მოითათბირეს. დიდი იმედი აქვთ, რომ მოედანზე ჩასტვენის ხმას აღარ გაიგებენ და ამისათვის სათათბიროდ კულუარებიმიტომ აირჩიეს.

 

რა ხდება ქართულ ოპოზიციურ სპექტრში და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს ერთმანეთს დაპირისპირებული პარტიები, ამაზე “პრესა.გე”-კონსერვატიული პარტიის ლიდერი ბატონი ზვიად ძიძიგური ესაუბრა:

 

ბატონო ზვიად, ოპოზიციამ სექტემბერი აქტიურობის დასაწყისად გამოაცხადა, თუმცა აქტიურობა არ ჩანს,… რატომ?

 -მე არ ვეთანხმები ამ შეფასებას. ოპოზიცია ძალიან აქტიურია. ეს შეიძლება არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით. ოპოზიცია სისტემატურად მუშაობს. ვმსჯელობთ იმ ვარიანტებზე, რა ვარიანტებიც არის შესაძლებელი, რომ ოპოზიციამ ერთობლივად განახორციელოს, რათა ამ ქვეყანას სერიოზული ცვლილებები დაეტყოს. არ არის აუცილებელი გამოხვიდე და ყველაფერი სახალხოდ განაცხადო, შემდეგ კი – არ გამოვიდეს.

 

სჯობს გაცილებით მეტი იმუშაო კულუარებში, მეტი დრო, ოფლი და შრომა დახარჯო, რათა საერთო გეგმა და საერთო პროექტი მოამზადო, შემდეგ კი დღის სინათლეზე გამოიტანო. მიმდინარეობს მუშაობა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

 

ამ ეტაპზე, რის გამოტანას უნდა ველოდოთ დღის სინათლეზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ? იგულისხმება ამაში ქუჩის აქციები?

 - საპროტესტო გამოსვლებიც, საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლაც, არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც, ერთობლივი სახალხო პროექტების განხორციელებაც, სასამართლოებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა – ეს ყველაფერი პოლიტიკური არსენალის შემადგენელი ნაწილია. ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს პარტიამ.

 

ხშირად ხდება ხოლმე დაპირისპირება – “თქვენ საარჩევნო გარემოზე თუ მუშაობთ, საპროტესტო აქციებს უარყოფთ?, არა – ერთი ხელს არ უშლის მეორეს, პირიქით – ავსებს. ყველა იარაღი, რაც არის პოლიტიკურ ჩამონათვალში, მე ვფიქრობ, ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გადაწყვეტილება.

 

თქვენი აზრით, დღეს არსებობს ოპოზიციური ერთობა?

 - ოპოზიციური ერთობა, ისეთი სახით, როგორიც ხალხს წარმოუდგენია, რომ ყველანი ერთ პარტიად – ერთი სული, ერთი ხორცი არიან, ასეთი ერთობა არც არსებობს და არც იარსებებს, იმიტომ, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ძალიან ბევრი მოთამაშეა და შეუძლებელია, რომ ესენი გადაიქცნენ ერთ მსოფლმხედველობად, ერთ მიმართულებად, ერთ ორგანიზაციად და ასე შემდეგ.

 

არსებობს შეხების საერთო წერტილები და ამ წერტილებით უნდა გააგრძელოს ოპოზიციამ საქმიანობა. ჩვენ, კონსერვატორები სულ ამ მიმართულებით ვართ ხოლმე ჩართულები ოპოზიციური პარტიების საქმიანობაში და ასე ვაპირებთ გაგრძელებას.

 

დღეს, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის, დაპირისპირება არსებობს, ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ შეხების წერტილების არსებობა?

 - მე მიმაჩნია, რომ როდესაც ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს უპირისპირდებიან, გნებავთ განცხადებით, ან თავიანთი ქმედებებით, ხელისუფლება ძლიერდება. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენ რომ ვიყოთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც სამართლიანი არჩევნები ტარდება, სადაც ყველაფერი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად არის, პარტიებს შორის დაპირისპირება ძალიან ბუნებრივი პროცესი იქნებოდა.

 

თუმცა, როცა ვამბობთ, რომ ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში ვართ, ასეთ დროს ყველა ოპოზიციური რესურსი გამოყენებული უნდა იქნას იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ პოლიტიკური ბალანსისა და სამართლიანი გარემოს შექმნას ამ ქვეყანაში.

 

ახალ-ახალი ალიანსების შექმნა რას ჰმატებს ოპოზიციას? აღსანიშნავია, რომ ალიანსები მალევე იშლება

 - მუდმივი ამ ქვეყნად არაფერი არ არის, მითუმეტეს პოლიტიკაში მუდმივობა, ეს არის ძალიან პირობითი მცნება. ეს ახალ-ახალი ალიანსები ყოველთვის იყო, რაც საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკა ტარდება 1989 წლიდან დღემდე – ალიანსები იქმნება და იშლება, ეს დინამიური პროცესია და მომავალშიც გაგრძელდება.

 

რატომ უნდა ენდოს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ოპოზიციას?

 - ამაზე ოპოზიცია თავის პოზიციას დააფიქსირებს და საზოგადოება გადაწყვეტს. საკითხი ნდობა- არნდობაზე არ დგას. აქ ერთი რამ არის. იმიტომ ტარდება 4 წელიწადში ერთხელ არჩევნები, რომ ხელისუფლება გამოცვალო, რაც უფრო ხშირად გამოცვლი ხელისუფლებას, მით უფრო კარგი ძალა მოვა ხელისუფლებაში, იქედან გამომდინარე, რომ თუ მუდმივობის განცდას უჩენ ხელისუფლებას, მოხდება ის, რაც ხდება დღევანდელ საქართველოში, - ტყუილი, უსინდისობა, ძალადობა, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.

 

ეს გადაიქცევა ხელისუფლებისთვის ჩვეულებრივ ამბად. ამიტომ, საზოგადოებამ მუდმივად უნდა მისცეს შანსი ახალ ძალას. 4 წელიწადში ერთხელ ხელისუფლება არჩევნების გზით რომ შეიცვლება და ეს რამდენჯერმე მოხდება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქართველო, როგორც შემდგარი სახელმწიფო.

 

ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ ოპოზიცია იმიჯშელახულია, ბევრმა ეს აღიარა კიდევაც ოპოზიციური სპექტრიდან, თქვენ როგორ ფიქრობთ?

 - როდესაც არის მოლოდინი, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას “ჩამოაგდებს” და შემდეგ ეს ასე არ ხდება, როგორც ფეხბურთის გუნდს დაუსტვენენ ხოლმე მოედანზე, დაახლოებით იგივე ხდება ოპოზიციის მიმართაც. თუმცა ჩვენ ვემზადებით ისევ შემდეგი ბრძოლისათვის.