როცა მეფე ამალას ირჩევს

როცა მეფე ამალას ირჩევს

ალბათ, საქართველოს მოსახლეობას  28 თებერვლის საპარლამენტო გამოსვლიდან ერთი რამ დარჩება მოსაგონებლად: როგორ გააფთრებით იცავდა სააკაშვილი საკუთრა გარემოცვას რიგითი ადამიანებისა და მათი პრობლემების იგნორირების ხარჯზე; როგორ უმტკიცებდა ერსაც და ბერსაც იმას, რომ სწორედ მათი - შაშკინის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, სუბელიანის, მამამის ნიკოლოზის ბიჭია და არა ჩვენი, ხალხის, რომელმაც თავის დროზე მიშა საკუთარ რჩეულად გამოაცხადა.

რატომ ვერ დააღწია სააკაშვილმა თავი იმ მოჯადოებულ წრეს, რომელსაც საეჭვო გარემოცვის გავლენა ჰქვია და რომელმაც თავის დროზე მისი ორი წინამორბედის კარიერა და საქმე შეიწირა? - პირადად ჩემთვის სწორედ ეს კითხვაა უმნიშვნელოვანესი, რადგან ხვალ იგივე მოჯადოებული წრე უკვე ახალ სახალხო ფავორიტს დაემუქრება და კვლავ იმედგაცრუებულები აღმოვაჩენთ, რომ ქართველი ხალხისა და მისი ახალი რჩეულის გულწრფელი სურვილი, ერთად ებრძოლათ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მხოლოდ რამდენიმე საკმაოდ საეჭვო ნიჭირერებისა და მორალის მატარებელი პატარა კაცის კეთილდღეობის წყაროდ იქცა. - ასე მოხდა გამსახურდიას შემთხვევაში, ასე მოხდა შევარდნაძის შემთხვევაში და ასე დაემართა სააკაშვილსაც.

გამუდმებით ერთი აზრი მაწუხებდა პრეზიდენტის შემხედვარეს – როგორ უნდა დაუშვა ხელმძღვანელად არჩეულმა პირმა ის, რომ შენი ხელქვეითის გამო საყვედურები ისმინო და დასჯილი მოსწავლესავით თავის მართლება მოგიხდეს.

მართვის ნებისმიერი თეორია ერთ მთავარ პრინციპამდე დადის - შეგიძლია თუ არა გაამართლო იმ ჯგუფის ნდობა, რომელმაც საქმის კეთება დაგაკისრა და ამ საქმის საკეთებელი ძალაუფლებით აღგჭურვა.

მმართველობის სადავეები სააკაშვილისთვის არც ადეიშვილს გადაუცია და მით უმეტეს, არც დიმიტრი შაშკინს. სააკაშვილის გაპრეზიდენტების მთავარი ფაქტორები ქართველი ხალხის ნება და საგარეო მხარდაჭერა იყო. ამაზე დღეს არავინ დავობს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი საეჭვოდ თავად სააკაშვილისთვის იქცა, რადგან დაიჯერა, რომ ძალაუფლების წყარო სიღარიბეში გაზრდილი მისი გარემოცვაა. 

მართალია, პიარი კატეგორიულად კრძალავს, აღიარო საკუთარი სისუსტე მოწინააღმდეგესთან დებატებში, რასაც სააკაშვილი აკეთებს კიდეც ოპოზიციასთან მიმართებაში, მაგრამ პიარი და მართვაც, ასევე, კატეგორიულად კრძალავს დაუპირისპირდე საკუთარი ძალაუფლების წყაროს.

არადა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, სააკაშვილს ეს მარტივი ჭეშმარიტება რომ გაეთვალისწინებინდა და გულწრფელად ეღიარებინა, რომ მის მინისტრებს პრობლემები აქვთ და შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში საკმაოდ დიდია სუბიექტური ფაქტორების, არაკომპეტენტურობისა  და შეცდომების წილი?!

ვფიქრობ, რომ სწორედ ამგვარი გულწრფელი აღიარება იქნებოდა ჭეშმარიტი რევოლუცია, რომელიც მართლა გაგვიყვანდა იმ მოჯადოებული წრიდან, რომელსაც გარემოცვა უქმნის ქართველ პრეზიდენტებს და რისი შედეგიც ხელისუფლებასა და ხალხს შორის მუდმივი ხიდჩატეხილობაა. მეტიც – ასეთი რევოლუციური აღიარებით სააკაშვილი უსერიოზულეს დარტყმას მიაყენებდა მის ყველაზე საშიშ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ერთ-ერთ სუსტ წერტილად სწორედ საკუთარ გარემოცვასთან დაუბალანსებელი ურთერთობები სახელდება.

თუმცა, გაუკონტროლებელ გარემოცვაში ყოველთვის მოიძებნება ისეთი, ვინც დაარწმუნებს ხელმძღვანელსა და მმართველს, რომ ასეთი სტრატეგია კაპიტულანტურია და ჯობს, ჯიუტად “მიაწვე” და ამტკიცო, რომ მართალი ხარ! მაგრამ, ამ მეთოდსაც აქვს თავისი ლიმიტი – ასეთი “მიწოლა” უკვე იმდენჯერ გამოიყენეს და გაცვითეს ნაციონალებმა, იმდენად ჯიუტად გადავიდნენ შავზე თეთრის მტკიცების სტრატეგიაზე, რომ საბოლოოდ მხოლოდ ამაზე იხარჯება მთელი ენერგია, მმართველი პარტია კი გამარგინალების საფრთხის წინაშე დგას, რადგან სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც აღიზიანებს ამგვარი რიტორიკა.

„დიახ, მე დავრჩები ნაციონალური მოძრაობის ლიდერად და ყველაფერს გავაკეთებ მასი გამარჯვებისათვის!“ - გამოგვიცხადა პრეზიდენტმა სხდომის დასასრულს. ეს მისი არჩევანია. მისი არჩევანია ის გარემოცვაც, რომელიც სამთავრობო ლოჟაში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო წარმოდგენილი და ტაშისკვრით აქეზებდა საკუთარ მფარველს.

თუმცა, უკვე საეჭვოა, რომ ასეთი არჩევანის შემდეგ სააკაშვილი ხალხის რჩეულად დარჩეს.