"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა გავრცელდეს გიორგი ოქროპირიძეზე"

პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის პატიმრობაში ყოფნის მიზეზი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებია და ამიტომ გადაწყვეტილება მასზე არ უნდა გავრცელდეს.

ნეფარიძის თქმით, გიორგი ოქროპირიძე საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა გავრცელდეს გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე, ვინაიდან ოქროპირიძემ ახალი დანაშაული ჩაიდინა მაშინ, როდესაც მას ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ უკვე შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ასევე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ გიორგი ოქროპირიძეს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები და წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის,  მიგვაჩნია, რომ სასამართლო არ დააკმაყოფილებს ბრალდებულის მოთხოვნას გათავისუფლების შესახებ და დატოვებს პატიმრობაში", - აცხადებს პროკურორი.