თამარ დავითულიანი, "საქართველო და მსოფლიო"
პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას სააკაშვილი სულ უფრო მეტს რომ ცრუობს, ამას ოპოზიციაც ხედავს და მოსახლეობაც, თუმცა ამჯერად ნურც „საყოველთაო“ დაზღვევაზე შევჩერდებით და ნურც 1000–ლარიან ვეუჩერებზე. სხვა ბრალდებათა შორის პრეზიდენტს ისიც წაუყენეს, რომ საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტები მამამისის – ნიკოლოზ სააკაშვილის ხელში გადავიდა. პრეზიდენტმა ჯონდი ბაღათურიას „ტალახის აბაზანებისკენ“ მიუთითა და ისიც დააყოლა, „ტალახში გორაობა მაინც გიყვარსო“! მანდატურებს კი მოუწოდა, „კარგად დაეზილათ“ ოპოზიციონერი.
დარბაზიდან გავარდნილმა და მოგვიანებით უკან დაბრუნებულმა სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ მამამისი ბალნეოლოგიურის მხოლოდ დანიშნული დირექტორია და არა მისი მფლობელი. რაკიღა ჩვენმა „ეფექტიანმა“ მთავრობამ საჯარო რეესტრი მართლაც საჯარო გახადა, საბუთის მოპოვება დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს. კერძოდ, ბალნეოლოგიური კურორტის შესახებ ვკიხულობთ: „შპს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი–სპა ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი“ რეგისტრირებულია 2005 წლის 15 ივლისს იურიდიულ მისამართზე ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონში, გორგასლის ქუჩა ნომერ 9–ში. გენერალური დირექტორია ნიკოლოზ სააკაშვილი. შპს–ში სახელმწიფოს წილი 100 პროცენტია.
თითქოსდა, რას ვერჩით პრეზიდენტს, ბალნეოლოგიურის მფლობელი სახელმწიფოა, მამამისი კი მხოლოდ მისი ხელმძღვანელი, თუმცა საჯარო რეესტრი სხვა დოკუმენტსაც ინახავს. მის თანახმად კი 2012 წლის 12 იანვარს იმავე იურიდიულ მისამართზე –ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონში, გორგასლის ქუჩა ნომერ 9–ში რეგისტრირებულია „შპს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი–სპა ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის განვითარების ფონდი“, რომლის დირექტორი არა ნიკოლოზ სააკაშვილი, არამედ ვინმე ალექსი გახარიაა, ხოლო მისი იურიდიული ელექტრონული მისამართი თავად მეტყველებს, თუ ვის ეკუთვნის იგი: saakashvilicenter@gmail.com.
სადამფუძნებლო დოკუმენტებში ვკითხულობთ: „ფონდის“ დამფუძნებელია ნიკოლოზ სააკაშვილი (დაბადებული 24.06.1944 წ. თბილისში). ფონდის მიზნებია „შპს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი–სპა ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის განვითარების ხელშეწყობა; უცხოელი და ადგილობრივი დონორების მოზიდვა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის და საქართველოს კურორტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით; სოციალური სამედიცინო–სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება ავადმყოფების, ღარიბების, ლტოლვილების და სოციალურად დაუცველი პირების დასახმარებლად და სხვ.
მიზნები ისეთივე კეთილშობილურია, როგორც უმცროსი სააკაშვილისა, რომელთაც პარლამენტში წელიწადში ერთხელ გამოცხადების შემდეგ იგი ისევე ადვილად ივიწყებს, როგორც 100–დოლარიანი პენსია და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა დაივიწყა.
სააკაშვილისგან სიცრუე აღარავის უკვირს, თუმცა ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, ეს საქართველოს პრეზიდენტისთვის კვლავაც უცნობია. არც ის სჯერა ვინმეს, რომ მამამისს პრობლემებს ან საგადასახადო შეუქმნის, ან კუდი და სოდი, ან თუნდაც ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამინისტრო. თბილისში, გორგასლის 9–ში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი (როგორც სხვა კურორტები, რომლებზე „ზრუნვაც“ უფროს სააკაშვილს ნებაყოფლობით აუღია საკუთარ თავზე) ისევე ეკუთვნის მას, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი კორპუსი მის ყოფილ მეუღლესა და დღევანდელი პრეზიდენტის დედას.
გიული ალასანია აქტიური ბიზნესმენი 2004 წლის ზაფხულიდან გახდა და ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროს აკონტროლებს. პრეზიდენტის დედამ 2004 წლის ზაფხულში ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად დააფუძნა საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა, რომელიც მალე დამოუკიდებელ უნივერსიტეტად „საქართველოს უნივერსიტეტად“ გადაკეთდა.
ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა რამაზ ხუროძემ უნივერსიტეტის წილი სიმბოლურ ფასად – 200 ლარად სწორედ გიული ალასანიასა და მის მეგობარსა და ბიზნესპარტნიორ მანანა სანაძეს დაუთმო. ალბათ, სწორედ ამის წყალობით გადაურჩა ხუროძე კორუფციაში ბრალდებასა და დაპატიმრებას, როცა გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის სხვებს ფულიც აართვეს და „ვირის აბანოც“ ახეხინეს. 2005 წელს კი გიული ალასანიამ სახელმწიფოსგან პირდაპირი წესით 2106 კვ.მ. ფართის შენობა მიიღო მის შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად, ხოლო საიჯარო ქირად, მხოლოდ 250 დოლარის გადახდა დაეკისრა.
2008 წლიდან კი ტექნიკური უნივერსიტეტის, დაახლოებით, 15827 კვ.მ უკვე „საქართველოს უნივერსიტეტის“ საკუთრებად ირიცხება. დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ კორპუსს, რომელშიც გიული ალასნიას უნივერსიტეტია განთავსებული, „კოსტავას 77ა“ მისამართი აქვს ნაცვლად – „კოსტავას 77“-ისა, რაც იმას ნიშნავს, რომ გიული ალასანიამ საკუთარი სტატუსი და პრივილეგია სახელმწიფო ქონების მისათვისებლად გამოიყენა. გასულ წელს ეს ინფორმაცია რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა გაახმიანა, მაგრამ მისთვის სააკაშვილს პასუხი არ გაუცია. ალასანიას ინტერესები „საქართველოს უნივერსიტეტით“ არ შემოიფარგლება. გიული ალასანია არის შავი ზღვის უნივერსიტეტის პრორექტორი. მისმა შვილმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ამ უნივერსიტეტს სიმბოლურ ფასად გადასცა მიწა თბილისში, სადაც დღეს უნივერსიტეტის ახალი კორპუსი შენდება. 2009 წელს კი გიული ალასანია კიდევ ერთი უნივერსიტეტის დამფუძნებლებში ჩნდება, კერძოდ მან აუქციონზე შეიძინა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 14%-იანი წილი, რომლის დროსაც აღმოჩნდა, რომ სხვა დაინტერესებული მხარე არ არსებობდა.
„ტალახის აბაზანები“ არც თავად სააკაშვილს აწყენდა, მაგრამ ვინ და როგორ მიაბრძანებს მას, და მით უფრო, – ვინ დაზელს, კვლავაც უცნობია. ერთი კი ფაქტია, რომ მისი ტყულები მხოლოდ ახლობელ–მეგობრების ქონების დაცვაზე როდია მიმართული; ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სააკაშვილს საქართველოს ხედების ალბომი უდევს. თუ რომელიმე ხედი მოგეწონებათ და დაალაიქებთ, ეს „ლაიქი“ ავტომატურად მიხეილ სააკაშვილს ემატება. ასე მან უკვე საქართველოს ხედების მოყვარულთა 72 ათასი ხმა მიითვისა. ფორუმებზე მოწოდებაც კი გაჩნდა, რომ სააკაშვილის გვერდზე არცერთი, თვით ყველაზე წარმტაცი ფოტო არ დაალაიქოთ!
ბალნეოლოგიური და უნივერსიტეტები იქით იყოს, მაგრამ კაცი რომ ფეისბუქზე „ლაიქებს“ მოიპარავს, ის არჩევნებს არ გააყალბებს?:
934
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85