"ქართველებს არ სურთ ყოველდღე უყურებდნენ იმ ადამიანის სახელობის რაღაც მუზეუმს თუ ძეგლს, რომელმაც სისხლის წვიმები აწვიმა აჭარას"


"კვირას მართლმადიდებელი და მაჰმადიანი მრევლი აზიზიეს მეჩეთის აგებას ერთად გააპროტესტებს. 10 საათზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე დიმიტრის მიერ გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე საყოველთაო წირვა-ლოცვა არევლინება და რამდენიმე დღის წინ აღმართული ჯვრის საზეიმო კურთხევაც მოხდება. მართალია, წირვა-ლოცვა დიდმარხვის პირველი კვირის აღმნიშვნელი ზეიმია, მაგრამ ეს საღმრთო ლიტურგია ერთგვარად ბათუმში დაგეგმილ აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო შეკრება იქნება, რომელსაც აჭარის მუსლიმანური მრევლის წარმომადგენლებიც უერთდებიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქრისტიანები და მაჰმადიანები ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას ერთად აპროტესტებენ / "ქართველებს არ სურთ ყოველდღე უყურებდნენ იმ ადამიანის სახელობის რაღაც მუზეუმს თუ ძეგლს, რომელმაც სისხლის წვიმები აწვიმა აჭარას".

"აღსანიშნავია, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას თვით აჭარის მუსლიმანური მრევლის წარმომადგენლებიც აპროტესტებენ. ბათუმში, "აჭარა P.შ." პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აჭარის მუსლიმანური მრევლის გარკვეულმა წარმომადგენლებმა აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით თავიანთი უარყოფითი პოზიცია გამოხატეს და მიხეილ სააკაშვილის სახელზე შედგენილი სპეციალური მიმართვის ტექსტი წაიკითხეს, რომელზეც 160 ადამიანი აწერს ხელს. მიმართვის ბოლოს აღნიშნულია, რომ მუსლიმანი თანამემამულენი უერთდებიან სამეუფეო წირვას, რომელსაც 4 მარტს ბათუმში, ღია ცის ქვეშ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა საპატივცემულოდ აღავლენს ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი. "ხელისუფლების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ბათუმში თურქეთის სახლემწიფოს მიერ აღნიშნული მეჩეთის მშენებლობის აუცილებლობას ამართლებენ თითქოსდა ჩვენი აჭარის მუსლიმანი მოსახლეობის ინტერესების დაცვის აუცილებლობით, რაც რელიგიით აშკარად სპეკულირებად უნდა შეფასდეს", - ნათქვამია წერილში, რომელიც პირველად "პრესაგე.ტივიმ" გაავრცელა" - აღნიშნავს გამოცემა.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ, აჭარის მკვიდრთ, მუსლიმანური აღმსარებლობის წარმომადგელებს არ გვრჩება მორალური უფლება, ვიყოთ გულგრილნი მიმდინარე მოვლენებისადმი. თურქ ხალხთან მეზობლობა და მეგობრობა დიდად ძვირფასი და მისასალმებელია, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ქალაქ ბათუმში თურქეთის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ჩვენი კუთხის ყველაზე სასტიკი ამაოხრებლის, სულთან აზიზიეს მოქმედი მეჩეთის ან მუზეუმის მშენებლობა სრულიად მიუღებელია. იგი ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ღირსებას, დაუშვებლად მიგვაჩნია ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რადგან მასში შორს გამიზნული მზაკვრული იდეოლოგიური სიმბოლო ჩანს, რომელიც შავბნელ წარსულს გვახსენებს... ჩვენთვის დიდად ძვირფასია ოშკი და იქ არსებული ისტორიული ძეგლები, მაგრამ მათ სანაცვლოდ ვერ დავაყენებთ ეჭვქვეშ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ ცნობიერებას, ქრისტიან და მუსლიმან ძმებს შორის თანაარსებობას", - ნათქვამია განცხადებაში. ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურის უფროსი ნათია მურაჩაშვილი ამბობს, რომ აზიზიეს მეჩეთის ასაშენებლად კონკრეტული ადგილი ჯერ შერჩეული არ არის, მაგრამ პროტესტის მიუხედავად, ის აუცილებლად აშენდება: "ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობა რესტავრირებული უნდა იყოს... რას ჰქვია პროტესტი? შეთანხმება მიღწეულია" (სტილი დაცულია)", - წერს სტატიის ავტორი.

"თავად აჭარის მუსლიმანურმა სამმართველომ გაავრცელა განცხადება და ამ დამოკიდებულებას და თანადგომას მივესალმებით. აბდულა აზიზიეს ქართველმა დედამ აუშენა ეს მეჩეთი. ის აჭარის სისხლიანი დამპყრობელი იყო - როგორც მემატიანე გვეუბნება, ჭოროხი სისხლად მოედინებოდაო. სხვათა შორის, აჭარის მუფტიმ ჯემალ პაქსაძემ პირდაპირ თქვა, რომ იმ მოწამეებში, რომლებსაც აბდულა აზიზიემ სიცოცხლე მოუსწრაფა, ჩემი წინაპრებიც იქნებოდნენო. როგორი მისაღებია, რომ შენი დამპყრობლის მეჩეთი საგანგებოდ ააშენო? ჩვენმა მწერალმა შოთა ზოიძემ თქვა - წარმოიდგინეთ, საქართველის სახელმწიფოს მიერ საუკუნის შემდეგ პუტინის ძეგლი რომ დაიდგას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასეთივე ანალოგიაა და მე ვეთანხმები. კვირას იქნება წირვა, საღმრთო ლიტურგია და ხალხი მოდის იმისთვის, რომ ლოცვით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება. ქართველებს არ სურთ ყოველდღე უყურებდნენ იმ ადამიანის სახელობის რაღაც მუზეუმსა თუ ძეგლას, რომელმაც სისხლის წვიმები აწვიმა აჭარას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მეუფე დიმიტრი.

"ხელისუფლება კი ამბობს იმას, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე საპატრიარქოსთან მოლაპარაკება გვქონდაო. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას და იქ პატრიარქმა ნიკა რურუას თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან გაგზავნილი წერილის ასლი გადასცა. ხელისუფლებას ვთხოვდით ეშუამდგომლათ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების დაბრუნებაზე - თურქეთის ხელისუფლებამ ჩვენს გარდა ყველა კონფესიებს გადასცა ქონება. სომხებს, მაგალითად, 5 ეკლესია გადასცეს და არა მარტო რესტავრაცია ჩაუტარდათ ტაძრებს, იქ ღვთისმსახურებაც აღდგენილია. როცა ოშკსა და იშხანზე მიდის საუბარი, ჩვენ სხვა ტაძრებიც გვადარდებს. რურუა შეგვპირდა, რომ ამ საკითხს დააყენებდა და სამწუხაროდ, სულ სხვანაირ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი", -განაგრძობს მეუფე დიმიტრი.

"ასე რომ, თითქოს ეკლესია თურქეთში არსებულ ქართულ ტაძრებზე არ დარდობს, ეს სწორი არ არის. ოფიციალური პასუხი არ მოგვწერეს, მაგრამ არაოფიციალურად მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენ დავაკმაყოფილეთ გასული საუკუნის 30-იანი წლების მოტხოვნები და მაშინ ქთვენ სახელმწიფო არ იყავითო - როგორ, სომხებსა და ებრაელებს ჰქონდათ 30-იან წლებში სახელმწიფო და ჩვენ არა?" - დასძენს მიტროპოლიტი.