გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების საათები მკვეთრად შემცირებულია, ნაწილიდან კი მთლიანად ამოღებულია.
როგორ მიმდინარეობს გალის სკოლებში სასწავლო პროცესი მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის საათების შემცირების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ნონა შონიას ესაუბრა. მისი თქმით, ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლა გალის რაიონში ჯერ კიდევ 1994 წლიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსახლეობა უკან დაბრუნდა, ხოლო გასულ სასწავლო წელს გალის ზედა ზონის სოფლებში ქართული ენისა და ლიტერატურის საათების შემცირება დაიწყო.
"მხოლოდ თითო-თითო საათი შემორჩა ქართულ ენასა და ლიტერატურას, როგორც რიგით საგანს. მოგეხსენებათ, გალის რაიონის ომამდელი საზღვრები ზონებად არის დაყოფილი. ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებისთვის მიკუთვნებულ გალის სკოლებში ქართული საერთოდ არ ისწავლება, სასწავლო გეგმიდან ამოღებულია. გასულ წელს ქართული ენის საათები დაწყებით კლასებში მთელი ოთხ-ოთხი საათით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წელს გალის ქვედა ზონის სოფლებში, იმ სკოლებში, რომლებიც დღემდე ქართული სკოლის სტატუსს ინარჩუნებდნენ, დაწყებით კლასებში სწავლება მთლიანად რუსულ ენაზე დაიწყო, ხოლო ქართული რიგით საგნად არის დატოვებული და კვირაში 3 საათი ეთმობა. ასევე მთლიანად რუსულ ენაზე მიმდინარეობს სწავლა მოსამზადებელში. მე-5, მე-6, მე-7 კლასებში ცვლილება არ არის, ხოლო მე-8 კლასიდან მე-11 კალისის ჩათვლით, ისევე როგორც გალის ზედა ზონაში, ქვემო ზონის სკოლებში კვირაში მხოლოდ თითო-თითო საათია ქართული ენისა და ლიტერატურისთვის", - განაცხადა ნონა შონიამ.