საქართველო პირველად ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმში მსოფლიო ბაზრის ასამდე ლიდერი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ყოველწლიური კონფერენციის მიზანი სფეროში მიმდინარე მოვლენების, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ურთიერთ გაზიარებაა. 171-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს საქართველოს ფეროშენადნობი პროდუქციის და მანგანუმის მწარმოებელი კომპანიები მასპინძლობენ. ბიზნეს ფორუმი ქართულ კომპანიებს მეტალურგიის მსოფლიო რუქაზე პოზიციების გაძლიერების საშუალებას მისცემს.
ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა გაერთიანების წარმომადგენლის, სულხან ხვედელიძის განცხადებით, ფეროშენადნობი პროდუქციისა და მანგანუმის წარმოება საქართველოს ეკონომიკის ლიდერი დარგია. "მისი წილი ექსპორტში 700 მლნ ლარზე მეტია და დასაქმებულია დაახლოებით 15 ათასი ადამიანი. მსგავსი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმების საქართველოში ჩატარება, ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, წარმოების მოცულობის გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", -განაცხადა სულხან ხვედელიძემ.
,,ეს-ტი-ემ" ჯგუფის გენერალური დირექტორის, იგორ იკოვენკოს განცხადებით, ამ კონფერენციამ საშუალება მომცა პირადად გავცნობოდი ქართველ მწარმოებლებსა და საწარმოებს.
"ვფიქრობ, რომ ქართულ ფეროშენადნობებს მსოფლიო მეტალურგიის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს. დღეისათვის აშკარაა მეტალურგ მწარმოებელთა ინტერესი ქართული წარმოების მიმართ. ამ ეტაპზე რამდენიმე ქართულ საწარმოსთან გვაქვს მოლაპარაკება", - აღნიშნა იგორ იკოვენკომ.
დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიები უახლოეს მომავალში ,,ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის" დაფუძნებას გეგმავენ. კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებიც შედგება.