სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, ყურძნის მოსავალში სუბსიდირების პრაქტიკა არ არის სწორი.
მინისტრმა ეს განცხადება პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
მან მოხსენებისას, კახეთის რეგიონში, წინა წლებში სუბსიდირების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„2008, 2009 წელს სულ ჯამში სუბსიდირების თანხა დაახლოებით 25 მილიონი ლარი იყო. შარშან და შარშანწინ 32 მილიონი ლარი მხოლოდ სუბსიდიის წილი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი პრაქტიკა. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გამოვიდეთ, ჩვენ ეს მცდელობა უკვე გვქონდა და ჩვენ წელს არ ვგეგმავდით სუბსიდირებას იმიტომ, რომ გვინდა, დარგი გავაჯანსაღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, კონკურენცია იყოს ჯანსაღი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, თუ რა ხდება რეგიონში, შევისწავლეთ მოთხოვნა-მიწოდების პარამეტრები, აუცილებლობა დადგა, რომ აუცილებლად უნდა შევსულიყავით სუბსიდირებით. მე მგონი სახეზეა, რა შეიძლება მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სუბსიდირებას ვერ მოახერხებდა. ეს იქნებოდა ტოტალური კატასტრიფა. ეს ბიძგი სწორედ იქით იყო მიმართული, რომ გლეხს ზარალი არ ენახა. მათ, მინიმუმ, ჩაბარების ალტერნატივა ჰქონოდათ“, - განაცხადა დანელიამ.