ვიღაცეებს პოლიტიკური ქულების ჩაწერა და პოზიორობა სურთ, მათთვის ნამდვილად არ მცალია

ვიღაცეებს პოლიტიკური ქულების ჩაწერა და პოზიორობა სურთ, მათთვის ნამდვილად არ მცალია

მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ვხვდები, მაგრამ ვიღაცეებს პოლიტიკური ქულების ჩაწერა და პოზიორობა სურთ, მათთვის ნამდვილად არ მცალია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ იმ კითხვის პასუხად განუცხადა, ხომ აპირებს თუ არა შეხვდეს კახელ მევანახეებს, რომლებიც ხვალ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

მინისტრი კახეთში იმყოფება და აცხადებს, რომ მოსახლეობას დღესაც შეხვდა.

"მე ახლაც შევხვდი მოსახლეობას, ცოტა ხანში კიდევ მაქვს შეხვედრა, მაგრამ პროვოკაციაში რომ ავყვე ვიღაცას და სეირის საყურებლად, რაღაც სცენების მონაწილე გავხდე, რა თქმა უნდა, არ იქნება მისაღები. მოსახლეობას, რა თქმა უნდა, შევხვდები, მაგრამ ვიღაცეებს თუ სურთ, პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ და პოზიორობით იყვნენ დაკავებული, მათთვის ნამდვილად არ მცალია", - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის იმაზე მეტი ქარხანაა გახსნილი, ვიდრე ჩასაბარებლად მზად არის ყურძენი. "გაცილებით მეტი ქარხანაა გახსნილი, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ არ არიან დატვირთულები, ვინაიდან ყურძენი არ არის სიმწიფეში შესული, არ შეესაბამება კონდიციას. რამდენიმე დღეში იქნება მეტი კონდიცია. ჩვენს ნაწილში, რაც შეეხება სუბსიდირებას, ვინარჩუნებთ იმ პოზიციებს, რაზეც არაერთხელ გვქონდა საუბარი. გლეხებს აქვთ არჩევანი _ ჩააბარონ ყურძენი სახელმწიფო საწარმოებს, თუ კერძო არ ჩაიბარებს ან კერძოს, სადაც მინიმალური ფასი თეთრ ყურძენზე არის 70 თეთრი და ზევით, ხოლო შავზე 85 თეთრს აღემატება. ამ ფასებმა შეიძლება,  კიდევ მოიმატოს. მათ ასევე შეუძლიათ, რეგიონებში ჩაიტანონ ყურძენი, სადაც 25 000-დან 30 000 ტონამდე არის მოთხოვნა და ფასი 1-დან 2,5 ლარამდე მერყეობს და სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ადგილებზე მოახდინონ რეალიზაცია. ამიტომ, არჩევანი, მე ვფიქრობ, ძალიან დიდია. თუ დამატებით კიდევ რაიმე შეგვეძლება შიდა მეურნეობის ნაწილში, მზად ვართ ვითანამშრომლოთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.