ფიქრები საქართველოზე

ფიქრები საქართველოზე

2004 წლის შემდეგ, საქართველო ავღანეთში ნატოს მისიისათვის სამხედროებს აგზავნის. შარშან 900-ზე მეტი ქართველი სამხედრო მსახურობდა ჰელმანდის პროვინციაში – ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე კონფლიქტურ და სადავო ტერიტორიაზე, სადაც ისინი ამერიკის, ბრიტანეთის და დანიის ჯარებთან ერთად იყვნენ დისლოცირებულნი. მაშინ, როდესაც ნატოს ქვეყნების უმეტესობა, შეერთებული შტატების ჩათვლით, ჯარების რაოდენობას ამცირებს, საქართველომ კიდევ დაამატა ქვეითი ბატალიონი, რის შედეგადაც, საქართველოს მეირ ავღანეთში დისლოცირებული სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 1,700-მდე გაიზარდა. საქართველომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, კოალიციის მისიისთვის გაგზავნილი სამხედროების რაოდენობის მიხედვით, ახლა უკვე ავსტრალიასაც გაუსწრო. 

როდესაც საქმე ავღანეთში მეამბოხეებთან ბრძოლაზე მიდგება ხოლმე, სხვა მოკავშირეები ცნობილნი არიან იმით, თუ რას არ გააკეთებენ, ვიდრე იმით, თუ რისი გაკეთების სურვილი აქვთ. მათგან განსხვავებით, საქართველოს ჯარი ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც სხვა ქვეყნებმა თავისი კონტიგენტისთვის დააწესეს, არ ექვემდებარება. კოალიციის მეთაურის გენერალ ჯონ ალენის თქმით, ქართველ სამხედროებს „კარგად ხელმძღვანელობენ, მათ ხალხი პატის სცემს, ხოლო მტერს მათი ეშინია.“ ავღანეთში 15 ქართველი სამხედრო დაიღუპა. 

ცხადია, საქართველოს ეს ძალისხმევა იმით არაა განპირობებული, რომ ქვეყანა შედეგითაა დაინტერესებული. ავღანეთის ბედი შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მას საქართველოს უსაფრთხოებაზე გადამწყვეტი გავლენა არ ექნება და ფაქტია, რომ საქართველოს ოპოზიციამ ავღანეთში განლაგებულ კონტინგენტს „საზარბაზნე ხორცი“ უწოდა. არა, იმის მიზეზი, რომ საქართველომ ავღანეთში (და აუცილებელია აღვნიშნოთ – ერაყში) ჯარები გააგზავნა ისაა, რომ ქვეყანა აშშ-ს და ნატოს სოლიდარობას უცხადებს, რამეთუ ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. თბილისს უნდა, რომ ბრიუსელი საქართველოს დასავლეთის უსაფრთხოების ქსელში მონაწილედ ხედავდეს და ამიტომაც ცდილობს საბჭოთა წარსულს დაშორდეს და ევროპას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ფართო ლიბერალურ დემოკრატიულ სამყაროს დაუკავშირდეს.

მდგომარეობა ბევრად უფრო კრიტიკულია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანაში 2008 წლის აგვისტოში მეზობელი რუსეთი შეიჭრა. რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინისა და მისი რევანშისტული პოლტიკის დაბრუნების შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოება უახლოეს მომავალში სავარაუდოდ უკეთესობისკენ არ შეიცვლება.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქართველოსთვის მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფა აშშ-ს ინტერესებში უნდა შედიოდეს. ჯერჯერობით, ობამას ადმინისტრაცია ფეხს ითრევს, როდესაც საქმე საქართველოსთვის ტერიტორიის დასაცავად საჭირო სამხედრო ტექნიკის, მაგალითად ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე მიდგება. ამის ნაცვლად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, როდესაც საქმე საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას ეხებოდა, ამერიკა საქართველოს „ხერხი ჯობია ღონესა“ მიდგომას სთავაზობდა. მართალია, ავღანეთში დისლოცირების ხელშესაწყობად პენტაგონი წვრთნის ქართულ ჯარს, მაგრამ მისი დახმარების პროგრამა მოიცავს მხოლოდ ისეთ საკითხებს, როგორიცაა თავდაცვის დოქტრინის შემუშავება, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული რეფორმა და სამხედრო განათლება, ანუ უპირატესობა “hardware”-ზე “Software”-ს ენიჭება.

ცხადია ვერავინ იტყვის, რომ თეორია უსარგებლოა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ამ პროგრამების პარალელურად საქართველოს რეალური, მარტივი და ქმედითი სამხედრო საშუალებები გადაეცეს. რეაქტიული ყუმბარები თუ გაქვს, იმისათვის, რომ მათი გამოყენების ტრეინინგი ჩაატარო, სულაც არაა საჭირო უმაღლესი ხარისხის განათლება გქონდეს სტრატეგიის სფეროში. ავღანელი მეამბოხეებიც იგივეს გვეტყვიან. ფაქტია, რომ ადმინისტრაციას უბრალოდ არ უნდოდა, რომ საქართველოსთვის რეალური თავდაცვითი საშუალებები მიეწოდებინა. ალბათ ვარაუდობდნენ, რომ ამას შეიძლება მოსკოვის უკმაყოფილება გამოეწვია და რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ პოლიტიკაში პრობლემები შეექმნა. როგორც უმეტეს შემთხვევაში, თავისი პოლიტიკის გატარებისას, ადმინისტრაციის ინტერესები მეგობრების და თანამოაზრეების დახმარებაზე კი არაა ფოკუსირებული, არამედ უფრო იმაზე, რომ არ გაიუცხოვოს პოტენციური სტრატეგიული მეტოქეები.

თუკი ამ გვირაბის ბოლოს რაიმე სინათლის დანახვა შეიძლება, ეს ის ფაქტია, რომ იანვარში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილისა და პრეზიდენტ ობამას შეხედრამ როგორც ჩანს კარგად ჩაიარა. საქართველოს პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტთანა პირისპირ შეხვედრის საშუალებაც მიეცა და ასეთივე კონტაქტები ჰქონდა ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებთან. ასეთი შეხვედრები ძირითადად მოკავშირეებისთვის იმართება. მოგვიანებით კი, თებერვალში, ორი პრეზიდენტის თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთნხმების კვალდაკვალ, აშშ-ს ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის პირველი ასისტენტი, სელესტა ვოლანდერი საქართველოში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ თანამშრომლობა „ახალ სფეროებსაც” მოიცავს.

ახლა მხოლოდ ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული, ნიშნავს თუ არა „ახალი სფეროები“ კონკრეტულ პროგრამებს, რომელიც მოიცავს საქართველოს ჯარების აღჭურვას, წვრთნას და შესაბამისებად, ნაციონალური უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ძალისხმევას. ჯერჯერობით საქართველოს და ადმინისტრაციას ისეთივე პრობლემა აქვთ, როგორც პოპულარული ამერიკული კომიქსის გმირებს – ჩარლი ბრაუნსა და ლუსის. ლუსი ჩარლის ბურთს პირდება, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთს წაართმევს. თავდაცვის საკითხებში არსებითი თანამშრომლობის შესახებ დაპირებები ბევრია, მაგრამ რეალურად არაფერი გაკეთებულა. იმედია ეს თამაში დასრულდა, მაგრამ კომიქსს თუ გავითვალისწინებთ, მგონი ამ შემთხვევაშიც სჯობს სკეპტიციზმის ჯანსაღი დოზა შევინარჩუნოთ.

გარი შმიტი – „ამერიკის საწარმოო ინსტიტუტის“ გაფართოებული სტრატეგიული კვლევების პროგრამის დირექტორი
foreignpress.ge