ცოდვა გამხელილი სჯობიაო და, ვთვლი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ტელეისტორიაში ინგა გრიგოლიას მსგავსი ჟურნალისტი არ არსებობს. რაც შეეხება პოლიტიკოს ინგა გრიგოლიას, მიუხედავად იმისა, რომ “ქრისტიან-დემოკრატების” მიმდევარი არ ვარ, ინგას პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის მაინტერსებს, თუმცა ზოგჯერ ვეთანხმები, ზოგჯერ - არა... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, თქვენს წინაშეა პოლიტიკური რანდევუ ინგა გრიგოლიასთან...
ინგა, ჩემს ლამის 20-წლიან ჟურნალისტურ კარიერაში, მგონი, პირველად არ ვიცი, რაზე ველაპარაკო რესპოდენტს. ათასი ვარიანტი მოვიფიქრე, თუ როგორ დავიწყებდი შენთან დიალოგს, მაგრამ ბოლოს, ყველა იდეა უარვყავი... ჰოდა, ისევ “ქრისტიან-დემოკრატობაზე” უნდა გამოგედავო...
- (იცინის) კი ბატონო, ვიდაოთ...
წლებია, ხმა დადის, “ქრისტიან-დემოკრატები” “ნაციონალებისგან” იმართებიანო. ამაზე მილიონჯერ გილაპარაკია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, გამაგებინე, რა გინდა “ქრისტიან-დემოკრატებთან”?
- ვანო, იცი რა? ერთია, რას ამბობენ და მეორე, - მართლა ასეა თუ არა. საერთოდ, ის ადამიანი არ ვარ, რომელიც რაღაც პარტიული “კლიშეებითაა” დატვირთული და პარტიულ კონიუქტურას ექვემდებარება. გეტყვი, ამ გუნდში ყველაზე მეტად რაც მომწონს: სრული თავისუფლება მაქვს და შემიძლია, პარტიისგან სრულიად განსხვავებული მოზასრება ხმამაღლა გამოვთქვა. ეს ჩემთვის უფრო მეგობრების გუნდია, ვიდრე - პოლიტიკური პარტნიორების. მოკლედ, ჩემს მეგობრებთან ვარ და მჯერა, თუ ხელისუფლების შეცვლას მოახერხებენ, არ გახდებიან “მიშები”, ხელკეტიანი და ნიღბიანი ტერორისტები...
ინგა, იცი, რომ ძალიან დიდ პატივს გცემ, მაგრამ რა ვქნა, ენას კბილს ვერ ვაჭერ და, 2007 წლის 7 ნოემბრის მერე, ანუ “დიდი ხელკეტიანობის” მიუხედავად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის მოადგილეობაზე დასთანხმდი...
- მერე, რა?! ჩემო საყვარელო, ხელკეტები ყოველთვის იარსებებს, თან მაპატიე და, არ მადარდებს, რომელი ლოგოს ქვეშ “ვიმაუწყებლებ”, რადგან ჩემთვის ყოველთვის ის იყო მთავარი და მნიშვნელოვანი, თუ როგორ პროდუქტს “ვდებდი”. თუ მეტყვი, რომ ჩემს რომელიმე გადაცემაში ერთი მნიშვნელოვანი კადრი არ გამიშვია, მაშინ ხელებს ავწევ, მაგრამ ასეთი არ ყოფილა.
მჯერა, რომ პარტიულ კონიუქტურას არ ემორჩილები, მაგრამ ვალერი გელბახიანთან დაკავშირებით კომენტარებს რომ აკეთებდი, გულწრფელი იყავი?
- ძალიან, და ვთქვი კიდეც, რომ სასამართლო პროცესზე ცრემლებიც წამომივიდა. გულწრფელი რატომ არ უნდა ვყოფილიყავი? - თუ ეს კაცი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, გიჟივით მარტო ხომ ვერ მოაწყობდა, მით უმეტეს, რომ ქალბატონი, რომელიც ფარულ ჩანაწერებში გელბახიანთან ერთად ჩანს, მალე გაათავისუფლეს და ნასამართლეობაც მოუხსნეს. გელბახიანთან საპროცესო შეთანხმებით, ხელისუფლებამ, ვფიქრობ, აღიარა, ის, რომ 2007 წელს ვინმე თითქოს სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, ზღაპარია.
ზღაპრები ქართული პოლიტიკისთვის უცხო არაა, მაგრამ ერთი ვერსიით, გელბახიანი ხელისუფლებამ ივანიშვილთან დასაპირისპირებლად ჩამოიყვანა და საპროცესო გარიგებით, მისი საქართველოში შემოყვანა, უბრალოდ, “გააპრავა”... სხვათა შორის, ცნობილია, რომ გელბახიანსა და ივანიშვილს თავის დროზე სერიოზული უთანხმოება ჰქონდათ...
- ქვეტექსტების ძიება ყველაფერში შეიძლება, მაგრამ 2007 წლის ამბების შემდეგ, ვალერი გელბახიანის მამა დაიჭირეს, რომელიც გამოუშვეს, მაგრამ ინსულტით გარდაიცვალა. ახლა კი, დედამისია ცუდად და ამიტომ ჩამოვიდა... რაც შეეხება ინფორმაციებს, ვალერი გელბახიანი რომ უამრავ ინფორმაციას ფლობს მხოლოდ ივანიშვილზე კი არა, სხვებზეც, არ უნდა გაგვიკვირდეს. არ ვიცი, გელბახიანი რას გააკეთებს, მაგრამ ვიცი, რომ საჩხერეში გელბახიანებს დიდ პატივს სცემენ. ისე, არ გამიკვირდება, თუკი პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტს, რადგან რაც თავი მახსოვს, პოლიტიკაშია, მაგრამ იცი, რა არ მომწონს? - თუკი ადამიანის შეხედულებები, ვთქვათ, ივანიშვილის აზრებს არ ემთხვევა, ამიტომ, აპრიორი, ცუდია და მიშას სპექტაკლში მონაწილეობს.
ვანო, იცი, თუ როგორ დიდ პატივს ვცემ ირაკლი ალასანიას და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ოპონირების მიუხედავად, გამორჩეული პოლიტიკოსია, მაგრამ ერთხელ, “მაესტროზე” განაცხადა, “ქრისტიან-დემოკრატებსაც” აქვთ უფლება, ამ ქვეყანაზე იარონო. გაოცებული დავრჩი, რადგან ალასანიას მიმართაც არსებობს შეკითხვები...
2003 წელს მე და დათო გამყრელიძე ვხუმრობდით, მიშას ხმა, მგონი, ჩვენს გარდა, ყველამ მისცაო და მაშინაც ასეთი რიტორიკა იყო: თუ რევოლუციასთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარო. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთი რიტორიკის გაგრძელება არ შეიძლება!
ვფიქრობ, არც ის შეიძლება, ცალკეული პერსონები რომ აცხადებენ, შვილსა თუ შვილიშვილს ბიძინას დავარქმევთო... ისე, რა ამის პასუხია და, ხაჭაპურის გამოცხობა იცი?
- სამწუხაროდ, კარგი დიასახლისი არ ვარ - არც ხაჭაპურს ვაცხობ და არც ღომს ვაკეთებ, თუმცა კარგი სალათები გამომდის...
სალათებზე მაინცდამაინც არ ვგიჟდები, მაგრამ შენს მომზადებულს სიამოვნებით “დავაჭაშნიკებ”... ინგა, ხომ არ ფიქრობ, რომ პოლიტიკაში წასვლა იჩქარე, ანუ დღეს რომ ისევ ჟურნალისტიკაში ყოფილიყავი და შემოთავაზება მიგეღო, ივანიშვილის პარტიული სახე გახდებოდი?
- არ ვიცი...
ივანიშვილმა თავის გუნდში გადასვლა ახლა რომ შემოგთავაზოს, რას იზამ?
- არ მიყვარს ადამიანები, ვინც პოლიტიკურ შეხედულებებს იცვლიან, ეს მათ უპრინციპობაზე მეტყველებს. თუ წლების განმავლობაში ერთ პარტიაში ხარ და უცებ მეორეში გადადიხარ, ეს გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთო. დღეს პარტიებსა თუ კოალიციებს იცვლიან და ამბობენ, ჩვენი იდეები ემთხვევაო, მაგრამ ასე არაა... ვანო, იცი, რომ “ქრისტიან-დემოკრატებისგან” განსხვავებული აზრი ბევრჯერ მქონია...
ამ “განსხვავებულმა აზრმა”, ასე ვთქვათ, კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა თარგამაძის გუნდმა “რვიანი” დატოვა...
- ჰო, “რვიანის” დატოვება დიდად არ მომეწონა...
გულწრფელად მითხარი: მაშინ რომელიმე პარტიამ თავის რიგებში გადასვლა შემოგთავაზა?
- არ ვაზვიადებ: შემოთავაზება თითქმის ყოველ თვე მაქვს!
ახლა შემოთავაზება რომელი პოლიტიკური გუნდიდან გაქვს?
- ახლა, დაახლოებით, ასეთი შემოთავაზებებია, ხომ არ ვიფიქრებდი ეთერში დაბრუნებაზე...
ე.წ. ნაციონალური არხები “გეჩალიჩებიან”?
- ნაციონალური არხებისგან შემოთავაზება იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ მექნება, რომ მიშას ჩემს გადაცემებზე “აჟრიალებს”!
შემოთავაზება ივანიშვილის “მეცხრე არხისგან” გაქვს, რომელიც ეთერში მალე გავა?
- შემოთავაზება სხვადასხვა არხისგან მაქვს... პოლიტიკური გუნდის ცვლილება გამორიცხულია, თუმცა ტელევიზიაში დავბრუნდები!
რაკიღა ტელევიზიაზე ვსაუბრობთ, თბილისში მოარულ ცნობას მოგაწვდი: თურმე, გიორგი თარგამაძის მეუღლე თათია თოფურია ნინო შუბლაძის მეგობარია... იმასაც ამბობენ, გიორგი თარგამაძის აშშ-ში ყოფნისას, მის მეუღლეს ერთ-ერთ რესტორანში განუცხადებია, საქართველოს ახალი პრემიერის “დაბადებას” აღვნიშნავთო...
- არ დავიჯერებ! თათიას ვიცნობ და მეეჭვება, ასეთი სადღეგრძელო ხმამაღლა დაელიოს. ისე, სულ არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ გიორგი პრემერი გახდეს, მაგრამ მეეჭვება, რადგან რეიტინგებიდან გამომდინარე, იმ სიძლიერის პარტია არ ვართ, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ. ჩემი ვარაუდით, თუკი ოპოზიციური სპექტრიდან გამარჯვების შანსი ვინმეს აქვს, ეს ბიძინა ივანიშვილია, რადგან ძალიან დიდი რესურსი აქვს, მათ შორის, ფინანსურიც და თვითონაც იცის, რომ მისი ფაქტორი მნიშვნელოვანია. მოკლედ, მეეჭვება, ისეთი შედეგი “დავდოთ”, რომ მინისტრთა კაბინეტი “ქრისტიან-დემოკრატებმა” დავაკომპლექტოთ, თუმცა ვისურვებდი, რომ ამ ქვეყნას ისეთი გონიერი მმართველი ჰყავდეს, როგორიც გიორგი თარგამაძეა.
ინგა, ნება მომეცი, არ დაგეთანხმო...
- როცა გიორგის “დროება” მიჰყავდა, ლამის ეროვნული გმირი იყო...
კვლავ ვიტოვებ უფლებას, რომ არ დაგეთანხო... თარგამაძეზე რა მოგახსენო, მაგრამ შენ ნამდვილად ახერხებ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანისთვის მისაღები იყო...
- ეს შეიძლება, იმით აიხსნება, რომ ტელევიზიის ფასი ვიცი და გადაცემებში მონაწილეობაზე უარს არ ვამბობ. სხვათა შორის, ამას წინათ, მიშას ერთ-ერთ ყოფილ თანამებრძოლს ვეუბნებოდი და დამეთანხმა - მიშა პრეზიდენტი იმიტომ გახდა, რომ ჟურნალისტებს ინტერვიუზე უარს არ ეუბნებოდა... გიორგი თარგამაძეს მიაჩნია, რომ როცა ბრალდებას უყენებენ და აკრიტიკებენ, ეს ღირსეული დუმილით უნდა გადაიტანოს. მე კი, პასუხს ყველაფერზე ვცემ და გიორგისაც ამას ვურჩევ ხოლმე...
“ქრისტიან-დემოკრატების” გვერდით თავიდანვე, ანუ პარტიის შექმნის დღიდან რატომ არ დადექი, ან 2008 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა რატომ არ შემოგთავაზეს?
- გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ კენჭისყრა ვაკის შუალედურ არჩევნებში შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ გადაცემას გავაკეთებდი, თან ვაკეში, ჩემი აზრით, არაკონკურენტული არჩევნები იყო, რაც არ მაინტერესებდა და უარი ამიტომაც ვთქვი...
ინგა, მოდი, წარულს თავი დავანებოთ და, როგორც ჟურნალსტმა, პროგნოზი გააკეთე: რა მოხდება არჩევნებამდე, არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ?
- მძიმე პერიოდი იქნება...
რას გულისხმობ?
- მძიმე პერიოდი ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთბრალდებების თვალსაზრისით იქნება. სხვათა შორის, ადგილობრივი არჩევნების წინ განცხადება რომ გავაკეთე, კენჭისყრას ვაპირებ-მეთქი, ყველამ, ვისაც არ ეზარებოდა, ჩემი კრიტიკა დაიწყო და ერთ-ერთი პირველები “ახლები” იყვნენ: დავით საგანელიძემ - არც აცია, არც აცხელა - და “ჩამრეცხა”, როგორ გაბედაო. ეს რომ მოვისმინე, გავოგნდი, რადგან ვთვლიდი, რომ “ახლებთან” კარგი ურთიერთობა მქონდა... საერთოდ, საარჩევნო კამპანია კონპრომანტების ომი იქნება და ახლა დაიწყება, რაც დაიწყება! გახსოვს, სულ ამბობდნენ, აი, ჩანაწერები იქნება და ახლა ბომბი აფეთქდებაო...
შენი ინფორმაციით, ეს ჩანაწერები ვისზე არსებობს?
- გეტყვი, რა ინფორმაციაც მაქვს: ყველა ადამიანს ფეხდაფეხ დაჰყვებიან, ყველას სატელეფონო საუბარს ისმენენ და მერე, როგორც უნდათ, ისე “მიამონტაჟებენ”. ვანო, ახლა მე და შენ რომ ვლაპარაკობთ, ამ საუბარს შეიძლება, ვიღაცის სახელი დაამატონ... პიკში რომ იყო, ლევან გაჩეჩილაძემ მითხრა, ვიღაც ტიპმა დამირეკა, ინგა გრიგოლია შენზე და გიაზე საშინელებებს ამბობსო და ამ ჩანაწერის მოცემა შემომთავაზა, მაგრამ არ გამოვართვითიო.
მსგავსი ტიპის ჩანაწერი კონპრომატად ვერ გამოდგება...
- კი ბატონო, მაგრამ თუ “მაიმონტაჟებენ”, შეიძლება, ისეთი თემა შემოაგდონ, რომელიც ვერც წარმოგვიდგენია.
სხვათა შორის, ბოლო დროს ჩანაწერების აფიშირება არ ხდება...
- ჰოდა, ამიტომ ვამბობ, რომ ომის წინ საეჭვო დუმილია...
შენი ვარაუდით, ე.წ. რუსულმა კონპრომატებმა პიკს რატომ არ მიაღწია?
- თუ ბიძინა ივანიშვილს დღეს რუსული ფული აქვს, მაშინ არ ჰქონდა, როცა გაფინანსებდა და ბიუჯეტს გივსებდა? მოკლედ, ამ ფონზე ე.წ. რუსული თემა მკვდარია, რადგან თუნდაც მე, რომელიც ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი არ ვარ, აუცილებლად გამეცინება...
რეპრესიებიც იქნება?
- რეპრესები იქნება, მაგრამ არა - ლიდერების დონეზე. დაშინება ქვედა რგოლებზე მიდის...
ისე, არ გეჩვენება, რომ ხელისუფლება განსაკუთრებით ალასანიას მომხრეებს ერჩის?
- ივანიშვილის კოალიციაში ბევრი სუბიექტია, მაგრამ დომინანტი ირაკლია...
...ინგა გრიგოლია, როგორც პოლიტიკოსი, შედგა?
- ვფიქრობ, რომ შედგა. უბრალოდ, ჩემი საეთერო რეალიზება ვერ ხდება, ანუ იმას, რასაც საკრებულოში ვაკეთებ, ხალხი ვერ ხედავს, რადგან არ შუქდება.
როგორ არ შუქდება. მაგალითად, მთელმა ქვეყანამ ნახა, საკრებულოს სხდომაზე მრიცხველდამონტაჟებული ცოცხით რომ მიხვედით...
- ცოცხზე კი არა, ზოგადად ვამბობ... თუ სექსსა და პირად ცხოვრებაზე არ ილაპარაკე, არც ერთ შოუში არ ხვდები.
ინგა, ნაგვის გადასახადი რამდენი მოგდის?
- ახლა 60 ლარი გადავიხადე...
ყოველ თვე ელექტროენერგიის, ნაგვის და, საერთოდ, კომუნალური გადასახადები შენითვისაც, ჩემს მსგავსად, თავის ტკივილია?
- ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი შეძლებულიც უნდა იყოს, გადასახადები უდიდესი თავის ტკივილი და პროტესტია.
მერე, პროტესტის ნიშნად, გადასახადების გადახდაზე უარს რატომ არ ამბობ?
- იმიტომ, რომ კანონმორჩილი ვარ...
და თუ ეს კანონები უკანონოა?
- გასაგებია, მაგრამ ამას პოლიტკურად ვაპროტესტებ. ჩემი აზრით, ყველაზე მტკივნეული სოციალური თემები და ადამიანის უფლებებია, მაგრამ თუ თავი არ გაიგიჟე და პოლიტიკური შოუები არ დადგი, ისე ტელევიზორში ვერ მოხვდები და თუ ტელევიზორში ვერ მოხვდი, როგორც პოლიტიკური პარტია, ხალიხსთვის უსარგებლო ხდები...
ინგა, ამას წნათ, “მაესტროზე” თქვი, ელექტროენერგიისა და ნაგვის გადასახადი შესაძლოა, განცალკევდესო...
- არ ვიცი, ეს მართლა მოხდება თუ არა, მაგრამ როცა ეს საკითხი გადიოდა, საკრებულოს უმრავლესობასაც დიდი ტანჯვა ჰქონდა, რადგან თავში ჩაარტყეს და უთხრეს, ეს საკითხი უნდა გავიდესო. ახლა კი, როგორც ვიცი, საუბარია, ელექტროენერგიისა და ნაგვის გადასახადის დაცილება ხომ არ მოხდეს. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, ეროვნული გამოცდებიც გაუქმდეს და არ გამოვრიცხავ, რომ ესეც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოხდეს.
...ცუდად მაქვს აკვიატებული სააკაშვილის ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება, არაქართველი იყოსო. შაშკინის ისეთი პიარი მიდის, რომ არ გამოვრიცხავ, მათ თავში ეს იდეა “იხარშებოდეს”. შეიძლება, ქსენოფობიაში დამადანაშაულონ, მაგრამ საქართველოში არჩევანს მაინც ეროვნულობის კუთხით აკეთებენ ხოლმე და ამიტომ, შაშკინს ნაკლები შანსი ექნება...
ჩემი ინფორმაციით, შაშკინის შესაძლო გაპრეზიდენტება მოძველებული თემაა...
- ჩემი ინფორმაციით კი, ასე არაა...
კულუარებში, როგორც ვიცი, უკვე ლევან ვარშალომიძის კანდიდატურაზე მსჯელობენ...
- ლევან ვარშალომიძის კანდიდატურა შესაძლოა, პრემიერის პოსტზე განიხილებოდეს, მაგრამ შაშკინის თემაც სერიოზულად განიხილება... ყველამ იცის, რომ შაშკინი ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრია და მის გაპრეზიდენტებას მხარი გავლენიანმა ძალოვანებმა შეიძლება, აქტიურად დაუჭირონ.
სხვათა შორის, არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც ვერა ქობალიას შესაძლო გაპრემიერებას ეხება...
“ნანუკას შოუში” ქობალიამ ეს ინფორმაცია უარყო...
- ვერას არავინ არაფერს ეკითხება... ისე, თუ “ნაცმოძრაობა” ისევ უმრავლესობით მოვიდა, მიშა, ალბათ, პარლამენტის თავმჯდომარე გახდება...
ესე იგი, არჩევნების წინ სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგება?
- ერთხელ უკვე ვქთვი, რომ როცა მიშას საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, კენჭი შესაძლოა, გლდანში იყაროს, სადაც შუალედური არჩევნები ჩატარდება...
ეს გავიგე, მაგრამ შენი ინფორმაციით, 2013 წლის შემოდგომამდე, ანუ ვიდრე სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, პარლამენტის თავჯდომარე ვინ იქნება?
- ალბათ, ისევ დავით ბაქრაძე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. თავისუფალი მედიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა თუ ამ მოსალოდნელი გადაადგილებების კუთხით, რუსეთის კვალს მივყვებით... სხვათა შორის, როგორც ვიცი, გიგი უგულავა არ აპირებს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენოს, ანუ არსებული ინფორმაციით, უგულავას გადაწყვეტილი აქვს, რომ მერობის ვადა ამოწუროს. ისე, თუ გადავთვლით, უგულავას ამბიცია შეიძლება, 2013 წლის შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰქონდეს.
პრეზიდენტობა გიორგი თარგამაძესაც უნდა?
- თუ თავმოყვარე პარტიაა, საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ჰყავდეს...
შენი აზრით, ივანიშვილის კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება?
- ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ალასანია, პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კი, - დავით უსუფაშვილი...
ინგა, საქართველოდან წასვლაზე არასოდეს გიფიქრია?
- უცხოეთში, მაქსიმუ, ოთხ თვეს ვძლებ და ვკვდები. ზუსტად ვიცი, რომ სხვა ქვეყანაში მხოლოდ მე კი არა, ჩემი შვილიც ვერ იცხოვრებს, თუმცა ყველა იმ ადამიანის მესმის, ვინც საქართველოდან წასულია...
20-ლარიანი ელექტროვაუჩერი უკვე მოგიტანეს?
- არა...
პარლამენტის თავმჯდომარეობა არ გინდა?
- უი, არა... საერთოდ, არანაირ თანამდებობა არ მინდა, რადგან შეზღუდვებს ვერ ვიტან. საკრებულოში მძღოლი მყავს, მაგრამ ეს ჩემთვის ისეთი ტანჯვაა, რომ ჩემს მძღოლს თვეში ორჯერ ვნახულობ და მანქანას თავად ვმართავ... თანამდებობა არა, მაგრამ ტელევზიაში დაბრუნება მინდა!
ისე, ვიღაცამ მითხრა, “ნაციონალებმა” ინგას შესთავაზეს, ტელევიზიას გაგიხსნითო...
- ჭორია, თუმცა ყველას, ვინც არხს გააკეთებს და თუ ამ არხზე ჩემი გავლენა დიდი დოზით იქნება, სიამოვნებით დავთანხმდები, მაგრამ ვანო, როგორ წარმოგიდგენია, რომ “ნაციონალებმა” არხი გამიკეთონ?
ბიძინა ივანიშვილის “მეცხრე არხმა” სრული თავისუფლება და დიდი ანაზღაურება რომ შემოგთავაზოს, ამ წინადადებაზე დაფიქრდები?
- დაფიქრებით აუცილებლად დავფიქრდები, თუმცა არჩევნების წინ გახსნილ ტელევიზიაში ძალიან დიდი გარანტია უნდა მიიღო, რომ პარტიული არ იქნება...
ინგა, როგორ ფიქრობ, კარგი ადამიანი ხარ?
- შეიძლება, საკუთარი თავის მიმართ რაღაც ტანჯვები მაქვს, მაგრამ მგონი, ცუდი ადამიანი არ ვარ...
შენი წარსული გიყვარს?
- ძალიან და არაფერს ვნანობ, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული სანანებელი არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ ტელევიზიიდან წამოვედი... შეიძლება, პოლიტიკაში არ წავსულიყავი და პატარა სატელევიზიო პაუზა გამეკეთებინა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ტელევიზიაში დავბრუნდები!
ბოლო სიტყვა მითხარი და მოვრჩეთ...
- ვანო, შენთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს, რომ შენს ინტერვუებს ჩემს პირად ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს მოხდენილი... “ქართული სიტყვა” ძალიან საინტერესო გაზეთია და ვანო, ღმერთმა შეკითხვები და საინტერესო რესპოდენტები არ გამოგილიოს.
მშვენიერი სურვილია... დიდი მადლობა...