ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი ხვალ 08:00 საათზე გაიხსნება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი ხვალ 08:00 საათზე გაიხსნება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ დააზიანა, ხვალ, 14 სექტემბერს, 08:00 საათზე გაიხსნება.

დასკვნით სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან ერთად გაეცნო.

„გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დავიწყეთ გზის აღდგენა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა   პროექტირება და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხვალ დილით, 8 საათიდან გაიხსნება მოძრაობა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით. ავტომანქანებს შეეძლებათ ხილიანზე გადასვლა, ასევე პოლიციის გავლით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, 15 სექტემბერს გმირთა მოედნიდან თამარაშვილის მიმართულებით მიმავალი გზის გახსნა იგეგმება. გაიხსნება ასევე საბურთალოსთან დამაკავშირებელი გვირაბიც.

„დღეს ღამის განმავლობაში ადგილზე იმუშავებს დასუფთავების სამსახური, მოირეცხება გზა, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით ნაკადები მოწესრიგდება და მოძრაობასთან დაკავშირებული დისკომფორტი ნაწილობრივ მოიხსნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მისივე თქმით, პროექტზე მუშაობისას გამოსწორდა რამდენიმე დეფექტი, რომელიც საავტომობილო მოძრაობას დამატებით განტვირთავს.

„კერძოდ, გვირაბიდან მომავალი ავტომანქანები, რომელთაც სურთ პოლიციის შენობის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა, აღარ შემოვლენ მთავარ მაგისტრალზე და აღარ შეაფერხებენ მოძრაობას. ჩვენ დავამატეთ ახალი ზოლი, რომლის გავლითაც ისინი იმოძრავებენ და პირდაპირ ავლენ პოლიციის შენობასთან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის განცხადებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს მთლიანად დასრულდება.