დღეს აზერბაიჯანის პარლამენტმა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში მისი მონაწილეობის შეწყვეტის პროცედურების ინიცირების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
contact.az-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა ბოლო უნდა მოუღოს საქმიანობას, რომელიც აზერბაიჯანთან ურთიერთობის წინააღმდეგ არის მიმართული, უარი თქვას ბაქოსთან დაკავშირებით სხვადასხვა ძალების ზემოქმედებით, მიკერძოებული რეზოლუციების მიღების პრაქტიკაზე, რაც უსაფუძვლო ბრალდებებს ეფუძნება.
ამასთან, რეზოლუცია მოუწდებს ევროპის პარლამენტის კონსტრუქციულ ძალებს გააქტიურონ ძალისხმევა, რათა თავიდან იქნას აცილებული ევროპარლამენტისათვის ზიანის მომტანი ქმედებები.
რეზოლუცია შეიცავს მოწოდებებს, რომ დაიგმოს ევროპარლამენტის ლობისტური ჯგუფების საქმიანობა, რომელიც „პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ სომხეთის მხრიდან, აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციას“ და ბოლო მოუღოს მსგავს ქმედებებს.
მილი მეჯლისი ევროპარლამენტისგან ითხოვს, აზერბაიჯანის სასამართლო სისტემაზე ზეწოლის მცდელობებზე უარი თქვას, ასევე უარი თქვას მოწოდებებზე, რომელიც აზერბაიჯანში 1 ნოემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებაზე უარის თქმას გულისხმობს.
ამასთან, მილი მეჯლისი ევროპარლამენტს აფრთხილებს, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი სავიზო სანქციების მიღების შემთხვევაში, ბაქოც განიხილავს აზერბაიჯანში ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების ჩასვლის შეზღუდვის საკითხს.
დოკუმენტში ხაზგამულია ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანის საქმიანობის ფორმატის გადახედვის აუცილებლობაც.
ეს დოკუმენტი მილი მეჯლისმა აზერბაიჯანში, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, ევროპარლამენტის მიერ 10 სექტემბერს მიღებული რეზოლუციის გარშემო ცხელი განხილვების ფონზე მიიღო.
ცნობისთვის, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა შიდასაპარლამენტო ფორუმია, რომელშიც ევროპარლამენტის წევრები და საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, მოლდოვასა და უკრაინის ეროვნული პარლამენტები მონაწილეობენ.